ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ინტეგრირებული ღონისძიება – ადამიანთა სევდა და ქიმიური ელემენტები

სასწავლო პროცესი ნაყოფიერი და სახალისო რომ იყოს, აუცილებელია მოსწავლეები ჩავრთოთ კლასგარეშე/სასკოლო ღონისძიებებში, რომლის მიზანი მოსწავლეებში პრეზენტაციის, აუდიტორიასთან კონტაქტის, შემოქმედებითი, როლური თამაშის და სხვა უნარების განვითარებაა.

ღონისძიება  უფრო საინტერესოა, თუ ის  სხვადასხვა პედაგოგების მიერ არის დაგეგმილი და ემსახურება საგანთა შორის ინტეგრაციას.

ამ მიზნით დაიგეგმა და ჩატარდა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლაში ქართული ლიტერატურისა და ქიმიის  ინტეგრირებული ღონისძიება ,,ადამიანთა სევდა და ქიმიური ელემენტები“, რომელიც ორიგინალურ ფორმატში იყო წარმოდგენილი.

ქართული ლიტერატურის თემა:  გოდერძი ჩოხელის ,, ადამიანთა სევდა’

ქიმიის თემა : ,, ნივთიერებები და მათი გამოყენება ყოფა-ცხოვრებაში“

ჩატარებული ღონისძიება  თანხვედრაშია  ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნობრივ სამიზნე ცნებებთან.

ქიმია- სამიზნე ცნება ,,ნივთიერება“

ქართული ენა და ლიტერატურა – სამიზნე ცნება ,, კომპოზიცია“ ქვეცნებები: პერსონაჟის ქცევა, მოტივაცია, შინაგანი სამყარო, ფასეულობები, დამოკიდებულებები, დიალოგი.

  1. მოსწავლეებმა წაიკითხეს და გააანალიზეს გოდერძი ჩოხელის რომანი ,,ადამიანთა სევდა“;
  2. მოსწავლეებმა ნახეს იგივე რომანზე გადაღებული ფილმი;
  3. ნანახ ფილმზე   გამართეს დისკუსია, იმსჯელეს მოქმედი პერსონაჟების ხასიათზე,  შინაგან სამყაროზე, სურვილებზე, მოქმედი გმირების ურთიერთდამოკიდებულებაზე;
  4. რომანი პიესად გადააკეთეს;
  5. მოსწავლეებმა თვითონ შეარჩიეს და მოირგეს ნაწარმოების პერსონაჟთა როლები.
  6. შეისწავლეს ქიმიური ელემენტები და ნივთიერებები, რომლებიც ნაწარმოების გმირების სევდას და დარდს ,, შეამსუბუქებდნენ“;
  7. მოსწავლეებმა განასახიერეს სხვადასხვა ქიმიურ ელემენტთა და ნივთიერებათა როლები და  ადამიანთა  დარდი, სიხარული, სურვილები, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი აუდიტორიას  ქიმიის კუთხით დაანახვეს.

ახლა კი გთავაზობთ აღწერას, როგორ განახორციელეს  მოსწავლეებმა ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობები:

  • ერთ-ერთმა მოსწავლემ მოირგო დარდების შემგროვებლის როლი, დადიოდა სოფელში და იწერდა ადამიანების დარდებს. დარდის ელემენტმა ფტორმა  ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას პოზიტიურ და ნეგატიურ როლზე ისაუბრა, თუმცა  ნატრიუმის იონი ნერვული სისტემის დამამშვიდებელ საშუალებად მოევლინა, აუხსნა მისი შემცველი  მედიკამენტის როლი , რომელიც სიმშვიდეს ანიჭებს ადამიანს.
  • დარდების შემგროვებელი შეხვდა ადამიანს, რომლის სადარდებელიც იყო სახლის აშენება და გადახურვა. ქიმიური ელემენტი, ალუმინი, დაეხმარა ამ პრობლემის მოგვარებაში, თან გააცნო თავისი უპირატესობა სხვა გადასახურ მასალებთან შედარებით. მოსწავლეებმა , რომლებიც ქიმიურ ელემენტებს: კალციუმს, ნახშირბადს და ჟანგბადს წარმოადგენდნენ, შექმნეს მარმარილოს ფორმულა და მშენებლობაში  მის საუკეთესო როლზე ისაუბრეს.
  • დარდის მატარებელი ადამიანი გუდამაყრის მივარდნილობაზე წუხს. ნივთიერება ჟანგბადი ამშვიდებს და ამ ხეობის ჰაერის ეკოლოგიურ სისუფთავეს უსვამს ხაზს და ხეობის გამოჩენილ ადამიანებს ახსენებს.
  • სიკვდილზე, სიცოცხლესა და სიყვარულზე მოფიქრალი ადამიანი  დარდების შემგროვებელს სულის უკვდავებაზე ესაუბრა . ქიმიური ნივთიერება ადრენალინი კი  დარდიან ადამიანებს შინაგანი ძალების მობილიზებაში დახმარებას დაჰპირდა. ქიმიურმა  ელემენტმა  რკინამ  ადამიანის სულის ჟანგის მოკიდება-სევდა ქიმიური კუთხით ახსნა.
  • დასკვნის სახით მოსწავლეებმა წყლის მოლეკულის სასიცოცხლო როლი წარმოაჩინეს და მოუწოდეს ადამიანებს  ტკივილი, სევდა, დარდი და წუხილი ყველაზე მსუბუქ წყალბადის მოლეკულებს გაატანონ. ( მონაწილეებმა წყალბადით სავსე ბუშტები ჰაერში გაუშვეს).

ღონისძიების ბოლოს მონაწილე მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ. მათ კმაყოფილება გამოთქვეს,  რომ ტექსტის ანალიზი, ფილმის ნახვა, პერსონაჟების განხილვა და დახასიათება, ქიმიაში მიღებული  ცოდნა  დაეხმარათ, უკეთესად მოერგოთ და გაეთავისებინათ პერსონაჟთა და ქიმიურ ნივთიერებათა როლები.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი