სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

შემაჯამებელი დავალებების ეფექტიანად წარმართვის საშუალებები

წინამდებარე სტატიის გაცნობისა და შემდეგ ქართულ ენაზე თარგმნის საჭიროება ჩვენმა პედაგოგიურმა პრაქტიკამ განაპირობა. ჩვენი მიზანი იყო გავცნობოდით  შემაჯამებელი დავალებების პრაქტიკას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში – შემაჯამებელი დავალებები და შეფასების ფორმები უმნიშნელოვანესია სწავლა-სწავლების პროცესში. მისი სწორად დაგეგმვა, მოსწავლეთა ინდივიდუალური ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინება შემაჯამებელი დავალებების ეფექტურად წარმართვის წინაპირობაა. სწორედ ამ მიზნით, ვფიქრობთ, წინამდებარე სტატიის გაზიარება მასწავლებელთა ფართო საზოგადოებისთვის სარგებლიანი იქნება.

შემაჯამებელ დავალებათა დაგეგმვისას აუცილებელია შეფასების სისტემის სპეციფიკურობის გააზრება და სწორად გამოყენება.  სასწავლო პროცესში მოსწავლეთა შეფასებისთვის ძირითადად ორი  ფორმა გამოყენება: განმავითარებელი და  განმსაზღვრელი. სწავლის შეფასების ეს ორი ფორმა განსხვავებულ მიზნებს ემსახურება. განმავითარებელი შეფასება რეგულარულად  გამოიყენება და მისი  მიზანია, თვალყური ვადევნოთ არა მხოლოდ იმას, თუ როგორ უმჯობესდება მოსწავლეთა შედეგები, არამედ  მასწავლებელის  მიერ წარმართული სწავლების  პროცესიც.

განმავითარებელი შეფასება მოსწავლეების ინდივიდუალური სასწავლო საჭიროებების დადგენისა და უწყვეტი განვითარების შესაძლებლობაა.  მისი საშუალებით მყისიერად ხდება  პრობლემების იდენტიფიცირება, განსხვავებით განმსაზღვრელი შეფასებისაგან. განმავითარებელი შეფასების ინსტუმენტებად  შეიძლება გამოვიყენოთ: ზეპირი გამოკითხვა (კითხვების დასმა), ვიქტორინა, თვითშეფასების კითხვარი,  Ed-tech თამაშები (A Combination of “Education” and “Technology”), სწრაფი ე.წ. ერთწუთიანი ჩანაწერი, ვიზუალი მასალა (მაგ. დიაგრამები, სქემები ან რუკები),  გასასვლელი  ბილეთები.

განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენება თემატური ერთეულის ან სემესტრის  განმავლობაში განვლილი  მასალის შესაფასებლად. ხშირად შემაჯამებელი შეფასება ასოცირდება საბოლოო პროექტებთან და  სტანდარტიზებულ ტესტებთან. მისი საშუალებით ფასდება შესწავლილი მასალის ცოდნისა  და გააზრების დონე.  შემაჯამებელი შეფასების მაგალითებია: თემატური ერთეულის შესაბამისი ტესტები, საბოლოო პროექტები ან პორტფოლიოები, მიღწევის ტესტები, სტანდარტიზებული ტესტები.

განმავითარებელი შეფასება ძალზე ეფექტურია, როგორც მოსწავლეების ინდივიდუალური სწავლის სტილის მონიტორინგის ინსტრუმენტი. მისი საშუალებით პრობლემა  ადრეულ ეტაპზე გამოიკვეთება  და მისი გადაჭრის გზების ძიებაც იწყება. ის ასევე  უზრუნველყოფს  პრობლემების ადრეულ ეტაპზე დადგენასა და გაანალიზებას. განმსაზღვრელი შეფასება კი  გამოიყენება იმისთვის, რომ შეფასდეს მოსწავლეების  ცოდნის საერთო დონე.

განმავითარებელი შეფასებით შეიძლება გამოვავლინოთ მოსწავლეთა  ძლიერი და სუსტი მხარეები. შეფასების ეს ფორმა  სასწავლო საჭიროებების იდენტიფიცირებისა და დროული ცვლილებების შესაძლებლობაა. რაც შეხება განმსაზღვრელ შეფასებას, მას აქვს მთელი რიგი ნაკლოვანებები: სასწავლო პროცესის სრული ანარეკლი არ არის, ნაკლებად იძლევა შემოქმედობითობის შესაძლებლობას, ნამუშევრებში დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება.

ამდენად,  განმავითარებელი მეთოდი სასწავლო პროცესის, ხოლო განმსაზღვრელი – ნასწავლი მასალის  შეფასებაა.

     ლონდონის უნივერსიტეტის პერსონალის მიერ ჩატარდა 19 სისტემური კვლევა. კვლევის მიზანი იყო მიმართების დადგენა განმსაზღვრელ შეფასებასა  და მოსწავლეთა  მოტივაციას შორის. მკველვრებმა აღმოაჩინეს, რომ ხშირ ტესტირებას გარკვეული უარყოფითი გავლენა აქვს დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებზე. სკოლისა და   მშობლეთა  მხრიდან   ტესტირების  შედეგებთან დაკავშირებით მოლოდინები მაღალია, ეს კი მოსწავლეთა მღელვარებისა და შფოთვის მიზეზი ხდება, რაც საბოლოოდ  მოსწავლეებში  დაბალ  თვთშეფასებას განამტკიცებს.  თუმცა განმსაზღვრელ შეფასებასაც შეიძლება  ჰქონდეს დადებითი გავლენა  იმ მოსწავლეებზე, რომელთათვისაც  ქულით  შეფასება მოტივაციის წყაროა.

განმავითარებელი შეფასების შედეგების გაანალიზებით  შესაძლებელია: 1. ხარვეზების იდენტიფიცირება და კლასის საერთო დონის შემოწმება; 2. დასახული მიზნისა და  გადადგმული ნაბიჯების შეფასება; 3. დაშვებული შეცდომების იდენტიფიციება და მომავალი სასწავლო წლის სწორად დაგეგმვა.      

შემაჯამებლის დაგეგმვის პროცესში ორივე მნიშვნელოვანია, როგორც განმავითარებელი, ასევე განმსაზღვრელი შეფასება. პირველი მოსწავლესა და მასწავლებელს ეხმარება გააანალიზონ სწავლა-სწავლების პროცესი, გამოავლინონ  საჭიროებები და შესაბამისად დაგეგმონ პრობლემის დაძლევის სტრატეგიები. განმსაზღვრელი შეფასება პროცესის საბოლოო შეფასების საშუალებას გვაძლევს. შემაჯამებლის წინარე ეტაპის დაგეგმვისას კი უპირატესობა განმავითარებელ შეფასებას ენიჭება. საბოლოოდ ცოდნა კი უნდა შეფასდეს განმსაზღვრელი შეფასებით.

 

      შემაჯამებელი დავალებების ცხრა საინტერესო ფორმა

მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლებს არ შეუძლიათ სტანდარტიზებული ტესტების სრულად ამოღება სწავლა-სწავლების პროცესიდან,   მათ  შეუძლიათ ისეთი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება, რომლებიც, ერთი მხრივ, მოსწავლეთა ცოდნასა და უნარებზე იქნება მორგებული, მეორე მხრივ, კი   საინტერესო გამოწვევა იქცევა მათთვის.

აქტივობები

  1. შემოქმედებითი პროდუქტი

მასწავლებელმა მოსწავლეს შეიძლება დაავალოს კონტექსტზე მორგებული მოკლე პიესა, ფილმი ან სიმღერა

  1. TXT/MSG,

TXT/MSG (Text messaging) საშუალებით შეიძლება მოსწავლეს დაევალოს იმიტირებული ტექსტური შეტყობინებით სრული თემის ან მისი ცალკეული ნაწილების კონცეფციის გადმოცემა;

  1. პოდკასტი

მოსწავლეებმა შეიძ₾ება ჩაწერონ 5-10 წუთიანი პოდკასტი ძირითადი კონცეფციის შესახებ, რომელიც შეიძლება იყოს, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფურიც.  გაკვეთილის დასაწყებად ასევე შესაძლებელია ონლაინინსტრუმენტების გამოყენება, როგორებიცაა  MP3 Online ან Vocaroo!

  1. ინფოგრაფიკა

შემაჯამებელი პროექტისთვის დეტალური ინფოგრაფიკის შექმნა ეფექტური გზაა მოსწავლეებისთვის, რათა გაააქტიურონ/განამტკიცონ ის, რაც ისწავლეს, მაგ. დეფინიციები, ძირითადი ფაქტები, სტატისტიკა, კვლევა, ინფორმაცია, გრაფიკა და ა.შ. მასწავლებელს შეუძლია  განათავსოს  ყველაზე შთამბეჭდავი ინფოგრაფიკა  კლასში. დროთა განმავლობაში შეიქმნება  სიღრმისეული, ვიზუალურად მიმზიდველი ინფოგრაფიკის ბანკი.

  1. დიაგრამები ,

დიაგრამები ძველი, მაგრამ ეფექტური ინსტრუმენტია ვიზუალიზაციისთვის. მიუხედავად იმისა, ასწავლით ისტორიას თუ სოციალურ კვლევებს, ინგლისურსა თუ მათემატიკას,  დიაგრამები დაეხმარება  მოსწავლეებს ვიზუალურად წარმოაჩინონ კავშირი სხვადასხვა საკითხს, თემასა თუ საგანს შორის. მაგალითად, მათ შეუძლიათ შეადარონ წიგნის პერსონაჟები, გეოგრაფიული ადგილები  მსოფლიო მასშტაბით, სამეცნიერო ცნებები და სხვა.

  1. ცოცხალი მუზეუმი,

 ამ აქტივობის დროს მოსწავლეები დაგეგმავენ და მოამზადებენ ექსპონატს, რომელიც გამოხატვავს ცალკეული საკითხის კონცეფციას. აქტივობა შეიძლება განხორციელდეს იმიტირებულ მუზეუმში (საკლასო ოთახში, სკოლის დარბაზში, დერეფანში…). ვთქვათ, თქვენი კლასის მიერ ახლახან შესწავლილი თემატური ერთეული მოიცავს ხუთ ძირითად საკითხს/კონცეფციას. ხუთი მოსწავლე მოეწყობა საკლასო ოთახში,  მასწავლებელი დაათვალიერებს ექსპონატებს, დააკვირდება შეფასების მიზნით. პირველ მოსწავლესთან მისვლისთანავე მასწავლებელი დააჭერს წარმოსახვით ღილაკს და გამოფენას „აცოცხლებს“. მოსწავლე გააკეთებს ორ-სამ წუთიან პრეზენტაციას; შემდეგ მასწავლებელი გადავა მომდევნო ექსპონატის დაკვირვებასა და შეფასებაზე.

7) Ed-Tech (Education Technology) თამაშები.

დღეს  მოსწავლეები აქტიურად იყენებენ სმარტფონებს, ტაბლეტებსა და ვიდეო თამაშებს. ამიტომ მასწავლებლებმა უნდა აჩვენონ მოსწავლეებს, როგორ ისარგებლონ მათ ტექნოლოგიებით ეფექტურად და პროდუქტიულად, მასწავლებლებმა შეიძლება შექმნან და გამოიყენონ ონლაინ თამაშები (მაგალითისთვის, ,,Sheppard Software“,  ,,PBS Kids Games“, ,,National Geographic Kids“, ,,BBC Schools: Games“, ,,Arcademic Skill Builders“ და სხვები). უნდა აღინიშნოს, რომ უფრო და უფრო მეტი პედაგოგი აქტიურად იყენებს ციფრულ ინსტრუმენტებს სასწავლო პროცესში. Pew Research Center-მა გამოკითხა 2462 მასწავლებელი და აღნიშნა, რომ ციფრული ტექნოლოგიები დაეხმარა მათ საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეების სწავლებაში: რესურსების მოძებაში, თანამშრომლობაში, გამოცდილების გაზიარებასა და სწავლების პროცესის ეფექტურობის გაუმჯობესებაში;

  1. შეცვალე სამყარო

შეგიძლიათ მოსწავლეებს აჩვენოთ სასწავლო მასალასთან დაკავშრებით ვიდეო ან მისი გარკვეული ეპიზოდი. შესაძლოა, მოსწავლეება ჩანაწერს  უყურონ სახლში. შემდეგ სთხოვეთ მათ წარმოადგინონ პროდუქტი ან შემოქმედებითი ნამუშევარი, რომელიც მათ დაეხმარება სკოლის გარეთ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ. ეს ინოვაციური შემაჯამებელი დავალება არის ის, რაც აუცილებლად მოითხოვს ბევრ ფიქრსა და კრეატიულობას. მაგრამ მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა  გააცნობიერონ, რომ მათ შეუძლიათ უზარმაზარი დადებითი გავლენა იქონიონ სამყაროზე, რომელშიც ისინი ცხოვრობენ.

  1. თავისუფალი არჩევანი.

თუ გვსურს განვახორციელოთ შემაჯამებელი სამუშაო, შევამოწმოთ მოსწავლეები ან დავეხმაროთ მათ ცოდნის კონსტრუირებაში, მათ დასჭირდებათ მასწავლებელთა თანადგომა და  თანამშრომლობა მიზნის მისაღწევად. თუ მოსწავლეებს გარკვეული აქტივობების შესრულებისას მეტ თავისუფლებას მივანიჭებთ და გავითვალისწინებთ მათ იდნივიდუალუდ შესაძლებლობებსა და ინტერესებს, ისინი მეტი ინტერესითა და ენთუზიაზმით ჩაერთვებიან პროცესში და მოტივირებულები მეტად წარმატებით შეასრულებენ დავალებას.

გარდა შემაჯამებელი შეფასების ზემოთ მოყვანილი მაგალითების გამოყენებისა, წარმოდგენილი რჩევები და სტრატეგიებიც დაგვეხმარება პროცესის ეფექტურად წარმართვაში:

   გამოიყენეთ რუბრიკა — რუბრიკები დაგეხმარებათ გამოკვეთოთ სტანდარტი, როგორ უნდა შეასრულოს მოსწავლემ ტესტი თუ დავალება. ისინი ასახავს მთავარ პირობებს, რომლებიც მოსწავლის მიერ  მიღწეული, შესრულებული უნდა იყოს დავალებაში, შეფასების რუბრიკა მოსწავლეებს დაეხმარებათ იმის გაანალიზებაში, თუ რამდენად სიღრმისეული უნდა იყოს ნამუშევარი და რას მოითხოვთ მათგან მაქსიმალური ქულების დამსახურების შემთხვევაში.

    შექმენით მკაფიო, ეფექტური კითხვები — ტესტების შედგენისას მაქსიმალურად გამოიყენეთ ნაცნობი ტერმინები, ფრაზები და გაკვეთილების დროს გამოყენებული მაგალითები. აღნიშნული თქვენს ტესტებს  შესაბამისობაში მოიყვანს განვლილ მასალასთან, რაც მოსწავლეებს დაეხმარება დავალების პირობის უკეთ გააზრებასა და შესრულებაში.

   სცადეთ ბრმა შეფასება – მასწავლებლების უმეტესობას ურჩევნია იცოდეს, ვის ტესტებს აფასებენ, მაგრამ თუ თქვენ გსურთ, მიაწოდოთ მოსწავლეებს სრულიად მიუკერძოებელი შეფასებები და უკუკავშირი, სცადეთ ბრმა შეფასება. შეგიძლიათ, სთხოვოთ თქვენს მოსწავლეებს, დაწერონ თავიანთი სახელები  ტესტის ბოლოში ან უკანა მხარეს, ან გამოიყენეთ კოდირების სისტემა.

   შეაფასეთ მასალის ცოდნა – შეეცადეთ, რომ კავშირი სამიზნე მასალასა და ტესტს შორის შესაბამისი, რელევანტური იყოს. მაგალითად, თუ ტესტით გსურთ, გაიგოთ, რა იციან მოსწავლეებმა გეომეტრიასა და სივრცის აღქმის შესახებ, თქვენ უნდა მოერიდოთ კითხვების  შაბლონსა და ალგებრასთან დაკავშირებით.

  შექმენით საბოლოო ტესტი გაკვეთილების სწავლების შემდეგ და არა მანამდე – ,,ნუ დააყენებთ ცხენს ეტლამდე“. სწავლების პროცესზე დაკვირვების შედეგად სამომავლო სტრატეგიები და მიზნები, შესაძლოა, შეიცვალოს და საჭირო გახდეს აქცენტის გაკეთება სხვადასხვა რამეზე საჭიროების შესაბამისად. თუ თქვენ გაქვთ ტესტის მონახაზი, იდეალურია! მაგრამ სასურველია,  რომ დროდადრო მოახდინოთ რევიზია და შეიტანოთ გარკვეულ ცვლილებები.

   სწავლა დააკავშრეთ რეალურ ცხოვრებასთან – რამდენჯერ გსმენიათ მოსწავლეებისგან  კითხვა: „როდის გამოვიყენებ ამას რეალურ ცხოვრებაში?“ ძალიან ხშირად მოსწავლეები  თვლიან, რომ ზოგიერთი საკითხი, ცოდნა გამოუყენებელია რეალურ ცხოვრებაში. ტესტის შედგენისას გამოიყენეთ სიტყვები, კითხვები, ამოცანები საგნის  აქტუალობის საილუსტრაციოდ.

   შექმენით დაბალანსებული შეფასების მოდელი – მთელი პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში მასწავლებლები დიდ დროს უთმობენ შეფასებებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მასწავლებელი შეფასებათა გარკვეულ ტიპს ანიჭებს უპირატესობას.   სწავლების პროცესის სრულყოფის მიზნით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმის გააზრება, ისინი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშრებული. განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს შესაბამის დროს დასახულ მიზანთან მიმართებით.

წიგნში ,,საკლასო შეფასება მოსწავლეთა სწავლისთვის“ რიჩარდ სტიგინსი, ერთ-ერთი პირველი განმანათლებელი, რომელიც მხარს უჭერს სწავლის შეფასების კონცეფციას, გვთავაზობს სტატიას „დაბალანსებული სისტემა, რომელიც გულისხმობს სწავლის შეფასებასა და შეფასებას სწავლისთვის“. ავტორი აღნიშნავს, თუ ორივეს ეფექტურად გამოიყენებთ, ისინი შეავსებენ ერთმანეთს და შეფასება უფრო მეტი გახდება, ვიდრე უბრალოდ მოსწავლის/ წარმატების მაჩვენებელი. შეფასება ხომ მიზნად ისახავს მოსწავლის მრავალმხრივ განვითარებას.

განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებებს შორის განსხვავებას მიზანი და დრო განსაზღვრავს. განმავითარებელი უკუკავშირი აფასებს სწავლების ეტაპებს, იგი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, ივარჯიშონ და უკეთ შეძლონ, მაგალითად, ველოსიპედით სეირნობა სკოლის დახურულ  ავტოსადგომზე. ეს შეიძლება შევადაროთ სიარულს დამხმარე ბორბლებით. განმავითარებელი შეფასების დროს სწორედ დამხმარე ბორბლებით მოძრაობს მოსწავლე, განმსაზღვრელი შეფასებისას კი მას ყოველგვარი დახმარების გარეშე უწევს გამოწვევებთან გამკლავება.

ზემოაღნიშნული რეკომენდაციები დაეხმარება მასწავლებლებს შემაჯამებელი დავალებები გახადონ უფრო საინტერესო, მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭროებებზე მორგებული. ააგონ სწავლის პროცესი ლოგიკურად და დინამიკურად. აქტივობები, შეფასებები იყოს მიმართული მოსწავლეთა საუკეთესო შედეგების მისაღწევად. უფრო მეტიც, სწორად დაგეგმილი შემაჯამებელი დავალებებით მოსწავლეებს საშუალებას მისცემთ, იპოვონ კავშირი ცოდნასა და ცხოვრებას შორის,რაც უფრო ეფექტურს გახდის სწავლის პროცესს და მეტ ფუნქციურ მნიშნელობას მიანიჭებს ცოდნას.

წყარო:

,,9 Summative Assessment Examples to Try This School Year“

https://www.prodigygame.com/main-en/blog/summative-assessment/?fbclid=IwAR1eRAOQeHJrv0w1eR8u9EaIbh5W9JQB-oeB6wbmFIblDLSLN8q8ZK0wiG4

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი