პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ნივთები მხატვრული ლიტერატურიდან

გახსოვთ, ჰაკლბერი ფინი ჯიმთან ერთად ორსართულიან მცურავ სახლში ბალთებმოგლეჯილ სამგზავრო ჩემოდანს, თუნუქის ძველ სანათს, ბამბის დაძენძილ საბანს, ირმის დახვეულ ტყავს რომ იპოვის? ალბათ, თქვენც გააცოცხლებდით გონებაში პეპის სკივრიდან ამოქექილ ნივთებს: ტანსაცმელს, ჭოგრიტს, ძველებურ წიგნებს, ოქროს ფულით სავსე ტომარას… დედამიწის ცენტრის გამოსაკვლევად პროფესორი ლიდენბროკი საჭირო ხელსაწყოებს რომ იმარაგებს, თუ დაჰკვირვებიხართ? ეიგელის თერმომეტრი, მანომეტრი, ქრონომეტრი, წერაქვები, კომპასები, ღამის ჭოგრი, რუმკორფის აპარატი – ასე ერთად თავმოყრილი უცნაური სახელწოდებები სხვაგან არ შემხვედრია. სიერა-მორენას მთებში ფათერაკების საძებრად მიმავალმა დონ კიხოტმა ნახევრად დამპალ ჩემოდანში ჰოლანდიურ ტილოს პერანგებთან და ოქროს ფულთან ერთად ძვირფასყდიანი უბის წიგნაკი რომ იპოვა, ეს ეპიზოდიც ჩემს მეხსიერებაში დაილექა.

წიგნის კითხვისას დიდ სიამოვნებას მანიჭებს ნივთების ჩამონათვალი. სათითაოდ ვხაზავ, ვაკვირდები და ვცდილობ, გამოვიცნო მწერლის ჩანაფიქრი. მის ინტელექტსაც კიდევ უფრო ნათლად ვხედავ და მრავალფეროვანი ნივთები წიგნის გარემოს მეტ ინდივიდუალიზმს ანიჭებს.

წიგნებში აღმოჩენილი ნივთების მიხედვით მოსწავლეებისთვის საინტერესო გაკვეთილის ჩატარების სურვილი გამიჩნდა. სხვადასხვა ხერხით შეიძლება ნივთების ირგვლივ გაკვეთილის აკინძვა, მაგალითად:

  1. სახალისო დავალებების შეთავაზება;
  2. წიგნის გაცნობა;
  3. ცნობისმოყვარეობის აღძვრა;
  4. ახალი სიტყვების სწავლება;
  5. ნივთების ჩამონათვალზე ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვა და თარგმანზე დაკვირვება-შედარება;
  6. კეთებით სწავლების ჩართვა – დიორამის ან ნივთების კოლაჟის დამზადება.

მოსწავლეთა ასაკის მიხედვით შევარჩიოთ წიგნები. ამოვბეჭდოთ ეპიზოდი, სადაც ნივთებია ჩამოთვლილი. დავურიგოთ ჯგუფებს და დავავალოთ, დააკვირდნენ ნივთების ნუსხას, გამოიცნონ წიგნის ჟანრი, პერსონაჟის ადგილმდებარეობა და მიზანი, გააანალიზონ ეპიზოდში აღწერილი სიტუაცია.

შემდეგ ამოწერონ უცნობი სიტყვები. განვუმარტოთ და შევავსებინოთ სიტყვის რუკა, მოიფიქრონ ახალი წინადადებები. მოვამზადოთ უცხო სიტყვათა პოსტერი და ფერადი ბუშტის გამოყენებით წყვილებში ვათამაშოთ მოსწავლეები. დაფაზე გაკრული პოსტერიდან უნდა ამოიკითხონ ერთი სიტყვა და მეწყვილეს გადაუგდონ ბუშტი. ასე სათითაოდ იქამდე უნდა ითამაშონ, სანამ სიტყვებს არ ამოწურავენ. ამ თამაშის წესები შეგიძლიათ სიტუაციის მიხედვით ცვალოთ, მაგალითად, ცოტა ხნის შემდეგ დაფიდან ჩამოხსნათ პოსტერი და რისი დამახსოვრებაც შეძლეს, იმ სიტყვების გამოყენებით განაგრძონ თამაში.

სიტყვების შესწავლის შემდეგ დაფაზე ვაკრავთ პოსტერს, რომელზეც დახატული იქნება  წიგნების  ყდები. იმ ეპიზოდის მიხედვით, რომელშიც ნივთებია ჩამოთვლილი, თითოეული წიგნის შესახებ ვესაუბროთ მოკლედ, ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი კითხვით დავიწყოთ და შემდეგ ყურადღება გავამახვილოთ წიგნის პერსონაჟებსა და მთავარ სათქმელზე.

 „ჯადოქრის ქუდი“ – ტუვე იანსონი

„დედა მუმინმა ბარგის ჩალაგება დაიწყო. მან ერთ ადგილას დაახვავა პლედები, ქვაბები, ყავადანი, უამრავი საჭმელი, მზესუმზირას ზეთი, ასანთი… შემდეგ ჩაალაგა ქოლგები, თბილი ტანსაცმელი, სათქვეფელა, ბალიშები, კოღოების ბადე, საბანაო კოსტიუმები, სუფრა და თავისი ჩანთა“. – გვ. 57-58

გაიხსენეთ, როდესაც პიკნიკზე მიდიხართ, რა ნივთებს ამზადებს დედა? – ამ კითხვით დავიწყებდი წიგნის შესახებ საუბარს. პასუხების მოსმენის შემდეგ კი ტუვე იანსონის „ჯადოქრის ქუდს“ გავაცნობდი: წარმოიდგინეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მეგობრებთან ერთად იპოვეთ ცილინდრი, მოგრძო ფორმის ქუდი და თქვენი ზაფხული ათასი საინტერესო, სახალისო, ცოტა საშიში და ამავე დროს, კეთილი ამბებით დაიხუნძლა. ამ ეპიზოდში მწერალმა დედა მუმინის ხასიათი გამოკვეთა. ის ძალიან მზრუნველი და თადარიგიანია. თუკი გსურთ, შეიტყოთ, რისთვის ამზადებდა დედა მუმინი ნივთებს, წაიკითხეთ წიგნი და თავად აღმოაჩინეთ.

ეპიზოდის მიხედვით შევთავაზოთ დავალების ინსტრუქცია:

  • წარმოიდგინე, რომ დედა პიკნიკისთვის ემზადება. მოიფიქრე ათი საჭირო ნივთი, რომლებსაც დედა წასაღებად მოაგროვებდა და ჩამოწერე.
  • თითოეულ ნივთს შეურჩიე ერთი შესაბამისი ზედსართავი სახელი, მაგალითად, თუკი ჩაწერ პლედს, როგორი იქნებოდა იგი: ჭრელი, ნაქსოვი, კუბოკრული თუ დალაქავებული?

 

„გედის საყვირი“ – ე.ბ. უაითი

„ბანაკში გამგზავრების წინა საღამოს სემი ზურგჩანთის ჩალაგებას შეუდგა. ჩაალაგა კედები და მოკასინები, ჩადო მაისურები, რომლებსაც გულზე ბანაკი „კუკუსკუსი“ ეწერა, პირსახოცში გაახვია და ჩადო ფოტოაპარატი, ჩააწყო ანკესი, კბილის ჯაგრისი, სავარცხელი და თმის ჯაგრისი, სვიტერი, პონჩო და ჩოგბურთის ჩოგანი; ასევე, ერთი დასტა ფურცლები, ფანქრები და საფოსტო მარკები, სამგზავრო აფთიაქი და წიგნი სათაურად „როგორ გავარჩიოთ ფრინველები ერთმანეთისგან“.

ოდესმე თუ ყოფილხარ ბანაკში ან რა იცი ბანაკების შესახებ? წიგნში „გედის საყვირი“ შენი ტოლი ბიჭი, სემი, ბანაკში მიემგზავრება. როგორც ხედავ, ძალიან საინტერესოდ გამოიყურება მისი ზურგჩანთა. ალბათ, იფიქრებ, ეს წიგნი ბანაკში თავსგადახდენილ თავგადასავლებზეა, თუმცა, ეს მხოლოდ ერთი მონაკვეთია. სემთან ერთად შენ გაიცნობ გედების ოჯახს და მის ერთ-ერთ წევრს, ლუის. პატარა გედს ლაპარაკი არ შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერავის მოხიბლავს და თავსაც გარიყულად გრძნობს. ლუი დედ-მამის ბუდიდან გაიქცევა და დამოუკიდებლად შეეცდება თავის დამკვიდრებას. შეიძლება, გაგიკვირდეს, როცა გაიგებ, რომ გედმა, სახელად ლუიმ, საყვირზე დაკვრა ისწავლა და საკუთარი შესაძლებლობებით ადამიანებიც მოხიბლა. სემი კი ლუის ერთგული მეგობარია. მუსიკოსი გედის ზღაპრული ამბების მიღმა ეს წიგნი სიკეთეს, მეგობრობას, გულწრფელობას, დანაშაულის აღიარებას გასწავლის, თავგადასავლებისა და საკუთარი ძალების სურვილს აღგიძრავს, ისეთი ადამიანების შემჩნევას გასწავლის,  რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ და მათი ცხოვრების წესის გაცნობა კარგ მოქალაქედ გაქცევს.

დავალების ინსტრუქცია:

  • წარმოიდგინე, რომ ბანაკში მიდიხარ. დახატე ზურგჩანთა და ის ნივთები, რომლებსაც ბანაკში წასაღებად მოამზადებდი.
  • სემმა ბანაკისთვის ერთი წიგნი წაიღო, სახელად „როგორ გავარჩიოთ ფრინველები“. შენც შეარჩიე ერთი წიგნი ბანაკში წასაკითხად. დაწერე წიგნის ავტორი და სათაური. პასუხი წერილობით დაასაბუთე, რატომ წაიღებდი შენ მიერ შერჩეულ წიგნს?

 

„ექიმ დულიტლის მოგზაურობა“ – ჰიუ ლოფტინგი

„ამ ძებნაში მათ ბევრი საოცარი ნივთი აღმოაჩინეს, რომლებიც, სავარაუდოდ, მეკობრეებს გემების ძარცვით მოეგროვებინათ. რა აღარ იყო აქ: ობობას ქსელივით ნაზი ქიშმირის შალი – ოქრომკედით ნაქარგი და ყვავილებით მორთული; იამაიკური თამბაქოს ქილები; სპილოს ძვლის, ჩუქურთმიანი, არომატული ჩაით სავსე ყუთები; ძველი, მოხატული ვიოლინო, მარჯნისა და ქარვისაგან გამოთლილი ჭადრაკის ფიგურები; ხელჯოხი, რომლიდანაც სახელურს თუ ამოსწევდი, ხმალი ამოდიოდა; ფირუზისა და ვერცხლის არშიით დამშვენებული, ობოლი მარგალიტისგან დამზადებული ღვინის ჭიქები, მარგალიტებისგან გაკეთებული დიდი, ლამაზი საშაქრე… მაგრამ, აი, გასაღები კი, მთელ გემზე ვერსად იპოვეს“.

 შენ თუ იცნობ ვეტერინარს, ცხოველების მკურნალს? „ექიმ დულიტლის თავგადასავალი“ გაგაცნობს მსოფლიო ლიტერატურაში  ერთ-ერთ ყველაზე კეთილ ექიმს, რომელიც ფულს მეგობრისგან ისესხებს და დაავადებული მაიმუნების გამოსაჯანმრთელებლად შორეულ აფრიკაში გაემგზავრება. გზაში ბევრ ხიფათში გაეხვევა, თუმცა დამხმარე ძალებიც მყისიერად გამოუჩნდებიან ხოლმე. ერთხელ დელფინებმა წყალმცენარეებისგან მოქსოვილი ბადით ხახვი მიუტანეს, მერცხლებმა კი საბაგირო თოკი წვრილად დაშალეს, ნისკარტებზე გამოიბეს და ექიმის ძველი გემი მთელი სისწრაფით გააქროლეს. რას გვასწავლის ეს წიგნი? იმას, რომ სიკეთის კეთება მარტივი არ არის. სიკეთის გზის არჩევისას ბევრი ფათერაკი ხვდება ადამიანს, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს. სამყარო საჭირო დროს მუდამ გვიგზავნის კეთილ ძალებს და უფრო უშიშრებიც ვხდებით.

დავალების ინსტრუქცია:

  • ექიმი დულიტლი და მისი ცხოველები მეკობრეების მიტოვებულ გემის განჯინაში ბევრ უცხო ნივთს იპოვიან. წარმოიდგინე, რომ მეგობრებთან ერთად მიტოვებულ გემზე აღმოჩნდი. ჩამოწერე ნივთები, რომლებსაც შენი წარმოდგენით იქ იპოვიდი. შეეცადე ნივთებს ზედსართავი სახელები შეურჩიო.

შემაჯამებელი დავალების ინსტრუქცია:

  • შენ რომ მწერალი იყო, რის შესახებ დაწერდი წიგნს? შეარჩიე თემა – ზღვაზე, მთაში ან უცხო ქვეყანაში მოგზაურობა, მიტოვებულ კუნძულზე აღმოჩენა, მეკობრეობა, განძის პოვნა… დაწერე ერთი ეპიზოდი, რომელშიც აღწერდი მთავარი პერსონაჟის ზურგჩანთას. მოიფიქრე, რა ნივთებს წაიღებდა შენი გამოგონილი პერსონაჟი მოგზაურობის დაწყებისას.

ვფიქრობ, ნივთების ირგვლივ აკინძული გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეები თავადაც დაიწყებენ წიგნებში ნივთებზე დაკვირვებას, გაზიარებას და დროსთან ერთად წიგნებში აღმოჩენილი ნივთებით ავტორებისა და სათაურების კოლაჟს შექმნიან.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი