ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მასწავლებლის სახე ალბერ კამიუს „სტუმარში“

ალბათ მემილიონედ ვკითხულობთ და ვეკითხებით ერთმანეთს: მაინც როგორი უნდა იყოს მასწავლებელი? გარდა ცოდნის გადაცემის მისიისა, კიდევ რა როლი უნდა შეასრულოს მან მოსწავლის ცხოვრებაში? ვფიქრობ, ამ კითხვას პასუხობს ალბერ კამიუს მოთხრობა „სტუმარი“, რომელიც ყველა მასწავლებელმა უნდა წაიკითხოს.

ამას წინათ თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი ფეისბუქზე წერდა, რომ კაბინეტში რამდენიმე მეშვიდეკლასელი ესტუმრა. დირექტორი მოემზადა რამე პრობლემის, ნებართვის ან სათხოვრის მოსასმენად, მაგრამ ბავშვებმა უთხრეს, რომ მსგავსი არაფერი აწუხებდათ, უბრალოდ მოუნდათ, რომ დირექტორს ჩახუტებოდნენ; ეთქვათ მისთვის, რამდენად ძვირფასი იყო, რომ უყვარდათ, სურდათ სითბოს მიღება და გაცემა. ქალბატონმა თამარმა ჩაიხუტა ბავშვები და ემოციური პოსტით მიმართა თავის მოსწავლეებს, უთხრა, რომ მისი კარი ყოველთვის ღიაა ყოველი მათგანის მოსასმენად.

რამდენად ვართ ჩვენ მზად საიმისოდ, რომ ჩვენი მოსწავლეებისთვის ვიყოთ საიმედო ადამიანები, თანამდგომნი, გამგებნი, მიმღებნი, მომფერებელნი? ბავშვებს ყველაზე მეტად ეს სჭირდებათ ჩვენგან. საგნის სწავლა მეორეხარისხოვანია, ყველას ყველა საგანი არ აინტერესებს, არც სურვილი აქვს და არც უნარები, რომ მაღალ აკადემიურ დონეზე აითვისოს პროგრამა. თუკი ბავშვი გრძნობს, რომ მასწავლებლის თვალში ის მხოლოდ წარუმატებელი მოსწავლე და კლასში ბალასტია, რომლის თავიდან მოშორებასაც ცდილობს ყველა, დამრიგებელიც, დირექციაც და თანაკლასელებიც, ეს მის დემოტივირებას იწვევს.

რატომ აყოლებს ჯერომ სელინჯერი თავის რომანში „კლდის პირზე ჭვავის ყანაში“ ჰოლდენ კოლფილდს პენსის პრივილეგირებული სკოლიდან გარიცხვის ამბებს? ბიჭმა ოთხი საგანი „ჩააფლავა“, ამიტომაც სკოლას მისი თავიდან მოშორება სურდა. ჰოლდენისთვის ეს უკვე მეოთხე სკოლიდან გარიცხვა იყო. ბიჭს ამ სკოლების ადმინისტრაციისა და მასწავლებლებისადმი ნდობა სრულიად დაკარგული ჰქონდა, მისთვის სულერთი იყო მათი შეფასებები, მათთან ურთიერთობა სრული სიყალბე იყო. როცა მისტერ სპენსერი მორალისტურ შეგონებებს ეუბნებოდა, ჰოლდენი მისგან თავის დაძვრენაზე ფიქრობდა, მიაჩნდა, რომ „თუკი ნაღდი მასწავლებელი რამეს ამოიჩემებს, თავისას ყოველთვის გაიტანს“. „გამოღმით ის იყო, გაღმით – მე“, – ამბობს ჰოლდენი. ბიჭს არ აქვს მოლოდინი, რომ დირექტორს მისი მოსმენა, მიღება და გაგება შეუძლია, ამიტომ ამბობს: „მოდი, ახლა აუხსენი ამას, რატომ და რისთვის, მაინც ვერ გაიგებს“. ის თავიდან მოსაშორებლად ასეთ ტრაფარეტულ ფრაზას ეუბნება მისტერ სპენსერს: „უბრალოდ, ახლა ეგეთ დინებაში ვარ მოხვედრილი, ყველა ხვდება ხოლმე რაღაც დინებაში და თვითონ უნდა გამოაღწიოს იქიდან“. ჰოლდენს აღარ უნდა მისტერ სპენსერის სინდისის ქენჯნის გამომხატველი ტექსტების მოსმენა და არც მის მიერ მორთმეული ცხელი შოკოლადი, მისი გონება ნიუ-იორკის სენტრალ-პარკის სამხრეთით მდებარე გაყინულ ტბაზე მიუსაფრად დარჩენილ იხვებს დასტრიალებს. და სწორედ რომ მოყინულ ტბაზე უმწეოდ დარჩენილი იხვი ალეგორიულად განასახიერებს გარშემომყოფთა უგულობით „სულგაყინულ“ მოსწავლეს, რომელმაც არც კი იცის, რა გზას უნდა დაადგეს.

„შევხედოთ სიმართლეს თვალებში – მასწავლებლები გონებაჩლუნგების ხროვაა“, – ათქმევინებს თავის გმირს, კაფკა თამურას, ჰარუკი მურაკამი. თუკი 15 წლის ბიჭი, გონიერი და გულიანი ადამიანი, ასე ფიქრობს, ცხადია, მასწავლებლები სცოდავენ…

ალბერ კამიუს „სტუმარში“ მოქმედება ალჟირში ხდება. დარუ ერთ-ერთი პროვინციის სკოლაში მასწავლებლად მუშაობს და იქვე ცხოვრობს. მისი ღატაკი მოსწავლეები პლატოზე გაფანტულ სოფლებში ცხოვრობენ და ოქტომბერში უეცრად თოვლი რომ მოვიდა, უამინდობის გამო სკოლაში აღარ დადიან. მასწავლებელი სკოლაში მარტო დარჩა. მთავრობა მას უზიდავს ხორბალს, რომ მოსწავლეების ოჯახებს გაუნაწილოს. ცხოვრება ამ ხრიოკ ადგილას ჯოჯოხეთია, მაგრამ „დარუ აქ დაიბადა და სხვაგან რომ ეცხოვრა, გადასახლებაში ეგონებოდა თავი“. მასწავლებელი უდავოდ მისიონერია. ალბათ მისიონერი ყოველი ადამიანია, მაგრამ, მასწავლებლისგან განსხვავებით, ყველას არ აქვს სამსახურებრივი და მორალური ვალდებულება, რომ სხვებს მიუძღვნას თავისი ადამიანური რესურსები თუ უნარ-ჩვევები.

და აი, როცა სკოლა დაცლილი იყო მოსწავლეებისგან, დარუს მოხუცმა კორსიკელმა ჟანდარმმა ბალდუჩიმ ტყვედ მოუყვანა დამნაშავე არაბი, რომელსაც ნასესხები ხორბლის გამო გაჩაღებული კონფლიქტის დროს საკუთარი ბიძაშვილისთვის ნამგლით ყელი გამოეჭრა. გარშემო ომიანობის მოლოდინში იყო ყველა. ბალდუჩი ჩიოდა, რომ ელ ამერში პოლიციის მთელ დეპარტამენტს 12 კაცი იცავდა და რესურსი არ ჰყოფნიდათ, ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ ელ ამერიდან ტანგიტამდე დამნაშავის მიყვანა დარუსთვის ეთხოვათ. მას ტყვესთან ერთად 20 კილომეტრი უნდა გაევლო და დამნაშავე მართლმსაჯულებისთვის ჩაებარებინა. ბალდუჩი წუხდა, დამნაშავის სოფელი დრტვინავს და თანამოძმის გათავისუფლებას ითხოვსო. თვითონ დამნაშავე ერთი უწყინარი, საწყალი ახალგაზრდა კაცი იყო, ძალიან ეშინოდა სამართალდამცველებისა. მის მზერაში შიში და მუდარა ირეკლებოდა. რას მიზამენ? – ეკითხებოდა მასწავლებელს. დარუს იმის გაგება აინტერესებს, ნანობს თუ არა დამნაშავე დანაშაულს. მასწავლებელი უარს ეუბნება ბალდუჩის ტყვის დატოვებასა და სამართალდამცველებისთვის გადაცემაზე. კი, ის მკვლელია, მაგრამ დარუსთვის ადამიანი იყო და არ სურდა მის გაცემაში მონაწილეობა. „ვერა, ვერ გავცემ!“ – ეუბნებოდა მასწავლებელი ჟანდარმს. თუმცა სხვა გზაც არ იყო. დარუ ენდო მკვლელს. ღამე თავისთან დაიტოვა, შეკრული ხელები გაუხსნა, გულუხვად მიართვა სასმელ-საჭმელი. მიუხედავად ჟანდარმის გაფრთხილებისა, უიარაღოდ იყო მის გვერდით, არ შეშინებია მის სიახლოვეს დაძინების. მეორე დილასაც კარგად ასაუზმა და გზას გაუყენა. მისთვის მომარაგებული ჰქონდა ფულიც, საკვებიც და როცა გზაგასაყართან დადგნენ, დარუმ ტყვეს ორი გზა აჩვენა, გზა, რომელიც აღმოსავლეთით, ტანგიტისკენ, ციხისკენ, მიდიოდა და მეორე გზა – სამხრეთისკენ, პლატოზე, საიდანაც მომთაბარეთა იალაღები იწყებოდა და ტყვეს შეეძლო იქ ეპოვა თავშესაფარი. მასწავლებელმა სტუმარი ამ გზაგასაყარზე დატოვა და თავად სკოლაში დაბრუნდა. დაფაზე მის მიერ დახატულ საფრანგეთის მდინარეთა ხვეულებს შორის ვიღაცას გაუწაფავი ხელით წაეწერა: „შენ ჩვენი ძმა გაეცი და იცოდე, გაზღვევინებთ!“. მასწავლებელი მარტო იყო შურისმაძიებელი ბრბოს წინაშე, ხოლო იმ ბრბომ არც იცოდა, რა გააკეთა მასწავლებელმა მათი თანამოძმისთვის.

მოთხრობის იდეა სწორედ დარუს მიერ მკვლელისთვის შეთავაზებულ არჩევანთან არის დაკავშირებული. მასწავლებელმა დაინახა, რომ დამნაშავემ მართლმსაჯულების გზა აირჩია. დარუ ხედავდა, როგორ მიაბიჯებდა არაბი აღმოსავლეთისკენ: „დარუს გული შეეკუმშა, როცა ამ მსუბუქ ნისლში თვალი მოჰკრა არაბს, მძიმედ რომ მიაბიჯებდა ციხისაკენ მიმავალ გზაზე“.

ღირსეული მასწავლებელი მოსწავლეს იმპერატიულად კი არ კარნახობს გზასა და არჩევანს, არამედ უთითებს, ასწავლის არჩევას თავისუფალი ნებით.

ნდობის მოპოვება, ღირებულებების სწავლება, ჰუმანიზმის, სიყვარულისა და თავისუფლების შეთავაზება, ცხოვრების გზის ჩვენება – მასწავლებლის საქმეა.

რევაზ ინანიშვილის ნოველა „შორ, თეთრ მწვერვალში“ ვხვდებით შინდელაშვილის მეოცნებე ბიჭს, რომელიც ფიქრებით თავისი სოფლის სანახებში დაფრინავს, ხოლო მასწავლებელს მისი არაფერი ესმის, მხოლოდ გრამატიკულ ნორმას ეკითხება. ბიჭს თვალებში გაურკვევლობის ბურუსი უდგას, მასწავლებლის კომენტარი კი გამგმირავია. „ვაი, შენს პატრონს, უბედურს, ჰგონია სკოლაში გამოგგზავნა შენც!“- ზიზღით თქვა მასწავლებელმა, მაგიდიდან ბლოკნოტი აიღო და წითელი ავტოკალმით რაღაც ჩაინიშნა“. ასეთი მასწავლებლებიც არიან და არიან რეზო ინანიშვილის ნოველა „დამრიგებლის“ მთავარი გმირის მსგავსი ადამიანებიც, რომლებიც ცხოვრების გზის მანათობლად რჩებიან თავიანთი მოსწავლეებისთვის.

კამიუს „სტუმარი“ დარუს სახით გვთავაზობს იდეალური მასწავლებლის სახეს. მისთვის ღვთის მიერ გამოგზავნილი სტუმარია ყოველი ადამიანი, ყოველ მათგანში სიკეთის მარცვლების დანახვა სურს, სწამს ადამიანთა გაკეთილშობილების იდეისა. ძალაც შესწევს საიმისოდ, რომ გავლენა მოახდინოს, შეცვალოს, გააჯანსაღოს ადამიანთა სულები. ალბათ ეს არის მაღალი მისია მასწავლებლისა, რომლისთვისაც ღირს სიცოცხლეც და ენერგიის გაღებაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი