პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

გრძელვადიან სასწავლო მიზანზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი

საქართველოს საჯარო სკოლებში მიმდინარე რეფორმა, რომელიც სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე (აქტიური სწავლა-სწავლება, ცოდნის აგება წინარე ცოდნაზე დაყრდნობით, სწავლის სწავლა, ცოდნათა ურთიერთდაკავშირება და ორგანიზება, აქცენტი გააზრებაზე და არა დამახსოვრებაზე) დაყრდნობას გულისხმობს ერთგვარი გამოწვევაა მასწავლებლებისთვის. სწრაფად ცვალებადმა გარემომ მოიტანა ახალი მიდგომის აუცილებლობა. ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებული ყველა ცვლილება სამ ძირითადი ამოცანას ემსახურება, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია სწავლა-სწავლების პროცესში გრძელვადიანი მიზნების როლის გაზრდა. ამ მიზნით მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში ყოველწლიური მოკლევადიანი მიზნები (შედეგები და ინდიკატორები) ჩაანაცვლა საფეხურებრივმა გრძელვადიანმა მიზნებმა.  მოსწავლეთა მყარი, გააზრებული და დინამიკური ცოდნით შეაიარაღების ხელშესაწყობად მესამე თაობის სასწავლო გეგმაში სავალდებულოდ განისაზღვრა კონსტრუქტივისტული პარადიგმის ხუთი საგანმანათლებლო პრინციპი. ეროვნული სასწავლო გეგმა ორ ნაწილად გაიყო: საფეხურის სტანდარტები, რომლებიც წარმოადგენს სავალდებულო მოთხოვნებს საქართველოს ყველა სკოლისთვის და წლიური პროგრამები, რომლებიც რეკომენდაციებს იძლევა სასკოლო კურიკულუმების განვითარებისთვის.

კონტრუქტივისტულ პრინციპებზე დაფუძნებული სასკოლო კურიკულუმი მოზარდებს სთავაზობს წინარე ცოდნა-გამოცდილებასთან დაკავშირებულ ნაცნობ, ცხოვრებისეულ კონტექსტებს და იწვევს მათ უცნობის, ახლის აღმოსაჩენად; სწავლა-სწავლების პროცესი მოსწავლეებში აძლიერებს ძიების ბუნებრივ წყურვილს და ბიძგს აძლევს სააზროვნო პროცესებს.

ზემოთ აღწერილი პროცესები ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, თუმცა მასწავლებლებისაგან მოითხოვს სასწავლო პროცესის, მიზნების, ინდიკატორების, მეთოდებისა და სტრატეგიების ახლებურ გააზრებას. ეს კი სერიოზული გამოწვევაა. ჩემი პრაქტიკის ნაწილია მუდმივი სიახლეების ძიება, მუდმივი და განუწყვეტელი ორიენტირება განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებზე. ამიტომ საკლასო ოთახი ექსპერიმენტების ატარების ადგილად, აღმოჩენების სივრცედ იქცა.

ერთ- ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც მესამე თაობის ეროვნულმა სასწავლო გეგმამ მოგვიტანა არის ცნებაზე დაფუძნებული სწავლება. ცოტა სიღრმისეულად ამ თეორიის განცობის შემდეგ გავაცნობიერე, რომ სხვადასხვა საგნის ცნებები ერთმანეთთან გადაჯაჭვულია და ერთ მთლიანს ქმნის. ასე წარმოიშვა ინტეგრირების იდეა.

საკითხი, რომელზეც თქვენი ყურადღების შეჩერებას ვგეგმავ, არის ბუნებისმეტყველებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცნებათა მისაღწევად ერთი სასწავლო აქტივობის გამოყენება. აღნიშნული აქტივობა კი საკლასო ოთახს გასცდა.

წარმოგიდგენთ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის კავშირს ჩემ მიერ განხორციელებულ აქტოვობებთან

საგანი – ბუნებისმეტყველება

თემა –  ჩემი ქვეყნის ბუნება

სამიზნე ცნებება – სხეული

ინდიკატორი – საქართველოს სასარგებლო წიაღისეულის დანიშნულებაზე მსჯელობა ფიზიკური თვისებების მიხედვით.

საფეხურის საკვანძოო შეკითხვა – რატომ განსხვავდებიან სხეულები თვისებებით და შემადგენელი მასალების/ნივთიერებების მიხედვით? რატომ და როგორ განაპირობებს სხეულის შემადგენელი ნივთიერება მის თვისებებს?

 

მეორე საგანი – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

სამიზნე ცნებები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტექნიკა

ქვეცნება – ტექნიკა: ხატვა, ძერწვა, აპლიკაცია, კოლაჟი, მოზაიკა, ანაბეჭდი, კონსტრუირება, კომპიუტერული სახატავი პროგრამა და სხვა.

ინდიკატორი – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტექნიკა – მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • ჩანაფიქრის და იდეის გადმოსაცემად შესაბამისი მასალისა და ტექნიკის შერჩევა და გამოყენება;
  • ნამუშევ­არზე საუბრისას, აზრის, იდეების, შთაბეჭდილებების გაზიარება შესაბამისი ტერმინების გამოყენებით.

სამიზნე ცნება – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგები

ქვეცნება – დარგები: მხატვრობა (ფერწერა, გრაფიკა), ქანდაკება, არქიტექტურა, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება.

ინდიკატორი – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგებიმოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • ხელოვნების სხვადასხვა დარგში ნამუშევრების შექმნა;
  • ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშების ამოცნობა და ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირება, აზრის, იდეების, შთაბეჭდილებების გაზიარება შესაბამისი ტერმინების გამოყენებით.

სტანდარტის შედეგები – სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის შერჩევა და გამოყენება საკუ­თარი ჩანაფიქრის და იდეის განსახორციელებ­ლად. ინდივიდუალური და ერთობლივი ნამუშევ­რის წარდგენა, საუბარი შესაბამისი ტერმინების გამოყენებით   სა­კუ­თარ, თანაკლასელთა ან ცნობილ ხელოვანთა ნამუშევრებზე აზრის, იდეების, შთაბეჭდილებების გასაზიარებლად.

აღნიშნული თემის ფარგლებში მოსწავლეებთან წრმოვადგინე თემა მეთუნეობა. თიხა და მისი მნიშვნელობა საქართველოში. თიხის როლი საზოგადოების განვითარების პროცესში, თიხის, როგორც სამუშაო იარაღის, როგორც საოჯახო სამზარეულოს ნაწილის მნიშვნელობაზე. განვიხილეთ მისი თვისებები. მოვიძიეთ ინფორმაციები თუ სად მოიპოვება თიხა საქართველოში ყველაზე მეტი რაოდენობით და როგორია მისი დამუშავების ეტაპები ბუნებრივი მოპოვებიდან საოჯახო ჭურჭლად ქვეცამდე.

პარალელურად საგანში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ვისაუბრეთ სახვითი ხელოვნების დარგებსა და ტექნიკაზე. გაკვეთილების ციკლი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ბავშვებმა ძალიან საინტერესო ინფორმაცები მოიპოვეს თიხის შესახებ როგორც მისი მნიშვნელობის, მოპოვების ადგილების, ასევე მისი დამუშავების თვალსაზრისით. მოგეხსენებათ იმერეთში თიხის დამუშავება ბავშვებისთვისაც კი უცხო თემა არაა. თითქმის ყველა ბავშვს აქვს ნანახი თიხის დოქი, ყანწი, ფიალა, ქოთანი, კეცი, ჭური. თუმცა მათთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა თიხის დამუშავების პროცესის ვიდეო რგოლების ნახვა. მათი გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ასეთი მყარი ჭურჭელი თურმე უნაზესი მასისაგან იქმნება. ასე დაიბადა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში სტუმრობის იდეა.

ყოველთვის ვაცნობიერებ, რომ სწავლება ცოცხალი პროცესია და ყოველთვის არის შანსი დაგეგმილი აქტივობა აბსოლუტურად სხვა ტიპის აქტივობაში გადაიზარდოს. მთავარი და მნიშვნელოვანია არ დაგვეკარგოს გრძელვადიანი მიზანი, რომელიც მუდმივი ორიენტირია სწავლებისას. ჩემი მიზანი სწორედ საქართველოს სასარგებლო წიაღისეულის დანიშნულებაზე მსჯელობა იყო ფიზიკური თვისებების მიხედვით. ამისათვის კი შროშა საუკეთესო ადგილი აღმოჩნდა.

მოსწავლეები შროშაში საჭირო ცოდნით შეიარაღებულები ჩავიდნენ. სასწავლო ვიზიტი ერრთ-ერთი გლეხის ოჯახში განხორციელდა, რომელიც ეთნო ტურიზმითაა დაკავებული. ბავშვებმა მასპინძელი გააოცეს თავიანთი მსჯელობით, მოპოვებული ინფორმაციით და იმ ცოდნით, რომელიც მათ საკლასო ოთახში ჰქონდათ დაგროვებული. მასპინძელმა მოსწავლეებს დაათვალიერებინა ადგილები, სადაც ხდება თიხის მოპოვება. ბავშვებთან ერთად დაამუშავა და ნივთის გასაკეთებლად მოამზადა თიხის მასა და თავად მოსწავლეებს შესთავაზა მონაწილეობა მიეღოთ ნივთების დამზადების პროცესში. ეს იყო კულმინაციერი ემოცია. ერთმანეთს ცვლიდნენ პატარა თითები და ნაკეთობაზე თავიანთ კვალს ტოვებდნენ. საბოლოოდ მათ მართლაც შთამბეჭდავი შედეგი მიიღეს. ძალიან საინტერესო და ორიგინალური ფორმის ჭურჭელი დაამზადეს.

საკლასო ოთახში ერთობლივი ნამუშევარი საპატიო ადგილას განთავსდა. მოსწავლეებმა წარადგინეს თავიანთი ნახელავი. იმსჯელეს მისი კეთების პროცესზე. ამოციურად ისაუბრეს შროშაში ვიზიტზე და იმ დღეს თითქმის ყველა შეთანხმდა, რომ საქართველო უმდიდრესი ქვეყანაა და თიხის დამუშავება ყველაზე საინტერესო ტექნიკა.

რა მივიღეთ ამ ამ აქტივობით. იყო თუ არა ეს ციკლი კონსტრუქტივისტული, მოვახერხეთ თუ არა სამიზნე ცნებების დამუშავება, გამოვეხმაურეთ და საკუთარი წვლილი ჩავდეთ თუ არა საფეხურის შეკითხვაზე პასუხის გაცემაში და ზოგადად რა მიიღო მოსწავლემ, როგორც ფორმალური ასე არაფორმალური განათლების ნაწილში.

დამეთანხმებით კეთებით სწავლება ყველაზე მეტად გამოირჩევა დამახსოვრების ეფექტით. ვერც ერთი ტიპის აქტივობა, ვერანაირი აღწერა ან ვიდეო რგოლის ჩვენება ვერ ჩაანაცვლებდა იმ პირველად ემოციას, რაც მოსწავლეებს დაეუფლათ თიხის მოპოვების თუ დამუშავების პროცესში. საკლასო ოთახში დაბრუნებულები ერთი ორად მოტივირებულები იყვნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ საინტერესოდ წარმოედგინათ თავიანთი ნააზრევი და ნამუშევარი. მოსწავლეებმა ემოციასა და შთაბეჭდილებებთან ერთად პრაქტიკულად დაინახეს თუ რა შრომასთანაა დაკავშირებული თითოეული ნივთის შექმნა. მასპინძელი მათ ესაუბრა იმაზეც თუ რა იწვევს ნაკეთობების სხვადასხვა ფერს. აუხსნა და ანახა სხვადასხვა შემადგენლობის ნაზავები. ესაუბრა მათ თითოეულის უპირატესობაზე. ასე პრაქტიკული ნაბიჯებით გაეცა პასუხი საფეხურებრივ შეკითხვას თუ რატომ განსხვავდებიან სხეულები თვისებებით და შემადგენელი მასალების/ნივთიერებების მიხედვით? რატომ და როგორ განაპირობებს სხეულის შემადგენელი ნივთიერება მის თვისებებს?

კონსტრუქტივიზმი სწორედაც რომ ნასწავლ და ნაცნობ მასალაზე ახლის დაშენებას გულისხმობს. კეთებით სწავლა, ინტეგრირებულად საგნების სწავლება, ცხოვრებისეულ და პრაქტიკულ სიტუაციებზე დაკვირვება არის ის გასაღები რასაც ცოდნის მესამე სახე – პირობისეული ანუ ფუნქციური ცოდნა გულისხმობს. გრძელლვადიან მიზანზე ორიენტირება კი ერთიორად ზრდის სწავლების შედეგებს.

სწავლების ახლებური გააზრება ფორმალური (საგაკვეთილო) და არაფორმალური (კლასგარეშე) კომპონენტების გამოყენებით თითოეულ მოსწავლისთვის მრავალფეროვან საგანმანათლებლო გამოცდილების შექმნას გულისხმობს. პრაქტიკაში განახორციელებული კონკრეტული მაგალითები კი მყარი და დინამიკური ცოდნის მაკონსტრუირებელი და კომპლექსური აზროვნების განმავითარებელი სასწავლო პროგრამის შეუცვლელი ნაწილია.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობა

https://mes.gov.ge/uploads/files/zogadi-ganatlebis-xelshecyoba.pdf

  1. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა
  2. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი გზამკვლევები

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი