შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

პოსტდეპრესიული ჩანაწერები 

ადამიანი გამოსვლის არსებაა. დედის მუცლიდან გამოსვლა. სამოთხიდან გამოსვლა. გამოსვლის წიგნი. ამირანი – როგორ ახვევენ ფურ- კამეჩის ტყავში ახალშობილს და გამოდის, ორმოცი დღე ბნელში ზის და გამოდის, გველეშაპი ჩაყლაპავს, მუცელს გამოჭრის და გამოდის. თავისუფლებაც გამოსვლის საქმეა, ციხიდან გამოსვლის – ნამდვილის თუ პირობითის. და ყველაზე დიდი და უმისამართო გამოსვლა – სიკვდილი. სხეულიდან გამოსვლა და იქ წასვლა, რა მისამართიც უცხო რჩება, რადგან იმ გზის მეხსიერება არავის აქვს ცოდნად – მხოლოდ წარმოდგენები. გამოსვლით იბადება ადამიანი და გამოსვლითვე ვითარდება. ამიტომაც არის რომ დიდი დარდისას, როცა სხეული იწრიტება სიხარულის სისხლისგან და მშრალი, დაღლილი ძარღვები როგორც მოულოდნელ ზამთარში ძველი მილები, ისე იყინებიან – გვეშინია ოთახისგან გამოსვლის, თავზე წაფარებული საბნიდან გამოსვლის შიშით ვძრწით, აკვიატებული ფიქრების ჯოჯოხეთური წრებრუნვისგან გამოსვლის. რადგან გამოსვლა დაბადებას ნიშნავს, ჩვენ კი სიკვდილი გადაგვაწყვეტინეს. ან გადავწყვიტეთ. დღეები გადის და გრძნობ, როგორ ასდის შენს სულს მიტოვებულ სახლში ნაპოვნი გვამის სუნი. შენი გონება ფეხმძიმეა სიკვდილით და ვერ მშობიარობს. და არ იცი, როდის გაიხრწნება ბოლომდე მკვდარი ნაყოფი, რომ უსაშველოდ მოიწამლო და სულთან ერთად სხეულიც მოკვდეს, ჯანმრთელი და უვნებელი, გაუგებრად ჯანმრთელი. გძულს ეს უცნაური ჯანმრთელობა. გძულს და წყევლი.

თითქმის ყოველ შუაღამისას, მეღვიძება და საშინელი ფიქრები მიპყრობს. ამ ომის განუცდელს, ძნელად წარმოუდგენია რა ტანჯვაა ამგვარი ფიქრი. მახსენდება ის ენითაღუწერელი წამება, რომელმაც ასობით დღე გააუქმა და ყრუ ჯოჯოხეთად აქცია. ვიგონებ, როგორ ვუყურებდი საათის ისრებს და ვერ ვხვდებოდი, რა აზრი ჰქონდა მათ ტრიალს, თუ მომდევნო დღე ამ წამებას გარდაუვალად გაიმეორებდა. დილით, თვალებს ვახელდი თუ არა, სადღაც სამწამიანი ბურუსის შემდეგ, ისევ ეს საზარელი ინკვიზიცია იწყებოდა. ჰოდა, ღამით მახსენდება და ადამიანი იღვიძებს ჩემში. ისეთი, როგორიც ჩვეულებრივ ვართ ხოლმე – შურისმაძიებელი, სხვისკენ ხელის გამშვერი. ძნელია ძალიან საკუთარ თავში ადამიანის დაცხრობა. ალბათ გახსოვთ გენიალური ფრაზა ,,სამანიშვილიდან”: ,,მე შემიბრალა ვინმემ?” ძალიან ზუსტი კითხვაა, ძალიან ადამიანური. მაგრამ ჩვენი მთავარი ბრძოლაც ხომ ამ კითხვის გადალახვაა. ტანჯვით. მოუთმენლობის მოთოკვით და საცდურების გაძევებით. მივდივარ სარკესთან და თავს ვეუბნები: ,,შენ არ შეგიბრალეს, შენ შეიბრალე!” ,,თითი მხოლოდ საკუთარი თავისკენ გაიშვირე!” ,,ცილი დაგწამეს? აპატიე!” ,,გადაჭარბებულად გგვემეს? ის მცირედიც მოინანე!” სათქმელად პათეტიკურია ეს ვარჯიში, მაგრამ სხვანაირი მე არ ვიცი – ასე ვაჯერებ და ვამშვიდებ საკუთარ თავს. ვწვები. გული ყელში მიცემს და მთელ სხეულში შფოთვის ჭიანჭველები დამდის. მაგრამ აღარ მეშინია. აღარ მეშინია ჩემში ყველაზე სასტიკი და მძვინვარე მხეცის – ადამიანის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი