შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

პერსონაჟის წერილი მეორე პერსონაჟს

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო  გეგმით გათვალისწინებული გრძელვადიანი სამიზნე ცნებების დამუშავების დროს მნიშვნელოვანია შუალედური მიზნების, ანუ კომპლექსური დავალებების სწორად შერჩევა და შესრულება.

კონსტრუქტივისტული სწავლების პრინციპის გათვალისწინებით წინარე ცოდნაზე დაფუძნებით აიგება ახალი ცოდნა. ამიტომ სასურველია  ეტაპებისა და ნაბიჯების თანამიმდევრობით გაწერა.

მინდა, გაგიზიაროთ ჩემი მოკრძალებული გამოცდილება – კომპლექსური დავალების სარეკომენდაციო სცენარი.

სამიზნე ცნება  ტექსტი (ჟანრები)(შედეგები:  (I).1, 2, 3, 4, 5)

სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენები

  1. ტექსტის მეშვეობით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება;

2.ტექსტში მოცემული მინიშნებების  საფუძველზე შესაძლებელია მისი სიღრმისეულად გააზრება, ახალი კუთხით წარმოჩენა;

3.ტექსტი  შეიძლება იყოს სხვადასხვა ჟანრის; ყოველი ჟანრის ტექსტს აქვს თავისებური შინაარსი, ენა და სტრუქტურა/აგებულება;

ქვეცნება – არამხატვრული ჟანრი -წერილი;

საკითხი – იგავის ,,თაგვი და ლომი“  – პერსონაჟ ლომის სახელით წერილის მიწერა მეორე პერსონაჟ თაგვისთვის.

ქვესაკითხი – იგავის ,,თაგვი და ლომი“ პერსონაჟის (ლომის)ხედვის კუთხე, მისი  წერილის: სტრუქტურა, თემა, მიზანი, ადრესატი და  ენა;

წერის სტრატეგიები: კრიტერიუმების ბადის შექმნა, იდეების გენერირება; პირველადი ვარიანტის გაუმჯობესება.

იგავის ,,თაგვი და ლომი“ ახალი სიტყვები, პერსონაჟების თვისებები, ხედვის კუთხე

საკვანძო შეკითხვები

  • როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით შევქმნა გადარჩენილი ლომის წერილი თაგვისთვის?
  • როგორ გამოვხატო ლომის დამოკიდებულება მომხდარის მიმართ?

 

კომპლექსური  დავალების  პირობალომის წერილი თაგვს

წარმოიდგინე, რომ ხარ იაკობ გოგებაშვილის იგავის ,,თაგვი და ლომი“ პერსონაჟი, კერძოდ, ლომი და ნაწარმოებში მოთხრობილი ამბის შემდეგ წერილს სწერ  თაგვს.

მოირგე ლომი როლი და  თაგვისადმი  მიწერილ წერილში: გამოკვეთე, რატომ, რა მიზნით გადაწყვიტე წერილის მისთვის მიწერა; წარმოაჩინე  ლომის განცდები და ემოციები,  მისი დამოკიდებულება მომხდარის მიმართ; გამოკვეთე, როგორია მისი დამოკიდებულება  იგავის მთავარი სათქმელის (შეგონების) მიმართ; დაიცავი წერილის აგებულება (მიმართვა, ძირითადი ნაწილი, ხელმოწერა); გამოიყენე სასვენი ნიშნები.

შეფასების კრიტერიუმი – (კონკრეტულ კომპლექსურ დავალებაზე მისადაგებული)

ნაშრომში წარმოაჩინე:

  • ვის სწერ, რატომ, რა მიზნით გადაწყვიტე მისთვის მიგეწერა (ტ. 1, 2);
  • როგორი აგებულება აქვს წერილს(მიმართვა – მისალმება, ძირითადი ნაწილი, ხელმოწერა) (ტ.3).
  • რა მინიშნებებს დაეყრდენი ლომის ფიქრების, დამოკიდებულებების ამოსაცნობად (ტ. 2)

კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები)

ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა, წინარეცოდნის გააქტიურება

დავალების მოთხოვნების გაცნობიერება

  • ახსენით თქვენი სიტყვებით, რას მოითხოვს დავალება?
  • რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ?
  • რისი შესწავლა დაგჭირდებათ? რა გაგიადვილდებათ? რა გაგიძნელდებათ? რაში დაგჭირდებათ დახმარება?

 

ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

ნაბიჯი 1 . ქვესაკითხები: ახალი სიტყვები.

რა ხერხები გამოიყენე ტექსტის შინაარსის უკეთ გასაგებად?

რესურსი 1: „ლომი და თაგვი“

აქტივობა 1. წინასწარი ვარაუდების გამოთქმა სათაურსა და ილუსტრაციაზე დაყრდნობით;

აქტივობა 2.ტექსტის პაუზებით კითხვა და ანალიზი;

აქტივობა 3. ტექსტის დამუშავება კითხვა-პასუხი;

 

რესურსი 2. თხრობის რუკა

მთავარი პერსონაჟები:

სხვა პერსონაჟები:

მოქმედების დრო და ადგილი:
რა მოხდება შენი ამბის დასაწყისში? რა მოხდება შენი ამბის  შუა ნაწილში? რით დასრულდება შენი ამბავი?
„ერთხელ…

 

 

„ამის შემდეგ…

 

„ბოლოს…

 

 

აქტივობა 4. თხრობის რუკის ერთობლივად შევსება და მასზე დაყრდნობით შინაარსის თანმიმდევრულად გადმოცემა.

აქტივობა 5.  მოსწავლეები შეარჩევენ ანდაზას, რომელიც შეესაბამება იგავის მთავარ სათქმელს და დაასაბუთებენ, რატომ ფიქრობენ ასე.

გეზისმიმცემი შეკითხვები:

  • რას გეუბნებათ პირველადი მინიშნებები (მაგ., სათაური, ილუსტრაცია) შინაარსის  შესახებ? რით უკავშირდება ისინი შენს ცოდნას?(აქტ.1)
  • როგორ ფიქრობთ, რა მოხდება? რატომ ფიქრობთ ასე? (აქტ. 2)
  • როგორ ფიქრობთ, რატომ გადაიხარხარა ლომმა?
  • რამე საშიშროება ხომ არ ელის რომელიმე ცხოველს?
  • რა მოხდება მოთხრობის ამ ნაწილში?
  • როგორ ფიქრობთ, რატომ სურდათ მონადირეებს ლომის ცოცხლად წაყვანა?
  • რას განიცდით ლომის მიმართ?
  • რა ელის ლომს?
  • როგორ მოგეწონათ მოთხრობის დასასრული?
  • ელოდით ასეთ დასასრულს?
  • რაზე დააფიქრა თაგვმა ლომი იგავის დასასრულს?

 

  • სად და როგორ ეძინა ლომს?  (აქტ. 3)
  • რატომ გადაურბინა თაგვმა ლომს თავზე?
  • როგორ ფიქრობ, გაბრაზდა ლომი თაგვზე?
  • რას დაჰპირდა თაგვი ლომს გაშვების შემთხვევაში?
  • როგორ ფიქრობ, დაიჯერა ლომმა თაგვის სიტყვები (დანაპირები)?
  • როგორ გგონია, შეეშინდა განსაცდელში ჩავარდნილ ლომს?
  • როგორ შეიტყო თაგვმა ლომის გასაჭირის შესახებ?
  • როგორ შეძლო თაგვმა ლომის დახმარება?
  • რას მასწავლის ეს იგავი? რა შეგონებით სრულდება ის?
  • რატომ ფიქრობ, რომ ეს ანდაზა შეესაბამება იგავის შეგონებას?

აქტივობა 6. ლექსიკაზე მუშაობა 1

აქტივობა 7. შეავსე სქემა ახლად ნასწავლი სიტყვების გამოყენებით. 2

 

სიტყვის განმარტება ნახატი
სინონიმი, ანტონიმი სიტყვა წინადადებაში

 

აქტივობა 8. გაგრძელებებით კითხვა.

აქტივობა 9.  შერჩეული პასაჟის გამომსახველობითად წაკითხვა.

აქტივობა 10. აბზაცების ფუნქციის ამოცნობა.

გეზისმიმცემი შეკითხვები:

  • როგორ გესმით: „დაბურულ ტყეში“? (აქტ.6)
  • სხვანაირად როგორ იტყოდით: „მშვიდად ეძინა“? რა შემთხვევაში შეიძლება ითქვას ეს? მოიყვანეთ მაგალითები.
  • როგორ გესმით „ღრიალი მორთო“, ,,გულიანად გადაიხარხარა“? საიდან მიხვდი ამას? მოიფიქრე ერთ-ორწინადადებიანი ამბავი ამ სიტყვების გამოყენებით.
  • როგორ გესმით ,,მიცუნცულდა“? კიდევ რაზე შეიძლება ითქვას „მიცუნცულდაო“? სხვანაირად როგორ იტყოდი ამას?
  • როგორ წავიკითხოთ ტექსტი გამომსახველობითად? (აქტ.9)
  • რატომ არის მნიშვნელოვანი სასვენი ნიშნების წინასწარ დანახვა?
  • რამდენად გამოხატე ინტონაციით, მახვილებით, ხმის ტემბრით მთხრობლის/პერსონაჟების ემოციები, განცდები?
  • რამდენი აბზაცია ამ ტექსტში? (აქტ. 10)
  • დააკვირდი, რისთვისაა საჭირო მეორე აბზაცი? რა ცვლილებას აღნიშნავს? (მაგ., მოქმედების დროის, მოქმედების ადგილის შეცვლას? ახალი მოქმედების დაწყებას? და სხვ.
  • რატომ არის მნიშვნელოვანი აბზაცის გამოყოფა? რით უადვილებს მკითხველს ტექსტის გაგებას? რა იქნებოდა ტექსტებში აბზაცები რომ არ ყოფილიყო?

 

ნაბიჯი 2 . ქვესაკითხები:  იგავის ,,თაგვი და ლომი“ პერსონაჟის (ლომის) წერილის სტრუქტურა, თემა, მიზანი, ადრესატი, ენა;

როგორი აგებულება აქვს წერილს (მიმართვა-მისალმება, ძირითადი ნაწილი, ხელმოწერა) (ტ.3)

რესურსი 1. პირადი წერილის სამოდელო ვარიანტი

გამარჯობა, სანდრო!

როგორ ხარ? როგორ არიან თამრიკო დეიდა და ვახტანგი ბიძია? ორივე მომიკითხე.

სანდრო, მინდა, ჩემი საუკეთესო მეგობარი გაგაცნო.მას თომა ჰქვია. თომა ჩემზე ერთი წლით უფროსია. სამი თვის წინ გადმოვიდა ჩვენს ეზოში საცხოვრებლად. მე და თომა მალე დავმეგობრდით. ჩვენ ძალიან ვგავართ ერთმანეთს.  თომაც ჩემსავით მხიარული და ცნობისმოყვარეა, გარეგნობით კი ჩემთან შედარებით უფრო მაღალი და გამხდარია, აქვს დიდი თაფლისფერი თვალები და ქერა თმა. თომა ფეხბურთზე დადის. იცი, რა მაგრად თამაშობს ფეხბურთს? მეც ვაპირებ მასთან ერთად სიარულს. რომ ჩამოხვალ, აუცილებლად გაგაცნობ.

აბა, შენ იცი, ნახვამდის!

                                                           დათო

  12 თებერვალი, 2021 წ.

 

 

რესურსი 2. წერილის სტრუქტურა

 სტრუქტურა მაგალითი განხილული წერილიდან მოვიფიქროთ  სხვა შესაძლო ვარიანტები
მისალმება/მიმართვა გამარჯობა, სანდრო! ძვირფასო სანდრო! ჩემო სანდრო!  . . .
 

ძირითადი ტექსტი

 

როგორ ხარ? როგორ არიან თამრიკო დეიდა და ვახტანგი ბიძია? ორივე მომიკითხე.

სანდრო, მინდა, ჩემი საუკეთესო მეგობარი გაგაცნო. . . . .

როგორ გიკითხო?. . .
გამომშვიდობება, ხელმოწერა აბა, შენ იცი, ნახვამდის!                                                            დათო იმედი მაქვს მალე გნახავ,

შენი დათო . . .

შენი მეგობარი დათო

. . . . . . .. .

 

აქტივობა 1.  სამოდელო წერილის განხილვა სტრუქტურული და შინაარსობრივი თვალსაზრისით (რესურსი1)

აქტივობა 2. წერილის სტრუქტურული ჩარჩოს დამუშავება (რესურსი 2)

 

გეზისმიმცემი შეკითხვები:

 

  • ვინ წერს წერილის? საიდან ჩანს?
  • ვის სწერს წერილს? საიდან ჩანს?
  • რა არის წერილის მიზანი? რატომ ფიქრობ ასე?
  • სად არის მიმართვა?
  • სად არის გამომშვიდობება ? ხელმოწერა?
  • რომელია ძირითადი ნაწილი?
  • რამდენი აბზაცისგან შედგება ძირითადი ნაწილი? რატომ არის მეორე აბზაცი გამოყოფილი?
  • რამდენი ნაწილისგან შედგება წერილი?

 

ნაბიჯი 3 . ქვესაკითხები: იგავის ,,თაგვი და ლომი“ პერსონაჟების თვისებები და ხედვის კუთხე

რა მინიშნებებს დაეყრდენი ლომის ფიქრების, დამოკიდებულებების ამოსაცნობად (ტ2)

რესურსი 1. პერსონაჟის რუკა

აქტივობა 1. სიტყვა-ცნების „მინიშნების“ გაგებინება (იხ. მეთოდიკური დანართი)

აქტივობა 2:  მსჯელობა ლომის ფიქრებსა და ემოციებზე, მინიშნებაზე დაყრდნობით;

აქტივობა 3. პერსონაჟის რუკის შევსება (რესურსი 1)

 

 

გეზისმიმცემი შეკითხვები:

  • რას ფიქრობდა ლომი, როდესაც ნახა, რომ მისი გაღვიძება პაწაწუნა თაგუნამ გაბედა? რატომ ფიქრობ ასე, რა მინიშნებებს ეყრდნობი?
  • რა ემოცია დაეუფლებოდა ლომს თაგვის ნათქვამზე?
  • როგორ გგონიათ, რას გრძნობდა და ფიქრობდა ლომის ტყვეობისგან გათავისუფლებული თაგვი? რატომ ფიქრობ ასე?
  • რას იფიქრებდა მონადირეების მიერ ხეზე მიბმული ლომი? რატომ ღრიალებდა? გაახსენდებოდა მას ამ მომენტში თაგვი?
  • რას გაიფიქრებდა თაგვის დანახვაზე დაბმული ლომი?
  • როგორ გგონიათ, რაზე დაფიქრდებოდა ლომი იგავის დასასრულს თაგუნას სიტყვების მოსმენის შემდეგ?
  • რისი თქმა მოუნდებოდა ლომს თაგვისათვის?

 

 

ნაბიჯი 4 . ქვესაკითხები:  წერის სტრატეგიები.

რა სტრატეგიები გამოიყენე წერილის დასაწერად?

ვის წერ, რატომ, რა მიზნით (ტ.1.2)

 

რესურსი 1.

 

წერის დაწყებამდე

 

 

 გავიხსენოთ, ვინ არის წერილის ავტორი, ვისთვის წერს წერილს;

დავფიქრდეთ, რის სათქმელად მოუნდებოდა წერილის მიწერა?

შევადგინოთ დამხმარე გეგმა-ჩარჩო;

 

წერის დროს

 

 შევქმნათ პირველი, შავი ვარიანტი გეგმა-ჩარჩოს დახმარებით;
 

წერის შემდეგ

 

 გადავიკითხოთ მკითხველის თვალით;

კრიტერიუმების გამოყენებით აღმოვაჩინოთ ხარვეზები, შეცდომები;

გავაუმჯობესოთ, გავასწოროთ შეცდომები;

გადავათეთროთ წერილი და მოვემზადოთ წერილის გამომსახველობითად წასაკითხად.

 

 

რესურსი 2. წერილის გეგმა-ჩარჩო

მიმართვა როგორ მიმართავდა თაგვს?

 

ძირითადი ნაწილი რა მიზნით მისწერდა წერილს?

რისი გაზიარების სურვილი ექნებოდა?

 

გამომშვიდობება, ხელმოწერა

 

როგორ გამოემშვიდობებოდა?

 

რესურსი 3. შეფასების სქემა

 

 

კარგია გასაუმჯობესებელია
გამოკვეთე თუ არა მიმართვა, ძირითადი ნაწილი, გამომშვიდობება/ხელმოწერა ?  

 

 

 

ჩანს თუ არა წერილის მიზანი – რისთვის წერს ლომი წერილს?
ჩანს თუ არა ლომის დამოკიდებულება მომხდარის მიმართ? იგავის შეგონების მიმართ?
მაქვს თუ არა გამოტოვებული ასოები?
დავსვი თუ არა სასვენი ნიშნები?

 

აქტივობა 1. მეტაკოგნიტური პაუზაგეზისმიმცემი შეკითხვებით სტრატეგიების სქემის ერთობლივად შევსება (რესურსი 1.; იხ. მეთოდიკური დანართი );

აქტივობა 2. გონებრივი იერიშით წერილის გეგმა-ჩარჩოს ერთობლივად შევსება (რესურსი 2);

აქტივობა 3. წერილის პირველადი ვერსიის დაწერა;

აქტივობა 4. წერილის გაუმჯობესება კრიტერიუმების ბადის გამოყენებით (რესურსი 3);

აქტივობა 5. საბოლოო ვარიანტის დაწერა.

 

 

 

გეზისმიმცემი შეკითხვები:

  • როგორ ფიქრობთ, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ გაგვიადვილდეს წერილის დაწერა? (აქტ. 1)
  • რა ხერხები გამოვიყენოთ წერის დაწყებამდე? ვის როგორ წარმოგიდგენიათ? კიდევ რა ხერხების გამოყენება შეიძლება, ვის რა მოსაზრებები გაქვთ?
  • რა ხერხები გამოვიყენოთ წერის დროს? რა დაგვეხმარება წერის პროცესში?
  • რა ხერხები გამოვიყენოთ ნაწერის გასაუმჯობესებლად?
  • როგორ მიმართავდა ლომი თაგვს? ვის როგორ წარმოგიდგენიათ? (აქტ. 2)
  • რა მიზნით მისწერდა ლომი თაგვს? ვის რა მოსაზრება გაქვთ ამასთან დაკავშირებით?
  • როგორ, რა ფორმით გამოემშვიდობებოდა, როგორ მოაწერდა ხელს?

 

კომპლექსური დავალების შესრულების და პრეზენტაციის პროცესში დასასმელი შეკითხვების ბანკი კონკრეტულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საწარმოებლად,  თითოეული მათგანის  წინსვლისა და რეფლექსიის უნარის  ხელშესაწყობად.

 

ხსენი,  რა ცოდნა შეიძინე და წარმოაჩინე კომპლექსური დავალების საშუალებით

  • როგორი აგებულება აქვს შენს წერილს?
  • რატომ ფიქრობ, რომ წერილი დაწერილიალომის ხედვის კუთხიდან?
  • როგორ ამოიცანი პერსონაჟების თვისებები და დამოკიდებულები, რა მინიშნებებს მიაქციე ყურადღება?
  • რისი თქმა გინდოდა ამ ნამუშევრით? რით არის ის მნიშვნელოვანი?

 

აღწერე, როგორ იმუშავე დავალებაზე

  • რა გააკეთე, რა თანმიმდევრობით?
  • რა მინიშნებებს მიაქციე ყურადღება?
  • რატომ არის საჭირო დავალების პირველადი ვერსიის შექმნა?
  • რით განსხვავდება შესრულებული დავალების პირველადი ვერსია საბოლოოსგან?
  • რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?
  • შენი თანაკლასელების ნამუშევრებიდან რომელი მოგეწონა განსაკუთრებით? რამ მიიქცია შენი ყურადღება?

 

აღწერე, რა დაბრკოლებებს წააწყდი და  რა დაგეხმარა კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში;

  • რა გამოგივიდა კარგად კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
  • რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
  • იყო თუ არა განსხვავებული მოსაზრებები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  • ქართული ენა და ლიტერატურა- დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების)

გზამკვლევი -მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.

(საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი)

https://bit.ly/3yWZ1bR

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი