შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ინდოეთის განათლების სისტემა: წარსული, აწმყო და მომავალი

(პირველი ნაწილი)

 „განათლება, რომელიც ერთმანეთისგან არ განასხვავებს კარგსა და ცუდს, ითვისებს ერთს და თვალს ხუჭავს მეორეზე – სიმახინჯეა“.

მაჰათმა მოჰანდას განდი (1869-1948) – ადვოკატი, მოაზროვნე, ინდოეთის ანტიკოლონიური, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინამძღოლი

 „მცირე ცოდნა ჭიქაში ჩასხმულ წყალს ჰგავს: გამჭვირვალესა და სუფთას; ღრმა ცოდნა კი ზღვის წყალია: მუქი, იდუმალი და გაუმჭვირვალი“.

რაბინდრანათ თაგორი (1861-1941) – ინდოელი მწერალი და ფილოსოფოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში

დასაწყისი

ძველ დროს ინდოეთში განათლების სისტემა „გურუკულას“ წესებს ემყარებოდა. ამ დროს ნებისმიერი, ვისაც სწავლა სურდა, მასწავლებელთან (ინდ. გურუსთან) მიდიოდა და სთხოვდა მისთვის ესწავლებინა. თუ გურუ მოსწავლეს დათანხმდებოდა, მაშინ მოსწავლე გურუსთან რჩებოდა და მონაწილეობას იღებდა მასწავლებლის ოჯახის ცხოვრებაში. ასეთი წესი მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ძლიერ კავშირს წარმოშობდა და ამავე დროს, მოსწავლე ყველაფერს სწავლობდა სახლის (ოჯახის) მეურნეობის გაძღოლისა და მოვლა-პატრონობის შესახებ. გურუ ახალგაზრდას ასწავლიდა ყველაფერს, რაც ბავშვს სურდა, სანსკრიტიდან (ჰინდუთა ძველი ენა და დამწერლობა) და წმინდა წერილებიდან დაწყებული, მათემატიკითა და მეტაფიზიკით დამთავრებული. მოსწავლე მასწავლებელთან იმდენ ხანს რჩებოდა, რამდენიც მას სურდა, ან მანამდე, სანამ გურუ მას ყველაფერს ასწავლიდა. გურუკულას წესებით სწავლება მჭიდროდ იყო დაკავშირებული ბუნებასთან და ცხოვრებასთან და არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ინფორმაციის დაზეპირებით.

სასკოლო სისტემა ინდოეთში (ინგლისური ენის გამოყენების ჩათვლით) ბრიტანულ კოლონიზაციასა და ლორდ თომას ბებინგტონთან (ინგლისელი ისტორიკოსი, დიპლომატი და სახელმწიფო მდივანი, ბარონი მაკოლეი) ერთად გაჩნდა, დაახლოებით 1830-იან წლებში. სასკოლო სასწავლო კურიკულუმი შემოფარგლული იყო „თანამედროვე“ საგნებით, როგორებიც იყო „მეცნიერება“ და „მათემატიკა“, ხოლო ისეთი დისციპლინები, როგორებიცაა მეტაფიზიკა და ფილოსოფია, ბრიტანელების მიერ არასაჭიროდ იქნა მიჩნეული. სწორედ ლორდ ბებინგტონს ეკუთვნის გამოთქმა „გამოყენებადი სწავლება“ (useful learning), რომლითაც მან ხაზი გაუსვა იმდროინდელი „ევროპული განათლების“ შეუდარებელ უპირატესობას, ინდოელთა (მისი სიტყვებით) „წარმოსახვით შრომებთან“ შედარებით (აქ საუბარია უძველეს ვედურ ლიტერატურაზე, ვედებზე, ბრაჰმანასა და უპანიშადებზე, რომლებიც ძვ. წელთაღრიცხვის 1500-დან – ახალი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნემდე პერიოდია აღწერილი სანსკრიტზე დევანაგარის ანბანით, ლ.ა.). გარდა სანსკრიტული ტექსტებისა, ინდოეთის სუბ-კონტინენტზე უძველესი დროიდან არსებობს ბენგალური, ტამილური, ტელუგუს, გუჯარათის, კანანდას, პალის ენებზე დაწერილი რელიგიური და ფილოსოფიური ტექსტები, რომელთა გამოყენება და გათვალისწინება ინდური განათლების სისტემაში ბრიტანული კოლონიალიზმის პირობებში თითქმის არ მომხდარა.

ქედმაღალი ინგლისელი ლორდის სიტყვებით, ინდოელთა „წარმოსახვითი“ ცოდნა არაფერს წარმოადგენდა ევროპელთა „ფაქტებით გამყარებულ“ ცოდნასთან შედარებით. ლორდი ბაბინგტონის ანგარიშის შემდეგ ბრიტანეთის კოლონიაში (ინდოეთში) „სასკოლო ენად“ ინგლისური განისაზღვრა, რადგან ლორდის აზრით, სანსკრიტზე, სპარსულ ან არაბულ ენებზე შეუძლებელი იყო ინდოეთის სუბ-კონტინენტის მცხოვრებლებისთვის „გამოყენებადი განათლების“ გადაცემა. კოლონიური საგანმანათლებლო რეფორმის შემდეგ, მთელმა სასკოლო სწავლებამ ეზოდან საკლასო ოთახებში გადაინაცვლა და კავშირი ბუნებასთან გაწყდა… იგივე დაემართა მჭიდრო კავშირს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის.

საბოლოოდ, საშუალო სასკოლო განათლების პირველი საბჭო ინდოეთში 1921 წელს უტარ-პრადეშში (ახალ ინდოეთის ერთ-ერთი შტატი) შეიქმნა. სწორედ ამ საბჭოს მეშვეობით დაიწყო სასკოლო განათლების პირველი ინფრასტრუქტურის შექმნა ცენტრალური ინდოეთის პროვინციებში. მოგვიანებით, 1929 წლიდან დაწყებული, რამდენიმე ასეთივე საბჭო შეიქმნა ინდოეთის სხვა შტატებშიც.

აღსანიშნავია, რომ 1952 წელს (ინდოეთის ბრიტანული მმართველობიდან განთავისუფლების შემდეგ) აღნიშნული საბჭოები კონსტიტუციით გაუქმდა და ჩანაცვლებულ იქნა საშუალო განათლების ცენტრალური საბჭოთი, რომელიც მთელი ინდოეთის მასშტაბით განაგებდა სასკოლო საქმიანობას (პროგრამები, კურიკულუმი, საგნობრივი სახელმძღვანელოები და საგამოცდო წესები).

დამოუკიდებელი ინდოეთის ახალი მთავრობის ერთ-ერთ მთავარ მიზანსა და ოცნებას წარმოადგენდა 6-14 წლის ბავშვებისთვის უნივერსალური, სავალდებულო განათლების სისტემის შექმნა. ეს მიზანი დღეს ინდოეთის კონსტიტუციაშია აღნიშნული და საშუალო განათლება ყოველი ინდოეთის მოქალაქის ფუნდამენტური უფლებაა. პრობლემების, საჭირო კვალიფიციური პერსონალისა და ქვეყნის სხვა თავისებურებებიდან გამომდინარე, საშუალო განათლების სისტემაში არსებული პრობლემები კვლავ მძიმეა. ასევე პრობლემად მიიჩნევა განათლებისთვის გამოყოფილი სახსრების სიმცირე, რომელიც ინდოეთის მშპ-ს მხოლოდ 4.3%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია (შედარებისთვის 2006-2020 წლების საშუალო მონაცემები ქვეყნების მიხედვით: კუბა – 12.8%, ნამიბია – 9.4%, ბოტსვანა – 8.4%, ისლანდია – 7.7%, შვედეთი – 7.2%, ფინეთი -6.6%, ყირგიზეთი – 6.2%, აშშ – 6.1%, გერმანია – 4.7%, აზერბაიჯანი – 4.3%, რუსეთი – 3.7%, საქართველო – 3.6% (2021), თურქეთი – 3.4%, სომხეთი -2.8%, წყარო: მსოფლიო ბანკის მონაცემები, 2022 )

ინდოეთის სასკოლო სისტემა

დღეს ინდოეთი ოცდარვა შტატად და ე.წ. შვიდ „საკავშირო ტერიტორიად“ არის დაყოფილი. ყოველ შტატს თავის მიერ არჩეული მთავრობა ჰყავს, ხოლო საკავშირო ტერიტორიებს ინდოეთის ცენტრალური მთავრობა მართავს, თითოეულ ასეთ ტერიტორიაზე პრეზიდენტის მიერ დანიშნული ადმინისტრატორის მეშვეობით (ანდამანისა და ნიკობარის კუნძულები, ლადაკჰი, ჯამუ და ქაშმირი, ქ. დელი, ჩანდიგარჰი და რამდენიმე სხვა ერთეული).

ინდოეთის კონსტიტუციის თანახმად, სასკოლო განათლების შეთავაზება ადრე შტატების კომპეტენცია იყო. 1976 წელს ეს სისტემა შეიცვალა და ამჟამად, განათლების პროგრამებისა და პოლიტიკის შეთავაზება-განსაზღვრა ინდოეთის მთავრობის მიერ ხდება, თუმცა შტატებს პროგრამების განხორციელებაში დიდი თავისუფლება აქვს მინიჭებული.

ამავე დროს პოლიტიკისა და პროგრამების ეროვნულ დონეზე წარდგენის შემდეგ, მონიტორინგისა და განვითარების ფუნქციები ენიჭება განათლების ცენტრალურ სამეთვალყურეო საბჭოს (The Central Advisory Board of Education), CABE-ს.

გარდა ამისა, ინდოეთში არსებობს ეროვნული მასშტაბის ორგანიზაცია – განათლების კვლევისა და სწავლების ეროვნული საბჭო-National Council for Educational Research and Training (NCERT), რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ეროვნული ჩარჩო-კურიკულუმის შემუშავებაში.

თითოეულ შტატს ჰყავს NCERT-ის საშტატო საბჭო – SCERT, რომელიც უშუალოდ სთავაზობს შტატის განათლების განყოფილებას, განათლების სტრატეგიას, კურიკულუმებს, პედაგოგიურ სქემებსა და შეფასების მეთოდოლოგიას. ამ დროს შტატებს ენიჭებათ თავისუფლება პროგრამების განხორციელებისას.

კონსტიტუციით და რამდენიმე სამთავრობო აქტითა და პროგრამით, ინდოეთის მთავრობას აღებული აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს უფასო და სავალდებულო საშუალო განათლება თოთხმეტ წლამდე ასაკის ყველა ბავშვისთვის. მთავრობა ასევე იღებს ვალდებულებას სამიზნე მაჩვენებლად ჰქონდეს მშპ-ს 6%-ის ოდენობის თანხის მიმართვა განათლებაზე, რომლიდანაც თანხის ნახევარი საშუალო განათლებაზე უნდა დაიხარჯოს.

ინდოეთის სასკოლო სისტემა ოთხდონიანია: ქვედა პირველადი (6-დან 10 წლამდე), ზედა პირველადი (11-დან 12 წლამდე), ზედა დონის (13-დან 15 წლამდე) და ზედა დონის მეორადი (17-18 წელი). ქვედა პირველადი სკოლა დაყოფილია ხუთ „სტანდარტად“, ზედა პირველადი – ორ სტანდარტად, ზედა დონის – სამ სტანდარტად და ზედა მეორადი – ორ სტანდარტად.

მოსწავლეები ვალდებულნი არიან ისწავლონ საერთო პროგრამით (გარდა რეგიონული ცვლილებებისა მშობლიურ ენებზე), საშუალო სკოლის ყველა დონის დამთავრებამდე. გარკვეული დოზით შესაძლებელია სპეციალიზაცია ზედა მეორად დონეზე. მოსწავლეები მთელი ქვეყნის მასშტაბით ვალდებულნი არიან, ისწავლონ სამი ენა (ინგლისური, ჰინდი და მშობლიური ენა), გარდა იმ რეგიონებისა, სადაც ჰინდი მშობლიურია. ასევე არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:

ინდოეთში, სასკოლო განათლების სამი ტიპი არსებობს. ამათგან ორის კოორდინაცია ხდება ეროვნულ დონეზე, საშუალო განათლების ცენტრალური საბჭოს – Central Board of Secondary Education, CBSE-ის მიერ, რომელთაგან ერთი განკუთვნილი იყო ცენტრალური მთავრობის მომსახურეთა ბავშვებისთვის, რომლებიც პერიოდულად სხვადასხვა შტატში გადაჰყავდათ, მათი მშობლების საქმიანობიდან გამომდინარე. ამ ტიპის „ცენტრალური სკოლების“ (ინდ. Kendriya Vidyalayas) გარკვეული რაოდენობა შეიქმნა ქვეყნის ყველა ცენტრალურ და მსხვილ ურბანულ რეგიონში და მათი პროგრამა და მუშაობის გრაფიკი ისე შემუშავდა, რომ ნებისმიერ მოსწავლეს შესძლებოდა ასეთი „ცენტრალური“ტიპის ერთი სკოლიდან მეორეში გადასვლა, სხვადასხვა შტატსა თუ ქალაქში – ამ სკოლების სასწავლო პროგრამები ერთმანეთთან სრულ შესაბამისობაში იყო.

ამ სკოლებში საგნების ერთი ჯგუფის (სოციალური საგნები – ისტორია, გეოგრაფია და სამოქალაქო სწავლება) სწავლება ყოველთვის ჰინდიზე მიმდინარეობს, ხოლო სხვა საგნებისა – ინგლისურად. აქ (Kendriya Vidyalayas) შესაძლებელია სხვა ბავშვების მიღებაც (თავისუფალი ადგილების არსებობის შემთხვევაში). საგნების ყველა წიგნი NCERT-ის მიერ არის დაწერილი, სერტიფიცირებული და გამოცემული. გარდა მთავრობის მიერ მართული ამ სკოლებისა, CBSE-ის დადგენილ წესებს ემორჩილება ზოგიერთი კერძო სკოლაც, თუმცა მათ აქვთ უფლება სხვა საგნობრივი სახელმძღვანელოები გამოიყენონ და ჰქონდეთ სხვა სასწავლო გრაფიკი. CBSE, გარდა ინდოეთისა, სწავლების ამ წესს იყენებს მსოფლიოს 21 ქვეყანაში არსებულ 141 სკოლაში, სადაც ინდური წარმოშობის მოსწავლეები იღებენ განათლებას.

მეორე, ე.წ. „ცენტრალური სქემის“ მქონე სკოლების ტიპს წარმოადგენს სკოლა საშუალო განათლების ინდური სერტიფიკატით – Indian Certificate of Secondary Education (ICSE). ეს სისტემა შემუშავდა 1952 წელს არსებული კოლონიური წარსულის Cambridge School Certificate-ის შესაცვლელად.

მისი იდეა იყო ის, რომ კემბრიჯის სკოლის სასერტიფიკატო გამოცდები ჩაენაცვლებინათ საერთო ინდური გამოცდებით (All India Examination).

საბოლოოდ, დამამთავრებელი სასერტიფიკაციო გამოცდების წესმა მიიღო სახე, რომელიც დამტკიცდა დელის სასკოლო განათლების აქტით და შეიქმნა საშტატო ერთეული, რომელიც ჩაატარებდა საყოველთაო სასკოლო გამოცდებს. დღეს კერძო სკოლების უმეტესობა დაკავშირებულია ამ საბჭოს მიერ შემუშავებულ სისტემასთან. ეს სკოლები ძირითადად კერძოა და ემსახურება მდიდარ ინდოელთა ოჯახების შვილების საჭიროებებს.

ზოგადად, ორივე, CBSE და ICSE საბჭოების ფუნქციაა ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო სასკოლო გამოცდების ჩატარება მათ მიერ შემუშავებული წესებით. ეს გამოცდები ტარდება ორჯერ, სასკოლო სწავლების მე-10 და მე-12 წლის შემდეგ (ზედა მეორადი სკოლა). ჩვეულებრივ, მე-11 კლასში მიღება დამოკიდებულია საყოველთაო სასკოლო გამოცდების შედეგებზე. ეს ბუნებრივია, დიდი წნეხს წარმოადგენს მოსწავლეებისთვის, თუმცა ჯერჯერობით სწავლების მე-11 წელს გამოცდები ჯერ კიდევ ძალაშია.

(სტატია ეყრდნობა დოქტორი ვ. სასი კუმარის/Dr. V. Sasi Kumar ნაშრომებს)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი