პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

შუამდინარული მითოსის „წმინდა ქორწინების“ პერსონაჟთა არქეტიპები „დიონისოს ღიმილში“

მითოსთან მიმართებით მხატვრული ტექსტი აღიქმება როგორც ერთგვარი პალიმფსესტი, რომელშიც ორგანულად ერწყმის ერთმანეთს და იკითხება „ძველი ტექსტის“ – მითოსური ნარატივის – მწერლის მიერ ინტერპრეტირებული სამყაროს ნაკვალევიც და „ახალი ტექსტის“ – მოცემულ შემთხვევაში, კონსტანტინე გამსახურდიას პირველი რომანის, „დიონისოს ღიმილის“ – ფაქტურაც. ეს ორი შრე რომანში ერთმანეთს სრულიადაც არ უშლის ხელს ჰარმონიულ თანაარსებობაში. ამის ფარდ მოვლენად უნდა მივიჩნიოთ შუამდინარული „საკრალური ქორწინების“ პერსონაჟთა არქეტიპების გაცოცხლება „დიონისოს ღიმილში“, რაზეც შესაძლოა ავტორს გაცნობიერებულად არც უფიქრია, თუმცა რომანის ზოგიერთ პასაჟში დაკვირვებული თვალი შეამჩნევს პარალელებს შუამდინარული მითოსის ხსენებულ სიუჟეტთან, რაც, ვფიქრობ, ნამდვილად არ აკნინებს რომანის ორიგინალურობას, პირიქით, მითოსური ალუზიებისა და მეტყველი არქეტიპების ეფექტურად გაცოცხლება მომხიბვლელობას მატებს ნაწარმოებს.

შუამდინარულ მითოსში მკვეთრად გამორჩეულია ქალღმერთის როლი. ის მიიჩნევა ოჯახის/სახლის წინამძღოლად და მის გვერდით კაც-ღვათაებას მეორეხარისხოვანი როლი აქვს. ქალღმერთს/დედას გამოსახავდნენ კვადრატში ანუ სახლში ჩახატული ვარსკვლავით და მნათობის ბრწყინვალებასთან შედარება შარავანდედით მოსავდა მას. ქალღმერთის ეპითეტი „ქუნგ“ წმინდას, ბრწყინვალეს ნიშნავდა.

„დიონისოს ღიმილის“ ჯენეტს ენათესავება გრიგოლ რობაქიძის „ჩაკლული სულის“ პერსონაჟი ნატა, რომელსაც ავტორი შეუფარავად უწოდებს შუამდინარელი ქალღმერთის სახელს იშთარს, იმავე ინანას, რომელიც „საკრალური ქორწინების“ მთავარი აქტორია. რობაქიძის გმირი ქალები ქალღმერთის მხატვრულ რეინკარნაციად ხშირად გვევლინებიან. ნატა იშთარია, მატასი – წმინდა ნინო, კავალა – ამორძალი და ა.შ.

ამას ვერ ვიტყვით გამსახურდიას რომანების პერსონაჟ ქალებზე, რაც ავტორის ერთგვარად ანტიფემინისტური განწყობით თუ აიხსნება, ხოლო „დიონისოს ღიმილის“ პერსონაჟი კაცები ქალს ხშირად მხოლოდ გონებასუსტ, სულმდაბალ არსებად აღიქვამენ. მიუხედავად ამისა, ჯენეტის სახეში ქალღმერთ მაინც მკაფიოდ ირეკლება ინანას ლანდი.

გამსახურდიას რომანების პერსონაჟი ქალები ქალღმერთებს მხოლოდ იმით ემსგავსებიან, რომ ვერცერთი მათგანი ვერ შობს შვილს. ასეთია „დიონისოს ღიმილში“ ჯენეტი, „მთვარის მოტაცებაში“ – თამარი, „დიდოსტატის მარჯვენაში“ – შორენა, „დავით აღმაშენებელში“ – დედისიმედი და გვანცა, გამონაკლისია მხოლოდ „ვაზის ყვავილობის“ სუსქია მინდელი, რომელიც ძის მოვლინებას მსხვერპლად ეწირება.

შუამდინარული წმინდა/საკრალური ქორწინების სიუჟეტის მიხედვით, ინანა ქალწულობას კარგავს მებაღე შუქალეთუდასთან და თავის მისტიკურ საქმროს უბიწოდ არ ჩაბარდება, მაგრამ, მიუხედავად ჭარბი ეროტიზმისა, მისი ეპითეტი მაინც არის „ქი-სიქილ“ – ქალწული. „ქი“ ნიშნავს მიწას, ყანას და ამ ეპითეტშივეა კოდირებული იდეა, რომ ქალი მიწაა, მომლოდინე წიაღი, ხოლო მამაკაცი – მიწათმოქმედი, მხვნელი, თესლის მიმბარებელი.

„გათხოვილი“ ინანა ირჩევს მწყემს დუმუზს. ასეთი არჩევანი მეორდება „დიონისოს ღიმილშიც“. გათხოვილი ჯენეტი ირჩევს სავარსამიძეს, რომელიც მწყემსად იმიტომ აღიქმება, რომ სინამდვილეშიც გვევლინება მწყემსობის, მეჯოგეობის მფარველი ღვთაებების: დიონისოს, პანის, სატირის – მოყვარედ და მგვანად.

დუმუზი თავის სამწყსოს ინადირებდა არა მუსიკით, სალამურით, როგორც ამას სხვა მწყემსები – სუმუკანი და ენქიდუ აკეთებდნენ, არამედ სიტყვით/ლოგოსით.

გავიხსენოთ, რომ სავარსამიძე უპირველესად სიტყვის მაგიით ინადირებს ჯენეტის გულს. მათი პირველი დაახლოება „ვისრამიანის“ ჯადოსნური სტრიქონების კითხვას მოჰყვა, სიტყვის ძალამ აღაგზნო ისინი და ლოგოსმავე ჩაუსახა ერთმანეთისადმი ლტოლვა.

შუმერულ-აქადურ მითებში თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენა გმირს აუცილებლად სიზმარში უნდა ეზმანოს, წინასწარჭვრეტა აქტუალურია. ჯენეტთან მოსალოდნელი განშორების ამბავი ალბანოში წინასწარ ესიზმრება სავარსამიძეს.

„საკრალური ქორწინების“ ასოციაციას ბადებს რომანის „მეხუთე ქება“, რომელსაც „მისტიური ჯვარისწერა“ ეწოდება. ეკლესიის სხვენზე ასული მიჯნურნი „ოქროს წინწკლებით მოოჭვილ იტალიურ ცადაქნილს“ შეჰყურებენ, გარშემორტყმულნი არიან თეთრი ქვისა და მარმარილოს წმინდანებით და ამით გახელებული სავარსამიძე იტყვის: „ეს იყო ჩვენი მისტიური ჯვარისწერა!“

ინანა-იშთარი ქვესკნელში მიჰყვება დუმუზს, ასეც შეიძლება მოვიაზროთ კონსტანტინესა და ჯენეტის ქორწინება, რადგან მათაც უწევთ გაქცევა, „ქვესკნელში დანთქმა“ ჯენეტის ქმრისგან თავდასაღწევად. რომსა და იტალიის სხვა ქალაქებში შეყვარებულები ინკოგნიტოდ ცხოვრობენ, „ქალღმერთი“ ჯენეტი კი ივიწყებს თავის ღირსებებს და, როგორც მისი სატრფო აღნიშნავს, ისეთ ადგილებში დაჰყვება თავის „დუმუზს“, სადაც რიგიანი საზოგადოების ქალს არც კი გაევლება, იქ ნამდვილი ჰადესია.

ბერძნული მითოსის პოპულარული პერსონაჟია მენავე ქარონი, რომელსაც მიცვალებულთა სულები ჰადესში გადაჰყავს. ვერგილიუსის წარმოდგენით, ის ჭუჭყიანი, თეთრწვერა მოხუცია, რომელსაც ანთებული თვალები აქვს (ვერგილიუსი, ენეიდა, თბილისი, 1976, გვ.289). სპეტაკი თეთრი წვერი და ცეცხლოვანი თვალები ღვთაების ატრიბუტებია. ამავე სახით ევლინება პატმოსის კუნძულზე მყოფ იოანე მოციქულს ძე კაცისა: „მისი თავი და თმები თეთრი იყო, როგორც თეთრი მატყლი, როგორც თოვლი. თვალები მისი, როგორც ცეცხლის ალი“. ამგვარადვე წარმოესახება საკუთარი თავი განღმრთობის ექსტაზში მყოფ სავარსამიძეს: „საშინლად მოვხუცებულვარ. მზეებრ ბრწყინვალე თვალები. მატყლივით სპეტაკი თმა“.

„დიონისოს ღიმილის“ იტალიელი მეგონდოლე ჯიორდანო პირდაპირ არის შედარებული მითიურ ქარონთან და ნოველასაც ეწოდება „ქარონის ნავში“. მწერალი ხაზს უსვამს, რომ ჯიორდანო უბირი მეგონდოლე არ არის, რომ მან გააოცა კონსტანტინე და ჯენეტი თავისი ერუდიციით, დანტეს ღრმა ცოდნით.

სავარსამიძე-დიონისოსეული ქტონური ღვთაების ბუნება ქარონის ნავთან მისვლით საცნაურდება. ჯიორდანოს გონდოლა მართლაც ჯოჯოხეთად დანთქმის პრელუდიად იქცა სავარსამიძისთვის, რადგან სწორედ აქ გამოეკიდა მას იტალიის პოლიციის დაზვერვის საიდუმლო აგენტი, ყვითელჯუბიანი მსტოვარი, რომლის წყალობითაც ჩვენი გმირი მალე სატუსაღოში აღმოჩნდა, ნამდვილ „ჰადესში“. იგრძნობა კიდევაც, რომ კონსტანტინესა და ჯენეტის სიყვარულის აღსასრული სწორედ აქედან იწყება. სატუსაღოდან დაბრუნებულ სავარსამიძეს ის ამბავი დახვდება, რომ ჯენეტმა ვერ შვა მათი სიყვარულის ნაყოფი და ამის შემდეგ მას საბოლოოდ აუცრუვდება გული საყვარელ ქალზე.

კონსტანტინეს მანამდე უყვარდა ჯენეტი, სანამ მასში ხედავდა დიონისეს გუნდის წევრ მენადას. მან ჯენეტი აქცია იშთარად, ორგიასტული კულტის ღვთაებად, მაგრამ ეს ქალი საბოლოოდ დასაღუპავად იყო განწირული, რადგან მასში მუდამ ებრძოდა ერთმანეთს „ქრისტეს სასძლო“ და ველური მენადა. „ქრისტეს სასძლომ“ მის სულში სძლია მენადასა და ვნებიან ქალღმერთს – ინანა-იშთარს და ჯენეტიც საყვარლის თვალში ნელ-ნელა დაემსგავსა „ტაბაკონის ბებერ როკაპს“.

გიპარის, ანუ იმ ბეღლის კარი, სადაც შუამდინარულ მითოსში ჰიეროგამიის (წმინდა ქორწინების) საიდუმლო რიტუალი აღესრულება, ლაჟვარდისფერი ანუ სმარაგდისფერია. ეს პატიოსანი თვალი განუყოფელი აქსესუარია „საკრალური ქორწინებისა“.

ზურაბ კიკნაძე მიუთითებს, რომ ლაჟვარდი ინანას ბუნების, კერძოდ, მისი სექსუალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია. ლაჟვარდში სიმბოლიზებულია მისი როგორც ნაყოფიერების ქალღმერთის არსი. ერთ-ერთი სამკაული, რომლითაც ინანა იმშვენებს თავს ქვესკნელში ჩასვლის წინ, ლაჟვარდის ყელსაბამია (ზურაბ კიკნაძე, შუამდინარული მითოლოგია, თბილისი, 1979).

ჰიეროგამიული რიტუალის ერთ-ერთ ტექსტში ინანა მეფე შულგის, დუმუზის ამქვეყნიურ შემცვლელს, ასე მიმართავს: „ლაჟვარდის ხბოსავით იროკებ ჩემს მკერდზე“.

ლაჟვარდისფერია „საკრალური ქორწინების“ სარეცელი, რომლის შესახებაც ინანა ამბობს: „ჩემი ნაყოფიერი სარეცელი ხალხმა დამიდგას, ჩემი ლაჟვარდის ბალახი ზედ დამაფინოს“.

სმარაგდის ბეჭედი კონსტანტინესა და ჯენეტის სიყვარულის განუყრელი თანამგზავრია. ჯენეტი ხშირად იმოსება სმარაგდისფერი სამოსით. ამასთანავე, მას მიჯნურის თვალში მუდამ თან ახლავს ის ღვთაებრივი ბრწყინვალება, რომლითაც ქალღმერთებს ამკობდნენ მითოსურ ნარატივებში. „ჯენეტი ირისესავით ბრწყინავდაო“, – ამბობს კონსტანტინე და ფეხმძიმე ჯენეტის სხეულშიც ამჩნევს თესლის ბრწყინვას, რომელიც დასაბამი უნდა გახდეს ახალი სიცოცხლის ამობრწყინებისა. „ინანაში დაუნჯებულია ნაყოფიერების დვრიტა და ამიტომაც ბრწყინავს იგი“ (ზ.კიკნაძე). ასეთია ჯენეტიც.

ფინიკიელთა, ბაბილონელთა და ძველეგვიპტელთა ინანას ტიპის ქალ-ღვათაებანი ბერწები იყვნენ. ისინი მხოლოდ მუცლადიღებდნენ (გავიხსენოთ ჯენეტის ორსულობა), მაგრამ ვერ შობდნენ. მიუხედავად ამისა, მათი სარეცელი მაინც ნაყოფიერად ითვლებოდა, რადგან „უშობელი ქალღმერთი მრავალთა შობის ბიძგის მიმცემია, მისი თითქოს „ბერწად“ დარჩენილი, „ნაყოფიერი სარეცელი“ ნაყოფიერს ხდის მთელი ქვეყნის საქორწინო სარეცლებს. ინანა ყოველ არსებაში აღვიძებს სურვილს დაწყვილებისას, შემდეგ უნარს შობისას“ (ზ.კიკნაძე).

ჯენეტი ალბანოს გაქარჩხულ სასახლეშიც კი განაყოფიერდა და ამან აკუმი ბიანკას აღფრთოვანება გამოიწვია. მან საბოლოოდ ირწმუნა სავარსამიძის ზეკაცობა, თვითონ კი მწვავედ განიცდიდა, რომ უნაყოფოდ უნდა დარჩენილიყო და ამაზე სევდიანად უყვებოდა კონსტანტინეს.

ცნობილია შათ-იშთარის/იმავე ინანას მრავალი ეპითეტიდან ერთ-ერთი, ყველაზე გავრცელებული – „მორწყული ნაძვი, გირჩებიანი“. სავარსამიძეს ჯენეტის სხეულზე დაკვირვებისას უჩნდება მსგავსი ასოციაცია – „ჯენეტის ნაძვივით წერწეტი ტანი“.

ჯენეტისა და კონსტანტინეს სასიყვარულო თავგადასავალი რომანის უმთავრესი სიუჟეტური ნარატივია, რომელსაც იმთავითვე დაჰყვა ტრაგიკული მითოსური „ნამ-თარ“, ავი ბედისწერა.

ეგვიპტელთა იზიდაც ინანას მონათესავე ღვთაება იყო, ნაყოფიერების ქალღმერთი, რომელიც შემდეგ მთვარის ქალღმერთადაც იქცა. იგი გახელებულია ოზირისის სიყვარულით. იზიდა-ოზირისის მითი ინანა-იშთარისა და დუმუზის მითის ვარიაციაა.

აქვე უნდა ვახსენოთ გვიანი ანტიკურობის ხანის რელიგიური აზროვნებისთვის დამახასიათებელი სინკრეტიზმი, რომელიც იყო მისწრაფება, მრავალსახოვან ღვთაებათა ნიშან-თვისებები გაერთიანებულიყო ერთი-ორი უზენაესი ღვთაების ტიპურ მითოსურ სახეში, რის ცდასაც წარმოადგენდნენ იზიდა და ოზირისი. სინკრეტიზმის მთავარ ფილოსოფიურ ბაზად მიჩნეული იყო ორფიკელთა მისტიკური სწავლებანი და ნეოპლატონიზმი (აპულეუსი, აპოლოგია, მეტამორფოზები, ფლორიდები, 1956). აპულეუსიც მიუთითებდა, რომ იზიდას მსხვერპლად შეწირვის ცერემონია იყო ნებაყოფლობითი აღსასრულის სიმბოლიზება, აღდგომისა და ხელახალი სიცოცხლის დასაბამი. ამავე რაკურსით მოიაზრებოდა ალბათ ქრისტიანობაში მონაზვნად აღკვეცის სიმბოლური არსი.

რევაზ სირაძე მიუთითებს, რომ ნებაყოფლობითი მსხვერპლშეწირვა „ამაღლებულის ესთეტიკურ იდეალს ბადებს“ და ამის საილუსტრაციოდ მოჰყავს ერთი თქმულება ქართული მითოსიდან, რომელშიც სატრფო მისთვის დაფერფლილი მომღერლის ფერფლის ნაპერწკლით საკუთარი სურვილით ზედ ეფერფლება მიჯნურს.

ჯენეტის მხატვრული სახე, რომელიც მითოსურ სახეებს ენათესავება, ალბათ სწორედ „ამაღლებულის ესთეტიკური იდეალის“ გამოსახატავად შექმნა გამსახურდიამ. ჯენეტი ჯერ კონსტანტინესადმი და შემდგომ ქრისტესადმი ნებაყოფლობითი მსხვერპლშეწირვით (იგი, მადამ ლაბიშის თქმით, სამთავისის დედათა მონასტერში აპირებდა აღკვეცას) ამაღლებულის ესთეტიკური იდეალის შემქმნელია.

აბსურდი იქნება იმის მტკიცება, რომ მწერალი მხატვრულ ნაწარმოებს ქმნის წინასწარგანზრახული მითოსური სიუჟეტის კვალდაკვალ, მაგრამ მრავალსახოვანი მითოსური არქეტიპების გაცოცხლებით იძერწება შესანიშნავი მხატვრული სახეები, რომლებიც ამ ალუზიების გამო ორიგინალურობას არ კარგავენ. ლიტერატურა ხომ ისედაც ახალი მითოსია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი