სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

კომპლექსური დავალებების ეფექტიანი გამოყენება ბიოლოგიის სწავლებაში

განათლების სფეროში მიმდინარე ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, უკვე რამდენიმე წელია აქტიურადაა ჩართული ყველა მასწავლებელი.  შემოვიდა ახალი მიდგომები, ცნებები, ტერმინები. განხორციელდა უამრავი კომპლექსური დავალება ყველა საგანში, რომელთა შედეგების შესახებ ჩატარდა და კვლავ ჩატარდება სამუშაო შეხვედრები და კონფერენციები. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ყველაზე პრობლემური, თემის დამუშავების დასკვნითი ეტაპი – გასიტყვებაა. გამომდინარე იქიდან, რომ, პროდუქტის შექმნისა და წარდგენისშემდგომი აუცილებელი განმავითარებელი შეფასება, ყველა მოსწავლემ თანაბრად უნდა მიიღოს, ამის სრულფასოვნად განხორციელება კი, თითქმის შეუძლებელია.

აღნიშნული პრობლემის ერთგვარი ეფექტური გამოსავალი გასიტყვების არა ვერბალურად, არამედ წერით გადმოცემაა, მით უფრო, რომ წერით აზრის თანმიმდევრულად გადმოცემის უნარის განვითარება, არანაკლებ მნიშვნელოვანია სწავლების პროცესში. აქედან გამომდინარე, კომპლექსური დავალების პროდუქტად ესე, ანუ თხზულების დაწერა ძალიან მომგებიანია. პროცესი უნდა განხორციელდეს გაკვეთილზე, დავალების ხანგრძლივი და ღრმა დამუშავების დასკვნით გაკვეთილზე და შესაბამისად, ამ სამუშაოზე შემაჯამებელი სამუშაოს კვალიფიკაციის მინიჭებაც, უფრო სამართლიანი იქნება.

ქვემოთ წარმოდგენილია კომპლექსური დავალება – ფერმენტების „ფაბრიკა“

ერთი ნიმუში, თემაზე: საჭმლის მომნელებელი სისტემა. კლასი მე-8.

საკვანძო კითხვა: როგორ წარმოვადგინო  ესეს  საშუალებით,   საჭმლის მომნელებელი სისტემის აგებულება და მნიშვნელობა?

სამიზნე ცნებები: სტრუქტურა და ფუნქცია

                                სასიცოცხლო თვისებები

                                კვლევა

პირობა:

წარმოიდგინე, რომ  პაწაწინა ფერმენტი ხარ, სახელად ,,ამილაზა’’, რომელიც საჭმლის გადამამუშავებელ ფაბრიკაში მუშაობს. შენთან ერთად მუშაობენ შენი მეგობარი ფერმენტებიც (მაგ ,ლიპაზა, პროტეაზა და სხვები). ისინი თავდაუზოგავად შრომობენ, რომ საკვები ზედმიწევნით კარგად გადამუშავდეს. გაეცანი საჭმლის მომნელებელი სისტემის აგებულებასა და ფუნქციებს, კვების თავისებურებას, გაეცანი    საჭმლის მომნელებელ სისტემაზე დამატებითი ინფორმაციას და  აღწერე  ერთი სამუშაო დღე საკვების მიღებიდან მის საბოლოო გადამუშავებამდე. აღწერა წარმოადგინე თხზულების სახით.

 

თხზულებაში ხაზგასმით წარმოაჩინე:

  • რა ნაწილებისაგან შედგება საჭმლის მომნელებელი ტრაქტი? (სტრუქტურა და ფუნქცია.მკ.წ.1)
  • როგორია საჭმლის მომნელებელი სისტემის აგებულების თავისებურება? (სტრუქტურა და ფუნქცია.მკ.წ.1)
  • როგორ შეესაბამება საჭმლის მომნელებელი სისტემის სტრუქტურა მის ფუნქციას? (სტრუქტურა და ფუნქცია.მკ.წ.1)
  • რატომ ითვლება კვება სასიცოცხლო თვისებად? (სასიცოცხლო თვისება. კვ.წ.1)
  • რატომ არის მნიშვნელოვანი დაბალანსებული კვება ადამიანის ჯანმრთელობისთვის? (ჯანმრთელობა და დაავადება. მკვ..4)

 

მოსწავლის ნამუშევარი.       

გამარჯობა, მე ფერმენტი ვარ, სახელად ამილაზა. ვცხოვრობ პირის ღრუში, კერძოდ, ენისქვეშა, ყბისქვეშა და ყბაყურა ჯირკვლებში. მყავს პატარა ოჯახი, რომელსაც მეორენაირად ,,ნერწყვი“ ჰქვია. ოჯახში ყველას ჩვენ-ჩვენი ფუნქცია გვაქვს გადანაწილებული: დედას წყალს ვეძახით, ის ჩვენი ოჯახის ძირითად საყრდენს წარმოადგენს და ყველაზე დიდი წილი (98%) სწორედ მისია ნერწყვში. მამა ლიზოციმია. ის ჩვენ და ადამიანის ორგანიზმს იცავს საკვებიდან შემოღწეული არასასურველი ბაქტერიებისგან და შლის მათ კედელს. ჩემს პატარა ძმას კი – მუცინი ჰქვია. ის ნერწყვს სიბლანტეს ანიჭებს, რისი მეშვეობითაც დარბილებულ საკვებს ხახაში გადასვლისას უმცირდება ხახუნის ძალა.

პირის ღრუში გვყავს მეგობრებიც. მათ კბილები ჰქვიათ. ისინი სამსართულიან ,,კორპუსებს“ წარმოადგენენ. პირველი და მეორე სართულები არ ჩანს, რადგანაც მათ ღრძილი ფარავს. პირველ სართულს ფესვი ჰქვია, მეორეს ყელი, ხოლო მესამეს, რომელსაც ჩვენ ვხედავთ – გვირგვინი. ამ სართულებს მაცხოვრებლებიც ჰყავთ, რომლებიც მეტად პრეტენზიულები გახლავთ. ისინი სისხლძარღვებსა და ნერვულ დაბოლოებებს წარმოადგენენ და პულპებს ვეძახით.

სწორედ აქ, პირის ღრუში ხდება საკვების მექანიკური დამუშავება, ნერწყვით დასველება და ნახშირწყლების დაშლა ტრისაქარიდებად და დისაქარიდებად (ნახშირწყლებს მე ვშლი, ხშირად ვიკვეხნი კიდეც ამ ფუნქციისა და უნარის გამო.). ამის შემდეგ, საკვები მიემართება საყლაპავისკენ, სადაც პერისტალტიკით მიემართება კუჭისკენ.  აქ მოხვედრა ყველაზე ნაკლებად მიყვარს, რადგანაც აქ მჟავა გარემოა, მე კი თავს კომფორტულად მხოლოდ ტუტე გარემოში ვგრძნობ. აქ, კუჭში ხდება ცილების დაშლა. ეს პროცესი ჩემი ნაცნობი პროტეაზა – პეფსინის მეშვეობით ხდება. მარილმჟავა პეფსინს ააქტიურებს, ,,ააგიზგიზებს“ და ისე ,,დაერევა“ ხოლმე გაცელქებული პეფსინი ცილებს.   ოღონდ, არც ცილები იშლება აქ ბოლომდე.

მას შემდეგ, რაც პროტეაზები გულს იჯერებენ ცილების ,,წვალებით“, გადამუშავებული საკვები მიემართება თორმეტგოჯა ნაწლავში. აქ იწყება ყველაზე ჭირვეული ორგანული ნივთიერების –  ცხიმის დაშლა, ანუ ემულგირება. ამას ნაღვლის  წვენი გააკეთებს.  თორმეტგოჯაში ცხიმის დაშლის პროცესში მონაწილეობს პანკრეასის წვენიც. ეს პროცესი ყველაზე მეტად მიყვარს. აქ ჩვენ ვეცნობით უამრავ ფერმენტს, გავდივართ ბევრ საინტერესო გზას და ბევრი მილით გვესხურება სხვადასხვა წვენი და ფერმენტი. აქ ისევ ტუტე გარემო იქმნება, ამიტომ მე ისევ გავაქტიურდები და ნახშირწყლების მოკლე ფრაგმენტებს უკვე გლუკოზამდე დავშლი.                                                                                                                როდესაც ნივთიერებების გარდაქმნა დასრულდება, საკვების მასა მიემართება წვრილი ნაწლავებისკენ, სადაც ხდება საჭირო ნივთიერებების შეწოვა ხაოებით. ის ერთგვარი ხალიჩასავით აკრავს ნაწლავს შიგნიდან და მასში გავლისას ცოტა ,,გვეღუტუნება“ კიდეც. რადგანაც ყველა ნივთიერება სასარგებლო არაა და მათი სისხლში გაწოვა ორგანიზმს კარგს არაფერს მოუტანს, ღვიძლი ახერხებს და ამ არასასურველ ნივთიერებებს უვნებლად გარდაქმნის. ამ პროცესს დეტოქსიკაცია ეწოდება. ღვიძლის ამ თვისების გამო, ყველა მისი მადლიერი ვართ. წვრილი ნაწლავების შემდეგ, საკვები პერისტალტიკით გადადის მსხვილ ნაწლავებში. აქ არ ხდება აქტიური გარდაქმნები, თუმცა წარმოიქმნება ვიტამინები, რადგან მუშაობას იწყებენ სასარგებლო ბაქტერიები. სულ ბოლოს, ნარჩენები გამოიდევნება ორგანიზმიდან, რასაც დეფეკაცია ჰქვია.

პროცესების სრულყოფილი წარმართვისთვის, ჩვენ გვჭირდება დაბალანსებული კვება, საჭირო რაოდენობით ცილები, ცხიმები (ლიპიდები), ნახშირწყლები, მინერალური მარილები და ყველაზე მთავარი – წყალი!  როდესაც ადამიანი არ გვაწვდის საკმარის საკვებს, ან თუნდაც არასწორი შეფარდებით იღებს ორგანულ ნივთიერებებს, ამ დროს ჩვენ, ორგანიზმის მაცხოვრებლები ვცდილობთ, რომ სხვადასხვა გზით მივახვედროთ ადამიანს, რომ ჩვენ გასაჭირში ვართ და დასახმარებლად ,,რაზმი“ გამოგზავნოს, რომელიც ხშირად ვიტამინის პატარა აბებია-ხოლმე. ისინი ბიოლოგიურად აქტიური, ძალიან ცელქი ნივთიერებებია. როგორც კი ორგანიზმში მოხვდებიან, მაშინვე აქტიურდებიან და მალევე გაიცნობენ, დაუახლოვდებიან ხოლმე ყველას.

ცოტა ხნის წინ, ჩემი მეზობელი კბილები იყვნენ შეუძლოდ. რადგანაც მათ არ მიეწოდებოდათ საკმარისი ოდენობის C ვიტამინი. ამ დროს ძვლები ხშირად ტირიან და წუწუნებენ ხოლმე.                                                                                                                                 ადამიანის ორგანიზმს ესაჭიროება ენერგია იმისთვის, რომ გადაადგილდეს, შეასრულოს მუშაობა, რაც პირდაპირკავშირშია არსებობის უნართან. ამ ენერგიას კი სწორედ რომ, მიღებული საკვების დაჟანგვით ვიგებთ, ასე რომ, მოვუწოდებდი ადამიანებს, ჯანმრთელობა მათი ინტერესებისა და მიზნების ყველაზე პირველ საფეხურზე მოაქციონ!

თამარ იორდანიშვილი.

მე-8-ბ კლასი.

დასკვნააღნიშნული თხზულება სრულად მოიცავს პირობაში მოცემულ კრიტერიუმებს. მათი შეფასების რუბრიკებად გამოყენება, ასევე, საშუალებას იძლევა მოსწავლე შეფასდეს განმსაზღვრელი  შეფასებით.  აგრეთვე უნდა ითქვას, რომ ესეს დაწერა საბუნებისმეტყველო საგნებში ავითარებს შემოქმედებით უნარებს და კიდევ უფრო შესაძლებელს ხდის საგანთაშორისი ინტეგრირების გაგებას, რაც კარგად ჩანს კიდეც აქ წარმოდგენილ მოსწავლის ნამუშევარში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი