პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სივრცითი ფიგურების ეფექტური სწავლება დაწყებით საფეხურზე

დაწყებითი განათლების პედაგოგიკა და მეთოდიკა უპირატესობას ანიჭებს აღსაზრდელებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების ფორმირებასა და თეორიული ცოდნის პრაქტიკულ სივრცეში რეალიზებას. ჯერ კიდევ კომენიუსის ,,დიდ დიდაქტიკაში“ მეცნიერულობის პრინციპს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რაც გულისხმობდა როგორც საგნობრივი, ასე მეთოდური ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობას. დღეის მოცემულობით იგივე საკითხი აქტიურ ფაზაშია კომპიუტერიზაციის, მრავალფეროვანი მატერიალური სასწავლო რესურსების ეპოქაში. თუმცა, საჭირო ხდება მათი მართებული სელექცია აღსაზრდელთა სჭიროებების გათვალისწინებით.

ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე ხშირად დგას პრობლემა აღსაზრდელთა მიერ სხვადასხვა სივრცითი ფიგურების აღქმის და მათი პრაქტიკული ღირებულების გათავისების შესახებ. აღსაზრდელთა ფსიქოლოგიაში ცნობილი ფაქტია, რომ დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებისათვის დამახასიათებელია თვალსაჩინო -ხატოვანი აზროვნება, რაც გასათვალისწინებელი ფაქტია. ასევე, ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ ესა თუ ის ფაქტი, აღქმული სხვადასხვა შეგრძნების ორგანოთი გრძელვადიან მეხსიერებაში მარტივად და ეფექტურად იმკვიდრებს ადგილს. ერთგვაროვნად აღქმულ საგანს ან მოვლენას სიტუაციური გამოყენების შანსი ნაკლები აქვს, ვიდრე მრავალმხრივად აღქმულ  მოვლენებს. აღნიშნული პრინციპები სამოქმედო დებულებად გამოვიყენე დაწყებით საფეხურზე სივრცითი ფიგურების შესწავლის საქმეში, რაც წარმატებული მიდგომა აღმოჩნდა აღსაზრდელებისათვის. ჩემეული დასკვნები ვალიდურობისათვის ინტერვენციულად გადამოწმდა დაწყებითი კლასების პედაგოგების მიერ.

სივრცითი ფიგურების აღსაზრდელებისათვის გაცნობისა და მიღებული ცოდნის ტრანსფერის მიზნით გამოვიყენე ,,ცოდნის აგების სქემა“:

  • საკითხის აუდიალიზება
  • საკითხის ვიზუალიზება
  • საკითხის კინესთეტური აღქმა
  • ცოდნის პრაქტიკაში გადატანა

წარმოდგენილი სქემის მიხედვით აღსაზრდელი სოლო ტაქსონომიის პრესტრუქტურული დონიდან გადადის უნისტრუქტურულ, მულტისტრუქტურულ და მიმართებით დონეზე სრულიად ლატენტურად. ერთი დონიდან მეორე დონეზე აღსაზრდელი იმდენად მარტივად ინაცვლებს, რომ შეუმჩნეველი ხდება სასწავლო საკითხების შემეცნების სირთულე. აღსაზრდელთა მოტივაცია მზარდია და სასწავლო პროცესში ჩართულობის ხარისხი მაღალი.

საკითხის აუდიალიზებისათვის გამოვიყენე ,,ევრისტიკული მეთოდი“ და აღსაზრდელებს გავაცანი შესასწავლი საკითხის არსი კითხვა-პასუხის რეჟიმით. კერძოდ, თუ როგორ წარმოედგინათ ფიგურების ფორმები და  მათთვის ცნობილ რომელ საგანთან ავლენდნენ ისინი მსგავსებას. აღნიშნულმა მიდგომამ შესასწავლი საგნის მიმართ აღსაზრდელთა ინტერესი გაზარდა, რადგან საკითხი ნაწილობრივ  ნაცნობი იყო და ნაწილობრივ ცოდნის შევსებას საჭიროებდა. ცოდნის შევსების პროცესი კი მათთვის სიახლეთა გაცნობასთან ასოცირდებოდა.

შესასწავლი საკითხის ვიზუალიზების მიზნით აქტიურად გამოვიყენე თვალსაჩინოება, მატერიალური მასალა ხის კუბურების, ცილინდრის, მართკუთხა პარალელეპიპედის და  სფეროს ფორმების სახით, ასევე საპრეზენტაციო პროგრამაში მომზადებული ვიდეო რგოლები სივრცითი ფიგურების შესახებ. ფიგურების წახნაგებისა და წიბოების მოძრაობაში ჩვენებამ და პარალელურად მატერიალური სასწავლო მასალის დემონსტრირებამ აღსაზრდელთა ინტერესი გაააქტიურა და მოტივაცია საკითხის მიმართ საგრძნობლად გაზარდა.

კომბინაციაში სივრცითი ფიგურების გაცნობის პროცესში აუდიალური და ვიზუალური სასწავლო კომპონენტების ერთობლიობამ აღსაზრდელებში ბიძგი მისცა ინტერესს, სივრცით ფიგურებს გასცნობოდნენ შეხებით და კინესთეტური თვალსაზრისით შეემეცნებინათ შესასწავლი საკითხის საკვანძო კომპონენტები. ფიგურებთან შეხებამ, შეხების პროცესში ფიგურის შემადგენელი ნაწილების სახელდებამ მოსწავლეებს საშუალება მისცა საფუძვლიანად აღექვათ სივრცითი ფიგურების არსი და ღირებულება.

შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებს წარვუდგინე საგნები, რომლებიც ცილინდრთან, მართკუთხა პარალელეპიპედთან, კონუსთან, პირამიდასთან და სფეროსთან ასოცირდებოდა. წარმოდგენილმა საგნებმა და მათი ფორმის დასახელებამ აღსაზრდელებს გაუმარტივა სივრცითი ფიგურების შემეცნების და მათი სახელების დამახსოვრების, ასევე მათი გამოყენების შესაძლებლობა. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა თეორიული მასალის პრაქტიკულ ფაზაში გადატანა, კერძოდ, საგაკვეთილო პროცესში, აქტივობის განხორციელება, რომლის დროსაც მოსწავლეებს ყუთში ჩაწყობილი საგნებიდან ერთ ერთი თვალდახუჭულს უნდა ამოეღოთ და აღეწერათ მისი ფორმა და ფუნქცია.

აღნიშნული აქტივობა კიდევ გავართულე იმ თვალსაზრისით, რომ აღსაზრდელები ორ ჯგუფად დავყავი და მათ მოვთხოვე ამჟამად სივრცითი ფიგურების დასახელება მოკლე დროში. აღსაზრდელები ხალისით ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობაში და აჩვენეს მიღებული თეორიული ცოდნის ეფექტური ტრანსფერი.

ჩემი, როგორც პედაგოგის მიზანი არ ყოფილა მხოლოდ სასწავლო მიზნების სისრულეში მოყვანა, ასევე ჩემი მოტივი იყო აღსაზრდელთა ინტერესების მობილიზება, სახალისო და მამოტივირებელი სასწავლო გარემოს შექმნა ეფექტური ტრანსფერისათვის.

ჩემეული დასკვნის ვალიდურობის მიზნით ამ მიდგომის ინტერვენცია განვახორციელე წლების ინტერვალით, ერთსა და იმავე ასაკობრივ ჯგუფთან, შედეგებმა აჩვენა დასახელებული მიდგომის ეფექტურობა სივრცითი ფიგურების სწავლების საქმეში.

სოლო ტაქსონომიის მიხედვით აღსაზრდელები დაეუფლნენ ცოდნას საფეხურებრივი სვლით მარტივიდან რთულისაკენ, ნაცნობიდან უცნობისაკენ და თამაშზე ორიენტირებული აქტივობებით შევძელი აღსაზრდელთა დაინტერესება და სასწავლო მიზნის ეფექტურად მიღწევა.

ამდენად, გაკვეთილი, რომელიც დაკომპლექტებულია ისეთი პედაგოგიური მეთოდებითა და მიდგომებით, რომლებიც ორიენტირებულია სასწავლო თვალსაჩინოებებსა თუ ელექტრონულ რესურსებზე, ასეთი გაკვეთილი ყოველთვის იქნება აღსაზრდელთა ინტერესებზე მორგებული და მამოტივირებელი ფაქტორებით დატვირთული, რაც არსებითი ღირებულების მატარებელია დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის. მითუმეტეს როცა დაწყებით საფეხურზე ბავშვის ქცევას თამაში წარმართავს, პედაგოგის მიერ დაგეგმილი ყველა აქტივობა უნდა ითვალისწინებდეს თამაშის კომპონენტს. თამაშის ფსიქოლოგიის მიხედვით აღსაზრდელს ყველა სასწავლო თემატიკა უნდა მიეწოდებოდეს თამაშის გზით, რომ ,,შემეცნების სამყაროში“ შევიდეს სტრესის გარეშე. ეს კიდევ შესაძლებელია სასწავლო თემატიკის ვიზუალიზების, აუდიალიზების, საგნებთან შეხების და მსგავს მოვლენებთან თუ საგნებთან უშუალო კონტაქტის გზით.

 

 გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ნათია ჯანაშია, ნათელა იმედაძე, სოფიო გორგოძე, განვითარებისა და სწავლების თეორიები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2008
  2. ნათელა ვასაძე, პედაგოგიკის ისტორია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების აკადემია, თბილისი, 2004
  3. ე.ნ. მედინსკი. პედაგოგიკის ისტორია, სტალინის სახელობის სახ. უნ-ტის დაუსწ. პედსექტორის გამ-ბა, თბილისი, 1940
  4. შ. ჩხარტიშვილი აღზრდის სოციალური ფსიქოლოგია, თბ.1974
  5. მ. ბოჭორიშვილი, სოლო ტაქსონომია, 2022 წელი

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი