პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ახალი ცნობები თამარისა და დავითის საფლავების შესახებ

21-ე საუკუნეს თავისი ისტორიკოსები ჰყავს, რომლებიც ფაქტებსა და მოვლენებს ახლებურად გაიაზრებენ და ისტორიის კვლევაში ახალ ნაბიჯებს დგამენ. ახალგაზრდა მკვლევრის თემურ კენკებაშვილის ნარკვევების კრებული „ქრონოლოგიური პარადიგმები”, რომელიც მე-13 საუკუნის საქართველოს ისტორიულ მოვლენებს იკვლევს, რამდენიმე თვის წინ იხილა საზოგადოებამ. წიგნი აკადემიკოს იულონ გაგოშიძის რედაქტორობით გამოიცა. მთავარი სიახლე, რომლითაც წიგნი მკითხველზე შთაბეჭდილებას ახდენს, თამარ მეფის გარდაცვალების საკითხს ეხება, რაც ასე სადავო და ბურუსით მოცულია თანამედროვე ისტორიოგრაფიაში.

სულ მალე კი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დაისტამბება თემურ კენკებაშვილის საისტორიო ნარკვევების კრებული „აწმყო შობილი წარსულისაგან”, რომელშიც შევა ნაშრომები შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის საკითხებზე, მათ შორის – ნარკვევები თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის საფლავთა ადგილმდებარეობის შესახებ. ეს ნარკვევები, რომლებსაც სპეციალისტებიც გამოიყენებენ, საინტერესო დამატებით მასალად შეიძლება იქცეს მასწავლებლებისთვისაც აღნიშნული ეპოქის სწავლებისას. მით უფრო, რომ ხალხში ფესვგადგმულ ლეგენდებს ინფორმაციის ნაკლებობის გამო პედაგოგები ხშირად ვერაფერს უპირისპირებენ.

ნარკვევებში ასევე განხილულია ქვემო ქართლის ისტორიისა და გეოგრაფიის საკითხები, სამეფო ხელისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია აღმაშენებლის მემკვიდრეთა მაგალითზე, რამდენიმე ეპიზოდი საქართველოს ეკლესიის უახლესი ისტორიიდან და სხვა. წიგნის რედაქტორია აკადემიკოსი იულონ გაგოშიძე, ხოლო სარედაქციო კოლეგიას წარმოადგენენ პროფესორები: სერგო ვარდოსანიძე, ანდრო გოგუაძე, მანანა ხომერიკი.

თამარის პიროვნება სიცოცხლეშივე შეიმოსა ლეგენდებით და ასევე გადმოჰყვა საუკუნეებს. ყოველივე საუკეთესოსა და მშვენიერს ქართველი ხალხი მას და მის ეპოქას უკავშირებდა. ამავე ლეგენდის ნაწილად იქცა თამარის საფლავის ადგილმდებარეობის საკითხიც, რასაც საისტორიო წყაროების ნაკლებობამაც შეუწყო ხელი. თამარის მეფობის შესახებ მისი თანამედროვე ორი ისტორიკოსი (ერთ-ერთი მათგანის ვინაობა დღემდე დაუდგენელია) და ლაშა გიორგის მემატიანე მოგვითხრობენ.

როგორც ახალგაზრდა ისტორიკოსი აღნიშნავს, საქართველოს ისტორიაში ამ მეფის უაღრესად დიდი როლისა და პოპულარობის მიუხედავად, მის შესახებ გამოკვლევები არცთუ სრულფასოვანია. თემურ კენკებაშვილი ცდილობს, თავის ნარკვევში „გარდაცვალება და დაკრძალვა თამარ მეფისა” ისტორიულ წყაროებსა და მოვლენებზე დაყრდნობით დაასაბუთოს, რომ თამარი 1215 წლის 27 იანვარს გარდაიცვალა და იგი გელათის მონასტერში დაკრძალეს.

თამარის გარდაცვალების თარიღზე მსჯელობა ქართულ ისტორიოგრაფიაში ერთი საუკუნის წინ დაიწყო. ისტორიის სახელმძღვანელოებში სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა თარიღი იყო მითითებული – 1207, 1210, 1212, 1213, 1216 წლები. ამ თარიღის კვლევას პირველად თედო ჟორდანიამ მიჰყო ხელი მე-19 საუკუნის ბოლოს და მანვე ივარაუდა თამარის გარდაცვალების თარიღად 1213 წელი, რასაც შემდეგ ივანე ჯავახიშვილიც ემხრობოდა. საქმე ის არის, რომ თამარის ისტორიკოსები პირდაპირ არსად მიუთითებენ მეფის გარდაცვალების თარიღს, მხოლოდ ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანე ასახელებს 1207 წელს, თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, ეს დავით სოსლანის გარდაცვალების თარიღია და არა თამარისა, ხოლო შეცდომა აშკარად გადამწერებს მოსვლიათ. მატიანეები, როგორც წესი, გადაწერებით ივსებოდა. მაგალითად, აღმაშენებლის მატიანეში თარიღები არ იყო, ისინი შემდგომი პერიოდის გადამწერებმა ჩასვეს.

თამარის მემატიანე, ბასილი ეზოსმოძღვარი, მეფის მხოლოდ სიკვდილის დღეს – 18 იანვარს მიუთითებს, წელზე კი არაფერს ამბობს. თედო ჟორდანიამ დაასკვნა, რომ 1213 წლის შემდეგ თამარი ისტორიულ მოვლენებში აღარ იხსენიება. ამ კუთხით კვლევა კორნელი კეკელიძემ განაგრძო, რომელმაც ეს საკითხი ღრმად შეისწავლა. სხვები თუ არაბულ და სომხურ წყაროებს იშველიებდნენ, მან ანალიზი ქართულ წყაროებზე დაყრდნობით გააკეთა და დაასკვნა, თამარი 1216 წელს უნდა გარდაცვლილიყო.

თემურ კენკებაშვილმა მე-12-13 საუკუნეების თითქმის ყველა ქართული და უცხოური წყარო მოიძია – თამარ მეფის ისტორიკოსთა, ლაშა გიორგის მემატიანის თხზულებები, ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერა სამეფოსა საქართველოისა”, შუა საუკუნეების ქრონოლოგიური ცნობები, ასევე – სომეხი ისტორიკოსების მხითარ აირივანეცის, სტეფანოზ ორბელიანის, ვარდან არევნეცის და სხვათა ნაშრომები.

თემურ კენკებაშვილი: „შუა საუკუნეებში ბიზანტიური ისტორიოგრაფია მიიჩნევდა, რომ მაღალი დონის ნაწარმოებში თარიღები არ უნდა ყოფილიყო. მათი გავლენით ქართველი ისტორიკოსებიც იშვიათად მიუთითებდნენ. ასევეა ბასილი ეზოსმოძღვრის თხზულებაში „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი”, თუმცა კი მასში აღწერილი ფაქტები მოწმობს, რომ თამარი 1210 წელს და მის შემდეგაც ცოცხალია. მაგალითად, ამ წელს გაილაშქრეს ქართველებმა ირანში და ეს ლაშქრობა უშუალოდ თამარის ბრძანებით მოხდა. ისტორიკოსს დაწვრილებით აქვს აღწერილი ლაშქრის გაგზავნის ამბები. ამის შემდეგ გარდაიცვალა ზაქარია მხარგრძელი, რაც, როგორც ლაპიდარული წარწერებიდან და ისტორიული დოკუმენტებიდან დავადგინეთ, 1212 წელს უნდა მომხდარიყო. ზაქარიას გარდაცვალების შემდეგ თამარი ათაბაგობას აძლევს მის ძმას ივანეს. შემდეგ უკვე მემატიანე აღწერს სამეფო კარის ცხოვრებას – თამარის ზამთრისა და ზაფხულის დასვენების ამბებს, რასაც მოსდევს ამბები მთიელთა აჯანყების ჩახშობისა, რაც თამარმა უშუალოდ დაავალა ივანე ათაბაგს. ეს კი 1213 წლის ივნის-ივლის-აგვისტოში უნდა მომხდარიყო. ამის შემდეგ მემატიანე იწყებს თამარის გარდაცვალების ამბის თხრობას. როგორც ბასილი ეზოსმოძღვარი წერს, დაავადება დედოფალს ნაჭარმაგევში ყოფნისას გამოაჩნდა ადრე გაზაფხულზე. მაგრამ ეს უკვე მთიელთა აჯანყების მომდევნო წლის გააფხულია, ანუ 1214 წელი. იგი სასწრაფოდ თბილისში წამოიყვანეს, მერე კი „აგარათა ციხეში” ანუ დღევანდელ კოჯრის ციხეში გადააბრძანეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც იანვარში, ესე იგი, 1215 წელს. რაც შეეხება გარდაცვალების თარიღს, 27 იანვარს, ის პირდაპირ არის მითითებული იერუსალიმის სვინაქსარში, სადაც 27 იანვარს მიწერილია ასეთი ტექსტი: „ამ დღესა განცვალა აქათ ესე მეფობაი ცხოვრებად და სუფევად საუკუნოდ ნეტარებით მოხსენებულმან თამარ დედოფალმან, რომლისა ხსენებაი და კურთხევაი საუკუნომცა არს”.

რაც შეეხება მეფე ქალის ლეგენდადქცეულ საძვალეს, ამაზე კამათი ისევ მე-20 საუკუნეს უკავშირდება. მანამდე ყველა მემატიანე ერთხმად მიუთითებს, რომ თამარი გელათში, ბაგრატიონთა საძვალეში დაკრძალეს: „წარიყვანეს სამკვიდრებელსა მათსა გელათს და დამარხეს სამარხსა პატიოსანსა”, – რაც სავსებით ლოგიკური იყო.
მე-19 საუკუნეში თამარის საფლავი მოუნახულებია თბილისიდან იერუსალიმში ფეხით მიმავალ გიორგი ავალიშვილს. 

„როდესაც 1919 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა ამ მიზნით გელათი გათხარა, მან მხოლოდ ერთი საფლავის გახსნა მოასწრო, სადაც თამარი არ აღმოჩნდა, მეორე საფლავი კი არ გაახსნევინეს და ექსპედიცია შეწყდა. შესაძლოა, თამარის ნეშტი იქ არც აღმოჩენილიყო, როგორც აღმაშენებელი არ აღმოჩნდა პირვანდელს ადგილას, რადგან, წმინდანად შესხმის შემდეგ, წესად იყო ნეშტის ამოსვენება და საკურთხეველში დაკრძალვა. ასე აღმოჩნდა აღმაშენებლის ნეშტი გელათის ტრაპეზის ქვეშ, რაზეც საბინინი წერს. სავარაუდოდ, თამარის ნეშტიც გელათის საკურთხეველში უნდა ვეძებოთ”, – ამბობს თემურ კენკებაშვილი.

ახალგაზრდა ისტორიკოსი თამარის სამუდამო განსასვენებლზე მსჯელობისას ქართულ და უცხოურ წყაროებს ეყრდნობა, რომელთა შესწავლაც საფუძველს აძლევს დაასკვნას, რომ თამარი გელათის მონასტერში დაკრძალეს. რაც შეეხება საფლავის შემდგომ ისტორიას, ნარკვევის ავტორის აზრით, მოვლენები ასე განვითარდა:
„დღეს ფართო საზოგადოებამ იცის, რომ თამარის საფლავის ადგილი უცნობია, რასაც უამრავი ლეგენდა ამყარებს. მიუხედავად იმისა, რომ თამარის ისტორიკოსები პირდაპირ წერენ: „წაიყვანესა სამკვიდრებელსა მათსა გელათს და დამარხეს სამარხსა პატიოსანსა”, – ხალხში უფრო პოპულარულია მისი იდუმალებით მოსილი საფლავის ვერსია. მე-17-19 საუკუნეებში ხალხის ცნობიერებაში ჯერ კიდევ არსებობდა ინფორმაცია, რომ თამარი გელათის მონასტერში იყო დაკრძალული და პირდაპირ მიუთითებდნენ ადგილზე – გელათის ღვთისმშობლის ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთ მინაშენზე, რომელიც თამარის ეკვდერად არის წოდებული. აქ 1730 წელს იმერეთის მეფე ალექსანდრე V-მ დაკრძალა თავისი მეუღლე დარეჯან დედოფალი… თვით ალექსანდრეს აქვს შედგენილი სპეციალური გუჯარი, სადაც წერს, რომ გელათის ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთით „იპოებოდა დრო-ჟამთაგან დაძველებული ეკვდერი”, რომელიც მან აღადგინა და მეუღლე იქ დაკრძალა. ზოგიერთი ისტორიკოსი ფიქრობდა, რომ ალექსანდრე V-მ უკანონოდ მიითვისა თამარის განსასვენებელი. ცხადია, ეს არ მომხდარა. ქრისტიანი მეფე საფლავის შეურაცხყოფას არ იკადრებდა. მით უფრო, გუჯარში აღნიშნულია, რომ მან ეს კათალიკოსის თანხმობით გააკეთა. ჩანს, იმ დროისათვის თამარი ეკვდერიდან გადასვენებულია. ამას ეხმიანება მე-19 საუკუნის რუსი მოგზაურის ანდრეი მურავიოვის ცნობა, რომლისთვისაც იმერეთის მიტროპოლიტს დავით წერეთელს უთქვამს, რომ მე-18 საუკუნემდე თამარის საფლავს ყოველწლიურად ხსნიდნენ და იქ იხდიდნენ პანაშვიდს”.

1920 წელს, როცა ექვთიმე თაყაიშვილმა თამარის ეკვდერი გათხარა, იქ მხოლოდ ალექსანდრე V-ისა და დარეჯან დედოფლის საფლავები დახვდა. გაუთხრელი საფლავი, სავარაუდოდ, დავით ნარინს უნდა ეკუთვნოდეს, მაგრამ ეს სხვა კვლევის თემაა. არ მოიპოვება არავითარი ცნობა იმის შესახებ, რომ თამარი გელათის ან რომელიმე სხვა ტაძრის საკურთხეველში გადაასვენეს. მისი ნეშტის გადასვენების შესახებ ერთადერთი ცნობა არსებობს – ფრანგი ჯვაროსანი რაინდის, დე ბუას ეპისტოლე, რომლის მიხედვითაც, ლაშა გიორგი უზარმაზარი მხედრობით მიემართება წმინდა მიწაზე საბრძოლველად და თან მიაქვს თამარის ნეშტი. თემურ კენკებაშვილი ვარაუდობს, რომ ამ ეპისტოლეში რაღაც სხვა ლეგენდა აისახა, რადგან ლაშა გიორგი იმ პერიოდში თამარის გადასვენებას ვერ მოახერხებდა. დე ბუას ეპისტოლეს სიმართლეში ეჭვის შეტანის საფუძველს ახალგაზრდა მკვლევარს ის ფაქტი აძლევს, რომ მე-11 საუკუნეში გავრცელდა ლეგენდა იოანე პრესვიტერის შესახებ. დე ბუას ეპისტოლეს მსგავს ასობით წერილს ნახავთ, სადაც ნათქვამია, რომ იოანე პრესვიტერი ლაშქრით გაემართა წმინდა მიწისკენ იერუსალიმის გასათავისუფლებლად. სავარაუდოდ, ლაშა გიორგი ამ ლეგენდარული პიროვნების პროტოტიპია; შეუძლებელია, დე ბუას ეპისტოლეში სიმართლე ვეძიოთ, რადგან არ გვაქვს იმის დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი, რომ ლაშა იერუსალიმისკენ დაიძრა. მე-13 საუკუნის 10-იანი წლების შემდეგ საქართველოში ისეთი გეოპოლიტიკური ვითარება იყო, რომ შეუძლებელია, ქართველებს იერუსალიმისკენ გაელაშქრათ. ლეგენდა მაინც დაილექა ხალხში. უფრო მეტიც – საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სწამთ, რომ თამარი საიდუმლო ვითარებაში სწორედ მათ მხარეში დაკრძალეს.

თამარის გადასვენება მისი წმინდანად შერაცხვის შემდეგ უნდა მომხდარიყო, მაგრამ როდის შერაცხეს? ამის შესახებ არც საერო და არც სასულიერო ხასიათის დოკუმენტი არ მოგვეპოვება. თემურ კენკებაშვილმა დაიწყო კვლევა იმის მიხედვით, როდიდან ზეიმობს საქართველოს ეკლესია თამარის ხსენების დღეს. არსებობს მე-11 საუკუნეში გადაწერილი დიდი სვინაქსარი, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება (A 97 ხელნაწერი) და სადაც ერთ-ერთი მინაწერი ასეთი შინაარსისაა: „თვესა მაისსა პირველსა, ამასვე დღესა, წმიდისა ნეტარისა თამარ დედოფლისა”. მინაწერს თარიღი არ უზის, მაგრამ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა ენრიკო გაბიძაშვილმა ვარაუდი გამოთქვა, რომ იგი მე-13 საუკუნის მე-2 ნახევარს უნდა ეკუთვნოდეს. ეს დღე საეკლესიო კალენდარში თამარის ხსენების დღეა. უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი წმინდანად შერაცხვა და საკურთხეველში ან მასთან ახლოს გადასვენება მე-13 საუკუნეშივე, უკვე მონღოლთა ბატონობის პერიოდში მოხდა.

რასაკვირველია, არქეოლოგიური გათხრები დაადასტურებდა ახალგაზრდა მეცნიერის ჰიპოთეზას, თუმცა მოქმედი ტაძრის საკურთხევლის გათხრა იოლი არ არის, ამაზე საპატრიარქომ უნდა იმსჯელოს. გარდა იმისა, რომ არქეოლოგიური გათხრები იქ წირვა-ლოცვას რამდენიმე თვით შეაფერხებს, წმინდანის ნეშტთან შეხებაც არ იქნება ადვილი.

თემურ კენკებაშვილს მიაჩნია, რომ იქვე უნდა იყოს დავით აღმაშენებლის საფლავიც.
ფაქტია, დავითი გელათის კარიბჭეში იყო დაკრძალული, იქ, სადაც დარუბანდის კარი კიდია. თუმცა ისიც ვიცით, რომ ექვთიმე თაყაიშვილმა გათხრისას ამ ადგილას ადამიანის ნეშტის ვერავითარი ნიშანწყალი ვერ აღმოაჩინა. საინტერესოა, რატომ დაკრძალეს მეფე ტაძრის კარიბჭეში. თემურ კენკებაშვილის აზრით, ამაზე პასუხის გაცემა ლოგიკურად შეიძლება, ყოველგვარი ლეგენდის გარეშე. დავითმა გელათის ტაძრის მშენებლობა 1106 წელს დაიწყო და როდესაც გარდაიცვალა, ტაძარი დასრულებული არ იყო. თავის მეორე ანდერძში აღმაშენებელი წერს: „ხოლო დარჩა მონასტერი სამარხავი ჩემი და საძვალე შვილთა ჩემთა უსრულად. და წარმყვა მისთვისცა ტკივილი სამარადისო. აწ შვილმან ჩემმან მეფემან დიმიტრი სრულ ჰყოს ყოვლითურთ საუკუნოდ სალოცავად ჩემთვის, მისთვის და მომავალთა ჩემთათვის”. და რაკი ტაძარი დასრულებული არ იყო, მეფე შესასვლელში დამარხეს. „თუნდაც დაებარებინა, კარიბჭეში დამმარხეთო, შთამომავალი იქ არ დაკრძალავდა. საფლავზე ფეხის დადგმის ლეგენდა, სავარაუდოდ, „გალობანი სინანულისანის” ანარეკლია. როგორც ჩანს, შემდეგ, ასევე წმინდანად შერაცხვის გამო, მეფის ნეშტი გადაასვენეს. ამის თაობაზე უკვე ცნობა მოგვეპოვება. მე-19 საუკუნეში მიხეილ საბინინი „საქართველოს სამოთხეში” წერს, დავითი ოდეს წმინდანად შერაცხეს, დაკრძალეს გელათის ტრაპეზის ქვის ქვეშო. მართალია, ეს ცნობა გვიანდელია, მაგრამ უდავოდ ძველი წყაროებიდან უნდა მომდინარეობდეს. რაც შეეხება დავითის წმინდანად შერაცხვის თარიღს, ამის შესახებ არავითარი ცნობა არ გაგვაჩნია და ამაზე საუბარი რთულია. სავარაუდოდ, ეს მე-13 საუკუნის ბოლოს ან მე-14-ის დასაწყისში უნდა მომხდარიყო”, – ასეთია ახალგაზრდა მეცნიერის დასკვნა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი