პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ონლაინტრეინინგები

საქართველოში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია მასწავლებელთა მომზადება და მათი პროფესიული განვითარება. ამ მიზნით საქართველოს განათლების სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური კონცეფცია, რომელშიც ნათქვამია, რომ სკოლის მასწავლებელია ის მთავარი ძალა, რომელმაც ცვლილებათა წყება პრაქტიკულად უნდა განახორციელოს. რეფორმის ფარგლებში დაინერგა ისეთი სიახლეები, როგორიცაა ერთიანი ეროვნული გამოცდები, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები, შემუშავდა ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმა, მასწავლებლის პროფესიული და ეთიკური კოდექსი და სხვა, თუმცა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მისაღწევად აუცილებელია ამაღლდეს სწავლების ხარისხი, რისთვისაც უმთავრესი ფაქტორი მასწავლებელთა პროფესიონალიზმის ამაღლებაა. 21-ე საუკუნეში ამ კუთხით ყველაზე ხელსაყრელია მასწავლებლებისთვის კარგად დაგეგმილი და მეცნიერული სტანდარტების მიხედვით მომზადებული ონლაინკურსების შეთავაზება. განათლების სფეროს წარმომადგენლებმა, მასწავლებლებმა და საზოგადოებამ უნდა იცოდნენ, რომ ონლაინსწავლება ვალიდური და გამოცდილი მეთოდია. ამავე დროს, ისინი უნდა აცნობიერებდნენ, რა მოლოდინი შეიძლება არსებობდეს ამა თუ იმ ონლაინკურსის დაგეგმვისას, ოპერირება ხდება მისი საშუალებით თუ სწავლა/სწავლება. აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს ონლაინკურსებისადმი შემსწავლელთა დამოკიდებულება და აღქმა, ასევე – რა გავლენას ახდენს ზემოხსენებული ფაქტორები შემსწავლელთა მოტივაციასა და წარმატებაზე კურსის მსვლელობისას.
საქართველოში მასწავლებელთა ონლაინსწავლება შედარებით ახალი მოვლენაა. კვლევაც ამ კუთხით ახალი დაწყებულია. ამის კვალობაზე, ნაკლებად არის შესწავლილი კომპიუტერული კომუნიკაცია და მისი თავისებურებებიც. მეორე მხრივ კი, როგორც ითქვა, ინტერესი ამგვარი სწავლების დანერგვისადმი არსებობს. ის განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ქართველ მასწავლებლებს მიეცათ საშუალება, მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა ქვეყნის მიერ შემუშავებულ მასწავლებლების ონლაინმომზადების პროექტებში. ყველაზე ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელშიც რამდენიმე ათეულმა ქართველმა ინგლისური ენის მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა, ჯერჯერობით ETTO-ა – ინგლისური ენის მასწავლებლების ონლაინმომზადების კურსი. თურქეთის ბრიტანულ საბჭოში შემუშავებულ ამ პროექტში ჩართულნი არიან შავი ზღვის აუზის ქვეყნები. გარდა ამისა, რამდენიმე ათეულმა მასწავლებელმა ონლაინკურსები ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტებში გაიარა.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევების მონაცემთა ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ონლაინტრეინინგპროგრამებს ტრადიციულ ტრეინინგებთან შედარებით მრავალი უპირატესობა აქვს. მათი პოპულარობის მთავარი მიზეზი  მაინც მასწავლებელთა დატვირთული გრაფიკია. დისტანციური წვრთნა მათ საშუალებას აძლევს, განვითარდნენ პროფესიულად და “მიიღონ, რაც სჭირდებათ და როცა სურთ, თანაც მათთვის მისაღები ფორმით”. გარდა ამისა, სწავლების ეს ფორმა გაცილებით იაფია, რაც მასზე მოთხოვნას ზრდის. 
სწავლება/სწავლის ამ მედიუმის დანერგვამ და სწრაფმა განვითარებამ ლინგვისტური თვალსაზრისითაც მრავალი სიახლე წარმოშვა. იმისთვის, რომ ტრეინინგის ეს სახესხვაობა წარმატებული აღმოჩნდეს, საჭიროა იმ მეთოდებისა და პრინციპების შესწავლა, რომლებიც მის ეფექტურობას უზრუნველყოფს. ონლაინკურსები უმთავრესად ორი ტიპის სწავლებას ეყრდნობა: სინქრონულსა და ასინქრონულს. ორივე ტიპი კომპიუტერულ, ანუ ელექტრონულ კომუნიკაციას იყენებს, კომუნიკაციის ამ ფორმას კი თავისი მახასიათებლები აქვს და სრულიად განსხვავდება კომუნიკაციის სხვა ტიპებისგან.
უკანასკნელ ხანს მკვლევარები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ონლაინინტერაქციით. მათი მიზანია, სწავლება-სწავლის ეს სრულიად ახალი, მაგრამ სწრაფად განვითარებადი მედიუმი კიდევ უფრო შედეგიანი გახდეს. ამ კუთხით არსებული ლიტერატურის მიმოხილვა ცხადყოფს, რომ სწორედ დიალოგის ხარისხი და სწორი განვითარებაა კურსების წარმატების წინა პირობა.
პოლიტიკური, საგანმანათლებლო თუ სოციალური კონტექსტი, რომელშიც მასწავლებლებს უწევთ მოღვაწეობა, გამუდმებით იცვლება. აქედან გამომდინარე, მათთვის საჭიროა უწყვეტი პროფესიული განვითარება, რათა ფეხი აუწყონ ამ ცვლილებებს. ტრადიციულ, პირისპირ ტრეინინგებსა და ერთჯერად სემინარებს ხშირად არასათანადო ეფექტი აქვს და არცთუ დიდ გავლენას ახდენს მასწავლებლების სწავლების სტილზე, მათ პრაქტიკაზე.
განმანათლებლები გამუდმებით ზრუნავენ მასწავლებლების პროფესიული განვითარების უფრო ეფექტიანი მოდელის შემუშავებაზე, რაც თავისთავად ითვალისწინებს მიმდინარე ცვლილებებს. წარმატებისთვის განვითარება უწყვეტი უნდა იყოს, შეიცავდეს ინდივიდუალური რეფლექსიის შესაძლებლობებს, ეფუძნებოდეს სასწავლო გეგმას და გამოსადეგი იყოს სასკოლო პრაქტიკაში გამოსაყენებლად. ტრეინინგის კოლაბორაციული ბუნება, რაც მის მონაწილეებს კოლეგებთან მუდმივი ინტერაქციის საშუალებას მისცემს, და მისი ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით ფასეულია მასწავლებლებისთვის. აქედან გამომდინარე, პროფესიული განვითარების ონლაინმოდელი გვესახება განვითარების არა თავს მოხვეულ, არამედ ისეთ ფორმად, რომელშიც მასწავლებლები თვითონვე აქტიურად არიან ჩართულნი და იღებენ საკლასო ოთახში პრაქტიკულად გამოსადეგ უნარ-ჩვევებსა და ცოდნას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი