პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

კურიკულუმის განვითარების ასპექტები

კურიკულუმის დანერგვისა და განვითარების პროცესი  განსაკუთრებული ინტერესის საგანია,რადგან  ეს პროცესი მოიაზრებს სასკოლო საზოგადოების თანამშრომლობასა და ჩართულობას. რეფორმის ფარგლებში დაინერგა კომპლექსური დავალებით სწავლება. კომპლექსური დავალება შუალედური მიზანია გრძელვადიანი სამიზნე ცოდნის /საგნობრივი სტანდარტის შედეგების მისაღწევად. ამ ტიპის დავალება ემყარება სწავლების ხუთ პრინციპს და ხელს უწყობს როგორც საგნის სიღრმისეულად დაუფლებას, ისე მოსწავლეებში გლობალური ფუნქციური უნარების გააქტიურებას

კათედრის შეხვედრაზე კეთდება ანალიზი, რომელმა აქტივობამ გაამართლა, რა არის შესაცვლელი, რომელი მოერგო კარგად ამა თუ იმ კლასის მოსწავლეთა ინდივიდუალურ თავისებურებებს და ა.შ

გთავაზობთ კომპლექსური დავალების სარეკომენდაციო სცენარს, რომელიც განხორციელდა მე-2 კლასში .

სამიზნე ცნება: ტექსტი (ჟანრები(შედეგები: (I).1, 2, 3, 4, 5)

ქვეცნებაპოსტერი

სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენები:

  1. ტექსტის მეშვეობით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება.
  2. ტექსტში მოცემული მინიშნებების საფუძველზე შესაძლებელია მისი სიღრმისეულად გააზრება, ახალი კუთხით წარმოჩენა.
  3. ტექსტი შეიძლება იყოს სხვადასხვა ჟანრის; ყოველი ჟანრის ტექსტს აქვს თავისებური შინაარსი, ენა და სტრუქტურა/აგებულება.

საკითხი: ანიტა კაპანაძის მოთხრობის – „ცელქი ბახალა“  დედააზრის გამომხატველი პოსტერის შექმნა.

ქვესაკითხიმოთხრობის „ცელქი ბახალა“დედააზრი; პერსონაჟის ქცევა, პიროვნული მახასიათებლები,შინაგანი სამყარო, გრძნობები. ბახალას? ურთიერთობა სხვა პერსონაჟთან; პოსტერის მახასიათებლები.

საკვანძო კითხვები:

  • როგორ შევქმნა  პოსტერი მოთხრობის დედააზრის გამოსახატავად?
  • რა ხერხებსა და სტრატეგიებს გამოვიყენებ ტექსტის გასაგებად?
  • როგორ დავუკავშირო ჩემს პოსტერზე წარმოდგენილი მაგალითები ნაწარმოების დედააზრს?
  • შეესაბამება თუ არა ჩემ მიერ წარმოდგენილი მაგალითები მოთხრობის დედააზრს?

 კომპლექსური დავალების პირობა: შექმენი პოსტერი, რომელზეც ასახავს ანიტა კაპანაძის მოთხრობის “ცელქი ბახალას“   – მთავარი სათქმელის/დედააზრის შენეულ გაგებას. პოსტერზე გამოკვეთე აზრობრივი კავშირი სათაურს, წარწერებსა და ილუსტრაციებს შორის; გამოიყენე ვიზუალური ეფექტები სათქმელის გამოსაკვეთად.

  • გამოიყენე A4 ფორმატის ცარიელი ფურცელი და სხვადასხვა სახის საწერი თუ სახატავი მასალა.
  • ნამუშევარში გადმოეცი ტექსტში მოცემული საკვანძო, ძირითადი ინფორმაცია.
  • გააფორმე ილუსტრაციებით და/ან სიმბოლოებით.

ნამუშევრის წარდგენისას წარმოაჩინე:

  • რატომ ფიქრობ, რომ შენი ნამუშევარი პოსტერია (ტ. 3);
  • რით და როგორ უკავშირდება შენი პოსტერი ნაწარმოების მთავარ აზრს (ტ. 1);

ისაუბრე, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ  დავალების შესასრულებლად და რა ცოდნა შეიძინე:

  • შეესაბამება თუ არა შენ მიერ მოყვანილი მაგალითი/მაგალითები ნაწარმოების დედააზრს?
  • შეესაბამება თუ არა აზრობრივად ერთმანეთს  პოსტერის სათაური, წარწერა და ილუსტრაციები?
  • რით გაიმდიდრე ცოდნა-გამოცდილება? სად და როგორ გამოიყენებ შეძენილ ცოდნას?
  • რისი თქმა გინდოდა ამ ნამუშევრით? რით არის ის მნიშვნელოვანი? 
  • რა სირთულეს წააწყდი,რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა?

და რა დაგეხმარა დავალების შესრულებისას?

საკვანძო კითხვები მნიშვნელოვანია, როგორც პირობის წარდგენამდე, ისე წარდგენის შემდეგაც.

სასწავლო ერთეულის  ლოგიკურ აგებას დიდწილად განსაზღვრავს ტექსტი, რომელიც  ერთმანეთისგან განსხვავდება თემატიკით, მოცულობით,  ლექსიკური თუ ჟანრობრივი მახასიათებლებით, სტილითა და სხვა ნიშნებით. შესაბამისად, სასწავლო პროცესში მათ დამუშავებას თავისებური,  ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება,რომ მოსწავლეთათვის საინტერესო და სასარგებლო იყოს.

შერჩეული აქტივობები ტექსტის სიღრმისეულ გააზრებას უნდა ემსახურებოდეს. ეს შესაძლებელია კოგნიტური დიაგრამების გამოყენებით, რაც პროცესს  საინტერესოდ და სახალისოდ წარმართავს. უნდა განისაზღვროს  მიღწევის აქტუალური დონე და საჭიროებები, ნაბიჯ-ნაბიჯ, კონსტრუქტივიზმის პრინციპით   მიზანი  უფრო იოლად მიიღწევა. შემდეგი აქტივობაა ტექსტის წაკითხვა,რომელიც ვარაუდების გამოთქმით იწყება, სათაურსა და ილუსტრაციაზე დაკვირვებით.

შემდეგ ვკითხულობთ პაუზებით და მინიშნებების გათვალისწინებით მოვლენების შესაძლო განვითარების სცენარზე. – ეს კი  სხვადასხვა ფორმითა და მეთოდით შეიძლება წარიმართოს:

ცოდნის კონსტრუირებაში დახმარება მასწავლებელთა თანადგომითა და    თანამშრომლობით არის შესაძლებელი.  თუ მოსწავლეებს  აქტივობების შესრულებისას მეტ თავისუფლებას მივანიჭებთ და გავითვალისწინებთ მათ ინდივიდუალურ შესაძლებლობებსა და ინტერესებს, ისინი მეტი ინტერესითა და ენთუზიაზმით ჩაერთვებიან პროცესში და წარმატებით შეასრულებენ დავალებას.

გასათვალისწინებელია,რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის ზოგჯერ გამოწვევაა სასწავლო მიზნების კომპლექსურ დავალებაზე მორგება და ადაპტირება. მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებისთვის ჩამოაყალიბოს კომპლექსური დავალების სხვადასხვა პირობა მათი ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინებით.

მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება თუ როგორ ვგეგმავ კომპლექსურ დავალებას, როგორ ვაფასებ მოსწავლეთა ნამუშევრებს, როგორ ავღრიცხავ მოსწავლეთა შედეგებს, როგორ ვწერ  მცირე ანგარიშს და ამ ანგარიშის საფუცველზე, როგორ ვგეგმავ ინტერვენციებს რომელიც დიფერენცირებული სწავლების სხვადასხვა მოდელების გამოყენებით.

ამ სქემით მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასების შედეგებს ვინიშნავ ცხრილში, სადაც კარგად ჩანს კლასის შედეგიც და თითოეული მოსწავლის მიღწევები და გასაუმჯობესებელი  მხარეები

შემაჯამებლის/კომპლექსურის ზოგადი  ანგარიში

მოსწავლეთა უმრავლესობამ  სწორად შეასრულა კომპლექსური დავალება. სოლო ტაქსონომიის მიხედვით შედეგების ანალიზისას გამოიკვეთა რომ:

  • ერთ მოსწავლეს სჭირდება რემედიაცია და გამოვიყენებ ჩაშენებულ და დამოუკიდებელ რემედიაციულ აქტივობებს.
  • ერთ მოსწავლეს სჭირდება ტექსტის მიხედვით ილუსტრაციების შექმნისას მიმანიშნებელი ინფორმაციების გათვალისწინებაზე ვარჯიში და სწავლებისას  დიფერენცირებისას ამ საკითხს გავითვალისწინებ.
  • სწავლების პროცესში ხშირად გამოვიყენებ ხარაჩოს ტიპის აქტივობებს, რათა მოსწავლეებმა აქტიურ საუბარში შეძლონ ახალი ლექსიკური ერთეულების მიზანმიმართული გამოყენება. ეს დაეხმარება მათ მულტისტრუქტურული დონიდან გადავიდნენ მიმართებით დონეზე.

 

ბოლო დროს ჩატარებული არაერთი  კვლევა წარმოაჩენს განმავითარებელი შეფასების კიდევ  მნიშვნელოვან ასპექტს –   განმავითარებელი შეფასება დაბალი შედეგების მქონე მოსწავლეებს უფრო ეხმარება, ვიდრე მაღალი შედეგების მქონეებს. ამის შედეგად მოსწავლეების საერთო მიღწევა იზრდება. ეფექტი მით უფრო დიდია, რაც უფრო ხშირად იღებენ დაბალი მოსწრების მქონე მოსწავლეები უკუგებას განმავითარებელი შეფასებისაგან. უფრო მეტიც, მკვლევართა აზრით, ყოველთვის არსებობს განმავითარებელი შეფასების გაუმჯობესების შანსი იმისათვის, რომ მან ზეგავლენა მოახდინოს სასწავლო გეგმასა და სწავლება/სწავლაზე.

ცხადია, ჩამოთვლილი ეფექტები მით უფრო საგრძნობია, რაც უფრო მაღალია განმავითარებელი შეფასების სადიაგნოსტიკო პოტენციალი. რამდენადაც უფრო ზუსტად და დროულად დაადგენს მასწავლებელი მოსწავლეთა ძლიერ და სუსტ მხარეებს, იმდენად უფრო დიდია მართებული კორექტივების შეტანის შანსი სასწავლო პროცესში, მოსწავლეებში კი _ მიღწევების გაუმჯობესებისთვის მზაობის მუხტი. ამაზეა დამოკიდებული აგრეთვე ის, თუ რამდენად ხელშემწყობი იქნება საკლასო თუ სასკოლო კლიმატი.

სოლო ტაქსონომიით შედგენილი შეფასების რუბრიკაზე და მოსწავლეთა შედეგების ცხრილის მონაცემებზე დაყრდნობით იოლია განვახორციელოთ განმავითარებელი შეფასება და ამით დავეხმაროთ მოსწავლეს წარმატების მიღწევაში. ამის საილუსტრაციოდ გთავაზობთ სქემას:

მოსწავლეებმა უნდა მიიღონ კონსტრუქციული მითითებები იმის თაობაზე, თუ როგორ გააუმჯობესონ შედეგები. მათ სჭირდებათ შემდგომი ნაბიჯების, საკუთარი ძლიერი მხარეების ცოდნა და ინფორმაცია მათი განვითარების გზების შესახებ, აგრეთვე საკუთარი სისუსტეების ცხადი სურათი და რჩევა, თუ როგორ შეიძლება მათი დაძლევა.

შეფასებამ უნდა გაზარდოს მოსწავლის თვითშეფასების შესაძლებლობები ისე, რომ იგი გახდეს მოაზროვნე და თვითწარმმართველი პიროვნება. დამოუკიდებელ მოსწავლეს შეუძლია, თავად მოიპოვოს ცოდნა და განივითაროს უნარ-ჩვევები.

შეფასებისას უნდა წარმოჩნდეს ყოველი მოსწავლის ყველა მიღწევა – მოსწავლეებს უნდა მიეცეთ საშუალება, საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინონ საკუთარი თავი, აჩვენონ საკუთარი ”მაქსიმუმი” და მიიღონ კუთვნილი აღიარება.

ამ პროცესის შემდეგ გადავწყვიტე სასწავლო პროცესში, ტექსტის დამუშავების შესაბამის ეტაპზე ინტერვენციის სახით დამენერგა  სასწავლო რესურსი „წიგნის საათი“, რომლის შესახებაც ვიდეოინსტრუქციას გავეცანი USAID საბაზისო განათლების პორტალზე.  https://chemiskola.emis.ge/

ჩემ მიერ გამოყენებული რესურსი“წიგნის საათი“ მოსწავლეებს დაეხმარა წაკითხული ტექსტის გააზრებაში, სქემა  შეავსეს კითხვის პარალელურად. რესურსს აქვს საათის ფორმა, ცალკე გამოყოფილი კონკრეტული დანიშნულების სივრცეებით. შესავსებია სივრცეები შემდეგი მიმდევრობით:

პირველ სივრცეში იწერება წიგნის სათაური, ავტორი;

მეორე სივრცე – ვარაუდი, თუ რაზე იქნება ეს წიგნი და ასევე ვაკომენტარებთ, თუ რას ეყრდნობა ჩვენი მოსაზრება.

მესამე სივრცეში იწერება პირველი შთაბეჭდილება,რაც გაგვიჩნდა პირველად წიგნის/ტექსტის კითხვისას; ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბოლოს ხდება გახსენება და შთაბეჭდილებების შედარება;

მეოთხე სივრცე- უცნობი სიტყვები, რომელიც  თვითონ ამოვიცანით,ან ლექსიკონის დახმარებით გავიგეთ;

მეხუთე სივრცე- ის შეკითხვები,რაც ტექსტის კითხვისას დაგვებადა;

მეექვსემეშვიდე სივრცეები შთამბეჭდავი ილუსტრაციების დასახატად გვესაჭიროება;

მერვე სივრცეში ის მხატვრული ხერხები ამოვიწეროთ, რომელიც ტექსტის დამუშავებისას შეგვხვდება;

მეხრე ნაწილი მთავარ პერსონაჟს ეთმობა,როგორი იყო ნაწარმოების დასაწყისში,რა თვისებები ჰქონდა,რა პრობლემას გადააწყდა,როგორ გადაჭრა, როგორ შეიცვალა და ა.შ

მეათე სივრცე ნაწარმოების სხვა პერსონაჟებს ეკუთვნით;

მეთერთმეტე ნაწილში იწერება ის შეკითხვები,რომელსაც ავტორს დავუსვამდით,შესაძლებელია რჩევა,რომელიც ავტორს ნაწარმოების გაუმჯობესებაში დაეხმარებოდა;

ბოლო სივრცეში დავწეროთ, რა მოგვცა,რა გვასწავლა ამ ნაწარმოებმა.

ჩემმა მოსწავლეებმა შეძლეს ტექსტის მიზანმიმართული გადააზრება, ყურადღება გაამახვილეს შეთავაზებულ კომპონენტებზე. კერძოდ, ვარაუდებზე, პერსონაჟებზე, ლექსიკურ ერთეულებზე, მხატვრულ ხერხებზე და ა.შ. სახალისოდ იმუშავეს კითხვის სტრატეგიებით, რასაც  ეფექტურად გამოიყენებენ მომავალში.

აღსანიშნავია, რომ ამ რესურსის გამოყენება ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის არის შესაძლებელი, თუ შევთავაზებთ ადაპტირებულ ვარიანტს. ეს სქემა შესაძლებელია გამოვიყენოთ მაღალ კლასებშიც, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლესთან სამუშაოდ. დიფერენცირებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ მაგ; ოთხდონიანი, ექვსდონიანი   “წიგნის საათი”.

ასეთი აქტივობები გვეხმარება სასწავლო პროცესი მიზანმიმართულად წარვმართოთ,  ხოლო მოსწავლეებს  აღუძრავს მოტივაციას, წინარე ცოდნაზე დააფიქრებს და კომპლექსურ დავალებაზე სამუშაოდ მობილიზებაში ეხმარება.

მოსწავლეები ემზადებიან კომპლექსური დავალების შესასრულებლად, ხდება უშუალოდ დავალებაზე მუშაობა, ხოლო ბოლო ეტაპზე კომპლექსური დავალების წარდგენა.

შემაჯამებელი დავალებების მონაცემთა ორგანიზებისთვის ვიყენებ ასეთი სახის სქემებს, რაც საშუალებას მაძლევს  კარგად დავაკვირდე თითოეული მოსწავლის დონეზე პროგრესს და მივიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები.

მოსწავლეთა სია კომპლექსური-1 კომპლექსური-2 კომპლექსური -3
ნინო პრესტრუქტურული მულტისტრუქტურული მიმართებითი
გიორგი მულტისტრუქტურული მულტისტრუქტურული მულტისტრუქტურული
სალომე მულტისტრუქტურული მიმართებითი მიმართებითი
საბა მიმართებითი მიმართებითი მულტისტრუქტურული
ანი მულტისტრუქტურული მიმართებითი მიმართებითი
თამარი მულტისტრუქტურული მულტისტრუქტურული მულტისტრუქტურული
ზაზა მიმართებითი მიმართებითი მულტისტრუქტურული

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1.  USAID საბაზისო განათლების ტრენინგმოდულის საპრეზენტაციო  ფაილი;
  2. სსუ USAID საბაზისო განათლების ტრენინგმოდულის საპრეზენტაციო  ფაილი;
  3. მარიანა ხუნძაყიშვილი, სარა ბივერი –  https://ganatldi.ge/app/uploads/2019/03/განმავითარებელი-შეფასება-და-დიფერენცირებული-სწავლება.pdf
  4.  განვითარების და სწავლის თეორიების მინი გზამკვლევი (თეორიის არსი, თეორიის ცენტრალური ელემენტი, პრაქტიკული ქეისი)
  5.  https://mastsavlebeli.ge/?p=28452 – განმავითარებელი შეფასება  და  მასალის უჩვეულო გამეორება
  6. განმავითარებელი შეფასება – დაფის გამოყენება  https://www.youtube.com/watch?v=s4K7amTVPRg
  7. პირველი ნაწილი –  https://www.youtube.com/watch?v=ARQtYw9rK1w&t=14s
  8. მეორე ნაწილი – https://www.youtube.com/watch?v=8oJmxDucVfY&t=60s
  9. განმავითარებელი შეფასება სასწავლო პროცესში SSU USAID https://www.youtube.com/watch?v=MPcnoTVm_pY
  10. განმავითარებელი შეფასება, როგორც კომპასი SSU USAID https://www.youtube.com/watch?v=V54Xm1lSVz8&t=9s
  11. Black, P & Wiliam, D (1998). ‘Assessment and Classroom Learning’, Education: Principles, Policy and Practice, March, vol 5, no 1, pp 7-74.
  12.  Clarke, S (2005).Formative Assessment in Action: Weaving the elements Together. London, United Kingdom: Hodder Murray

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი