ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

რამდენად გამართლებულია ბავშვის ფოტოების განთავსება ინტერნეტსივრცეში

არცთუ ისე დიდი ხნის წინ, როდესაც იმ ბავშვებთან გასაუბრება მიწევდა, რომლებიც ახალი სასწავლო წლიდან პირველკლასელის სტატუსით სკოლის კარს შეაღებენ, გადავწყვიტე სასკოლო სწავლებისთვის მზაობის დონის გარკვევის შემდეგ თითოეული მათგანისთვის ფოტოსურათი გადამეღო. აღნიშნული ქმედებისკენ მიბიძგა იმის გაცნობიერებამ, რომ ერთი შეხვედრისა და საუბრის შემდეგ ხშირ შემთხვევაში ბავშვი უკვე თავისიანად გვთვლის და ძალიან უკვირს, შეიძლება ითქვას, სწყინს კიდეც, როცა მისი სახელი, სახე, ვინაობა არ გვახსოვს. ბავშვების სიმრავლიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ჩემთვის თითოეული მათგანის დამახსოვრება ადვილი არ იქნებოდა. ამიტომ, გადავწყვიტე გადამეღო ფოტოები, რომლებიც საჭირო დროს მათი ვინაობისა და მათთან დაკავშირებული ინფორმაციის გახსენებაში დამეხმარებოდა. რა თქმა უნდა, ფოტოს გადასაღებად ნებართვას ვთხოვდი როგორც მშობელს, რომელიც ჩვენს შეხვედრას ესწრებოდა, ასევე თავად ბავშვს. მშობლები ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, შეიძლება ითქვას სიხარულითაც თანხმდებოდნენ ჩემს შეთავაზებას. რაც შეეხება ბავშვებს, მათი რეაქციები ერთგვაროვანი ნამდვილად არ იყო. ზოგიერთი აღნიშნული თხოვნით მიმართვისთანავე პოზიორობას იწყებდა. დიდ ნაწილს აშკარად არ სიამოვნებდა ჩემი შეთავაზება, მაგრამ თხოვნის ფორმით მიმართვა „განაიარაღებდა“ და წინააღმდეგობას აღარ მიწევდნენ. თუმცა, ერთმა ბიჭუნამ თავი ვერ შეიკავა და ჩემს თხოვნაზე თხოვნითვე მიპასუხა: „კარგით, გადამიღეთ, მაგრამ ძალიან გთხოვთ, Instagram-ზე არ დადოთ“. ჩემმა პასუხმა, რომ მე ნამდვილად არ მქონდა განზრახული მისი ფოტოს სადმე განთავსება, პატარა დაამშვიდა და არანაირი წინააღმდეგობა აღარ გაუწევია ფოტოს გადაღების დროს.

რამდენად გამართლებულია ბავშვების ფოტოების გამოქვეყნება სხვადასხვა სოციალურ ქსელში, მით უმეტეს მათი ნებართვისა და სურვილის გარეშე. სანამ ბავშვი პატარაა, ბუნებრივია ის ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს უფროსებს და სწორედ ამიტომ ინტერნეტსივრცე, სოციალური ქსელები ძირითადად სწორედ მათი ფოტოებითაა გადავსებული. მაგრამ, როგორც კი ბავშვი წამოიზრდება, ის უკვე თავად აკონტროლებს სიტუაციას და მისი ნების, მასთან შეთანხმების გარეშე უფროსის მიერ მისი ფოტოს გამოქვეყნებამ შეიძლება მოზარდში სერიოზული „ამბოხი“ გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ მშობლები გაცილებით მეტ სიფრთხილეს იჩენენ სწორედ უკვე წამოზრდილი ბავშვების ფოტოების და ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნების დროს.

სოციალური ქსელები ფოტოსურათების და მით უმეტეს ბავშვების ფოტოების გარეშე წარმოუდგენელია. სრულიად გასაგებია მშობლის სურვილი, გაუზიაროს შვილთან დაკავშირებული საკუთარი ბედნიერება და სიხარული ყველას, მთელ სამყაროს, ნაცნობებს და უცნობებს, უჩვენოს რა მშვენიერი პატარა ჰყავს. იამაყოს იმით, როგორ გაიზარდა ის, რა მიღწევები აქვს, როგორ მხიარულად შეხვდა მორიგ დღესასწაულს მთელ ოჯახთან ერთად ან როგორ გაატარა არდადეგები. მშობლების, განსაკუთრებით კი დედების სურვილს, გამოაქვეყნონ საკუთარი პატარას ფოტოები სოციალურ ქსელებში თავისი ახსნა აქვს. ხშირ შემთხვევაში ამით ისინი ცდილობენ საკუთარი თავის, როგორც იდეალური მშობლის თვითდამკვიდრებას.

არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ, რომ ინტერნეტსივრცეში განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის, ფოტოსურათის, ვიდეოჩანაწერის გაკონტროლება რთულია. მრავალრიცხოვანი სოციალური ქსელები ვარაუდობს მილიონი მომხმარებლის არსებობას, რომლებიც ყოველგვარი წინააღმდეგობის, დაბრკოლების, სირთულის გარეშე გაეცნობიან ჩვენ მიერ განთავსებულ ინფორმაციას, ფოტოებს, ვიდეოჩანაწერებს და შეიძლება ჩვენთვის არასასურველი მიზნებითაც კი გამოიყენონ ისინი. ეს განსაკუთრებით საყურადღებო ხდება მაშინ, როცა საქმე ბავშვებს ეხება. ბავშვების ფოტოების ინტერნეტში განთავსებით ჩვენ ყოველთვის არ ვფიქრობთ ასეთი პუბლიკაციების შედეგებზე.

რა არასასიამოვნო შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვების ფოტოების უკონტროლოდ და ურიცხვი რაოდენობით განთავსება სოციალურ ქსელებში:

  • ნებისმიერი დედისთვის მისი შვილი საუკეთესოა ამ სამყაროში. მას ვერ წარმოუდგენია, რომ მისი საყვარელი პატარა შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს. თუმცა, ინტერნეტსივრცეში დამკვიდრებული ნეგატივის წყალობით მოიძებნებიან ადამიანები, რომელთა კომენტარები შეიძლება დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს და სიძულვილითაც იყოს სავსე;
  • მოზარდები ხშირად ხდებიან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. დაცინვის მიზეზი შეიძლება გახდეს ნებისმიერი რამ: გარეგნობა, ქცევა, მატერიალური მდგომარეობა, ოჯახი. მოზარდისათვის უკიდურესად უსიამოვნო იქნება, თუ მოძალადისათვის ხელმისაწვდომი გახდება დედის გვერდზე განთავსებული, ადრეულ პერიოდში გადაღებული მისი ფოტოები ან ვიდეოები, რომლებშიც ბავშვი საუკეთესო მხრიდან არ არის წარმოდგენილი. ნაყინით ან შოკოლადით მოთხუპნილი ბავშვის ფოტო დედაში შეიძლება ტკბილ მოგონებებს აღძრავდეს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ იგივე ფოტო მოზარდის თანატოლებისათვის ხუმრობის და დაცინვის საბაბი გახდეს;
  • პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და კონფიდენციალურობის დარღვევით ინტერნეტსივრცეში ფოტოების განთავსებამ შეიძლება საკმაოდ გაართულოს მშობლისა და შვილის ურთიერთობა. მშობლის წყალობით მოზარდისათვის არასასურველი, არმოსაწონი, ადრეულ ბავშვობაში გადაღებული უხერხული ფოტოების გასაჯაროებამ შეიძლება მოზარდს მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენოს. რაც უფრო დიდია ბავშვი, მით უფრო უკმაყოფილო იქნება ის იმით, რომ მშობლები იყენებენ მის პიროვნებას საჯარო განცხადებებისათვის და ასე თუ ისე წარმოადგენენ მას ინტერნეტში, მათი ნებართვის გარეშე აქვეყნებენ ისეთ ფოტოებს, რომლებიც ბავშვში უხერხულობას იწვევს, სადაც ის შიშველი, საჭმლით მოთხუპნილი, მძინარე მდგომარეობაშია და ა.შ. მშობლები, რომლებიც შვილის ფოტოებს მისი ნებართვის გარეშე აქვეყნებენ, პატივს არ სცემენ მის უფლებებს. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს, მით უფრო ხშირად გახდება ასეთი პოსტები დაძაბულობის, კონფლიქტების წყარო. ონლაინ პუბლიკაციების გამო შეიძლება სერიოზულად დაზარალდეს ურთიერთობა მოზარდსა და მშობელს შორის.

რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ბავშვების ფოტოების განთავსება სოციალურ ქსელებში, როგორც ზემოაღნიშნული, ასევე სხვა უამრავი უარყოფითი შედეგის მომტანი არ აღმოჩნდეს.

რეკომენდაციები მოსალოდნელი არასასურველი შედეგების თავიდან ასაცილებლად:

  • უპირველეს ყოვლისა, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მისი ფოტოების გამოქვეყნებას ვაპირებთ. ვთხოვოთ ამის ნებართვა და შეიძლება თავად მას შევარჩევინოთ გამოსაქვეყნებლად ფოტოსურათები. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ ის ფოტოების ინტერნეტსივრცეში მოხვედრის წინააღმდეგია, დავყვეთ მის ნებას და უარი ვთქვათ ჩვენს განზრახვაზე;
  • მშობლები, როგორც წესი, ბავშვების ფოტოების განთავსებას სოციალურ ქსელებში იწყებენ დიდი ხნით ადრე, სანამ პატარას თავად ექნება საშუალება გამოთქვას საკუთარი აზრი ამ საკითხზე. ამასთან, დედები ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, რომ გარკვეული დროის შემდეგ მათმა უკვე წამოზრდილმა ბავშვმა შეიძლება გამოთქვას პრეტენზია ამის გამო. კარგი იქნება, თუ ვიმოქმედებთ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ავწონ-დავწონით, რა გავლენას მოახდენს ჩვენ მიერ გამოსაქვეყნებლად მომზადებული კონკრეტული ფოტო ბავშვის ცხოვრებაზე მომავალში. მოვერიდოთ ისეთი ფოტოების გამოქვეყნებას, რომლებიც ბავშვს მომავალში უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. გაუმართლებელია მტირალი, შიშველი, საჭმლით ცხვირ-პირმოთხუპნილი ბავშვის ფოტოს გამოქვეყნება;
  • იდეალური ვარიანტი იქნება, თუ დედა საერთოდ არ გამოაქვეყნებს შვილის ფოტოს სოციალურ ქსელში მანამ, სანამ ბავშვს თავად არ შეეძლება თანხმობის მიცემა. მაგრამ ეს იდეალური სცენარია, რომელსაც ცოტა თუ გაჰყვება, რადგანაც ყველა დედა მიისწრაფვის გაუზიაროს სხვებს მნიშვნელოვანი მომენტები საკუთარი შვილის ცხოვრებიდან. როდესაც უფროსები ბავშვის შესახებ რაიმე ინფორმაციას ან ფოტოს ვაქვეყნებთ, ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, მოგვეწონებოდა თუ არა თავად, თუკი ასეთ რამეს ჩვენ შესახებ გამოაქვეყნებდნენ. ნებისმიერ ტექსტს, რომელსაც ინტერნეტსივრცეში ვაქვეყნებთ კრიტიკულად უნდა შევხედოთ – დასაშვებია თუ არა, რომ ამის შესახებ ყველამ იცოდეს; თავად მე თუ ვისურვებდი, რომ ასეთი რამ ჩემ შესახებ დაეწერათ. ხომ არ შერცხვება ბავშვს ამის გამო მომავალში. ნუ გავაზიარებთ საჯარო სივრცეში მოზარდის ისეთ ფოტოებს, რომლებიც 10 წლის შემდეგ მას უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს;
  • თუ ბავშვი მოგვთხოვს, წავშალოთ ყველა ის ფოტო, რომელსაც სოციალურ ქსელში მისი ნებართვის გარეშე განვათავსეთ, აუცილებლად დავაკმაყოფილოთ მისი მოთხოვნა, რადგან ეს მოთხოვნა სრულიად სამართლიანია.

ბავშვობა მშვენიერი და ნათელი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. თანამედროვე ტექნოლოგიები ამ პერიოდის მნიშვნელოვანი მომენტების დაფიქსირებისა და სამახსოვროდ შენახვის კარგ საშუალებას იძლევა. ვიყოთ ფრთხილი ბავშვების ფოტოების ინტერნეტსივრცეში განთავსებისას. გონივრული მიდგომის შემთხვევაში შეგვიძლია, დავიცვათ ბალანსი სოციალურ აქტივობასა და უსაფრთხოებას შორის.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი