სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

“უსახელო უფლისციხელი” – ერთი ისტორიის გაცოცხლება

ქართულ ლიტერატურაში ძნელად თუ იპოვით მწერალს, რომელსაც ისტორიული ამბავი, თქმულება ან ძეგლი შთაგონების წყაროდ არ ექციოს და შემოქმედებითად არ გაელამაზებინოს. საქართველოს წარსულში უამრავი საინტერესო ფაქტია, რომლებიც ხშირად ლიტერატურაში ცოცხლდება. მხატვრულ ნაწარმოებში გაცოცხლებული ისტორია ზოგჯერ უფრო მეტ და სარწმუნო ინფორმაციასაც კი გვაწვდის, ვიდრე მემატიანე; თითოეული ისტორიკოსი თავისი ეპოქის შვილია, ამიტომ ძნელია, მოვთხოვოთ ობიექტურობა – ადამიანი ხომ მეტად სუბიექტური არსებაა.

ისტორიაზე საუბარი შორს წაგვიყვანს; ამჯერად, მინდა, ერთი მეტად მნიშვნელოვანი ძეგლისა და მისი მხატვრული სახის შესახებ გესაუბროთ.

საქართველოს ტერიტორიაზე უამრავი ნაქალაქარი და ნასოფლარია, რომელთა შესწავლა-გამოკვლევა, მათი კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, დღესაც გრძელდება. ქართული კულტურა ნაწილია ელინური ცივილიზაციისა, რომელმაც კაცობრიობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ანტიკური სამყარო დღემდე ამოუცნობ, მისტიკურ ფენომენს წარმოადგენს. სიტყვა “ანტიკური” ნიშნავს “ძველს”, მაგრამ მას ხშირად ვიყენებთ ბერძნულ-რომაული და მათ ორბიტაში შემავალი კულტურების აღსანიშნავად, ქართული კულტურა კი ნამდვილად ენათესავება ამ ორ უძველეს სამყაროს. ეს არის მიზეზი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ანტიკური ხანის არაერთი ნაგებობა და ნივთი შემოგვრჩა. ერთ-ერთი მათგანია უფლისციხის კომპლექსი, რომელიც არსებობის ათასწლეულებს ითვლის. საქართველოში სულ სამი კლდეში ნაკვეთი ქალაქია, რომელთაგან უძველესი სწორედ უფლისციხეა. მისი ისტორია გვიანი ბრინჯაოს ხანიდან – ენეოლოთიდან იწყება, როდესაც პირველყოფილმა ადამიანებმა ლითონის იარაღის გამოყენება ისწავლეს.

უფლისციხის შესახებ ისტორიული წყაროები მწირ ინფორმაციას გვაწვდის. ვიცით, რომ ეს იყო უძველესი დასახლება, ძლიერი ჰეგემონია, რომელსაც ჰყავდა ბელადი – “უფალი”. შესაძლოა, აქედანვე წარმოიშვა ადგილის სახელწოდებაც. წერილობით წყაროებში ის პირველად მე-7 საუკუნიდან იხსენიება.

ძეგლი, რომელიც მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კვერნაკის გორაზე მდებარეობს და გადმოჰყურებს მის გარშემო მდებარე სოფლებს, ქართველი პოეტებისა და მწერლების მუზათა სავანედ ქცეულა.

მართლაც შეუძლებელია, მოიხილო ეს ადგილები და პოეტურად არ აღენთო. მახსოვს, როდესაც ამ ისტორიულ ადგილზე ფეხი დავდგი და შევუყევი გორას, სადაც თითოეული ქვა წარსულის უცნობ დეტალებს ინახავს, დამავიწყდა, რომ ვიყავი თანამედროვე ეპოქის შვილი, ტექნიკური განვითარების ბუმისა და ცივი რეალობის ნაწილი. მეგონა, დავაბიჯებდი ჩემი საოცნებო ბერძნული კულტურის ყველაზე ღირსშესანიშნავ ნაგებობათა შორის და იქვე, ახლოს, გუგუნებდა ანტიკური სამყარო… საოცარია, მაგრამ ეს ერთი შეხედვით უტყვი გარემო, რომელიც მხოლოდ წარსულის ნაკვალევს შემოგატარებს, ისე გათბობს და გავსებს, გგონია, ლოდებიც კი წარსულიდან გეჩურჩულებიან და ძლევამოსილი ტომის ისტორიას გიამბობენ. ბუნებრივია, გახსენდება ვამეხიც – გურამ რჩეულიშვილის მოთხრობის პერსონაჟი… უფლისციხეში საოცრად შეთვისებია ერთმანეთს წარმართული კულტურა და ქრისტიანობა, ხოლო მათი თანაარსებობა ქმნის ყველაზე საკვირველ ჰარმონიას. ალბათ, ეს იყო მიზეზი, რომ ლადო ასათიანმა, მურმან ლებანიძემ, გურამ რჩეულიშვილმა ლექსები და პროზაული ნაწარმოებები მიუძღვნეს ადამიანისა და ბუნების ამ დიად ქმნილებას. მწერალი წარსულითა და აწმყოთი ცოცხლობს, ხორცს ასხამს დროში დაკარგულ, დავიწყებულ გმირებს და უსულო ნივთსაც კი სიცოცხლის ისეთ ძალას შთაბერავს, ადამიანსაც შეშურდება.

ასეთი ნაწარმოებია გურამ რჩეულიშვილის “უსახელო უფლისციხელი”, რომელშიც მწერლის განცდები და წარსულის აჩრდილები ერთმანეთის ნაწილებად, მთლიანობად ქცეულა. საინტერესოა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში უკვე რამდენიმე წელია ისწავლება ამ მწერლის ნაწარმოებები და მოსწავლეებს საშუალება აქვთ, უფრო ახლოს გაიცნონ ახალგაზრდა შემოქმედი, რომლის ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა. თუმცა სამწერლო ასპარეზზე მცირე ხნით გამოჩენა საკმარისი აღმოჩნდა, რომ მისი ნიჭიერება მომავალ თაობებს ღირსეულად შეეფასებინათ.
“უსახელო უფლისციხელი” მწერლის სიცოცხლეშივე დაიბეჭდა. ამ მოთხრობაში წარმოსახვითი ისტორია გაცოცხლდა, რომელიც შესაძლოა მართლა მომხდარიყო. განა არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ სამშობლოს სიყვარულმა, მისდამი შორეულმა ტრფობამ ადამიანს, რომელიც სიყრმიდანვე მოსწყვიტეს მშობლიურ მიწას, ჩაადენინა ყველაზე გმირული საქციელი? ვამეხმა სძლია მტერს. ჩვენ უამრავი გმირი გვყოლია, რომელთა სახელები ისტორიამ დღევანდელ დღემდე ვერ მოიტანა, მაგრამ ის დიდებული ციხე-გალავნები, რომლებიც შემორჩენილა საქართველოს მიწაზე, მოწიწებით ჰყვებიან მათ ამბავს.

უფლისციხის თემატიკა ქართულ პოეზიაშიც გვხვდება. ლადო ასათიანმა ლექსში “ქართლის გზაზე” ამ დიდებულ ნაქალაქარს ყაყაჩოს სიმბოლიკა დაუკავშირა. საერთოდ, ყაყაჩოების მიმართ ლადოს განსაკუთრებული დამოკიდებულება ახალი არ არის. ალბათ გაგიგონიათ – სადაც სამშობლოსთვის დაღუპული გმირის სისხლი დაეწვეთება, ყაყაჩო ამოდისო. შესაძლოა, ასე უკვდავყვეს ჩვენმა წინაპრებმა სამშობლოს შეწირულ მამულიშვილთა საქმეები, მაგრამ თუ უფრო ღრმად ჩავეძიებით, ისევ ბერძნული კულტურისკენ მიბრუნება დაგვჭირდება.

ცნობილი მითი მოგვითხრობს, რომ ქალღმერთმა დემეტრემ საშინლად განიცადა ქალიშვილის, პერსეფონეს მოტაცება. ამის გამო დედამიწას ნაყოფიერება დაეკარგა და შიმშილმა დაისადგურა. ეს ბუნების სიკვდილის ტოლფასი იყო. საინტერესოა, რომ სწორედ ყაყაჩოებს აგროვებდა პერსეფონე. კრეტაზე აღმოჩენილია ღვთაების გამოსახულება, რომელსაც თმას სწორედ ყაყაჩოები უმშვენებს. სხვა გამოსახულებაზე, რომელიც პალეკასტროს სამარხის გათხრებისას იპოვეს, ღვთაებას ხელში უჭირავს ყაყაჩოები. მიკენის აკროპოლისის საგანძურში აღმოჩენილ ოქროს ბეჭედზე გამოსახულია დემეტრე, რომელიც პერსეფონეს ყაყაჩოს აწვდის. ვინაიდან ეს ყვავილი ყანებში ხარობდა, მიჩნეული იყო ქალღმერთ დემეტრეს ნიშნად, ბუნების მკვდრეთით აღდგომის, ხელახალი აღორძინების სიმბოლოდ. მეორე მხრივ, პირველყოფილ საზოგადოებაში წითელ ფერს ერთგვარი ტაბუ ედო, რადგან მიაჩნდათ, რომ ის მხოლოდ მიცვალებულთათვის იყო განკუთვნილი.

როგორც ჩანს, ეს წარმოდგენები ქართულ კულტურაშიც აისახა.

ქართულ პოეზიაში კიდევ ერთი ლექსია, რომლის ავტორმაც უფლისციხე და წითელი ყაყაჩო ერთად მოიაზრა. ეს არის მურმან ლებანიძის “უფლისციხესთან”. პოეტმა ამ დიდებული ნაქალაქარის სახე ყველაზე წრფელი გრძნობის გამოსახატად და იმის სათქმელად გამოიყენა, რომ ადამიანისთვის მშობლიურ მიწაზე ძვირფასი არაფერია.
სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადების შემდეგ უფლისციხეში საქალაქო ცხოვრება დაქვეითდა, მაგრამ ქართული მოსახლეობა გამოქვაბულებს მტრისგან თავის დასაცავად იყენებდა. მონღოლების შემოსევის დროს ძეგლი დაზიანდა. მანამდე უფლისციხე ბაგრატიონთა და სომეხთა მეფეების დავის საგანი იყო. ას რომ, ამ ადგილებში უამრავი ქართველის სისხლია დაღვრილი…

დღეს, როდესაც დააბიჯებ უფლისციხის ქვის ტალანებში, ყველა პოეტური ფრაზა ერთბაშად გახსენდება. იქვე დაცოცავენ ჯოჯოები, რომლებსაც გურამ რჩეულიშვილი თავის მოთხრობაში ახსენებს – ისინიღა დარჩენილან ოდესღაც დიდებული ქალაქის ერთგულ დარაჯებად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი