პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

 ჩვენი მეგობარი პადინგტონი

ჩემი მესამეკლასელი მოსწავლეებისთვის კითხვის პროექტის განსახორციელებლად წიგნს ვეძებდი. ბიბლუსში შევიარე, სადაც ახლობელი ახალგაზრდა გოგონა მუშაობდა, ვიცოდი, ძალიან უყვარდა საბავშვო ლიტერატურის კითხვა. მისი რჩევით მაიკლ ბონდის „დათვი, სახელად პადინგტონი” შევარჩიე. ასე დაიწყო ჩვენი თავგადასავლები საუცხოო სამყაროში.

ქართულ ენაზე, ჯერჯერობით სამი წიგნია ნათარგმნი ამ პატარა, უსაყვარლეს დათუნიაზე: ,,დათვი, სახელად პადინგტონი”, ,,პადინგტონი გვეხმარება“ და ,,პადინგტონის ახალი თავგადასავალი“.

ჩვენს პროექტს დავარქვით ,,ჩვენი მეგობარი პადინგტონი“. გთავაზობთ აქტივობებს, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში განვახორციელეთ:

აქტივობა პირველი – პატარებთან ერთად პროექტის გახსნის დღე დავთქვით, მოვრთეთ საკლასო ოთახი საზეიმოდ, გავალამაზეთ იგი ჩვენი საყვარელი სათამაშო დათუნიებით. გავაკარით პადინგტონის ფოტოები, გამოვთქვით ვარაუდები წიგნის შინაარსთან დაკავშირებით; ჩამოვწერეთ ფურცლებზე ჩვენი მოლოდინები, ვნახეთ ნაწყვეტები პადინგტონის თავგადასავლების მიხედვით გადაღებული ფილმებიდან; ვიმსჯელეთ, ვისაუბრეთ ნანახის ირგვლივ და ერთმანეთს პირობა მივეცით, რომ წიგნის კითხვის დასრულებამდე, ფილმს არ ვნახავდით. ბოლოს კი კალათში ჩავყარეთ ჩვენი დათუნიას საყვარელი ნუგბარი – მარმელადი და ფლაერებთან ერთად მთელს სკოლაში დავარიგეთ. ასე მოვუწოდებდით ყველას, რომ ჩვენთან ერთად დაეწყოთ ამ წიგნის კითხვა.

აქტივობა მეორე – ერთ დღეს თოჯინა პადინგტონი გვესტუმრა კლასში. ეს თოჯინა ერთ-ერთი მოსწავლის დედიკომ მოგვიქსოვა. საყვარელი თოჯინა მალე ყველამ შეიყვარა. პატარებს მორიგეობით მიჰყავდათ სახლში, უვლიდნენ, დაჰყავდათ სტუმრად, ერთად მეცადინეობდნენ, სეირნობდნენ, იძინებდნენ და მეორე დღეს ისევ მოჰყავდათ სკოლაში. ჩვენი საყვარელი თოჯინა ხშირად გვესწრებოდა გაკვეთილებზე, დაგვყავდა ექსკურსიებზე.

აქტივობა მესამე – მოვაწყვეთ ,,მარმელადობა”. ერთ-ერთი მოსწავლის დედიკომ წიგნის პერსონაჟი მისის ბირდი განასახიერა და პატარებთან ერთად დათუნიას ფორმის მარმელადი მოგვიმზადა. მარმელადის მომზადების რეცეპტი გულდაგულ ჩავიწერეთ, რათა სახლში კიდევ ერთხელ დაგვეგემოვნებინა საოცარი ნუგბარი.

აქტივობა მეოთხე – ერთ დღეს მოსწავლეებს მათემატიკური ამოცანები მოვუმზადე, რომლის გმირებიც პადინგტონი და მისი ოჯახის წევრები იყვნენ. მოსწავლეებმა ხალისით ამოხსნეს საყვარელი გმირების მიხედვით შედგენილი ამოცანები. გაგაცნობთ რამდენიმე ამოცანას:

  1. პადინგტონი წიგნს კითხულობდა, რომელიც 400-გვერდიანია. წაიკითხა 100 გვერდი. რამდენი გვერდი დარჩა წასაკითხი?
  2. პადინგტონმა 41 მარმელადი იყიდა. პირველ დღეს შეჭამა 12 ცალი. მეორე დღეს – 25. რამდენი მარმელადი დარჩა პადინგტონს?
  3. ჯუდიმ ამოხსნა 8 ამოცანა, ჯონათანმა – 3-ჯერ მეტი. რამდენი ამოცანა ამოხსნა ჯონათანმა?
  4. მისტერ ბ რაუნმა 16 ბანანი გაწურა, მისის ბრაუნმა 2-ჯერ ნაკლები, ვიდრე მისტერ ბრაუნმა, ხოლო პადინგტონმა 12-ით მეტი, ვიდრე მისის ბრაუნმა. რამდენი ბანანი გაწურა პადინგტონმა?
  5. მისის ბირდმა ლანგარზე დადო 36 ორცხობილა. რამდენი ორცხობილა შეჭამა პადინგტონმა, თუ ლანგარზე დარჩა 12 ორცხობილა?

აქტივობა მეხუთე – არც პოეზია დავიწყებიათ პატარებს და ხუთსტრიქონიანი ლექსის წერის შესწავლისას საინტერესო ლექსები მიუძღვნეს პადინგტონს. დაწერეს ფერად ფურცლებზე, გააფორმეს და საკლასო ოთახში გამოფინეს. ლექსების წერისას ლექსიკური მარაგიც გაიმდიდრეს და უამრავი საფერებელი სიტყვაც მიუძღვნეს საყვარელ დათუნიას. საკუთარ ლექსებს ისე მხატვრულად და სითბოთი უკითხავდნენ ერთმანეთს, რომ მათ მოსმენას არაფერი სჯობდა.

 

აქტივობა მეექვსე – შევხვდით წიგნის მთარგმნელს, ქალბატონ თეა ბაკურაძეს. შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. ქალბატონმა თეამ პატარებს მოუყვა პადინგტონის თარგმნის ისტორია, უპასუხა მათ შეკითხვებს. დაახატვინა საყვარელი ეპიზოდი ნაწარმოებიდან. ესაუბრა წიგნებზე, თარგმანებზე, საკუთარ პროფესიაზე. ჩვენმა სტუმარმა ბავშვებს დიდი სითბო და სიყვარული აჩუქა. ვფიქრობ, მათ ეს დღე არასოდეს დაავიწყდებათ.

აქტივობა მეშვიდე – პროექტის დახურვა საზეიმოდ მოვაწყვეთ. ჩავატარეთ ვიქტორინა, გავაკეთეთ პადინგტონის აპლიკაცია, გავაცოცხლეთ ნაწარმოების ოთხი პერსონაჟი, ეს როლი მშობლებმა მოირგეს. ,,მამიდა ლუსიმ” პატარებს უსაყვარლესი ძმისშვილის, პადინგტონის შესახებ მოუყვა ბავშვებს, შემდეგ კი საინტერესო მოთხრობა წაუკითხა, დარიგებები მისცა და ქილებში საგულდაგულოდ ჩალაგებული მარმელადებით გაუმასპინძლდა. მისის ბრაუნი თავისი შვილების ჯუდისა და ჯონათანის შესახებ ესაუბრა პატარებს და ,,ცხელ-ცხელი” საიდუმლოებებიც გაანდო მათ. მისის ბირდმა ამჯერად წიგნის მიხედვით შედგენილი გამოცანები წაუკითხა ბავშვებს, ხოლო მისის კლაიდმა პირობა დადო, რომ აღარასოდეს მოიქცეოდა ცუდად. ბოლოს მისის ბირდმა და მისის კლაიდმა ულამაზესი სიმღერა შეუსრულეს ბავშვებს, რომლის ტექსტის ავტორიც ჩვენი ერთ-ერთი მოსწავლის დედიკო გახლდათ. ბოლოს ყველამ ერთად ვიცეკვეთ პადინგტონისადმი მიძღვნილ ულამაზეს სიმღერაზე (Paddington sang).

ასეთი იყო პადინგტონთან ერთად ჩვენი თავგადასავალი სამი თვის განმავლობაში, რომელმაც დიდ სიამოვნებასთან ერთად დაგვიხვეწა კითხვის უნარები, გაგვიმდიდრა ლექსიკური მარაგი, შეგვაყვარა ცხოველები, გვასწავლა მზრუნველობა, ფიქრი, აზროვნება, ერთობლივი მუშაობა, სხვა კუთხით დაგვაახლოვა დედიკოებთან და გვაზიარა ბევრ სითბოსა და სიყვარულს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი