პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

  დისლექსია

სკოლაში შესვლისას მოსწავლეს მშობელი უქმნის პოზიტიურ განწყობას, რომ ადვილად ადაპტირდეს ახალ გარემოში და სწავლის მიმართ გაუჩნდეს მოტივაცია. ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სხვადასხვა ნიშნით, ასეა სწავლის დროსაც, ზოგი მარტივად ითვისებს ახალს, ზოგს გარკვეული დროს სჭირდება; ყველა ინდივიდია და მათი შესაძლებლობები განსხვავდება. მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს ეწყება სწავლის სირთულეები და თუ ეს მალე არ დაიძლია, შესაძლოა მოხდეს იმედგაცრუება, მოსწავლეს დაუქვეითდეს მოტივაცია, გაუარესდეს აკადემიური მოსწრება და იმოქმედოს თვითშეფასებაზე.

სწავლის სირთულის გამო ბავშვი ცდილობს, თავი აარიდოს დავალებების შესრულებას, რასაც ხშირად მშობლები და მასწავლებლები ბავშვის სიზარმაცეს მიაწერენ.  ამ მდგომარეობას ბავშვი ისედაც განიცდის და მკაცრი შენიშვნების მიცემა უფრო ურთულებს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ეს სირთულე სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. სტატია ეძღვნება  დისლექსიას, რომელიც არც თუ ისე იშვიათად გვხვდება.

დისლექსია არის კითხვის უნარის დაქვეითება, გამოიხატება კითხვისა და მოსმენილის გაგების სირთულეში. ძირითადად ეს ვლინდება დაწყებით საფეხურზე, როდესაც მოსწავლე იწყებს კითხვის შესწავლას. ამ დროს ბავშვს მეტყველება აქვს საკმარისად განვითარებული, თუმცა ასოებს ურევს ერთმანეთში, მარცვლებს გადააადგილებს, ამიტომ სიტყვის სწორად ამოკითხვა უჭირს. დისლექსია ჰქონდა აინშტაინს, ლეონარდო და ვინჩის, თომას ედისონს, პაბლო პიკასოს და სხვა ბევრ ადამიანს, რომელთაც ამ პრობლემამ წარმატების მიღწევაში სულაც ვერ შეუშალა ხელი.

დისლექსიის გამომწვევი მიზეზების დადგენა ბოლომდე ვერ შეძლეს, თუმცა შეიძლება გამოვყოთ ნეირობიოლოგიური მიზეზები, გენეტიკური განწყობა და თავის ტვინის ტრავმა.

გამოყოფენ დისლექსიის რამდენიმე ფორმას:

  • ფონემატიკური დისლექსია ხასიათდება სიტყვაში ფონემის/ფონემების შეცვლა/გადანაცვლებით. ბავშვი ასო-ბგერებსა და მარცვლებს უნაცვლებს ადგილს; ურევს ყრუ და მჟღერ თანხმოვნებს.
  • სემანტიკური დისლექსია ვლინდება მექანიკურ კითხვაში, წაკითხულ სიტყვებს, წინადადებებსა და ტექსტებს ვერ იგებს, უჭირს აზრის გამოტანა.
  • ოპტიკური დისლექსიის დროს ერევა ასოები, მისთვის გრაფიკულ ნიშნებს სახასიათო თავისებურება არ აქვს და არ ამახსოვრდება.
  • აგრამატიკული ფორმის დროს სიტყვათშეხამებებს უცვლის ადგილს, გრამატიკული ნორმების მიხედვით ვერ აკავშირებს ერთმანეთთან სიტყვებს.
  • მნესტიკური დისლექსიის დროს ბავშვს არ ესმის, რომელი ასო შეესაბამება ამა თუ იმ ბგერას.

დისლექსიაზე შეგვიძლია მივიტანოთ ეჭვი, თუ ვხედავთ,რომ :

  • ბავშვს უჭირს კითხვა ან ძალიან ნელა კითხულობს;
  • ტოვებს ან უცვლის ასო-ბგერებს ადგილს სიტყვაში;
  • უჭირს ფონემური ანალიზი/ბგერის პოზიციის ამოცნობა(მაგ.: სიტყვაში- ,,კარი“ არის თუ არა ,,რ“, ან მერამდენე ასო-ბგერაა ,,რ“ ამ სიტყვაში);
  • უჭირს წაკითხულის გააზრება;
  • კითხვის დროს დარღვეულია რიტმი და სუნთქვა;
  • ხშირად უჭირს სივრცეში ორიენტირება(უჭირს გაარჩიოს მარცხენა/მარჯვენა,ზევით/ქვევით) და დარღვეულია მოქნილი კოორდინაციის უნარი, თუმცა ეს ყველას არ ახასიათებს;
  • შესაძლოა თვალის მოქნილი მოძრაობაც იყოს შეზღუდული, რაც სიტყვის ჰორიზონტალური აღქმისათვის არის საჭირო.

როდესაც მშობელი ან მასწავლებელი ეჭვს მიიტანს დისლექსიაზე (გამორიცხული უნდა იყოს უკვე მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები ), აუცილებელია დროული დიაგნოსტირება (ნეიროფსიქოლოგთან, ლოგოპედთან).  დიაგნოსტირებისათვის იყენებენ სპეციალურ ტესტებს, შესაძლოა გამოიყენონ თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ან ტომოგრაფია.

სწორი და დროული დიაგნოსტიკა უმნიშვნელოვანესია, რადგან შესაძლოა ეს პრობლემა შეჭიდული იყოს სხვა სახის სირთულესთან(მაგ.: ყურადღების დეფიციტთან, ან სინათლის მგრძნობელობასთან). დიაგნოსტირების შემდეგ, ბავშვის ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინებით, ხდება ამ სირთულის დაძლევის ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის შექმნა, სადაც დასახულია კონკრეტული ბავშვისთვის საჭირო სტრატეგიები. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია სკოლისა და ოჯახის თანამშრომლობა და ერთიანი მიდგომა.

გამოკვეთილი პრობლემის გათვალისწინებით შეგვიძლია ბავშვს შევთავაზოთ სხვადასხვა სახის სავარჯიშოები:

ფონემური ცნობიერების გასავითარებლად მუშაობა ფონემებზე, სიტყვის დაშლა მარცვლებად, ასო-ბგერებად და პირიქით, გამთლიანება(სინთეზურ-ანალიზური მეთოდით); სავარჯიშოები არტიკულაციაზე;

ვიზუალური სავარჯიშოები, სადაც გამოსახულებას თან ახლავს ხმა(მაგალითად: როდესაც ასოს მოხაზავს მასწავლებელი, თან გაახმოვანოს და ბავშვის გონებამ ასო დააკავშიროს ბგერასთან), სიტყვებს დავურთოთ ნახატი, წინადადებები შევთავაზოთ სიუჟეტით. ვათამაშოთ  კუბებით მარცვლების/სიტყვების აწყობა, ჩანაცვლება, დაშლა. ვავარჯიშოთ სიტყვაში ბგერების პოზიციის ამოცნობაზე.

ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდად მიჩნეულია ს.ოსტინის მულტისენსორული სწავლება. კითხვისა და მართლწერის სწავლებისას ხდება მხედველობითი (რას ვხედავთ?), სმენითი(რა გვესმის?) და კინესთეტურ-ტაქტილური(რას ვაკეთებთ?) არხების დაკავშირება. მასწავლებელი ერთდროულად იყენებს ვიზუალურ, ფონემურ და კინესთეტურ მეთოდს. მასალა მკაცრად ორგანიზებულია მარტივიდან რთულისაკენ და  ახლის შესწავლა ეფუძნება და უკავშირდება ნასწავლს.

ზემოთაც აღვნიშნე, რომ დისლექსიის მქონე ადამიანი ძალიან   მგრძნობიარეა. ამიტომ არის საშიშროება, ჩაიკეტოს, ჩამოუყალიბდეს   არასრულფასოვნების კომპლექსი, რამაც შეიძლება იმოქმედოს აკადემიურ მოსწრებაზე.  მნიშვნელოვანია მშობლებისა და მასწავლებლის მხრიდან გრძნობდეს მხარდაჭერას, უფროსებმა უნდა იზრუნონ,   რომ დაიცვან თანატოლთა დაცინვისგან,  წინ წამოწიონ მათი ძლიერი მხარეები და აქცენტი გააკეთონ მასზე.

აქტიური მუშაობით და მხარდაჭერით დისლექსიით გამოწვეული პრობლემის დაძლევა შესაძლებელია.

დისლექსიის მქონე მოსწავლის პირველი და მნიშვნელოვანი დახმარება მისი დიაგნოსტირებაა. დისლექსიის შესაფასებლად აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ოჯახის ისტორიის, ზოგადი ინტელექტის კოეფიციენტის, ემოციური სფეროს, საბაზო აკადემიური უნარების გათვალისწინება. აუცილებლად უნდა შეფასდეს ბავშვის კითხვის, წერის, იმპრესიული და ექსპრესიული მეტყველების უნარები. ბავშვს აფასებენ – ბავშვთა ნევროპათოლოგი, ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, პედაგოგი.

სწავლებისას მიიჩნევენ, რომ სასურველია ფონეტიკური მეთოდისა და მთლიანი ენის მიდგომის კომბინირება(Hamill, 1993). ასევე სასურველია მულტისენსორული მეთოდის გამოყენება (როდესაც კითხვის სწავლებისას ჩართულია მხედველობითი, სმენითი, კინესთეტური და ტაქტილური შეგრძნებები). ვინაიდან, თუ ,,ჩვეულებრივი“ მკითხველი ინფორმაციას მეტად იღებს ვიზუალური ან აუდიალური არხებით, დასწავლის უნარის დაქვეითების მქონე მოსწავლე ამას  შეხებით ან თამაშით ახერხებს.

პრობლემის მიზეზის დადგენის შემდგომ დისლექსიის მქონე ბავშვებთან მუშაობა შემდეგი მიმართულებებით მიმდინარეობს ხოლმე:

  1. ფონემური ცნობიერების გასავითარებელი სავარჯიშოები

– მუშაობა ფონემების გარჩევაზე;
– ზრუნვა მოსწავლის აუდიალური მეხსიერების განვითარებაზე;
– ბგერების იდენტიფიცირებაზე;
– მარცვლების ბგერებად დაშლაზე.

  1. ვიზუალური სავარჯიშოები

მოსწავლის დახმარება განასხვაოს ასოები ერთმანეთისგან;

  1. ასოების წერა

– მოსწავლის დახმარება ასოს ცნობაში და ნიმუშზე დაყრდნობით მის მოხაზვაში;
– ასოების წერის ჩვევის ავტომატიზება.

  1. თანმიმდევრული სავარჯიშოები

– ასოების დალაგება ანბანის მიხედვით;
– ლექსიკონში სიტყვის სწრაფად მოძიების უნარის განვითარება;

  1. სავარჯიშოები სივრცეში ორიენტაციაზე

– მხარეების (მარჯვენა/მარცხენა) გარჩევაზე მუშაობა;
– სივრცეში ორიენტირების უნარის განვითარება;

  1. სავარჯიშოები შეგრძნების სხვადასხვა არხების გამოყენებაზე

– მუშაობა ბგერის აღქმაზე, მისი გამოსახულების დახსომებაზე, ასოს სწორად მოხაზვაზე, გამოთქმაზე.

  1. სავარჯიშოები ვიზუალიზაციაზე

– ვინაიდან დისლექსიის მქონე ბავშვებს უჭირთ იმგვარი სიტყვების ამოკითხვა, რომელსაც ვიზუალური ხატები არ გააჩნია (მაგრამ, რადგან), მათთვის ვიზუალური ხატების მოფიქრება;

  1. სავარჯიშოები კითხვის მოქნილობაზე

– ამოცნობის გარეშე ასო-ასო კითხვა;
– ხმამაღალი კითხვისას საკუთარი ხმის მოსმენა;

  1. კარნახით წერა

– აუდიალური (სმენითი მეხსიერების) გავარჯიშება;
– მოსმენილი სიტყვების დამახსოვრება და შემდეგ მათი ჩაწერა;

  1. სავარჯიშოები არტიკულაციაზე

მუდმივი მუშაობა ბგერების სწორად გამოთქმაზე;

  1. სავარჯიშოები ტექსტის გაგება /გააზრებაზე

ზეპირი მეტყველების განვითარება, ტექსტის წაკითხვამდე არსებული ინფორმაციის გააქტიურება, გახსენება. ამგვარი სავარჯიშოები ხელს უწყობს მოტივაციის აღძვრასაც.

  1. კომპიუტერული თამაშები

როგორც აღვნიშნეთ,  დისლექსიის მქონე მოსწავლეებს უჭირთ ფონემების (ბგერების) გარჩევა, მეტადრე მაშინ, როდესაც ინფორმაცია სწრაფი ტემპით მიეწოდებათ. ამიტომ, მეცნიერებმა შეიმუშავეს თამაში 5-10 წლის ბავშვებისთვის, სადაც მათ უხდებოდათ ბგერების გამოცნობა და ამ გზით ქულების დაგროვება. თავდაპირველად, ბგერები გამოითქმებოდა გაწელილად, თანდათან კი მცირდებოდა გამოთქმის დრო,  ერთი ბგერა ებმებოდა მეორეს. მკვლევრების დაკვირვებით, ბავშვებს, რომლებიც თანატოლებს სამეტყველო განვითარების კუთხით 1-3 წლით ჩამორჩებოდნენ, 4 კვირის განმავლობაში შესამჩნევად განუვითარდათ ფონემების გარჩევის უნარი. განვითარებული უნარი შენარჩუნებული იყო 6 კვირის შემდეგაც (HabiT et al, 1999; Hitchcock& Noonan, 2000). დღეს მრავლადაა იმგვარი კომპიუტერული თამაშები, სადაც ხდება ბგერის დაკავშირება ასოსთან, რაც აადვილებს პრობლემასთან მუშაობის პროცესს.

 გამოყენებული ლიტერატურა:

1.ლინდსეი პეერი – დისლექსიის ემოციური ასპექტი;

1.ჯონ შტეინი – დისლექსიის ნიჭი.

  1. https://mastsavlebeli.ge/?p=2146

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი