ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

…“რომელნი იქმან უსჯულოებასა“…

 ქართული ჰაგიოგრაფია ჩვენი ეროვნული სიამაყის საგანია მსოფლიო კულტურის არენაზე. ესოდენ ძველი და ამავე დროს მაღალმხატვრული ძეგლებით ნამდვილად შეგვიძლია მოვიწონოთ თავი და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ წმინდანთა წამებისა და ცხოვრების ამსახველი ტექსტები ჩვენი ახალი თაობების გონებასთან, სულიერებასთან და გულთან ახლოს მივიტანოთ, რადგან ისინი სულის მკურნალი, მაგიური ტექსტებია.

ლოგოსის ყველაზე დიდი ჯადოქარი  უაპელაციოდ გიორგი მერჩულეა, რომლის თხზულება გვიხატავს მერვე-მეცხრე საუკუნეებში ტაო-კლარჯეთში მოღვაწე მამათა ორდენის საოცარ სახეებს.  ასე მგონია, რომ გიორგი მერჩულე წიგნის ბაზარზე თანამედროვე მარკეტინგის საიდუმლოებებსაც ფლობდა მეათე საუკუნეში. მან შექმნა ტექსტი, რომელიც ზედმიწევნით იცავს ჟანრის კანონებს და ამავე დროს იმდენი ნოვატორული ელემენტია შეტანილი მასში, იმდენად დამაინტრიგებელი, მიმზიდველი და მრავალშრიანი ტექსტია, თანამედროვე სამყაროში რომ ეცხოვრა, მსოფლიო ბესტსელერების ავტორობაში ვერავინ შეეცილებოდა.

87 თავისაგან შემდგარი ნაწარმოები ასახავს წმინდანთა ცხოვრებისა და საქმიანობის უნიკალურ ისტორიებს და მათ პარალელურად მოთხრობილია სამი რომანული ეპიზოდი, რაც წარმოუდგენელი იყო მისი წინარე ეპოქის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებებისთვის. პირველი გახლავთ მე-12 თავში მოთხრობილი ზენონის დის ამბავი, ხოლო 55-ე-59-ე თავები მოგვითხრობს აშოტ კურაპალატისა და მისი ძის, ადარნესეს სატრფიალო-სამიჯნურო თავგადასავლებს. მართალია, სამივე ამ ეპიზოდის მიზანი არის არა იმდენად სასიყვარულო ისტორიების თხრობა, არამედ მათ ფონზე წმინდა მამათა მტკიცე ნებელობის მქონე სახეების გამოკვეთა, თუმცა ამ ეპიზოდების სწავლების დროს გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ცხარე დისკუსიები გავმართოთ მათში გამოკვეთილ მორალურ-ეთიკურ პრობლემებზე და მოვისმინოთ უაღრესად საინტერესო დებატები მოსწავლეებს შორის. მოგეხსენებათ, ამ ტექსტებზე ვმუშაობთ მეათე კლასში და მეთორმეტე კლასში, როგორც სააბიტურიენტო პროგრამულ მასალას, კვლავ ვუბრუნდებით ჰაგიოგრაფიას.  ეს პროცესი ბავშვებში აღვიძებს  ღრმა ინტერესს ამ ნაწარმოებისადმი, რადგან ტექსტი ცოცხალი, თანამედროვე, ანალიტიკური უნარების მაპროვოცირებელია მათთვის.

 ამჯერად შევეცდები ვისაუბრო იმის გარშემო, თუ როგორ წავიკითხოთ აშოტისა და ადარნესეს სატრფიალო თავგადასავლები, რადგან ეს ეპიზოდები მრავალფეროვანი ინტერპრეტაციების შესაძლებლობას იძლევა. იკვეთება ორი წყვილი: აშოტი და მისი სიძვის დედაკაცი და ადარნესე და მისი საყვარელი. ისტორიები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, მოქმედ გმირთა ხასიათები და მორალური პორტრეტებიც განსხვავებულია. ზოგადად, აშოტ მეფის ოჯახი ნაწარმოების მთელ სიუჟეტში აქტუალური, აქტიური, საინტერესო და პატივსაცემია როგორც პერსონაჟების, ისე მკითხველისთვისაც. მამა გრიგოლი აშოტ მეფის კარზე კეთილშობილმა ერისკაცმა – გაბრიელ დაფანჩულმა წარადგინა და ამ დღის შემდეგ უდაბნოს მამებსა და სამეფო ოჯახს შორის მჭიდრო კავშირები გაჩნდა. აშოტ კურაპალატი ღვთისმოსავი, კეთილმსახური მეფე იყო. ის და მისი ვაჟები უშურველად ეხმარებოდნენ უდაბნოს მამებს საეკლესიო მშენებლობებში. როცა აშოტის მუხანათური მკვლელობის ამბავი შეიტყო, მამა გრიგოლმა გულწრფელად იგლოვა ის და ასე მიმართა მის სულს: „ჰოი, მეფეო ჩემო, ძლიერო და დიდებულო, სიმტკიცეო ეკლესიათაო და ზღუდეო ქრისტიანეთაო! სადაით-მე მოგელოდი, აღმოსავალით-მე ანუ დასავალით, ჩრდილოით-მე ანუ სამხრით? რამეთუ ყოველთა ზედა ნათესავთა მფლობელი იყავ, რომელიცა წყობით ხელმწიფეთა დაიმორჩილებდ, საკვირველი ეგე დიდებული ღმრთისმსახური ხელმწიფეი“.

როცა მამა გრიგოლმა აშოტის სულის გამხრწნელი საქმის შესახებ შეიტყო (რომ მეფემ სასახლეში, ცოლ-შვილის გვერდით, სიძვის დედაკაცი მიიყვანა და ის მეჭურჭლეთუხუცესადაც დანიშნა), შეწუხდა და პირისპირ ამხილა ის, მეფემ ცოდვის დაძლევა აღუთქვა, მაგრამ პირობა ვერ შეასრულა, რადგან ვნებებს დაემონა. მამა გრიგოლმა მეფის არყოფნისას ქალი სასახლიდან მერეს დედათა  მონასტერში წაიყვანა, ხოლო იქ მის წამოსაყვანად მისული მეფე დედა ფებრონიამ ამხილა უსჯულოებაში და მართლმხილებისგან დარცხვენილმა მეფემ სიკვდილი ინატრა.

აშოტ მეფეს მოსწავლეთა შორის გამოუჩნდებიან ხოლმე „მორალის პროკურორებიც“ და „ადვოკატებიც“. ამ უკანასკნელთა არგუმენტები ამგვარია: 1. მეფე, სავარაუდოდ, უსიყვარულოდ იყო დაქორწინებული, როგორც ხდებოდა უმრავლეს შემთხვევაში და თავს უბედურ ადამიანად გრძნობდა, სიყვარულისა და ბედნიერების უფლება კი ყველას აქვს; 2. თითქმის ყველა მეფეს სამეფო კარის შიმუნვარებსა და პირისფარეშებში უამრავი საყვარელი ჰყავდა და ამას ყველა ეგუებოდა, მათ შორის მათი მეუღლეები და შვილებიც კი და ვინაიდან მეფე დიდი საქვეყნო ტვირთით არის სულდამძიმებული, მისთვის უნდა გაეგოთ და შეენდოთ ამგვარი ცოდვები; 3. მეფე თავმდაბალი ადამიანი იყო და იმსახურებდა ცოდვის შენდობას, თანაც თუ გავითვალისწინებთ, ის როგორი თანამდგომი იყო უდაბნოს მამებისთვის, მის ცოდვაზე თვალის მოხუჭვა ურიგო არ იქნებოდა; 4. აშოტსა და სიძვის დედაკაცს „გარდარეული“ სიყვარული ჰქონდათ, რაც იშვიათობაა და როცა ასეთი სიყვარულია, ადამიანის წამებაა მისი წართმევა, მათი გაგება უნდა შეძლოს საზოგადოებამ; 5. მეფის საყვარელიც თავმდაბალი, მორჩილი, კეთილშობილი, მონანიე ქალი აღმოჩნდა, რაც ადასტურებს, რომ წყვილი შორს იყო ამპარტავნების, ბოროტმოქმედების, სამეფო კარის ინტრიგების ცოდვებისგან და ისინი თანაგრძნობას იმსახურებდნენ; 6. ამაღლებული სიყვარული საზოგადოების თანაგრძნობას ყოველთვის იმსახურებს.

აშოტის „მორალის კრიტიკოსთა“ არგუმენტები ბევრად მყარი და დამაჯერებელია. აი, ისინიც, ყველაზე გავრცელებული რიტორიკის მიხედვით: 1. მეფე სამთავროს სახე და როლური მოდელია და მას არ ეპატიება ამორალური ქმედებები; 2. კანონიერი მეუღლის ღალატს გამართლება არ აქვს; 3. მეფის ამ არჩევანის გამო დაიტანჯებოდნენ დედოფალი და შვილები; 3. მეფის რეპუტაციის შელახვა საზოგადოების თვალში საზიანო იყო სამეფოსთვის; 4. თუკი მეფეს ამ ქალის გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო, ის უნდა გადამდგარიყო ტახტიდან, განქორწინებულიყო და საყვარელი ცოლად შეერთო; 5. ვინაიდან ამას არ და ვერ აკეთებდა, როგორც ჩანს, ქალი მისთვის არც იმდენად მნიშვნელოვანი იყო, ეს მისი ვნება და გატაცება იყო და უმალ მის სიყვარულს შეელია, ვიდრე – ტახტსა და ძალაუფლებას; 6. მეფეს სუსტი ნებისყოფა, ცოდვით დაცემა და სინდისის ქენჯნა ფსიქოლოგიურად დაასუსტებდა და ის ვერ გაუძლებდა ბევრ გამოწვევას, რაც საზიანო იყო სამეფოსთვის. 7. მრუშობის ცოდვასთან ერთად ამორალური იყო საყვარლისთვის მნიშვნელოვანი თანამდებობის მინიჭება და ძალაუფლებით აღჭურვა.

დედა ფებრონიას მხრიდან მეფის მართლმხილება დავით ფსალმუნთმეტყველის სიტყვებით „მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა თანა კაცთა, რომელნი იქმან უსჯულოებასა“ თითქოს ჰაერში ტრიალებს სამარადჟამოდ და შეძრწუნებულ კურაპალატს ათქმევინებს: „ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არს!“

აშოტისა და სიძვის დედაკაცის ისტორიას ვასილ ბარნოვმა ექსპრესიული რომანი უძღვნა „ტრფობა წამებულის“ სახით, მაგრამ ამ ნაწარმოებმა მკითხველის დიდი სიმპათიები და პოპულარობა მაინც ვერ მოიპოვა, რადგან ამ სიყვარულის ღვთაებრიობის დამტკიცება მამა გრიგოლისა და დედა ფებრონიას გმობის ხარჯზე არ გამოდგა დამაჯერებელი. ამ ორი უდიდესი მოღვაწის ეშმაკის მოციქულებად გამოყვანა თანამედროვე მკითხველისთვის ათეისტურ საბჭოთა ეპოქაში ეკლესიის, უმძლავრესი ინსტიტუციის, სულიერების კერის, გმობად და საბჭოთა ხელისუფლებისთვის კოჭის გაგორებად ფასდება.

განსხვავებით, აშოტისა და მისი სატრფოს სიკეთისგან, ადარნესე და მისი საყვარელი, მრუშობის ცოდვის გარდა, მრავალი მორალურ-ეთიკური კანონის დამრღვევლებად გვევლინებიან. მათი „ადვოკატირება“ ძალიან ძნელია. წყვილმა ადარნესეს უდანაშაულო და ღვთისმოსავი მეუღლის, ანასტასია-ბევრელისის მრუშობის ცილისწამებით სცადა ბედნიერების მოპოვება, მაგრამ ცილისწამება იმდენად მძიმე ცოდვაა, ის ადამიანს არასდროს მისცემს მოსვენებას. ადარნესემაც და მისმა საყვარელმაც მწარედ აგეს პასუხი ამ უღმერთობის გამო. ბევრელისი უმაღლესი მორალის ადამიანი აღმოჩნდა. იგი უსიტყვოდ გაეცალა ცილისმწამებელ მეუღლეს და მამასთან, ხელმწიფე ბაგრატ შაროელთან, დაბრუნებულმა უმძიმეს ასკეტიზმში გალია წუთისოფელი,   თანაც, როცა მასთან ქმარყოფილის მიერ მიგზავნილი კაცი შენდობის სათხოვნელად მივიდა, დედა ანასტასიამ გულწრფელად მიუტევა ადარნესეს უმძიმესი ცოდვა.

სასურველია, რომ მოსწავლეებს გავაცნოთ ვრცელი ტექსტიდან, თუ რა ბედნი ეწია ადარნესეს საყვარელს. გამაოგნებელია მისი თავგადასავალი. მან ბევრელისის უბედურებაზე ბედნიერება მაინც ვერ აიშენა. ადარნესემ ცოლად სხვა ქალი შეირთო, „ხოლო  დედაკაცი იგი შემასმენელი ბოროტად ეშმაკეულ იქმნა და განცოფნა და სხუანიცა განსაცდელნი მიიწინეს მის ზედა საქმეთაებრ მისთა უკეთურთა. და ესრეთ იყო საშინელ და ზარისსახდელ ხილვაი მისი და სმენაი სიტყვათა მისთაი“… როცა ქალმა დედა ფებრონიას შესთხოვა, რომ ცოდვა შეენდო მისთვის მამა გრიგოლს, წმინდა მამა უმკაცრესი და შეუვალი აღმოჩნდა. მან შეუნდო აშოტის საყვარელს და დაჰპირდა, რომ ქრისტესთან თავდებად დაუდგებოდა, რადგან შეატყო ქალს გულწრფელი სინანული და ცოდვის დაძლევის სურვილი, ხოლო ადარნესეს საყვარელზე თქვა, რომ ”უძვირესნი განსაცდელნი აღიძრნეს მაგას ზედა ამისათვის, რამეთუ საცთურ ექმნა ეგე ღმრთისმსახურსა ხელმწიფესა და სარწმუნოი ცოლი მისი განაშორა, რამეთუ განთქვა სახელი მისი, ვითარცა მეძვისაი და კვალად სისხლი უბრალოისა ჭაბუკისაი დასთხია“.

შემაძრწუნებელი იყო მოულოდნელი აღსასრული ამ ცოდვილი და გულბოროტი ქალისა და სიკვდილის შემდგომი სასჯელი – მისი ცხედარი სამჯერ ნახეს საფლავიდან ამოთხრილი და სანამ მამა გრიგოლი მერეს დედათა მონასტრის ეზოში დამარხულ წმინდა დედებს საგანგებო წერილით არ შეევედრა, რომ შეენდოთ ამ ქალისთვის და მიეღოთ ის თავიანთ წიაღში, ქალი ვერც კი დაიმარხა. ამ ეპიზოდის მორალი გვასწავლის, რომ ბოროტება, ცილისწამება, ადამიანის გაწირვა, ეგოიზმი, მტაცებლური ბუნება ისჯება სასტიკად.

აშოტ მეფისა და მისი ვაჟის, ადარნესეს გასამართლება საინტერესო საგაკვეთილო პროცესია. აქვე მოსწავლეები იმასაც აღნიშნავენ, ვინაიდან „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ მეათე საუკუნის ტექსტია, ეპოქის კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ეპიზოდებში მეტი პასუხისმგებლობა ქალებს ეკისრებათ, ისინი მიიჩნევიან მაცდურებად, ისინი აგებენ პასუხს და არა მათი საყვარლები. ბუნებრივია, IX საუკუნეში მსგავსი დამოკიდებულება არ არის მოულოდნელი და საკვირველი. გენდერული თანასწორობის პრობლემა ჩვენს თანამედროვე ეპოქაშიც კი დგას, არამცთუ ასეთ შორეულ წარსულში.

გიორგი მერჩულის ეს გენიალური ნაწარმოები მრავალმხრივ მასალას იძლევა კვლევა-ძიების, ტექსტზე დაკვირვების, ანალიტიკური უნარების გამომუშავებისა და მრავალფეროვანი ინტერპრეტაციებისთვის. ამიტომაც ამ ტექსტზე მუშაობა საკლასო ოთახებში არასდროსაა მოსაწყენი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი