შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

პაპირუსიდან ქაღალდამდე

დღევნდელობის მოთხოვნა – მოსწავლემ არა მხოლოდ ცოდნა შეიძინოს, არამედ მისი გამოყენება პრაქტიკაშიც შეძლოს, უპირველეს ყოვლისა, მოზარდის მიერ საკუთარი თავის შეცნობას გულისხმობს. ნებისმიერი ასაკის ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ერთი კერძო პირია, განუმეორებელი სულიერად და ფიზიკურად, არამედ თავისი ერის შვილიცაა და, ამასთანავე, მთლიანად კაცობრიობის წევრიც. როდესაც ამ სამი ასპექტით ვიწყებთ მსჯელობას, ბუნებრივია, განსაკუთრებით მასწავლებლის წინაშე დგება ამოცანა, თუ როგორ შეაცნობინოს მომავალ თაობას ამგვარი სამსახოვნება – პიროვნული, ეროვნული და საკაცობრიო. ამ მიმართულებათა გათვალისწინებით მრავალ პრობლემაზე შეიძლება მსჯელობა, რათა ჩვენმა ახალგაზრდებმა ობიექტურად გაიაზრონ ისტორიული წარსული, საუკუნეების მანძილზე ქვეყნის ადგილი კულტურული მსოფლიოს განვითარებაში.

ამგვარი თემებია ანბანური დამწერლობის ჩამოყალიბების, საწერი მასალისა და ადამიანის ნაფიქრის დაფიქსირების სხვადასხვა საშუალების გამოგონების, ხელნაწერთა შექმნის, მათი შემკობისა და გაფორმების ისტორია და მრავალი სხვა.

შევჩერდეთ ერთ-ერთ მათგანზე: რით, როგორ და რაზე წერდნენ თავიანთ ნააზრევს ადამიანები ათასწლეულების წინ? როგორია ჩვენი წინაპრების როლი კაცობრიობის ინტელექტუალური განვითარების ამ პროცესში, რამაც, საბოლოოდ, კომპიუტერულ ტექნოლოგიებამდე მიგვიყვანა?

ქაღალდის მსგავსი საწერი მასალის – პაპირუსის შექმნამდე ადამიანები სხვადასხვა ნივთს ხმარობდნენ, კერძოდ: ქვის, მარმარილოს თუ თიხის ფილებს. ანტიკურ ეპოქაში ოქროს, ვერცხლის და ტყვიის ფირფიტებიც გამოუყენებიათ; ხმარობდნენ ხის დაფებსა და სპილოს ძვალსაც. მათზე სხვადასხვა ქვეყნის მმართველები და “ძლიერნი ამა ქვეყნისა” აღწერდნენ თავიანთ დიად საქმეებს, რადგან სწამდათ, რომ ამით საკუთარ სახელს უკვდავყოფდნენ.

საქართველოში შემონახული წარწერებიდან ერთ-ერთი უძველესია ქვის ფილაზე ბერძნული და არამეული ასოებით შესრულებული, II საუკუნით დათარიღებული, არმაზის ბილინგვა (ლათ. bi _ “ორი”, lingua _ “ენა”). ტექსტის შემოკლებული ვერსია ასეთია: “მე ვარ სერაფიტა, ასული ზევახისა, მცირისა პიტიახშისა ფარსმან მეფისა, მეუღლე იოდმანგანისა… ვაება ვაებისა, ის, ვინც იყო ახალგაზრდა და იმდენად კეთილი და მშვენიერი, რომ არავინ იყო (მისი) მსგავსი სილამაზით და გარდაიცვალა 21 წლისა”.

რაც შეეხება პაპირუსს, ქართულად ჭილს, მისი გამოგონება ეგვიპტელთა სახელს უკავშირდება. სიტყვა “პაპირუსი” წარმომდგარია ეგვიპტური pa-pu-ro-დან და “სამეფოს” ნიშნავს. პაპირუსი ისლისებრ მცენარეთა ოჯახს განეკუთვნება და მრავლად იზრდება მდინარე ნილოსის დელტაში. მისგან ამზადებდნენ ნავებს, კალათებს, თოკებს, ჭურჭელს, ავეჯს, სამოსს, ფეხსაცმელს, ჭილოფებს. მას დეკორატიულ მცენარედ აშენებდნენ ბაღებში, პარკებსა და ორანჟერეებში, ხმარობდნენ საკვებადაც; პაპირუსის გულს სანათურების პატრუქად იყენებდნენ, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მისმა საწერ მასალად ხმარებამ განსაზღვრა.

პაპირუსს შემდეგნაირად ამზადებდნენ: მის თხელ, ფართო ზოლებს ერთიმეორის მიყოლებით ალაგებდნენ, შემდეგ ზემოდან მეორე, ზოგჯერ მესამე ფენასაც აწყობდნენ, ასხურებდნენ ბლომად ნილოსის წყალს, ბეგვავდნენ ხის ჩაქუჩით, აშრობდნენ, გვერდებს ჩამოაჭრიდნენ და ნიჟარით ან სპილოს ძვლით აპრიალებდნენ. რომაელი ავტორის, პლინიუს უფროსის (23/24-79წწ) თანახმად, პაპირუსს ოთხი თვისება უნდა ჰქონოდა: უნდა ყოფილიყო თხელი, მკვრივი, პრიალა და გლუვი; მაგრამ მას რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაკლიც ჰქონდა – გადაკეცვისას ტყდებოდა, თან მხოლოდ ცალ მხარეს შეიძლებოდა წერა; ამიტომ მას გრაგნილად ახვევდნენ, რაკი რვეულად ვერ ლაგდებოდა; ზოგიერთი პაპირუსის გრაგნილი წიგნი ორმოც მეტრს აღწევდა და მისი გამოყენება მოუხერხებელი იყო.

რამდენად ფართოდ იყენებდნენ ჭილს საქართველოში, დაუდგენელია. ჩვენამდე მხოლოდ ორმა ხელნაწერმა მოაღწია – ორივე პალესტინური წარმოშობისაა და სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში ინახებოდა. ერთია ჭილ-ეტრატის იადგარი, დათარიღებული IX-X საუკუნეებით და მეორე – IX ს-ში გადაწერილი ფსალმუნის ორი ფურცელი.

პაპირუსი შეავიწროვა და თანდათანობით ხმარებიდან განდევნა პერგამენტმა, თუმცა ის ძველთაგანვე გამოიყენებოდა ეგვიპტესა და ახლო აღმოსავლეთში. ტერმინი “პერგამენტი” სემანტიკურად მცირე აზიაში ბერძნების მიერ დაარსებულ ქალაქ პერგამონს უკავშირდება.

პერგამენტი, ქართულად ეტრატი, სხვადასხვა ცხოველის ტყავისგან მზადდებოდა, კერძოდ: თხის, ცხვრის, ხბოს, იშვიათად ანტილოპას ტყავისაგან. ერთ-ერთი ცნობით, ძველად საწერ მასალად “დრაკონის” (იგულისხმება პითონი) ტყავიც კი გამოუყენებიათ, რომელზეც ოქროს ასოებით ყოფილა დაწერილი ჰომეროსის “ილიადა” და “ოდისეა”. განსაკუთრებულად ითვლებოდა ახალშობილი ბატკნისა და ციკნის ტყავი.

ერთ-ერთ ხელნაწერში შემონახულია პერგამენტის დამზადების წესი: ტყავს რეცხავდნენ, გამოჰყავდათ ნაცარტუტში, უმატებდნენ ნახშირმჟავა კალიუმს, ასუფთავებდნენ ბეწვისა და მიმხმარი ხორცისაგან, შემდეგ მეორედ რეცხავდნენ, გასაშრობად ჩარჩოზე ჭიმავდნენ, გლისავდნენ ცარცით, რომელიც ცხიმს იწოვდა და ხეხავდნენ მიწაქაფათი, რათა გლუვი გამხდარიყო.

პაპირუსთან შედარებით პერგამენტი უფრო გამძლე და დრეკადია, არ ტყდება და წერა მეორე მხარეზეც შეიძლება, მაგრამ მისი დამზადება გაცილებით ძვირი ჯდებოდა: ზოგიერთი ხელნაწერის ფასად ქალაქში საცხოვრებელი ბინის შეძენა შეიძლებოდა.

პერგამენტის წიგნებს მარტო შემეცნებითი დანიშნულება არ ჰქონდა. ისინი, ამავდროულად, ხელოვნების ნიმუშები იყო: ხის დაფებისაგან გაკეთებულ ყდაზე ტყავი იჭიმებოდა და ერთმანეთს ტყავისავე თასმებით ან რკინის მავთულებით უკავშირდებოდა. ყდა არცთუ იშვიათად ვერცხლის ჭედურობითა და ძვირფასი ქვებით იყო შემკული; ტექსტებს შორის არაერთ მინიატურას შეხვდებოდით; ამგვარი ხელოვნების ნიმუშებია ქართველი ოქრომქანდაკებლების, ბეშქენ და ბექა ოპიზრების (XIIს.) მიერ შესრულებული ბერთისა და წყაროსთავის სახარებათა ვერცხლის ყდების მოჭედილობანი.

ისევე, როგორც პაპირუსი განდევნა ხმარებიდან პერგამენტმა, ამ უკანასკნელის გამოყენება მოგვიანებით შეავიწროვა მრავალი ათასწლეულების წინ ჩინეთში გამოგონილმა ქაღალდმა. VIII ს-ში მისი დამზადების ტექნოლოგია ქ. სამარყანდში არაბებმა შეისწავლეს. უძველესი არაბული ქაღალდის წიგნი 866 წლით თარიღდება.
ქაღალდის დამზადების წესი ასეთი იყო: ხის მერქნისაგან მიღებულ მასას მავთულის ბადეზე დებდნენ და აბრტყელებდნენ, ამიტომ ფურცლებს სინათლეზე შესამჩნევი გადამკვეთი ზოლები ატყვია – შვეული და თარაზული. მერქნის მასისთვის წებოდ აღმოსავლეთში კრახმალს იყენებდნენ, დასავლეთში  ცხოველთა რქებისა და ჩლიქებისაგან დამზადებულ ჟელატინს.

IX ს-დან ქაღალდი ბიზანტიაშიც შემოდის, საიდანაც საქართველოშიც უნდა გავრცელებულიყო. შეიძლება დაისვას კითხვები: რა მასალაზე დაიწერა შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”? რატომ არ გვაქვს შემონახული დიდი პოეტის ხელნაწერი  პოემისა, რომელზეც, დღიდან მისი შექმნისა, მრავალი თაობა იზრდებოდა? იქნებ ქაღალდზე დაიწერა ის და სამწუხაროდ, დროთა ქარტეხილებს ვერ გაუძლო?! ამ კითხვებზე პასუხის მონახვა, ალბათ, მკითხველს უნდა მივანდოთ.

წერისას სხვადასხვა ხელსაწყო გამოიყენებოდა. ტყავის დიდი თხელი ფირფიტა დასახაზავად, სვეტების და სტრიქონების სწორად ჩასაწერად იხმარებოდა. ხაზავდნენ გრიფელით, თიხიანი ფიქალის რბილი ჩხირით; დისტანციის გასაზომად იყენებდნენ ფარგალს. წერდნენ ლელქაშის ორმხრივ წამახვილებული კალმით; იხმარებოდა ფრინველის ფრთაც, რომელიც ასე მზადდებოდა: ბატის, გედის ან ფარშავანგის ფრთას დებდნენ ქვიშაში ან ნაცარში, აშორებდნენ ზედმეტ აპკებს, ასუფთავებდნენ ქონისაგან, ბოლოს კი წვერს უმახვილებდნენ. არაბებმა პირველი ე.წ. მუდმივი კალამიც კი გამოიგონეს, მელნის შიდა რეზერვუარით.

მელნის დამზადების რამდენიმე წესი არსებობდა. იგი კეთდებოდა მურის, ალუბლის წებოსა და დამწვარი ძვლის, მათ შორის, სპილოს ძვლის ნაზავისაგან; ურევდნენ სხვადასხვა ნაყოფის კურკის, რბილი მერქნის სახეობების ფხვნილს, ზოგჯერ კი მელანთევზას მელნისებრ სითხეს. არაბეთში ჭვარტლს, დამწვარ მცენარეულ ზეთსა და ნავთს გლისავდნენ ერთმანეთში. სამელნეები კეთდებოდა ქვისგან, ცხოველის რქისგან ან ლითონისგან, მათ შორის  ვერცხლისგანაც. ბევრი მათგანი დღემდეა შემორჩენილი ჩამხმარი მელნით (IXს.)

ასე ქმნიდნენ საწერ საშუალებებს შორეულ წარსულში, წერდნენ ტექსტებს, თარგმნიდნენ ნაწარმოებებს, აფორმებდნენ ხელნაწერებს, გადასცემდნენ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას თაობებიდან თაობებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი