სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

პროფორიენტაცია-არაფორმალური განათლების გზით

თანამედროვე მსოფლიოში ქვეყნების ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორს ადამიანური რესურსის ეფექტიანად გამოყენება,დასაქმების ხელშეწყობა და შრომის ცვალებად ბაზართან  სწორი ადაპტირება წარმოადგენს.

შრომის ბაზრის მობილურობის  გაზრდა ,შესაძლებლობების განვითარებისა და გამოყენების აუცილებლობა, გაზრდილ მოთხოვნებს უყენებს როგორც პროფესიული მომზადების,ისე პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სისტემას. მოზარდ თაობას უჭირთ მომავალი  პროფესიის არჩევასთან,კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებული რთული საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტა,თანამედროვე სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტირება.

რადგან ზრდასრული ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების დიდ ნაწილს პროფესიული   საქმიანობა წარმოადგენს,აუცილებელია პროფესია შეესაბამებოდეს ადამიანის ინტერესებსა და შესაძლებლობებს. პროფესიის არჩევისას სწორი გადაწყვეტილების მიღება ამ ყველაფრის წინაპირობაა.

დღეისათვის,საქართველოში სკოლის მოსწავლეთათვის, განსაკუთრებით სწავლების საშუალო საფეხურზე დიდ პრობლემას წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღება მომავალი პროფესიის თაობაზე. მოსწავლეთა უმრავლესობას არ აქვს გაცნობიერებული საკუთარი,რეალური შესაძლებლობები და მათი რეალიზების გზები,რადგან მათი ინტერესის სფერო ძალიან ფართოა, ინფორმირებულობა -ვიწრო. მოსწავლეები სათანადოდ ვერ აფასებენ პროფესიას და გადაწყვეტილებას იღებენ ისეთ ფაქტორზე დაყრდნობით, როგორიცაა: სტერეოტიპები,ანაზღაურება, პრესტიჟულობა, გავრცელებული შეხედულებები და სხვა. რაც საბოლოოდ არაკვალიფიციური, შესაბამისი ცოდნის, უნარების, პიროვნული მახასიათებლებისა და კომპეტენციის არმქონე კადრების სიჭარბეს განაპირობებს.ყოველივე ეს კი  უარყოფითად ისახება ახალგაზრდების დასაქმებასა და უმუშევრობაზე.

იმისათვის, რომ საზოგადოებაში გაბატონებულმა სტერეოტიპებმა,შეხედულებებმა, გარკვეულწილად ოჯახმაც კი,  არ მოახდინოს ზეგავლენა მოზარდის პროფესიულ არჩევანზე,საჭიროა მოზარდი თაობის ინფორმირებულობა და შესაბამისი განათლების მიცემა, რომელიც პროფესიულ ორიენტაციას გულისხმობს.

ჩვენს ქვეყანაში,აღნიშნული მიმართულებით,მიუხედავად წინგადადგმული ნაბიჯებისა, მიმაჩნია, რომ არასრულყოფილია საკონსულტაციო სერვისები და მწირია საკონსულტაციო ინსტრუმენტები. გარდა ამისა, გარკვეული ღონისძიებებია გასატარებელი მშობელთა ინფორმირებულობის კუთხითაც.

აღნიშნული პრობლემის მოგვარების ხელშეწყობის მიზნით, სკოლის, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების, როლი უმნიშვნელოვანესი და ღირებულია.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უნდა უზრუნველყოფდეს მოსწავლეთა არაფორმალური და ფორმალური განათლების რგოლთან კავშირს პროფესიული განათლების სხვადასხვა მიმართულებასთან,რაც საბოლოოდ  მოზარდის  ინფორმირებულობას, კომპეტენციის გაზრდასა და  პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობის საშუალებას მოგვცემს.

პროფესიული განათლების მიღების ერთ-ერთ ორიენტირად არაფორმალური განათლების გაძლიერებაა.

რა არის არაფორმალური განათლება? საყოველთაოდ მიღებულია,რომ ბავშვები სკოლაში დადიან,რათა მიიღონ განათლება.თუმცა არსებობს მოსაზრება,რომ ფორმალური განათლება არ არის განათლების მიღების ყველაზე ეფექტური ფორმა.ანუ არაფორმალური სწავლება ცოდნის მიღების ისეთივე აღიარებული ფორმაა,როგორც ფორმალური. მართლაც უნდა აღინიშნოს, რომ არაფორმალური სწავლება ზოგ შემთხვევაში უკეთეს ეფექტს გვაძლევს, ვიდრე ფორმალური, ტრადიციული სწავლება. არაფორმალური განათლება ფორმალურისაგან განსხვავებით შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი ფორმით: ინდივიდუალური პროგრამა,სკოლებში საგნობრივი კლუბები და ა.შ.

იმისათვის რომ განათლება ჩაითვალოს არაფორმალურად,საჭიროა იგი ჩატარდეს ფორმალური სასწავლო გარემოს გარეთ.მაგრამ ეს არ გამორიცხავს,იმას რომ ასეთი განათლების მიღებისთვის არ უნდა მივმართოთ პროფესიონალებს.მაგალითად,თუ მოსწავლე მიდის ცოდნის მისაღებად საგნობრივი კლუბის შეხვედრაზე მასწავლებელთან, ეს უკვე არაფორმალური განათლებაა. არაფორმალური განათლების მიღების საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს ვიზიტი მუზეუმში, ბიბლიოთეკაში, საინფორმაციო შეხვედრები, სემინარები, არაფორმალური- გასვლითი ექსკურსიები , მიზნობრივი გასვლითი ვიზიტები და ა.შ.

რატომ უნდა ავირჩიოთ პროფესიული განათლების მისაღებად არაფორმალური სწავლების მიდგომები?  დადგენილია, რომ მოსწავლე უკეთ სწავლობს, როდესაც იმყოფება მისთვის კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში. როგორც კი, მოსწავლე ფორმალური სწავლების მეთოდებისაგან თავისუფალ გარემოში მოხვდება, უკეთესად ითვისებს ინფორმაციას და გაცილებით შედეგიანია იმ უნარების განვითარება, რომელიც სწავლის მიზანს წარმოადგენს.

აღსანიშნავია,ისიც რომ არაფორმალური განათლება მოსწავლის ინდივიდუალური, ესთეტიკური და შემოქმედებითი მიდრეკილებების გამოვლენას უწყობს ხელს. რაც შემდგომში მოსწავლეს უვითარებს ანალიტიკურ/კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილებების მიღების, პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის, სისტემური აზროვნებისა და სივრცეში ორიენტაციის უნარებს. ამ დროს მოსწავლე თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ გამოცდილებასაც იძენს, რაც თავის მხრივ, პროფორიენტაციის განვითარების ერთ-ერთ მთავარ ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს.

წინამდებარე სტატიაში წარმოგიდგენთ საკუთარ, სასკოლო პრაქტიკულ გამოცდილებასა  და მიგნებებს იმასთან დაკავშირებით, თუ  რა დადებითი ეფექტები მოახდინა მოსწავლეთა პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელებულმა არაფორმალურმა მიდგომამ, კერძოდ გასვლითმა, არაფორმალურმა გაკვეთილებმა  სხვადასხვა საწარმოსა თუ  ობიექტზე.

ვიზიტი ფარმაცევტულ საწარმო „ავერსი -რაციონალ“-ში.

2022-2023 სასწავლო წელს სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის  N3 საჯარო სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ფარმაცევტულ საწარმო „ავერსი-რაციონალი“-ში, რომელიც  ახორციელებს უმაღლესი ხარისხის, უსაფრთხო და ეფექტურ, 200-ზე მეტი დასახელების პროდუქციას. საწარმოში  ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა:

  • საწარმოს დათვალიერება და მუშაობის სპეციფიკის გაცნობა.
  • წარმოების მნიშვნელოვანი პროცესების დათვალიერება.
  • ხარისხის კონტროლის მექანიზმების გაცნობა.
  • GMP -ის მნიშვნელობის გაცნობა ფარმაცევტულ წარმოებაში.
  • პროფორიენტაციული განათლების ხელშეწყობა.

მოსწავლეები ფარმაცევტულ საწარმოში გაეცნენ:

  • ფარმაცევტული საწარმოს მუშაობის სპეციფიკას;
  • დაათვალიერეს ულტრათანამედროვე ხარისხის კონტროლის ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ლაბორატორია.
  • გაეცნენ საწარმოო უბნების აღჭურვილობას.
  • დაათვალიერეს უმაღლესი დონის, თანამედროვე მანქანა-დანადგარები;
  • გაეცნენ საწარმოო უბნებზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის რეგლამენტს.
  • შეისწავლეს პროდუქციის ხარისხის შემოწმების ეტაპები;
  • გაეცნენ საწარმოში დანერგილ უნიკალურ, ერთიან კომპიუტერიზებულ ფარმაცევტულ სისტემას. 

ფარმაცევტულ საწარმოში ვიზიტის ბოლოს  მოსწავლეებს ჩაუტარდათ შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც მათ  საშუალება მიეცათ შეხვედროდნენ კომპანიის წარმომადგენლებს, დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები. შეხვედრისას მოსწავლეებმა მიიღეს რჩევები ავერსის საწარმოს პროფესიონალი თანამშრომლისაგან, თუ რა პროფესიული უნარ-ჩვევებია საჭირო ამ სფეროში დასაქმებისათვის და რა უნდა გაითვალისწინოს დაინტერესებულმა  პირმა ფარმაცევტული მიმართულებით  კარიერის დაგეგმვისას.

არაფორმალური, გასვლითი გაკვეთილი თბილისის, ღრმაღელეს  წყალმომარაგების სათავე -ნაგებობაზე, კომპანია: Georgian Water and Power-ჯივიპი

მომდევნო არაფორმალური გაკვეთილი, რომელიც შეთავაზებული იქნა მოსწავლეთათვის, იყო ვიზიტი თბილისის, ღრმაღელეს წყალმომარაგების სათავე-ნაგებობაზე, კომპანია: Georgian Water and Power-ში. საწარმოში მოსწავლეთა მიზანს წარმოადგენდა:

  • საწარმოს დათვალიერება.
  • სუფთა,უსაფრთხო და ხელმისაწვდომი სასმელი წყლის მნიშვნელობის, სათანადო სანიტარიისა და ქიმიური დამუშავების პროცესების გაცნობა;
  • წყლის ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის გაცნობა.
  • პროფორიენტაციის ხელშეწყობა.

მოსწავლეები ადგილზე გაეცნენ წყლის, როგორც ამოწურვადი რესურსის მნიშვნელობას; წყლის მოპოვებისა და სრული დამუშავების ციკლს; დაათვალიერეს საფილტრი მოწყობილობები; გაეცნენ თუ როგორ ხდება სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი „ჯივიპი“ ლაბორატორიებში და  თავადაც მიიღეს მონაწილეობა პრაქტიკულ ცდებში. მოსწავლეებმა არაფორმალურ გარემოში მიღებული ცოდნა და გამოცდილება წარმატებით დაუკავშირეს შეთავაზებულ კომპლექსურ დავალებას ქიმიაში, წყლის შესახებ, რომელიც ინტეგრირდა კომპლექსური დავალებების განსახორციელებელ აქტივობებში.

გასვლითი, არაფორმალური გაკვეთილის მიზანი: რაც შეიძლება მეტი მოსწავლე  იყოს ინფორმირებული წყლის მნიშვნელობის და გაფრთხილების შესახებ- მიმაჩნია რომ მიღწეულია.აღსანიშნავია ვიზიტის ბოლოს გამართული შეხვედრა საწარმოს თანამშრომლებთან, სადაც მოსწავლეთა საინტერესო შეკითხვებს საწარმოს კომპეტენტურმა თანამშრომლებმა უპასუხეს. მოსწავლეთა შეკითხვები გარდა წყლის თემისა,ეხებოდა იმ კომპეტენციებსა და უნარებს, რომელიც უნდა ჰქონდეს  დაინტერესებულ პირს ამ სფეროში საქმიანობის დასაწყებად.

არაფორმალური,გასვლითი  გაკვეთილი ქალაქ რუსთავის მრავალფუნქციურ საწარმო Polivim LLC

პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით,აღნიშნული სკოლის  მოსწავლეები იმყოფებოდნენ ქალაქ რუსთავის მრავალფუნქციურ საწარმოში, რომელიც ახორციელებს მეორადი მოხმარების პლასტმასის ბოთლების გარდაქმნას მაღალი ხარისხის სუფთა და ფერად ფანტელებად, რაც  შემდეგ სინთეზური ბოჭკოს წარმოებას უზრუნველყოფს.

საწარმოში ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა:

  • საწარმოს დათვალიერება და მუშაობის სპეციფიკის გაცნობა.
  • წარმოების მნიშვნელოვანი პროცესების დათვალიერება.
  • საწარმოს ხარისხის კონტროლის მექანიზმების გაცნობა.
  • პროფორინტაციული განათლების ხელშეწყობა

მოსწავლეები საწარმოში გაეცნენ:

  • პლასტმასური ნარჩენების მართვის და რეციკლირების სტრატეგიებს.
  • პლასტმასური ნარჩენებისაგან მაღალი ხარისხის დამატებითი ღირებულების პროდუქტის შექმნის ტექნოლოგიას.
  • PET (პოლიეთილენ ტერეფტალის) მეორადი პლასტმასის ბოთლების გარდაქმნის ტექნოლოგიას მაღალი ხარისხის სუფთა და ფერად ფანტელებად.
  • მიღებული PET ფანტელებისაგან პოლიესტერის სინთეზური ბოჭკოს წარმოებასა და გამოყენებას.

გასვლითი, არაფორმალური გაკვეთილის მიზანი: ხელი შევუწყოთ მოსწავლეთა პროფესიულ განათლებას, ვფიქრობ მიღწეულია. მოსწავლეებმა დასვეს ბევრი მათთვის საინტერესო შეკითხვა, რაზეც საწარმოს მთავარი ტექნოლოგებისაგან მიიღეს სწორი და დამაკმაყოფილებელი პასუხები სამომავლო პროცესიის დაგეგმვისა და  არჩევის მიმართულებით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოსწავლეებმა გაამახვილეს ყურადღება თითოეული ადამიანის სამოქალაქო აქტივიზმსა და პასუხისმგებლობაზე გარემოს ნარჩენებისაგან  დაცვასთან დაკავშირებით.

არაფორმალური,გასვლითი გაკვეთილი სსიპ გრიგოლ წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტში.

დაიგეგმა და ასევე წარმატებით განხორციელდა  გასვლითი, არაფორმალური  გაკვეთილი ქალაქ თბილისში, სსიპ გრიგოლ წულუკიძის სახელობის  სამთო ინსტიტუტში.

სამთო ინსტიტუტში მოსწავლეთა ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა:

  • მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობა .
  • პოლიმერული კომპოზიტების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
  • ეკომეგობრული მასალების გაცნობა.
  • მაღალტექნოლოგიური მასალების გაცნობა.
  • მიწისქვეშა ექსპერიმენტული ბაზის დათვალიერება.
  • პროფესიული განათლების ხელშეწყობა მეცნიერებათა პოპულარიზაციის მიზნით. 

მოსწავლეებმა  სამთო  ინსტიტუტში:

  • დაათვალიერეს მიწისქვეშა ექსპერიმენტული ბაზა.
  • გაეცნენ ფეთქებად და საშიშ ნივთიერებებს;.
  • ეწვივნენ პოლიმერული კომპოზიტებისა და მაღალტექნოლოგიური მასალების ლაბორატორიას.
  • განახორციელეს სხვადასხვა ლაბორატორიული ექსპერიმენტები.
  • გაეცნენ ეკომეგობრულ მასალებს;
  • დაამზადეს ბიოპოლიმერები;
  • მოირგეს „პატარა მეცნიერ-მკვლევრების “ როლები. 

სსიპ გრიგოლ წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტში  შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებს ინსტიტუტის დირექტორმა, ბატონმა ნიკოლოზ ჩიხრაძემ   უმასპინძლა. ბატონი  ნიკოლოზი მოსწავლეებს ესაუბრა იმ პროფესიულ კომპეტენციებზე, რომელიც საჭიროა მეცნიერული მუშაობის დასაუფლებლად და  გასაგრძელებლად.  აღსანიშნავია ის გარემოება, რომ  შეხვედრა მოსწავლეთა სრული ინტერაქციითა და საინტერესო კითხვა -პასუხის რეჟიმში  წარიმართა.

 გასვლითი გაკვეთილი  სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში.

მომდევნო არაფორმალური   გაკვეთილი, რომელიც განხორციელდა ქალაქ თბილისში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში- მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა ძალზედ საინტერესო და ინფორმაციული.

სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში მოსწავლეებმა დაათვალიერეს :

  • ბალისტიკური ექსპერტიზის, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის, ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის, ნავთობპროდუქტების, დნმ-ექსპერტიზის, დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის ლაბორატორიები.
  • გაეცნენ ბიუროში დანერგილი ექსპერტიზის სახეობების და მათი წარმოების სპეციფიკას.
  • დაათვალიერეს ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა,სადაც მაღალკვალიფიციური ექსპერტები ყოველდღიურად სხვადასხვა სახის საექსპორტო კვლევებს ISO/IEC 17025 სტანდარტის მიხედვით ახორციელებენ.

აღნიშნულმა ვიზიტმა ბიუროში მოსწავლეთა მაღალი  ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. ვიზიტის ბოლოს გამართულ შემაჯამებელ შეხვედრაზე მოსწავლეთა მხრიდან დასმულმა შეკითხვებმა, მიღებულმა კომპეტენტურმა პასუხებმა და ინტერაქციამ  კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მოზარდ თაობას შეუძლია ჩვენ ირგვლივ ადამიანების დამოკიდებულებებისა და ქცევის შეცვლა, მათი პროფესიული განათლების ხელშესაწყობად კი  მნიშვნელოვანია მასწავლებლის სწორი მიდგომა და მონდომება.

არაფორმალური,გასვლითი  გაკვეთილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტში. 

მომდევნო არაფორმალური გაკვეთილი, რომელიც შეთავაზებული იქნა მოსწავლეებისთვის, იყო ვიზიტი- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტში.

ქიმიის დეპარტამენტში ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა:

  • STEM საგნების პოპულარიზაცია.
  • სახალისო ექსპერიმენტების განხორციელებაში მონაწილეობა.
  • უნივერსიტეტის, ქიმიის დეპარტამენტის გაცნობა-დათვალიერება.
  • პროფესიული განათლების ხელშეწყობა. 

მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს 1 საათიან საინტერესო  ქიმიურ შოუში, სადაც განახორციელეს  საინტერესო ცდები.  დაათვალიერეს ქიმიის დეპარტამენტი, დასვეს საინტერესო შეკითხვები უნივერსიტეტის   წარმომადგენელთან. გაეცნენ უნივერსიტეტის პროგრამებს,სპეციალობებსა და იმ თანამედროვე მიდგომებს, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს ქიმიის და არა მხოლოდ ქიმიის დეპარტამენტის ბაზაზე.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ტიპის არაფორმალური, გასვლითი  ვიზიტებით სხვადასხვა საწარმოსა თუ ობიექტებზე,  ხელი ეწყობა მოსწავლეთა იმ უნარების, შესაძლებლობების, ძირითადი პიროვნული მახასიათებლების, პროფესიებთან შესატყვისი ფსიქოტიპების აღმოჩენას და განვითარებას, რომელიც აუცილებელია 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით აღჭურვილი ახალგაზრდა თაობის აღზრდა-ჩამოყალიბებისთვის და რომელიც დაეხმარება მოზარდ თაობას გააზრებული პროფესიული გადაწყვეტილებების არჩევასა და მიღებაში.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი