სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

ირაკლი ჭინჭარაული – „ფიქრი ნაომარი“

ადამიანის საცნობად ერთი შეხვედრა სრულიად საკმარისია ჩემთვის. ან მომეწონება, ან არ მომეწონება, ან გავაგრძელებ მასთან ურთიერთობას, ან – არა. ბევრი მეგობარი მყავს, რომლებსაც ასე, პირველივე შეხვედრისას დავუმეგობრდი და არანაირი „ერთი ფუთი მარილი“ ერთად არ გვიჭამია. ირაკლი ჭინჭარაულიც ასე იყო. სანამ შევხვდებოდი, ვიცნობდი შორიდან (თვითონაც მიცნობდა), მერე აქ, თბილისში, საერთო ძმაკაცმა გაგვაცნო ერთმანეთი, სადღაც პარკში ლუდი დავლიეთ და იქვე გავხდით ძმაკაცები. მერე რამდენჯერმე ტელეფონით ვილაპარაკეთ, შეხვედრაც დავთქვით, მაგრამ მეორედ, მესამედ, მეასედ და მეათასედ შეხვედრა არ დაგვცალდა – მოხდა ის საბედისწერო ავტოავარია… მერე იყო ხანგრძლივი ბრძოლა სიკვდილთან კლინიკაში, მერე კი დასასრული…

აი, ხომ არიან უდროოდ გარდაცვლილი ახალგაზრდა პოეტები, რომლებიც რაღაც რომანტიკული შარავანდედით არიან მოსილნი, შეიძლება, ვიღაცას მათი ლექსებიც არ ჰქონდეს წაკითხული, მაგრამ სახელის გაგონებისთანავე სენტიმენტებს და რაღაც შურის მაგვარსაც კი (მათ ხომ ასეთი სიკვდილი შეძლეს) გრძნობენ ხოლმე. სწორედ ასეთი რომანტიკული შარავანდედით მოსილი, მარად ჭაბუკი პოეტია ირაკლი ჭინჭარაული. როცა მის სახელს გავიგებ ან მის ფოტოს მოვკრავ თვალს, სითბო მეღვრება გულში და ვგრძნობ, რომ სიკვდილამდე გამყვება ეს დამოკიდებულება.

ირაკლის ერთადერთი პოეტური კრებული, რომელსაც „ფიქრი ნაომარი“ ჰქვია, მისი სიკვდილის შემდეგ გამოიცა. ამ ასგვერდიანი წიგნის ფურცლებზე სრულად და მკაფიოდაა პროეცირებული ირაკლის ფიქრები და განცდები. მისი ცალკეული ლექსები, რა თქმა უნდა, წაკითხული მქონდა, მაგრამ ასე, ერთიანად თავმოყრილმა, მაინც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ირაკლი ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა ჩვენგან წავიდა და გასაკვირია აზროვნებისა და მისწრაფებების ის მრავალშრიანობა, რომელსაც ამ ლექსებში ვხედავთ. უპირველესი, რაც თვალში მოგვხვდება კრებულის კითხვისას, ესაა პროსოდიულ-ვერსიფიკაციული მრავალფეროვნება, თან ჩანს, რომ ეს არაა თვითმიზანი, ავტორს, უბრალოდ, სულ ერთ ხმაზე წერა არ შეუძლია, ეს მისი შინაგანი მოთხოვნილებაა. თანამედროვე და, მით უმეტეს, ახალგაზრდა ქართველი პოეტების უმთავრესი მინუსი სწორედ რომ მონოფონურობაა, ყბადაღებული ბესიკური თოთხმეტმარცვლიანით ნაწერი ლექსებით შედგენილი კრებულები იშვიათად, რომ მოსაწყენი არ იყოს. ირაკლი კი შესაშურად მრავალფეროვანია, ამ კრებულში ბესიკურ თოთხმეტმარცვლიანსაც (5/4/5) შეხვდება მკითხველი, ლოგაედურ ათმარცვლიანსაც (5/5), დაბალ შაირსაც (5/3), ხმით ნატირლების ცხრამარცვლიანსაც (5/4), ათმარცვლიანის ისეთ მუსიკალურ ვარიაციებსაც, როგორებიცაა 2/4/4/ და 4/4/2, მეორე პეონურ ტრიმეტრსაც (4/4/4), დაქტილურ საზომებსაც (დაქტილურ ტრიმეტრს – 3/3/3, დაქტილურ ტეტრამეტრს – 3/3/3/3, დაქტილურ პენტამეტრს – 3/3/3/3/3 და დაქტილურ ჰეგზამეტრსაც კი – 3/3/3/3/3/3), საფერხულო თოთხმეტმარცვლედსაც (4/3/4/3) და ასე შემდეგ… ირაკლი ასევე მიმართავს ჰეტერომეტრიას, ხშირია თითო ლექსში რამდენიმე პოეტური საზომის მოდულაციები. მოკლედ, ამ წიგნის კითხვისას მკითხველი არ მოიწყენს.

ლექსებს თარიღები არ აწერია, ამიტომ რთულია თქმა, დაცულია თუ არა ქრონოლოგია (სავარაუდოდ – არა). ამიტომ მკითხველს ვარაუდით უწევს, მიადევნოს თვალი ავტორის ფილიაციას – შემოქმედებით ზრდას. ეს კრებული, ისევე, როგორც ზოგადად ყველა კრებული, მხატვრულად, ცხადია, ტრავერსულია, ყველა ლექსი არაა თანაბარი სიძლიერის, ამ ყველაფერს ტექნიკურ ნიუანსებსაც თუ დავუმატებთ, არაა ძნელი მისახვედრი, რომელია ადრინდელი და რომელია გვიანდელი ლექსები, და ამ შესამჩნევი პროგრესირების ფონზე მით უფრო გულსაკლავია ირაკლის ასე უდროოდ გარდაცვალება, მას ხომ შეეძლო, უფრო მაღალი მწვერვალები დაეპყრო…

საოცარი ის არის, რომ იმ მრავალფეროვანი, უკვე ათვისებული პროსოდიული არსენალის მიუხედავად, ამ წიგნში არსად ისმის რელიქტური ექოები, ანუ არსად „ისმის“ სხვა რომელიმე პოეტი, ეს მთლიანად ირაკლის ინტონაციურ-აკუსტიკური სივრცეა, ამის მიღწევას კი დიდი პოეტური გამოცდილება სჭირდება (ზოგი ამას სიბერეშიც ვერ აღწევს), მან კი ეს პატარა ასაკში შეძლო.

რაც შეეხება კრებულის კონცეპტუალურ მხარეს: ესაა ახალგაზრდა კაცის ონტოლოგიური რეფლექსიები (ზოგჯერ ნაივური და ინფანტილური), ოცნებები, სატკივრები (ზოგჯერ სკაბრეზულ-ფრივოლურად ამოხეთქილი)… ავტორი ერთი წამითაც კი არ წყდება თავის კუთხეს – მთას. მის ფიქრებში ურბანული თემატიკისთვის აღარაა ადგილი (ამხელა წიგნში მხოლოდ ერთადერთხელაა ნახსენები თბილისი), მისთვის პატრიოტიზმის უმაღლესი გამოვლინება სწორედ საკუთარი კუთხის სიყვარულია. მიუხედავად იმისა, რომ ლექსის წერის მომენტში შეიძლება, მთაში არ იყოს, მისი სტერეოსკოპული რაკურსი, რომელიც მთლიან საქართველოზე იშლება, სწორედ მთას უკავშირდება. ირაკლი ჭინჭარაული „მთის პოეტის“ მოდერნიზებული, თანამედროვე (ცხადია, საუკეთესო გაგებით) ნიმუშია. კრებულის ქვაკუთხედური ტროპული ერთეულია დედის ხატება, რომელიც რამდენიმე ლექსში გვხვდება, და ეს მით უფრო მოსახვედრია გულზე, როცა იცი, რომ ის დედისერთა იყო („მე ხომ განგებამ და-ძმებით არ გამათამამა“)…

ბოლოს კი ირაკლის ლექსი, რომელიც მეგობრებს ეძღვნებათ:

***

თქვენი ძმა ისე მოკვდება,
ხარს ჰგვანდეს
წიფლისფერასა,
ქავზეით გადაჩეხილი,
ეჭიდებოდეს ვერასა,
მიჰქონდეს, მიაჟამკრებდეს
სიცოცხლის უღელს ძნელასა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი