პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ქიმიური თეატრი წარმოგიდგენთ

ბავშვობიდან, რომ იტყვიან, მიხეილ თუმანიშვილისა და მისი კინომსახიობთა თეატრის ტრფიალი ვარ. მახსოვს, სპექტაკლები შაბათ-კვირას იმართებოდა და კვირის ბოლოს დღესასწაულივით ველოდი. ეს იყო ჩემი ჯილდო მთელი კვირის კარგი ქცევისთვის. ველოდი, რომ კვირის ბოლოს ჯადოსნურ სამყაროში აღმოვჩნდებოდი და თეატრი მოლოდინს არ მიცრუებდა. იქიდან ენერგიით დამუხტული ვბრუნდებოდი და უკვე მომდევნო კვირის ბოლოზე ვოცნებობდი. ეს ის დრო იყო, როცა ამ თეატრის მოლარე, პროგრამის გამყიდველი და გამნათებელიც კი ქუჩაში მცნობდნენ და მესალმებოდნენ, მე კი მთელი რეპერტუარი ზეპირად ვიცოდი, გმირებთან ერთად ვტიროდი და ვიცინოდი, ვსწავლობდი ავსა და კარგს.

 

მერე გავიზარდე, ყოველდღიურმა რუტინამ უფრო და უფრო ჩამითრია და ჩემი საყვარელი თეატრისთვისაც უფრო და უფრო ნაკლები დრო მრჩებოდა. ამ საღამოს, სტატიის დასაწერად მომზადებულს, „ჩემი” თეატრი გამახსენდა, ასე რომ გამილამაზა ბავშვობა, და თავს უფლება მივეცი, ორიოდე სიტყვა მეთქვა მის შესახებ. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი სტატიის თემაც თეატრია, ოღონდ არა ჩვეულებრივი, არამედ ქიმიური თეატრი…

ამ თეატრში კონფერანსიე ქიმიის სახელმძღვანელოა, მსახიობები კი – ქიმიური ელემენტები, რომლებიც პოპულარულ ენაზე წარმოგვიდგენენ თავიანთ თავს და გვეუბნებიან, რომ ნამდვილად ღირს, ცოტა რამ მაინც ვიცოდეთ მათზე.

„ქიმიური პროცესების სამყარო თეატრის სცენას ჰგავს, სადაც ერთი მოქმედების შემდეგ უმალვე თამაშდება მეორე. მოქმედი პირები ელემენტები არიან და თითოეულ მათგანს თავისი როლი აკისრია” (კ. ვინკლერი, 1897 წ.).

პირველი სცენაზე, რა თქმა უნდა, წყალბადი გამოდის. „მე წყალბადი ვარ, ბუნებაში ძალიან გავრცელებული ელემენტი. შევდივარ როგორც ორგანიზმების, ასევე არაორგანული ნაერთების შემადგენლობაში. ყველაზე მსუბუქი აირი ვარ, არც სუნი გამაჩნია, არც გემო და არც ფერი. ძალიან მიყვარს ჟანგბადი. ის ჩემგან მოშორებითაა, მისი რიგობრივი ნომერი რვაა. ვიცი, თქვენც გიყვართ. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ერთად წარმოვქმნით წყალს. წყლის გარეშე კი სიცოცხლე შეუძლებელია. ბევრი მეგობარი მყავს, მოგვიანებით გაგაცნობთ. ყველანი ერთად კი ქიმიური ელემენტები ვართ. ძალიან გვინდა, რომ მოგეწონოთ და დაგვიმახსოვროთ!”

გამოდიან ლითიუმი და ნატრიუმი. შემდეგ კალიუმის გამოსვლის დროც დგება:

„მოვერცხლისფრო-თეთრი ბზინვარე რბილი მეტალი ვარ. დანითაც კი ადვილად ვიჭრები. ძალზე რეაქციისუნარიანი გახლავართ, ჰაერზე უმალვე ვიჟანგები. ჩვეულებრივ პირობებში ქლორისა და ფთორის გარემოშიც ადვილად შეიძლება ჩემი აალება. იისფერი ალით ვიწვი. იცი, რას ვიზამ, წყალში თუ ჩამაგდე? – ცეცხლმოკიდებული „ვირბენ” და კალიუმის ტუტეს წარმოვქმნი. ოღონდ მასწავლებლის გარეშე ამის გაკეთებას არ გირჩევ. დამცავი სათვალეც გაიკეთე – ჩემთან თამაში უხიფათო არ არის. შენს ორგანიზმშიც ვარ და თავის ტვინის კუნთების მუშაობაში შეუცვლელ როლს ვასრულებ. იცი, სად უნდა მეძებო? მწვანე ლობიოში, მწვანე სალათში, ბადრიჯანსა და ბრინჯში. შეხვედრამდე”.

ამის შემდეგ სცენაზე მძიმე მეტალები გამოდიან. იციან თავიანთი ფასი და თავმდაბლობით ნამდვილად არ გამოირჩევიან.

სპილენძი: „მოწითალო ფერის ლითონი ვარ, ძალიან პლასტიკური, კარგი თბო- და ელექტროგამტარი. სხვადასხვა მინერალში მიპოვით, თუნდაც მალაქიტში. მშრალ ჰაერზე თითქმის არ ვიჟანგები, მაგრამ თუ სინესტეში მოვხვდი და იქვე ახლოს ნახშირბადის დიოქსიდიც იმყოფება, ჩემი ზედაპირი ჰიდროქსოსპილენძის კარბონატის მომწვანო ფენით დაიფარება. ჰაერზე ვიჟანგები და წარმოვქმნი შავი ფერის ოქსიდს – CuO-ს. ისე, წითელი ოქსიდის – Cu2O-ს – წარმოქმნაც შემიძლია. შენს ორგანიზმშიც ვარ, ოღონდ ძალიან მცირე რაოდენობით. მაინც გახსოვდე”.

სცენაზე ვერცხლი გამოდის. მას ფეხდაფეხ ოქრო მოჰყვება. აურუმი ნამდვილი ტრაბახაა, თუმცა აქვს კიდეც სატრაბახო:

„მე ოქრო ვარ და ამით ძალიან ვამაყობ! გახსოვთ ალქიმიკოსები? სწორედ ჩემს მისაღებად ეძებდნენ „ფილოსოფიურ ქვას”. ბუნებაში თითქმის მხოლოდ თვითნაბადი სახით ვარსებობ. მცირე რაოდენობით შემხვდებით რკინისა და სპილენძის სულფიდურ მადნებში. ჩემი კვალი ზღვის წყალშიც აღმოაჩინეს. დედამიწის ქერქში კი ოქროს შემცველობა მცირეა. ქიმიურად ნაკლებაქტიური ვარ, ჰაერზე გაცხელებითაც კი არ ვიცვლები. სამაგიეროდ, მარილმჟავასა და აზოტმჟავას ნარევში – „სამეფო არაყში” – ვიხსნები”.

სცენაზე ერთად შემორბიან ბერილიუმი, მაგნიუმი და კალციუმი. მაგნიუმი და კალციუმი ჩვენს ორგანიზმშიც არიან. პირველი ენერგიის სინთეზის რეაქციებში მონაწილეობს, მეორე კი კბილის მინანქრისა და ძვლოვანი ქსოვილის უმთავრესი კომპონენტია. შედის თავის ტვინში არსებულ ცილა კალმოდულინის შემადგენლობაშიც. ასე რომ, მაგარი კბილები, ძვლები და საღი აზროვნება – ეს კალციუმია. D ვიტამინი სჭირდება, რომ სისხლიდან უჯრედებში მოხვდეს. ერთი მტერიც ჰყავს, რომელიც მას უჯრედებიდან აძევებს და ეს მტერი თქვენ ძალიან გიყვართ. ვინ არის? კოფეინია. კოფეინის შემცველი სასმელები ზედმეტი მოგივათ და… ჩათვალეთ, რომ კალციუმი აღარ გაქვთ.

გინახავთ სიუჟეტი ბოროტი პერსონაჟების გარეშე? ისინი ჩვენს სპექტაკლშიც არიან: ქსენობიოტიკები – განსაკუთრებით საშიში მძიმე მეტალები. იცნობდეთ და ერიდეთ: კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ტყვია.

კადმიუმი თავს იმართლებს, არც ისეთი ცუდი ვარ, ბირთვულ რეაქტორებში ჯაჭვური რეაქციების დასარეგულირებლად მიყენებენო. ასეც არის, მაგრამ ისიც უნდა იცოდეთ, რომ თიოლურ შხამს წარმოადგენს, ცილების იმ ნაწილში ჩაერთვება, რომელიც გოგირდის ჯგუფებს შეიცავს და მისგან თავის დაღწევა არც ისე იოლია. თამბაქოს ფურცლებს აქვთ კადმიუმის იონების შთანთქმისკენ მისწრაფება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ლითონი სიგარეტის შემადგენლობაშიც შედის. იცით, რომ ერთი ღერი სიგარეტის მოწევის შედეგად ორგანიზმში მოხვედრილი კადმიუმის უკან გამოდევნას რამდენიმე წელი სჭირდება? და ის თუ იცით, რომ ეს პასიურ მწეველებზეც ვრცელდება? ჰოდა, ყველას აუკრძალეთ თქვენს ახლოს მოწევა. თუ კადმიუმი დიდი რაოდენობით დაგროვდა ორგანიზმში, დაავადება „იტაი-იტაი” ვითარდება.

მეორე ბოროტი გმირი ვერცხლისწყალია, იგივე ჰიდრარგირუმი, ერთადერთი თხევადი მეტალი, ალქიმიკოსების ოცნება – ეგონათ, გოგირდთან მისი შეერთებით ოქროს მიიღებდნენ, თუმცა სინამდვილეში კინოვარს იღებდნენ და იწამლებოდნენ. აქროლადია და ორგანიზმში მოხვედრისას ცენტრალურ ნერვულ სისტემას თრგუნავს, თუმცა ამაზე შეიძლება ცალკეც ვისაუბროთ. სცენიდან თვითონვე გვეუბნება, მიფრთხილდითო!

მესამე „ბოროტმოქმედი” ტყვიაა. მას მეთილირებულ ბენზინს უმატებენ. ორგანიზმში ჩასუნთქვითაც ხვდება და მცენარეებიდანაც, რომლებიც გზის პირას იზრდებიან და მანქანების გამონაბოლქვს შთანთქავენ.

კულისებიდან გამოდიან ბორი, ალუმინი (რომელიც ერთ დროს ისეთ ძვირფას მეტალად ითვლებოდა, რომ ლონდონში ქიმიის სამეფო საზოგადოებამ მენდელეევი ალუმინის ჭიქით დააჯილდოვა). შემდეგ მიზანსცენა იცვლება და სცენაზე ცოცხალი და მკვდარი სამყაროს ორი წარმომადგენელი შემოდის: ნახშირბადი (ცოცხალი სამყაროდან) და სილიციუმი (მკვდარი სამყაროდან). გამოდის კალა, ფეხდაფეხ მოჰყვებიან აზოტი და ფოსფორი. „ბუნებაში უმეტესად თავისუფალ მდგომარეობაში ვიმყოფები და ჰაერის ძირითადი კომპონენტი ვარ (78,2%), – ამბობს აზოტი, – ბუნებაში ჩემი ნიტრატებია გავრცელებული. როგორც ნახშირბადს, წყალბადსა და ჟანგბადს, მეც თითქმის ყველა ბიომოლეკულაში მიპოვით. ამინმჟავების არსებობა უჩემოდ წარმოუდგენელია, ე.ი. უჩემოდ ვერც ცილები იარსებებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლის განუყოფელი ნაწილი ვარ”.

„ბუნებაში საკმაოდ გავრცელებული ელემენტი ფოსფორი ვარ, იოლად ვიჟანგები. აზოტის მსგავსად, ცოცხალი ორგანიზმებისთვის შეუცვლელ როლს ვასრულებ. შევდივარ ზოგიერთი ძალიან მნიშვნელოვანი ცილის შემადგენლობაში”.

მომდევნო მოქმედება დარიშხანს, ჟანგბადს (რომელიც თავისი აღმოჩენის ამბავს მოგვითხრობს), გოგირდსა და სელენს ეთმობა. მათ ჰალოგენები მოჰყვებიან. რა თქმა უნდა, პირველი ფთორია:

„მე ფთორი ვარ, ქლორთან, ბრომსა და იოდთან ერთად ჰალოგენების ჯგუფს მივეკუთვნები. იცი, რას ნიშნავს სიტყვა „ჰალოგენი”? – მარილმბადს. დიახ, ჩვენ მეტალებთან ურთიერთქმედებისას ტიპურ მარილებს წარმოვქმნით. ყველა ჰალოგენს მკვეთრი სურნელი გვაქვს. ჩვენი მცირე რაოდენობით ჩასუნთქვაც კი სასუნთქი გზებისა და ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას იწვევს, ამიტომ ჩვენთან ფრთხილად იყავი!”

სპექტაკლი გრძელდება, სცენაზე ერთიმეორის მიყოლებით შემოდიან ქრომი, ვოლფრამი, მანგანუმი, რკინა, კობალტი, ნიკელი…

 

ამ „სპექტაკლის” ვიდეოვერსიას შემდეგ მისამართზე ნახავთ:

 

პირველი მოქმედება – https://www.youtube.com/watch?v=zu8PLi90cOk&feature=youtu.be

 

მეორე მოქმედება – https://www.youtube.com/watch?v=d6dgq7lq-tw&feature=youtu.be

 

მესამე მოქმედება – https://www.youtube.com/watch?v=AHgxKbNKTBo&feature=youtu.be

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი