ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მასწავლებელი – როგორც როლური მოდელი

 

მეოთხე წელია, რაც  მასწავლებელი ვარ, ვასწავლი საგან  ’’მოქალაქეობას’’. მიწევს საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ყოველდღიური ურთიერთობა. სწავლების პროცესი ერთნაირად არის დინამიკურიც, რთულიც, სახალისოც და საინტერესოც. რა თქმა უნდა, ხშირად ვფიქრობ:

  • როგორ ვასწავლი?
  • რას ვასწავლი?
  • დღეს კარგი დღე იყო?
  • რატომ იყო დღევანდელი გაკვეთილი ასეთი უშედეგო?
  • რატომ გამოვიდა ეს გაკვეთილი ასეთი კარგი?

ნოემბერში ბათუმში გაიმართა პირველი „ედკემპ საქართველო“ . ეს არის ამერიკული ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს მასწავლებელთა შეხვედრასა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარებას. აღნიშნულ ფორუმზე ერთ-ერთი მომხსენებელი იყო გერმანელი პედაგოგი – დიტერ შვარცი. დიტერს 30-წლიანი პედაგოგიური სტაჟი აქვს და მან ისაუბრა მასწავლებლის შინაგანი რწმენის აუცილებლობის შესახებ. მისი მთავარი რჩევა იყო: „ყოველთვის იყავით საკუთარ თავში დარწმუნებულები, რომ ყველაფერი გამოგივათ და ყველაზე რთულ კლასშიც კი შეძლებთ ბალანსის მიღწევას. საკლასო ოთახის კარს მიღმა დატოვეთ ყველა ეჭვი ან უნდობლობა, რომელიც შეიძლება მოდიოდეს როგორც თქვენი სუბიექტური განწყობიდან, ისე მშობლებისგან ან სკოლის პერსონალისგან. ბავშვი უშეცდომოდ იმეორებს მასწავლებლის ქცევას, ის უბრალოდ გრძნობს თქვენს ხასიათს და ამის მიხედვით მოქმედებს.  იყავით ძლიერი, პრინციპული და სამართლიანი.

ერთი კვირის წინ, საკმაოდ რთულად სამართავ მეშვიდე კლასში, ავხსენი „ადრეული ქორწინება“. რა თქმა უნდა, ვისაუბრე  ადრეული ქორწინების მანკიერ პრაქტიკაზე საქართველოში და სტერეოტიპებზე, რომელიც არსებობს ქალის როლის შესახებ ჩვენს ქვეყანაში. მეგონა, რომ ბავშვებმა ყველაფერი კარგად გაიგეს და ესმით, როგორც ზოგადად, სტერეოტიპის, ისე  ქალთა მიმართ არსებული სტერეოტიპების მნიშვნელობა. თუმცა, ასე არ აღმოჩნდა. შემაჯამებელი ტესტური დავალების გასწორებისას მივხვდი, რომ კლასის 80%-ს არ აქვს ჯეროვნად გააზრებული, თუ რა არის ზოგადად სტერეოტიპი  და არც ქალის მიმართ არსებული სტერეოტიპები ესმით ზუსტად. ბუნებრივია, მომდევნო გაკვეთილი სრულად დავუთმე ამ თემის განხილვას. ვისაუბრე ქალთა უფლებების განვითარების ისტორიაზე, ჩვენს საზოგადოებაში  ქალის მიმართ არსებული მცდარი შეხედულებების მიზეზებზე და შედეგებზე. რა თქმა უნდა, თემამ ყველა დააინტერესა, აღმოჩნდა, რომ  ბებიების ან მშობლების თაობა ძირითადად ოჯახს 18 წლამდე ქმნიდა და ამას ადრე პრობლემად არავინ აღიქვამდა.

– მას, თქვენც სტერეოტიპულად აზროვნებთ – უცებ მომახალა მე-7 კლასელმა ელენემ.

– უი, მართლა, რატომ ფიქრობ ასე?  დავინტერესდი და ცოტა დავიბენი ..

– აი, რამდენჯერმე თქვით ტუჩის „ბალმზე“ საუბრისას ეს პროდუქცია კარგია – გოგოებო თქვენ გეცოდინებათო, ან მანქანის მოდელი რომ ახსენეთ, ეს ბიჭებს გეცოდინებათ-ო. არადა, ბიჭებიც ხომ იკეთებენ მაკიაჟს, უვლიან თავს და ჩვენც ხომ ვერკვევით მანქანებში.

დავფიქრდი და გამახსენდა, რომ ერთ-ერთ გაკვეთილზე, როცა ერთმანეთის ტუჩსაცხით ერთობოდნენ(მგონი, დროებით  ჩამოვართვი კიდეც) ვკითხე კიდეც მსგავსი რამ, მანქანის შემთხვევა  ვერ გავიხსენე, თუმცა დარწმუნებული ვარ, ელენემ სიმართლე მითხრა.

ამის შემდეგ ელენეს და კლასის გასაგონადაც ვთქვი, რომ არ არის გასაკვირი, თუ ეს ვთქვი, ვინაიდან  მეც ამ სტერეოტიპულად მოაზროვნე საზოგადოების ერთი რიგითი  წევრი ვარ,  ჩემი აზროვნება და მეტყველება დეტერმინირებულია გარკვეული სოციალური ნორმებით და შეხედულებებით. შეიძლება ასე ვთქვი, თუმცა, რეალურად მეც მშვენივრად ვერკვევი მანქანის მოდელებში და ისიც ნორმალურია, თუ ბიჭები თავს უვლიან – თქო.

ამ გაკვეთილის შემდეგ, კიდევ ერთხელ დავფიქრდი და გონებაში ამომიტივტივდა პედაგოგიურ მეცნიერებაში პოპულარული მსჯელობა,  მასწავლებლის, როგორც როლური მოდელის შესახებ, გამახსენდა დიტერის სიტყვებიც: თქვენ შეიძლება ათასი გაკვეთილით ვერ ასწავლოთ ის, რასაც ერთი მარტივი ქცევით დაინახავენ მოსწავლეები. ბავშვი ახდენს უფროსების საქციელის იდეალურ კოპირებას და ეს უფროსი ხანდახან შეიძლება მასწავლებელი აღმოჩნდეს.

მასწავლებლებმა ხშირად უნდა ვიფიქროთ ამაზე, ბევრ სხვა მოთხოვნასთან ერთად, ალბათ უნდა ვიცოდეთ, რომ მოსწავლეს ნამდვილად ვერ მოვატყუებთ. გულწრფელობა არის საუკეთესო გასაღები მოსწავლის გულამდე. და კიდევ, არ არის სირცხვილი თუ ვეტყვით, მართალია, არასწორად მოვიქეცი, ან, უი, მართლა, როგორი შეუსაბამო ფრაზა გითხარი, ან, ეს არ ვიცი, მოვძებნი და ხვალ გეტყვი.

შეცდომებს ყველა ვუშვებთ და ეს ნორმალურია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი