შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

„ქაღალდის“ დანომრილი მორალის ტყვეობაში

(ბასილ მელიქიშვილის „ორფეხი“ და შოთა ჩანტლაძის „პროხორ!!!“)

ფსევდოდიონისე არეოპაგელი ამბობს, რომ თავისუფალი ნება არის ყველაზე ძვირფასი რამ, რაც ღმერთს კაცისთვის მიუცია. ღმერთი არასდროს მოახვევს თავს ადამიანს საკუთარ ნებას, რადგან ამ უკანასკნელის ნებას უზარმაზარ პატივს სცემს. მაგრამ რას აკეთებს თავად ადამიანი? ის სწორედ სხვა ადამიანის ნებას უგულებელყოფს. ეს კი პიროვნულობას სპობს და კაცთა სიმრავლეს ციფრებად, მასად აქცევს ხოლმე. მასად, კოლექტივად ქცეული, ნებაჩამორთმეული, ზომბირებული საზოგადოება კი ძალიან მძიმე სანახავია, კი ვიცით ეს საბჭოთაეპოქაგამოვლილებმა.

როგორია ამ მხრივ მწერლის დანახული სინამდვილე, ამის გარკვევა-დანახვა ორი მოთხრობის განხილვით ვცადოთ.

პირველია ბასილ მელიქიშვილის „ორფეხი“. ბასილ მელიქიშვილი ჩვენში ნაკლებად ცნობილი მწერალია, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, მისი ნაადრევი გარდაცვალებაა, თუმცა როდესაც ნიჭიერება თვალში საცემია, ის არ „კვდება“, ცოცხლობს და მარად თანამედროვეა. „ორფეხში“ საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი ადამიანის სიმბოლური სახეა დახატული. ამ უკანასკნელის სულიც და სხეულიც ტირანიის წნეხით დეფორმირებულია და ძალიან მტკივნეული აღსაქმელია, რომ მის დამონებულ სულში ბოლომდე არ ჩაკლულა თავისუფლების იმპულსები. ეპიგრაფის მიხედვით, ამ ადამიანის სიცოცხლე არის „დღეები ფიქრისა, ქვეყნისა და ციფრებისთვის“. ავტორი ფანტასმაგორიულობით, გროტესკითა და კინემატოგრაფიულობით გვიხატავს პერსონაჟის გარეგნობას, რომელშიც სული ჩაკარგულა თუ განბნეულა, ანუ ჩანს, რომ სხეული აპრიორია, ხოლო სული – უგულებელყოფილი მავანთა მიერ: „ქუჩაბანდიდან ადამიანის ცხვირი და ფეხები გამოვიდნენ, თან მოიყოლეს თვით ადამიანიც, თავისივე ცხვირივით მოხრილი და ხნიანი… მავალი მთვრალივით ტორტმანებდა, ყბები ჩაცვენილი სჩანდა, ხოლო მოხრილ ცხვირს ორი რგოლი დაეკიდა და მავალის მამას – ტაგუს – რგოლებისთვის თვალები დაერქმია. მგზავრი ხარის რქასავით მოხრილიყო, თითქოს ფეხები ვეღარ დაუთმია და მუდამ ზედ დასცქერისო. ორთითის მაგვარ ხელებს გადაივლებდა ხოლმე შუბლზე და მძიმე ფიქრებს იქარვებდა“(159). ამ ოსტატურად გამოძერწილი პორტრეტით ჩვენ წინაშე ცოცხლდება „დანომრილი“ ადამიანების საბჭოთა სინამდვილე. ეს მთავარი გმირიც, დავთრებში ჩამჯდარი, დაუსრულებლად ანგარიშობს, მაგრამ სულ აბსტრაგირებულობამდე აყვანილ შიშშია: „ვაითუ ანგარიშს ბოლო მოეღო!.. ვაითუ დავთრები ჩემმა სხეულმა ვეღარ გააღო, ხოლო საანგარიშო ჩარჩო დაიშალა და რგოლები დაიფანტნენ. მაშინ რაღა ვქნა, ბებია? მაშინ რას მოვეჭიდო, ხომ წყალი წამიღებს… რომ დასრულდეს თვლა, ციფრები გამოილივნენ, მაშინ რას მიშველის მზე, რას მარგებს დიდი ბაღი და რადიოს ხრიალი – ამის ფიქრი მტანჯავს და მაწუხებს. ვფიქრობ და ზოგჯერ მთელ ღამეებს ვათენებ…“(161).

დასაწყისშივე თვალში საცემია მწერლის სრულიად ორიგინალური, თანამედროვე თვითგამოხატვის, წერის ხერხები, ტროპების ეფექტური, ნატურალისტურ-სიურეალისტური მხატვრულობა („ნახევარმთვარესავით მოიხარა და ტორტმანით გაჰყვა ქუჩას“; „ჯამი თონის პურით აავსე და ლობიოთი მორწყე“). თხრობის მეთოდიც უცნაური და განსაკუთრებულია: ავტორი მიმართვას ერთ-ერთ მთავარ გმირს, მეორე პირში, და მისი თვალით დანახულს დეტალიზებულად ჰყვება. აბელი (ასე ჰქვია მთავარ გმირს) მოხუცს, რომელიც ყოველ გავლაზე ფარდაგის დასაკემსი ძაფის აგებას სთხოვს, აღსარებასავით მოუთხრობს თავისი უცნაური ოჯახის ამბებს. უყვება ცოლზე, მარუსიაზე, რომელიც ავადმყოფია და ქმარს სცემს ხოლმე, ის ჭაღარაა, გამელოტებული და დაღარული; შვილზე, ფისოზე, რომელიც ცელქი და რეალისტი ბავშვია. ჩვენ წინაშე იშლება მასების „ბედნიერებაზე“ გათვლილი, „ტკბილ-იდეალური“, ჩუმი, ჩაჭაობებული, უძრავი საბჭოეთი – „დღეს აღარ მინდა სამსახურში წასვლა, ძნელია, ძნელი, ჩუმად ყოფნა. ზოგჯერ, ღამით, როცა ფიქრი მტანჯავს და ბოღმა მთასავით ჩამომაწვება, შუაღამისას გავვარდები გარეთ და ბაღის იქით დიდ სახლში ვეძებ თავსაყუდელს. გავაღვიძებ დარაჯს და „გააღე სამუშაო ოთახი, თორემ დავიტანჯე და ფიქრი გამათავებს“, – ვეუბნები. დარაჯი თვალს იფშვნეტავს და იგინება, მაინც გააღებს სამუშაო ოთახს და გათენებამდის ჩავცქერი დავთრებს… ძნელია სიჩუმე და ვღიღინებ ხოლმე…“(163).

„ბოროტი ზღაპრის“ სინამდვილე დაბზარული და პაროდირებულია. ფისოც, აბელის გოგონა, საშინელებათა ფილმის ფანტასტიკურ გმირს ჰგავს: „კობოსტოს წვენს ტიკინას დავუდგამ და შიგ ვაბანავებ. დედა გაბრაზდება და პაპას სცემს. ლობიო კი ძალიან მიყვარს, მიყვარს და დედა არ მაჭმევს… ჩემი ტიკინა პაპასავით უაზროდ იყურება, ხანდახან კი იძინებს, იცინის და იცინის“ (165). გვახსენდება ამ ჟანრის ფილმებიდან გაცოცხლებული თოჯინები თუ რეალობა, რომელიც მართლა ლობიოსავით დუღს და გადმოდუღს. ფისო ხედავს რადიოს ხრიალზე აცეკვებულ, გაოფლიანებულ მამას, რომელიც მერე, ხალხის ჰომერულ ხარხარში, დაბლა ეცემა, როგორც, მაგალითად, თითქოს დაუსრულებელი ტაშის კვრა საბჭოთა ყრილობებზე ან გაბმული გონგი თუ გაყინული დინამიკა პოლიტბიუროს რომელიმე წევრის გარდაცვალებისას. თითქოს, ნიცშესი არ იყოს, „ღმერთი მოკლეს“. ამიტომ ფისო სანთელს უნთებს რადიოს და სთხოვს, ნუღარ დატანჯავს მამას. ეს გროტესკი შემზარავი და ტრაგიკულია. ერთგვარად ზედროულიც, რადგან პრობლემა ზოგადადამიანურიცაა. ამაზე მეტყველებს პერსონაჟებისა თუ გეოგრაფიული ადგილების ბიბლიურ-ფანტასმაგორიული სახელებიც: კიწი, სიკლიკიტე, ტაგუ, რაზო, ჭაქვინჯა.

უტოპია გულს ატყუებს, მაგრამ არა გონებას. ანუ კაცი, თუ უნდა, ტყუვდება. თუნდაც აბელი, რომელიც მიმართავს მარუსიას და კომუნიზმზე ოცნებობს (ეს, ერთგვარად, ამქვეყნიური ჰარმონიის რელიგიურ მოდელთანაც თანხვედრილია, ბედის ირონიით): „რა კარგი იქნება, გენაცვალე, ნავი გვქონდეს, ნავში ოთახი იდგეს და მთელი დღე ზღვაში დავცურავეთ, იქვე მილებში გამოდიოდეს კაკაო, შოკოლადი და წითელი კახური. მე დავთრები მეწყოს და საანგარიშოს ვაჩხაკუნებდე“ (170) – ესაა წარმოსახულის „კეთილი“, სამწუხარო კიჩურობა გამოგონილი, ფსევდობედნიერების ქვეყანაში.

გულზე ვთქვით. რაც შეეხება გონებას, აი, მისი ფიქრები: „ყოველდღე ჩავუვლი ხოლმე ქუჩას. ბაღთან ბრმები სხედან და ხელს იშვერენ. ერთხელ გავიმეტე და ფული ვაჩუქე ბრმა მეფანდურეს. ბედნიერია ბრმა მათხოვარი, ბედნიერია, რადგან მხოლოდ მზიან დღეს გამოდის ქუჩაში და ისიც – როცა თბილა. მე მუდამ ქუჩას მივდევ. ჩავუვლი და მცივა. მზე არის, მაგრამ მაინც მცივა“ (170). ანუ სიბრმავე „საჭიროა“ და ამიტომ ბედნიერებაა, როცა ვერ ხედავ იმას, რაც გთრგუნავს, ადამიანურ სახეს გართმევს, ჭაობის სიღრმეში გითრევს. აი, სულიერ სიცივეს არაფერი შველის. ვერც მოჩახჩახე მზე. რადგან მთავარი „მზე“ შეგნებულად „დავიწყებულია“.

ბიუროკრატიასა და კორუფციაში ყველა დროში სულს ღაფავს ადამიანი. ეს მარტო საბჭოთა მანკიერებები არ არის, ამიტომ მოჟონავს იმ დროიდან, ავ სარეველასავით მრავლდება: „დავთრებისგან ქალაქების აშენება შეიძლება, მაგრამ მაინც არა ვიცით რა“ – ეს სოკრატესეული ცოდნით არცოდნა არ არის, პირიქით, არცოდნით ცოდნაა. ციფრების დაკარგვისა თუ ციფრად ქცევის შიში შხამიანი საცეცებივით ჩასჭიდებია სულს: „ხანდახან ციფრების დაკარგვა მაშინებს… რომ შემომელიოს, რაღა ვქნა, რაღა ვქნა… ღრიალებდა აბელი და ცრემლი უსველებდა ჩამომჭკნარ ლოყებს“ (171). თუმცა მისი სული მთლად არ ჩაკლულა: „ხანდახან ადამიანიც იფეთქებს ჩემს ძვალ-რბილში და მაშინ გმირი ვარ, აღარავისი მეშინიან“ (171), – ანუ ეს კაცი აღარ არის მარტო ცხვირი და სათვალე, კაცს მიმსგავსებული საბრალო ორფეხი, მწუხარე და პატარა, ვინც, ცხვირის „დაკარგვის“ შემთხვევაში, იდენტობასაც, თავსაც დაკარგავს გოგოლის გმირივით.

შოთა ჩანტლაძის მოთხრობის „პროხორ!!!“ ოსტატურად შენიღბული სარკაზმით დახატული პერსონაჟიც საბჭოთა მასის ჭანჭიკია, უმნიშვნელო, უსახური ნაწილაკი. იგი ღირსების გრძნობას და დამოუკიდებელი განსჯის უნარს მოკლებული, ტიპური, სოციუმით მანიპულირებით „მოზელილი“ ობიექტია, რომელიც ავტორიტარიზმის მთავარ საყრდენს წარმოადგენს. ეს არის რუსი მოხუცი პროხორი, რომელიც „რეკლამების მონა იყო და რეკლამას უყურებდა არა როგორც უბრალო წარწერას, არამედ როგორც მილიციელს, რომელსაც ხელი აუღია და ეუბნება: – მოქალაქევ, თქვენ დაჯარიმებული ხართ“ (276). ეს ადამიანი, რომელიც ოდესღაც ლექსებს წერდა, რუსეთის სამი რევოლუციის „შემოქმედია“, ბოლოს კი „ბებერმა ძვლებმა სიცივე იგრძნო და პროხორმაც თბილს ქვეყანას მოაშურა, როგორც მერცხალმა“ (277). მას, არ გაგიკვირდებათ და, შინ კედელზე ეკიდა რამდენიმე პოლიტიკოსის სურათი. ალბათ ამ ფოტოზე გამოსახული პერსონების ბუტაფორიული, „საზეიმო“ სახეებიც წარმოიდგინეთ. პროხორს ჰყავს 16-17 წლის შვილიშვილი ნატაშა, მეშვიდე კლასში ჩარჩენილი, მაგრამ გარკვეული თვალსაზრისით კარგად მომწიფებული.

პროხორიც „დანომრილი“ ადამიანია. მას უყვარს გაზეთების კითხვა, რადგან ამქვეყნად მხოლოდ მათი სჯერა: „19… წელი, გაზეთები გაიძახიან: გაუმარჯოს A-ს! გაუმარჯოს A-ს! – იმეორებს პროხორიც, 19… წელი, გაზეთები გაიძახიან: ძირს A, გაუმარჯოს B-ს! ძირს A, გაუმარჯოს B-ს, – იმეორებს პროხორიც. პროხორისთვის გაზეთი ერთადერთი წყაროა ჭეშმარიტებისა“ (279). ასეთ დროს ირონია გადამრჩენია და ავტორიც მას მიმართავს, როცა ჩვენ თვალწინ აცოცხლებს ამ პერსონაჟს: „–ფუი, – გადააფურთხა პროხორმა და ამჯერად ნამდვილად შეიგინა და დიდი იყო გინება იგი“ (282).

პროხორს, სიცხიანსა და დაუძლურებულს, ჰგონია, კვდება და ერთადერთი დარდი, რომელიც მიჰყვება, ისაა, რომ ვერ მოასწრო გეგმის 120%-ით შესრულება, დადებული „წმინდა“ პირობის თანახმად. პროხორი ობლიგაციებით ფულის მოგებაზე ოცნებობს იმდენად, რომ ეკლესიაში მიდის. იქ მას ისე უმძაფრდება წარმოსახვა, რომ თითქოს სხვა განზომილებიდან ხმაც ჩაესმის, რომ მოიგებს. ჰოდა, პროხორიც ირწმუნებს „ობლიგაციების, ქაღალდის“ ღმერთს, რომელსაც ასეთივე მორალი აქვს. ეს არის გამოგონილი, „მყვირალა ბედნიერების“ ბუტაფორიული ფორმულებით მცხოვრები ადამიანების ზოგადი ურწმუნობის ტრაგედია, რომელიც შინაგან სიცარიელეს ბადებს: „თუკი არსებობს ყველაფრის ღმერთი, რატომ არ შეიძლება არსებობდეს ობლიგაციების ღმერთი? და თუ ობლიგაციების ღმერთი არ არსებობს, მაშინ ობლიგაციების საკითხს ვინღა აწესრიგებს?! მე მაინც ვფიქრობ, რომ არსებობს ობლიგაციების ღმერთიც. საჭიროა ვიარო ეკლესიაში და ვევედრო ობლიგაციების ღმერთს, რომ მომაგებინოს დიდი თანხა… იგი, რასაკვირველია, ბინადრობს ზეცაში, როგორც სხვა ღმერთები და მას გარს ეხვევიან ციფრები, როგორც მწერები. იგი გულმოსული იგერიებს მათ. ალაგებს მათ რიცხვებად – მომგებიან და წამგებიან რიცხვებად – და მერე მოუვლენს მათ ქვეყანას… ალბათ მის სხეულზე დაბეჭდილია რიცხვები, რომელთაც დიდი მოგება უნდა ხვდეთ წილად“ (285). ანუ ამ სინამდვილეში ღმერთიც დანომრილია…

საინტერესოდაა გადმოცემული პროხორის „სოციალისტური“, დაცარიელებული, ჩაკეტილი სულის აღქმა, რომელიც მრუდე სარკესავით ირეკლავს ეკლესიის გარემოს: „სანთლების მბჟუტავი ალი უფრო აბნელებდა ხატებს. ხატებს ბრიყვული გამომეტყველება ჰქონდათ. ისინი იხედებოდნენ როგორც დებილები, რომლებმაც ამის შესახებ არაფერი იცოდნენ“ (287). პროხორი მატერიალისტია და ასეთივეა მისი ღვთისადმი თხოვნაც თუ გარიგებაც.

ამ ვიწრო თვალსაწიერის კაცს ამბიცია „ფართო და გრანდიოზული“ აქვს: „სამშობლო? ჰმ, მისი სამშობლოა ყველგან, სადაც კი რუსული ჩექმა დადგმულა. იქ, სადაც რუსული ჩექმა დადგმულა, რუსს უპოვია სამშობლო და სხვას დაუკარგავს იგი“ (296).

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, პროხორი თავისი ღმერთის „სიმაღლიდან“ ძალიან მტკივნეულად ჩამოვარდება: გაიგებს, რომ ვერაფერი მოიგო, თუმცა სანამ, მისი ვარაუდით, მოგებულს აიღებდა, ფულიც იესხა და თავის სიცოცხლეში ერთხელ თამამად ივაჭრა მსუყე სადილისთვის, რომელიც მისთვის ცხოვრების „ღრმააზრიანი“ სიამოვნება აღმოჩნდა. პროხორი ჭკუიდან იშლება და ფსიქიატრიულ საავადმყოფში ხვდება. იქ მას, სწორედ „შეშლილ“ რეალობას გამოქცეულს, ბედისწერის საშუალებით ემსხვრევა „ვარდისფერი სათვალე“ და საავადმყოფოს ფანჯრიდან ხედავს უკვე ნამდვილ და არა ფსევდოსინამდვილეს: „მტკვარი მიედინებოდა ნელა და მდორედ, ხალხი მიდოდა მობეზრებული ნაბიჯით, ტრანსპორტი მოძრაობდა იძულებით და მორჩილებით. მილიციელი ხელმძღვანელობდა ტრანსპორტის მოძრაობას. იგიც ტრანსპორტი იყო თითქოს, მაგრამ მოძრაობდა და იწევდა წინ. ხიდს სევდა გადაჰფენოდა ამქვეყნიური“ (302).

პროხორს ცვლის უპატრონო ვასილი. საინტერესოა მისი, ტიპური რუსის თვალით დანახული საქართველო: „გაიხედა ვასილმა და რას ხედავს: დიდი ქალაქი, ირგვლივ – საინტერსო სითბო და ხალისი. აქ ჩამოვიდა, აქ შეიძლება იცხოვროს შიშველმა ბიჭმა. ვასია ჩამოხტა ვაგონიდან და ქალაქში გავიდა. ვასიამ შენიშნა, რომ ქვაფენილზე მანდარინი ეგდო, იქვე ეყარა ძეხვის ნამუსრევი. მან გაიფიქრა: ალბათ ის ზღაპარ-ქვეყანაა, მშობლები რომ უყვებოდნენ. სადაც ყოველ ეზოში და ქუჩაზე მანდარინების ბაღებია გაშენებული. სადაც მზე ზამთარშიც არ ჩადის. ვასიამ სასწრაფოდ აიღო მანდარინი და ძეხვის ნამუსრევი და გაიფიქრა: აქ ქუჩაში უფრო მეტი საჭმელია, ვიდრე ჩვენთან მაღაზიებში. ვასილი ჩაჯდა ერთ მოხერხებულ ადგილას, გაიშვირა ხელი და ხელი ფულით აივსო“ (303).

კლონების კონვეირულ სახელმწიფოში ვასიაც კლონია, ოღონდ პროხორისა. მის ცხვირწინაც ავზნეობს პროხორის შვილიშვილი ნატაშა, ახლა უკვე მისი ცოლი, მაგრამ ვასიაც ითმენს ამას და შეგუებულია; პროხორივით ელოდება უბადრუკი კომუნალური ბინის გაფართოებასა თუ გეგმის გადაჭარბებით შესრულებას. ეს არის კომუნიზმის თითმის ესქატოლოგიური მოლოდინის დაწყევლილ წრეზე ტრიალი. ეს ხომ იმავე გვირაბის ჩიხია, „დათა თუთაშხიაში“ სეთურის ხალხი რომ თხრის. ამ გვირაბს ხომ არ აქვს დასასრული, ის დასაწყისშივეა „მოკლული“ დაუსრულებელი „პოლიქრონიონის“ ძახილის შავბნელ ბანგში იმიტირებული „ჰარმონიით“ მცხოვრებთათვის…

მოთხრობის სათაურში სამი ძახილის ნიშანი კი ჩაკლული სულების ყრუ, მაგრამ საბედისწერო ყივილია, ასე შემზარავად რომ გაისმის იმეპოქაგამოვლილი ადამიანების შიგნით…

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი