პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

საჭიროებებზე დაფუძნებული თანამშრომლობა

მინდა გაგაცნოთ სკოლაში ჩატარებული კვლევის ფარგლებში განხორციელებული ინტერვენციის  შედეგები.   კვლევა ეხებოდა პოსტპანდემიური პერიოდის/ონლაინსწავლების შემდგომი ეტაპის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებელთა  საჭიროებებს. კვლევის თემა და სახელწოდებაა – „ონლაინსწავლების შემდგომი პერიოდის სკოლის/მასწავლებლები საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები“.

რატომ ეს თემა? საქმე ის არის, რომ პოსტპანდემიური/ონლაინსწავლების შემდგომმა პერიოდმა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა სკოლა და მასწავლებელი. საჭირო გახდა სასწავლო პროცესის გამდიდრება მეთოდოლოგიურად, რისთვისაც  მნიშვნელოვანია,  მასწავლებელმა სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით შექმნას მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები და დანერგოს საგაკვეთილო პროცესში.

კვლევის მთავარი მიზანი იყო დაგვედგინა – პოსტპანდემიურ პერიოდში სკოლის მასწავლებელთა საჭიროებები სხვადასახვა ციფრული რესურსების შექმნა-გამოყენების კუთხით.

კვლევის განხორციელებისთვის შევარჩიეთ სამიზნე ჯგუფები – სკოლის მეორე და მესამე საფეხურის მასწავლებლები.

კვლევისთვის წინასწარ ჩამოვაყალიბეთ  სამუშაოს გეგმა, რომელიც განვახორციელე ეტაპობრივად.   კვლევა მოიცავდა შემდეგ ეტაპებს:

  • პრობლემის გამოვლენა;
  • საკვლევი საკითხის შერჩევა;
  • მასწავლებლებთან კვლევის შესახებ საუბარი და მიზნის გაცნობა;
  • ანკეტირება მასწავლებლებთან;
  • მონაცემების დამუშავება;
  • მონაცემებიდან გამომდინარე ინტერვენციების დაგეგმვა;
  • ინტერვენციების განხორციელება;
  • განხორციელებული ინტერვენციების შედეგების ანალიზი;
  • შეჯამება.
  • პედაგოგებმა ვიმსჯელეთ არსებული პრობლემის ირგვლივ და შევარჩიეთ საკვლევი საკითხი. გადავწყვიტეთ  საინფორმაციო ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში მაქსიმალური გამოყენება.

დავამუშავეთ არსებულ საკითხთან დაკავშირებული შესაძლებლობები. ანუ რა პროგრამები და პლატფორმების ფარგლებში შეგვეძლო შეგვექმნა ელექტრონული სასწავლო რესურსები, რომელსაც გამოვიყენებდით სწავლების სხვადასხვა საფეხურზე სხვადასხვა საგნის სწავლებაში.

შემდეგ ეტაპზე მასწავლებლები  აქტიურად ჩაერთნენ პროცესში.

მოვახდინეთ მასწავლებელთა ანკეტირება და დავადგინეთ საჭიროებები, რომელთა გათვალისწინებით დავგეგმეთ ინტერვენციები. ინტერვენციები განვახორციელე სკოლაში მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების შეხვედრების ფარგლებში.

 

ინტერვენციების მანძილზე ვავსებდი დაკვირვების დღიურს. მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების შეკრებებში მონაწილე მასწავლებლები კი რეფლექსიური შეხვედრებისას გვაცნობდნენ  ინტერვენციების დროს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში შექმნილი სასწავლო ელექტრონული რესურსების საგაკვეთილო პროცესში გამოყენების შედეგებს.

 

2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში  სკოლაში მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების  რამდენიმე შეხვედრის ფასილიტაცია გავწიე. ეს შეხვედრები რამდენიმე ხასიათის იყო:

  1. ინფორმაციული ხასიათის – ამ დროს კოლეგებს გავაცანი მარტივი, უფასო პროგრამები და პლატფორმები, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია სასწავლო რესურსების შექმნა.
  2. პრაქტიკული ხასიათის – ამ დროს კოლეგებს დავეხმარე სხვადასხვა პროგრამებზე დარეგისტრირებულიყვნენ და დაეწყოთ რესურსების შექმნა.
  3. რეფლექსიური ხასიათის შეხვედრები – ამ დროს კოლეგებმა წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსები და გაგვიზიარეს სასწავლო პროცესში მათი გამოყენების შედეგები (მოსწავლეთა ჩართულობის ზრდის, მოსწავლეთა მოტივაციის ზრდის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების ზრდის მონაცემებზე დაყრდნობით).

გაგაცნობთ იმ ელექტრონულ რესურსებს, რომლებიც  სკოლის ათამდე მასწავლებლებმა შევქმენით.  მაგალითად  wordwall.net პროგრამაში, მოსწავლისთვის  ადვილად  გასაგები ინსტრუქციით. კარგი ის არის, რომ  აქტივობის დასრულებისთანავე მოსწავლე ამოწმებს საკუთარ ნამუშევარს და არასწორი პასუხის შემთხვევაში შეუძლია ისევ სცადოს.

გთავაზობთ სკოლის მასწავლებლებთან თანამშრომლობით, ჩემი და ჩემი კოლეგების მიერ  სხვადასხვა საგნებში შექმნილი რესურსების ნაწილს.

საგანი – ბიოლოგია

ეს ელექტრონული რესურსები მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს, როგორც ახალი მასალის ახსნის დროს, ასევე ცოდნის განმტკიცების ფაზაზე და მასალის შეჯამების დროს.

რესურსი 1.   ცხოველური უჯრედი        კლასი- 10

ეს რესურსი  განკუთვნილია მეათე კლასის მოსწავლისათვის. ის ითვალისწინებს ცხოველური უჯრედის ვიზუალურ მასალაში  სტრუქტურების ამოცნობასა და მის დაკავშირებას ფუნქციებთან. მოგეხსენებათ, რომ იმას, რასაც მოსწავლე თვალით ვერ ხედავს, უჭირს აღქმა და დამახსოვრება, ჩვენ თუ ამ სახით მივაწვდით მასალას, ვფიქრობ, რომ სახალისოც იქნება და ადვილად დასამახსოვრებელიც.

საგანი –  ბუნებისმეტყველება

რესურსი 2.    ადამიანის ჩონჩხი

ეს რესურსი მერვე კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი.  მოსწავლემ უნდა ამოიცნოს ძვლები და წარმოდგენილ ფოტოს ხაზებით სწორად  დაუკავშიროს  მისი  დასახელება.

საგანი – ისტორია

რესურსი 3. გაერთიანებული საქართველოს მეფეები

ეს რესურსი VIII კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი, მოსწავლემ საქართველოს მეფეები უნდა დააკავშიროს მათი მოღვაწეობის წლებს.

 

რესურსი 4.  ამოვიცნოთ სურათები.

ეს რესურსი განკუთვნილია  VIII კლასის მოსწავლეებისთვის, რესურსში მოცემულია სხვადასხვა უჯრედის ფოტოები, მოსწავლემ უნდა ამოიცნოს უჯრედის ტიპი და უჯრებში ჩაწერილი  ასოები გადაანაცვლოს ისე, რომ სწორი პასუხი მიიღოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი