სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

უმისამართო ცეცხლი

შარშან დეკემბერში ერთი ვიდეო ჩავწერე

 

საახალწლოდ გაშვებული ფეიერვერკების მავნებლობაზე ვსაუბრობდი. მანამდე ორ სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემიდან დამიკავშირდნენ და გარემოს დაბინძურების შესახებ განმარტება მთხოვეს. ისინიც ფეიერვერკების საწინააღმდეგო სტატიებს ამზადებდნენ.

შემდეგ რამდენიმე ცნობილი ადამიანის ვიდეო მიმართვაც გავრცელდა, ცხოველებს ეშინიათ და არ ვისროლოთო. საგანგებოდ ზოოპარკის თანამშრომლებიც იხვეწებოდნენ, დავინდოთ ცხოველები, სტრესი უვითარდებათო, ჩიტუნები იხოცებიანო… და ადამიანები? ამ წლების განმავლობაში რამდენი ბავშვი მოხვდა საავადმყოფოში კიდურების და თვალების დაზიანებით? რამდენი სახლი დაიწვა? არა ბატონო, შეაყარე კედელს ცერცვი! შარშანაც და ახლაც ისეთი ბათქი –ბუთქი იყო ატეხილი, სულ ერთი ცნობილი სიმღერა მაგონდებოდა იეზიდური ფოლკლორიდან „შერვანოზე“ (ქართულად მეომარს ნიშნავს), რომელიც გაუჩერებლად იბრძვის.

ახლა იანვრის პირველის ქრონიკებს გადავხედოთ: „გურამ ბაღდოშვილს პიროტექნიკა ხელში აუფეთქდა-შეფი კლინიკაშია გადაყვანილი“; „ არქის კორპუსში პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო, მუხიანში ორი საცხოვრებელი ბინა დაიწვა“ … ასეთი უამრავი მასალა იყო გავრცელებული.

იყო კადრები, როგორ დარბიან შეშინებული ქუჩის ცხოველები აქეთ-იქეთ. შარშან ჩემს მოპირდაპირე კორპუსშიც დაიწვა ბინა და მთელი დასახლება ახალ წელს უშუქოდ ვისხედით, რადგან თელასი იძულებული იყო გამოერთო.

გასაგებია ადამიანებს ცეცხლი აინტერესებთ და მას შემდეგ, რაც ცეცხლი აღმოაჩინეს აქტიურად დაიწყო მისი გამოყენება. იყენებდნენ ყველაფერში, გასათბობად, საჭმლის მოსამზადებლად, სიგნალის და ამბების გადასაცემად. ბოლოს, რა თქმა უნდა, საომრად და სხვა ადამიანების დასახოცად. ჩვ.ერ-დე. მეცხრე საუკუნეში ასირიელებმა აალებადი ნარევები გამოიგონეს, თუმცა მანამდე იყო „კალენიკეს ბერძნული ცეცხლი“. ეს უკანასკნელი ვინმე ბერძენმა კალენიკემ მოიფიქრა და რადგან იმ დროისთვის საბერძნეთს ეგვიპტე ჰყავდა დაპყრობილი და ერთად თანაცხოვრება უწევდათ, ამ ნარევს ეგვიპტეშიც კარგად იცნობდნენ.

ჰოდა, როდესაც მეშვიდე საუკუნეში არაბების მთელი ფლოტილია ეგვიპტის ნაპირებს დასაპყრობად მიადგა, მათ „კალენიკეს ცეცხლიანი“ ჭურჭელი დაუშინეს. ახლა, დროა განვმარტოთ მისი შედგენილობაც – 1:1:2 თანაფარდობით გოგირდს, ნავთობს და ზეთს შეიცავდა. როდესაც, ასეთი ნარევით სავსე ჭურჭელი რაიმე ზედაპირს დაასკდებოდა, მაშინვე ცეცხლი გაჩნდებოდა და მას წყლით ვერ ჩააქრობდით. პირიქით, რაც უფრო მეტ წყალს დაასხამდით, უფრო ჩაღდებოდა ცეცხლი.

წარმოიდგინეთ რა დაემართებოდა არაბების ხისგან ნაგებ გემებს. რამდენიმე მაინც გადარჩენილა, უკან გაბრუნებულა და თან ამბავი წაუღია ჯადოსნური ქემეიას ძალის შესახებ.

აზიაც არ ჩამორჩებოდა საერთო ფეხის ხმას. მარკო პოლოს „საიდუმლოებათა დიად წიგნში“ აღწერილია ჩინეთში არსებული ზეცის ცეცხლები, ანუ ფეიერვერკები. დღეს არსებული პიროტექნიკის ნახევარზე მეტი ასევე ჩინეთშია დამზადებული. ჩინეთს უკავშირდება პიტარდებიც, რომლის დასამზადებლად ბამბუკს იყენებდნენ. მათი ხმაური და გამოსროლილი ცეცხლი ადამიანებს არა მხოლოდ ართობდა, ბოროტი სულების დაფრთხობაშიც შეჰქონდა წვლილი. მათ ასე სწამდათ.

ჰანამიზე თუ გსმენიათ რამე? ეს იაპონური ტრადიციაა, როდესაც აყვავებული საკურის ქვეშ რაიმე ნაჭერს შლიან, ზედ წვებიან და ასე ტკბებიან საკურას ყვავილობით. ფეიერვერკებს იაპონურად ჰანაბი ჰქვია. „ჰანა“ იაპონურად ყვავილს ნიშნავს და „ბი“ არის სიტყვა „ჰი“-ის რბილი ვერსია, ნიშნავს ცეცხლს. ბუნებრივია, მთელი ეს ცეცხლი დენთის გარეშე ვერ შეიქმნებოდა.

სხვადასხვა წყაროები სხვადასხვას ამბობენ. ერთგან წერია შვედმა ბერმა ბერნარდ შვარცმა აღწერაო, სხვაგან წაიკითხავთ, რომ ინგლისის მეფე ედუარდ მეორის კარზე, როჯერ ბეკონმა შეაგროვა მასზე ინფორმაციაო. ერთზე ყველა თანხმდება, რომ დენთი ჩინეთში ვიღაც კაცმა გამოიგონა. დიახ, ვიღაც კაცმა, რადგან მისი სახელი უცნობად დარჩა.

დენთის აფეთქების შედეგად დიდი რაოდენობით აირი და სითბო გამოიყოფა. გამოყოფილი აირები სწრაფად ფართოვდება და ქმნის აფეთქების ეფექტს. კალიუმის ნიტრატი, ნახშირი და გოგირდი, 75:15:10 თანაფარდობით, დენთის შემადგენლობაა. თუმცა, ეს ფორმულა დროთა განმავლობაში ბევრჯერ შეიცვალა და ახალი, უფრო ეფექტური ნარევები შეიქმნა. კალიუმის ნიტრატი ასევე ბენგალური ცეცხლის მთავარი კომპონენტია.

მოსწავლეებს, რომ ვკითხოთ, რა იციან ამ მარილის შესახებ, უეჭველი გვეტყვიან, რომ ის აზოტშემცველი ნაერთია, შეიცავს ტუტე მეტალს-კალიუმს და აზოტმჟავას მარილს წარმოადგენს. შეიძლება, ზოგიერთმა, ქიმიაში უფრო ჩახედულმა მოსწავლემ, ისიც თქვას, რომ ეს მარილი ნატრიუმის ნიტრატთან ერთად სასუქად გამოიყენება.

მე-19-ე საუკუნემდე ფეიერვერკები განსაკუთრებული სიფერადით არ გამოირჩეოდა. იტალიელმა ოსტატებმა ცეცხლს სიფერადეც შემატეს და სპეციალურ ფორმებში შეფუთვაც მათი დამსახურება გახლავთ. სიფერადე შემდეგი ლითონების მარილების დამატებით ხდება: წითელი-სტრონციუმი, ლითიუმი; ვერცხლისფერი და თეთრი-ტიტანი, მაგნიუმი; მწვანე-ბარიუმი; ფირუზისფერი/მწვანე-სპილენძი; ყვითელი და ნარინჯისფერი-კალციუმი, ნატრიუმი; ახლა განვიხილოთ რა პროცესები მიმდინარეობს ზეიმის შემდეგ ატმოსფეროში.

მეტალების მარილების და ფეიერვერკის სხვა კომპონენტების ჰაერში გაფრქვევის შემდეგ ჰაერში შეწონილი ნაწილაკების კონცენტრაცია იზრდება. შეწონილ ნაწილაკებს PM (particular matter) აღნიშნავენ და ზომის მიხედვით შეიძლება იყოს, მაგ. PM 10, PM 2,5. ეს ბოლო, მცირე ზომის ნაწილაკები განსაკუთრებით საზიანოა, რადგან ბრონქების ალვეოლებში იოლად აღწევს. ჰაერში იზრდება გოგირდის და აზოტის ოქსიდების რაოდენობა. ამ უკანასკნელთ ე.წ. სმოგის აგენტებს უწოდებენ. რატომ? სმოგის საწყისი რეაქცია გახლავთ N2+O2↔2NO 2NO+O2=NO2 ასე ხდება ჩვეულებრივ პირობებში, ფეიერვერკების სროლის შემდეგ კი უკვე გამზადებული აზოტის დიოქსიდი გამოიტყორცნება ატმოსფეროში.

გავაგრძელოთ… NO2+H2O=NO+2·OH (ეს რამდენიმე რეაქციის შეჯამებული ვარიანტია); ჰიდროქსილ რადიკალი ნახშირწყალბადებთან და მათ წარმოებულებთან განაგრძობს ურთიერთქმედებას. ეს უკანასკნელნი ასევე ფეიერვერკების გასროლის პროდუქტებია. და ა.შ. სანამ ალდეჰიდები არ წარმოიქმნება. შემდეგ უკვე თანაური პროდუქტების მეორეული რეაქციები იწყება და ასე დაუსრულებლად რეაგენტების ამოწურვამდე. პროცესს ფოტოქიმიური სმოგი ეწოდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი ტემპერატურა და მზის სინათლეა აუცილებელი. კლასიკური ფოტოქიმიური სმოგი იმიტომ არ დგება, რომ ღამე ვისვრით, მაგრამ მაღალი ტემპერატურა იცოცხლე, იქმნება და ნაწილი რეაქციების მაინც წარიმართება, მით უმეტეს, რომ გამზადებული ოქსიდებით ვავსებთ გარემოს.

გარდა ამისა, გამოყოფილი გოგირდის და აზოტის ოქსიდები მჟავა ბუნებისაა, რაც ნიშნავს, რომ ატმოსფეროში რეაქციაში შევლენ წყლის ორთქლთან და მჟავა ნალექების წარმოქმნას შეუწყობენ ხელს. გოგირდის დიოქსიდი უფერო გაზი გახლავთ, წყლის ორთქლში გახსნისას გოგირდმჟავად გარდაიქმნება. ურთიერთქმედებს ჰაერში არსებულ სხვა ნივთიერებებთან და მეორად მყარ ნაწილაკებს წარმოქმნის. ჯანმრთელობაზეც საგრძნობი გავლენა აქვს-თვალების გაღიზიანება, საცრემლე ჯირკვლის გაღიზიანება, სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის არეში, სუნთქვის გახშირება, სასუნთქი სისტემის დაზიანება.

ერთი საინტერესო ცდის ჩატარებაა შესაძლებელი. აიღეთ კოლბა და შიგნით სხვადასხვა მცენარის და ყვავილის ფურცლები მოათავსეთ. აიღეთ რკინის გრძელტარიანი ქიმიური კოვზი, მოათავსეთ მასზე გოგირდის ფხვნილი, გაახურეთ სპირტქურის ალზე და კოლბის შიგნით შეიტანეთ. გოგირდი დაწვას დაიწყებს და გოგირდის დიოქსიდით გაივსება კოლბა. გარკვეული დროის შემდეგ დაათვალიერეთ კოლბაში არსებული ფოთლები. ისინი გაუფერულებული იქნება.

ანუ, რა გამოდის?

გოგირდის დიოქსიდი ქლოროფილის და სხვა პიგმენტების დაშლას უწყობს ხელს. ქლოროფილი არ არის-ფოტოსინთეზიც არ არის და მაშასადამე, მცირდება ჟანგბადის რაოდენობა.

ახლა აზოტს მივხედოთ. აზოტის დიოქსიდი ყავისფერი, მაღალი რეაქციის უნარის მქონე გაზია. არც ის არის ჯანმრთელობისთვის კარგი-რესპირატორული ინფექციებისადმი მაღალი მგრძნობელობა, სასუნთქი სისტემის გაღიზიანება და რესპირატორული სიმპტომები .

სხვათა შორის, ბავშვობაში ფეიერვერკები მეც მიხაროდა. შემდეგ, გავიზარდე და გავაცნობიერე, რომ ზიანის მეტი არაფერი მოაქვს. ამიტომ, სწორედ ჩვენზე, უფროსებზეა პასუხისმგებლობა ავუხსნათ მოზარდებს, რომ ჯობს ყოველგვარი ცეცხლის გარეშე შევხვდეთ ახალ წელს. სინამდვილეში ხომ ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ბედნიერები ვიქნებით და არა ჰაერში უმისამართოდ გასროლილ ცეცხლზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი