პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

სიურრეალისტური თამაშები

სიურრეალისტების ხელოვნებას ჩემი მოსწავლეები ყოველთვის დიდი ინტერესით ათვალიერებენ და უამრავ შეკითხვას მისვამენ – რატომ დნება საათები სალვადორ დალის ნახატში? მაგრიტის შავქუდიანი მამაკაცები ღრუბლებში რად სეირნობენ? და ა.შ. მათი თვალით ეს ნამუშევრები ერთგვარი გამოცანებია, რომელთა ამოხსნას ჩვენ თამაშებით ვიწყებთ.

სიურრეალისტების მიერ მოგონილი თამაშები, ხატვის სხვადასხვა ტექნიკა, სახალისო და მოულოდნელობებით სავსე აქტივობები, ხელოვნების გაკვეთილებზე ამ მიმდინარეობის განხილვისას, თემის შესავალში, ან ჯგუფური სამუშაოს დაწყების წინ, გნებავთ სასწავლო წლის დასაწყისში, ან უბრალოდ ბავშვების განტვირთვისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ.

სიურრეალისტურ ნახატებში თუ ობიექტებში, საგნები, ადამიანები, ბუნება უჩვეულო კონტექსტში გვევლინებიან, სადაც რეალური და წარმოსახული სამყარო ლოგიკის გარეშეა გაერთიანებული. ასეთი სიმბოლური სურათები შეიძლება სიზმარში ვნახოთ, როცა გონება ცნობიერის კონტროლისგან თავისუფალია. სიურრეალისტები სწორედ ქვეცნობიერს ათავისუფლებენ და „ზერეალობას“ ქმნიან.

სიურრეალისტები თავს სიმბოლიზმის მემკვიდრეებად მიიჩნევდნენ. მათ წრეში გაერთიანებული იყო სხვადასხვა ეროვნების ხელოვანი მრავალფეროვანი მხატვრული მიდგომებით. ლიტერატურასა და მხატვრობაში ამ მიმდინარეობისთვის დამახასიათებელი ავტომატიზმი, ენის ექსპერიმენტული გამოყენება, ნაპოვნი საგნები, გარკვეულწილად მის წინამორბედ დადაიზმშიც იყო წარმოდგენილი. თუმცა, სიურრეალისტებმა ეს სტრატეგიები ზიგმუნდ ფროიდის სიზმრებისა და ქვეცნობიერი გონების თეორიების ჩარჩოში მოაქციეს. მათ სჯეროდათ, რომ შემოქმედება რომელიც ადამიანის ქვეცნობიერიდან მოდის უფრო ძლიერი და ნამდვილია, ვიდრე ცნობიერი ფიქრის ნებისმიერი პროდუქტი. ღრმად აინტერესებდათ სიზმრების ინტერპრეტაციაც, როგორც გამოუთქმელი გრძნობებისა და სურვილების გამოვლენა.

სიურრეალისტებმა სახვითი ტექნიკის, ხერხებისა და ჯგუფური თამაშების სერია სიზმრების სამყაროს გამოსაღვიძებლად გამოიგონეს. ამ „სალონური თამაშების“ მიზანი გაოცების, აბსურდულობის, იუმორისა და მოულოდნელი გადაკვეთების წარმოქმნა იყო. (სურ. 1)

სტატიაში განხილული რამდენიმე თამაში და ტექნიკა – „დახვეწილი გვამი“ (Cadavre Exquis), ავტომატური ხატვა, ფროტაჟი და „კოლაჟი დახეული ქაღალდით”, ვფიქრობ, მოსწავლეებს სიურრეალიზმის უკეთ გაგებაში დაეხმარება და თამაშის გზით საკუთარ თავს, ნაცნობ საგნებსა თუ მოვლენებს ახლებურად დაანახებს.

ყველაზე სახელგანთქმული სიურრეალისტური თამაში Cadavre Exquis (ფრანგულად), (ინგლისურად Exquisite Corpse), ქართულად ასე ჟღერს – „დახვეწილი გვამი“. თამაშის შინაარსი უფრო გასაგები რომ ყოფილიყო, გაკვეთილზე მოსწავლეებს წარვუდგინე, როგორც „უცნაური, გამოგონილი არსება“. ბავშვობაში ასეთი თამაშის ვარიაცია სიტყვებით თუ ნახატებით, ალბათ ბევრ ჩვენგანს უთამაშია. მე პირადად მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა რომ ეს გასართობი სიურრეალისტების მოგონილი იყო, ისევე როგორც ფროტაჟის ტექნიკა – როცა ხურდა ფულს ფურცლის ქვეშ ამოვდებდით და გრაფიტის ფანქრით მის ანაბეჭდს ვაკეთებდით.

„დახვეწილი გვამი“ 1925 წელს პარიზში სიურრეალისტებმა ივ ტანგმა, ჟაკ პრევემ, ანდრე ბრეტონმა და მარსელ დიუშანმა გამოიგონეს და ძალიან ჰგავს ძველ სალონურ თამაშს, რომელშიც მონაწილენი ერთ წინადადებას ისე ადგენენ, რომ არ იციან რა დაწერა წინა მოთამაშემ. სახელი „cadavre exquis“ კი მოდის ფრაზიდან, რომელიც ამ პირველი თამაშის შედეგად დაიბადა – „დახვეწილი გვამი ახალ ღვინოს დალევს“ („le cadavre exquis boira le vin nouveau“).

„დახვეწილ გვამს“ სიურრეალისტები ნახატებითა და კოლაჟებითაც თამაშობდნენ და სიტყვების ნაცვლად უცნაური, გამოგონილი, ჰიბრიდული არსებების სხეულის ნაწილებს ინტუიციურად ხატავდნენ.

ამ თამაშს სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეების გასახალისებლად ხშირად ვიყენებ. სიურრეალიზმის ისტორიის გაცნობისას კი ბავშვების ყურადღების კონცენტრირებასა და ახალი თემით უფრო ცოცხლად დაინტერესებაში მეხმარება. ძალიან კარგია, სანამ გონებისა და ხელის სავარჯიშო პორტრეტის ხატვას, ან ილუსტრაციასა და ფანტასტიკური ქმნილებების დიზაინზე მუშაობას შევუდგებოდეთ. მთავარი ხიბლი ალბათ თამაშის იუმორი და მოულოდნელობის ეფექტია, თან თანატოლთა თანამშრომლობას ეყრდნობა და იდუმალების გრძნობას შეიცავს. თამაშის წესები კი თავისუფლად შეიძლება მოვარგოთ ნახატების, კოლაჟების და ლექსების შექმნის პროცესსაც. შეგვიძლია ოჯახთან ან მეგობრებთან ერთადაც ვითამაშოთ.

„გამოგონილი არსებები“ სიურრეალისტურ სტილში ჩვენ ასევ ვითამაშეთ: (სურ. 2)

კლასი 3- ან 4-წევრიან ჯგუფებად იყოფა, თითოეულს ფურცელი და ფანქარი დასჭირდება. ფურცელი ჰორიზონტალურად სამად იკეცება – უცნაური არსების თავის, ტორსის და ფეხების დასახატად. მოთამაშეები დაფარულად ხატავენ ამ სხეულის ნაწილებს და ფურცელს გადაკეცილს გადააწოდებენ ერთმანეთს, მხოლოდ მინიშნებას უტოვებენ, სად მთავრდება კისერი ან ტორსი. დაფარულ ნახატებში არ ვიხედებით, ეს თამაშის მოულოდნელობის ეფექტს არღვევს. როდესაც ბოლო მოთამაშე დაასრულებს ხატვას, ფურცელი მაშინ იხსნება სრული ნახატების გამოსავლენად.

მოსწავლეები ხატავენ სპონტანურად, რაც იმ წამს მოუვათ თავში. ფურცლის პირველ გადაკეცილ არეში შეუძლიათ ყველაზე უცნაური თავი დახატონ, რაც კი წარმოუდგენიათ – ადამიანის ან ფანტასტიკური არსების, პროპორციული ან დისპროპორციული, სიმეტრიული ან ასიმეტრიული, სახის ნაკვთები შეუძლიათ ზედმეტი მიუხატონ, ან სულაც მოაკლონ. თმა, ბეწვი, ქუდი, რქები, სათვალე, სამკაული, ნისკარტი და სხვა დეტალები არ დაავიწყდეთ. მეორე მოთამაშე კისრის ხაზების მიხედვით აგრძელებს და ხატავს ტორსს – ტანსაცმლით, ხელებით, ან თუნდაც ფრთებით და ა.შ. მესამე ხატავს არსების ფეხებს, ან გადაადგილების ნებისმიერ საშუალებას, ფარფლებს, საცეცებს, ბორბლებს და ა.შ. ბოლოს ფურცლებს ერთდროულად ვხსნით და თუ საჭირო გახდა, უცნაური ქმნილების სხეულის ნაწილებს ხაზებით ვაერთებთ. მერწმუნეთ, ასეთ ნახატებს სიცილის გარეშე ვერ დაათვალიერებთ.

ნახატების გახსნის მერე, როცა სიცილით გული ვიჯერეთ, ერთად განვიხილეთ, როგორი იყო ხატვა, როცა წინასწარ არ იცი, რა გამოსახულებას აგრძელებ, როგორი განცდაა, როცა ფიქრის გარეშე წამიერად აზრად მოსულ იდეას ხატავ. სპონტანური ნახატებით თამაში ბავშვებს ძალიან მოეწონათ. მთხოვეს, ხშირად გავიმეოროთ გაკვეთილებზე. ფიგურების გაფერადებაც სახალისოა, ამ დროს უფრო ახლოს და სხვა თვალით აკვირდებიან ამ უცნაურ არსებებს, სახელებიც შეიძლება დაარქვან და საინტერესო გარემოც დაუხატონ ირგვლივ. (სურ. 3)

ევროპასა და ამერიკაში Cadavre Exquis/Exquisite Corps-ს ხელოვნების გაკვეთილებზე კოლეჯში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწყებით კლასებსა თუ საზაფხულო ბანაკებში თამაშობენ. ინტერნეტსივრცეში ამ აქტივობის უთვალავი რესურსი და მაგალითი შეგვიძლია ვიპოვოთ.

სიურრეალისტურ ტექნიკებში ავტომატიზმი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა – სპონტანური ან ავტომატური წერა, ხატვა; გამოსახულებებისა და სიტყვების თავისუფალი ასოციაციები.

ავტომატური ხატვა განისაზღვრება, როგორც „ქვეცნობიერის გამოხატვა, ან „ქვეცნობიერის სავარჯიშო“. იგი მონაწილეებისგან გონების კონტროლის გარეშე ხატვას მოითხოვს. ერთი შეხედვით შედეგი შეიძლება ნაჯღაბნების სერიას ჰგავდეს, მაგრამ ეს ნახატები ავტორის ქვეცნობიერის ნაკადის დაფიქსირებაა. (სურ. 4)

ავტომატური ხატვა სიურრეალისტური მიმდინარეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილია თანამედროვე ხელოვნებაში. ხელოვნების შექმნის ამ უნიკალურ მეთოდს 1920-იანი წლების ბევრი ხელოვანი იყენებდა – ანდრე მასონი, ოსტინ ოსმან სპარი, ხუან მირო, სალვადორ დალი, ჟან არპი, ანდრე ბრეტონი. შემოქმედების ბოლო პერიოდში პაბლო პიკასოც სიურრეალისტური ავტომატიზმით იყო გატაცებული. მას შემდეგ, რაც ავტომატური ხატვით პირველი ნამუშევრები შეიქმნა, ეს ახალი ტექნიკა სწრაფად გადავიდა ფერწერასა და სხვა მედიაში.

ავომატური ხატვისთვის სხვადასხვა სახატავი საშუალება – ფანქრები, პასტელები ან მარკერები და თითო მოსწავლისთვის 2-3 ფურცელი დაგვჭირდება. ეს აქტივობა მუსიკის თანხლებითაც შეგვიძლია ჩავატაროთ. კარგი იქნება, თუ წინასწარ სხვადასხვა მელოდიას (წყნარი, აჩქარებული, და დრამატული) შევარჩევთ, 1-2 წუთი მოვუსმენთ და უმალ უწყვეტი კონტურით დავიწყებთ ხატვას. ფურცლებზე ხაზების აჩქარებულ თუ შენელებულ მოძრაობებში მოულოდნელი გამოსახულებები დაიხატება. შემდეგ კი ამ ნახატებმა ახალი ვიზუალური სახეები ან თამაშები შეიძლება შთაგვაგონოს. (სურ. 5, 6)

ფროტაჟი ფურცლის ზედაპირზე ტექსტურის შექმნის ტექნიკაა ისეთი მასალებით, როგორიცაა ნებისმიერი ფაქტურიანი ზედაპირი და ცვილის პასტელი, გრაფიტის ფანქარი ან ნახშირი. ფაქტურის შესაქმნელად შეიძლება კედლის ხაოიანი ზედაპირი, იატაკი, მაგიდა, წიგნის ყდა, ქსოვილი და ნებისმიერი რელიეფური ზედაპირის მქონე საგანი გამოვიყენოთ. ამ ტექნიკის აღმომჩენი მაქს ერნსტისთვის ფროტაჟი მის ქვეცნობიერში შეღწევის საშუალება იყო. ის ნამუშევრებში სიმებს, ბადეს, პურის ქერქსაც კი იყენებდა. (სურ 7)

თხელი ქაღალდი განათავსეთ სხვადასხვა ტექსტურიან საგანზე, წაუსვით ფანქარი, პასტელი ან ნახშირი და ნახავთ, როგორ ამოისახება ზედაპირზე ფურცლის ქვეშ არსებული ფორმები და გამოსახულებები. შემდეგ დავაკვირდეთ ამ ნახატებს, რას გვაგონებს ეს ფაქტურები? ადამიანებთან, სიმბოლოებთან, ობიექტებთან თუ ბუნებრივ მოვლენებთან ხომ არ გვიჩნდება ასოციაციები? წარმოსახვას გზა მივცეთ, ახალი ნიშნები და ფერები შეიძლება დავამატოთ და ფროტაჟში დამალულ მოულოდნელ სახეებს ამოვიკითხავთ. (სურ. 8)

ფროტაჟი მოსწავლეებს შემოქმედებითი ფიქრისკენ უბიძგებს, სადაც „არაფერი“ შეიძლება „რაღაც“ გახდეს. ერთ ნახატში სხვადასხვა ზედაპირისგან მიღებული ფროტაჟების დაკავშირებით კომპლექსური ეფექტების შექმნაა შესაძლებელი. დამატებით შეიძლება გავაფერადოთ, გამოვჭრათ ან სხვა მასალებს დავუკავშიროთ კოლაჟში.

„კოლაჟი დახეული ქაღალდით“ (ფრ. Papier Déchiré) პირველად ჟან არპმა გამოიყენა. (სურ. 9)

ნაკუწებად დახეული ან სხვადასხვა ფორმად დაჭრილი ფერადი ან მეორადი ქაღალდები თეთრ ფურცელზე უნდა მიმოვაბნიოთ. შემთხვევით დაცვენილი ქაღალდები უკვე გარკვეულ კონფიგურაციებს შეიცავს, რომლებიც ასეთივე წყობით ფურცელზე დავაწებოთ. (სურ. 10)

მოსწავლეები ყურადღებით დააკვირდებიან შემთხვევით მიღებულ კოლაჟს, რომელიც აბსტრაქტულ კომპოზიციად შეუძლიათ დატოვონ, ან განავრცონ – ფანქრებით, საღებავებით, პასტელებით, მარკერებით ამ დეტალების შემაერთებელი ან ზედ მიხატული ხაზების, წერტილების თუ სხვა ფორმების დამატებით და დამუშავებით.

მოსწავლეებთან ერთად ხელოვნების გაკვეთილებზე კიდევ არაერთი სიურრეალისტური თამაში და ვიზუალური ტექნიკა – გრატაჟი, ფროსაჟი, დეკალკომანია, ფოტოკოლაჟი, ფოტომონტაჟი – შეგვიძლია გამოვიყენოთ. ბავშვებს ყოველთვის ხიბლავთ მოულოდნელობის ელემენტი და იუმორი საკლასო ოთახში. თამაშით სწავლება კი ყველა ასაკის მოსწავლისთვის საინტერესო და სასარგებლოა, როგორც საგნით დაინტერესების, ისე განტვირთვისთვის და რაც მთავარია, ხელოვნებაში თავისუფლების შეგრძნებისთვის.

 

წყარო:

A book of surrealist games, Compiled by Alastair Brotchie, Edited by Mel Gooding, 1995

https://www.nationalgalleries.org/art-and-artists/31332/cadavre-exquis-exquisite-corpse

https://www.centrepompidou.fr/es/ressources/oeuvre/ckXapBx

https://www.widewalls.ch/magazine/automatic-drawing

Unreal, Mysterious, Strange, Explore the dreamlike art of the Surrealists with these art activities for kids and families. Elizabeth Margulies, Lisa Mazzola Nov 12, 2020

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი