შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

„სამშობლო, როგორც უფალი…“

გრიგოლ რობაქიძე – სამყარო ეროვნული არსის პრიზმაში

თანამედროვე ლიტერატურული, ფილოსოფიური აზროვნებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ აფასებს კლასიკური მწერლობა თავისუფლების, პატრიოტიზმისა და კოსმოპოლიტიზმის ცნებებს. გლობალიზაციის ეპოქა ამ საკითხებს კიდევ უმატებს პრობლემებს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

სხვადასხვა სააზროვნო სივრცის, მსოფლმხედველობის შემოქმედები საკუთარ სულიერ ძალას, გულის ნაწილს დებენ ამ პროცესის შესწავლისას და ეს არ არის ესეისტური გამონათქვამი, რადგან ნამდვილი მეცნიერება ყოველთვის ეყრდნობა შინაგან განცდებს, ინტუიციას.

ამ წერილში შევეცადე, მეჩვენებინა განსხვავებულ სოციუმებში მცხოვრები დიდი მწერლის სააზროვნო სივრცეში, შემოქმედებაში ზემოჩამოთვლილი კატეგორიების გააზრება და მათ მიმართ დამოკიდებულება, რომელიც მაინც ერთ საწყისზეა ამოზრდილი, მას ეყრდნობა და მისით იკვებება.

ადამიანის არსებობას განაპირობებს ისტორიული ეპოქა, რომელშიც ის ცხოვრობს, როგორც წინასწარგანზრახულობა, შეუცვლელი ბედისწერა. გავიხსენოთ ის მძიმე პერიოდი, რომელმაც ტრაგიკულად განავითარა გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება.

„გრიგალი გააქვს მსოფლიო ორკესტრს,

მას დირიჟორობს თვითონ სატანა“… (გ. ტაბიძე)

სულიერმა ფასეულობებმა გლობალური მასშტაბით იწყეს რღვევა. „ღმერთის ამოძირკვა ყოფიერებიდან _ ეს არის კულტურის ახალი მიჯნა“ (გ. რობაქიძე). – არსებულ სინამდვილეში მომხდარი ამდენი ძალადობა, სისასტიკე, უამრავი უდანაშაულო ადამიანის წამება და სიკვდილი ზოგადად ღმერთის არსებობაზეც ჩააფიქრებდა კაცს. ათეისტურ სამყაროში ადამიანი მარტოდმარტო დარჩა ყოფითი პრობლემების პირისპირ. დადგა დრო პიროვნების ნიველირებისა და მასის, კოლექტივის, რომელიც უფრო ადვილად სამართავია, პრიმატისა.

გრიგოლ რობაქიძე იკვლევდა გამოთქმებს „უნივერსალური კაცი“, „კოლექტიური კაცი“, „მარადი ადამიანი“. რობაქიძისეული „ადამიანი“ ნიშნავს არა ადამისაგან წარმოშობილს, არამედ ცალკეულს, რომელშიც „ადამია“, კაცის პირველქმნილი, სრულყოფილი ხატი, ღმერთთან წილნაყარი… და რწმენაში ნაპოვნი შვება. სამყაროს დარდი _ სიმარტოვისა და არყოფნის შიში. „შენ შენს თავში ატარებ ყოველგვარ სიამეს, ბრწყინვალებას, მაგრამ ყველა დარდსაც. შორიდან, ძალიან შორიდან მობრწყინავს ხსნა. ო, სიმარტოვევ! ო, შენ, ქრისტეს სისხლო, დაჭრილი ნეკნებიდან გადმოღვრილო, შენს ერთ წვეთს მაზიარე, მხოლოდ ერთ პატარა წვეთს, რათა განვახლდე, გავნათლდე“, (გ. რობაქიძე)… „რა ეშველება თავისუფლებას, ღმერთის ამ უმაღლეს საჩუქარს? როგორ შეიძლება კაცი მის აღმოფხვრას დაეთანხმოს? რა გაამართლებს თვით არსებობას, თუ ერთი კაციც კი არ არის თავისუფალი? ან ვის სჭირდება არათავისუფალი სამყარო?“ (გ. რობაქიძე). ეს ის დროა, როცა ჯერ არ დამდგარა რეპრესიების, დასმენის, „მოღალატეთაგან წმენდის“ დღეები, იმ დროის ტერმინოლოგიით.

თავისუფლება კი ღმერთთან მიახლებაა, მისი ადამიანში დავანება. აი, ციტატა მიხეილ წერეთელის ენათმეცნიერული კვლევებიდან: „ღმერთი ყველგანაა, სადაც გული ღიაა, სამსხვერპლო ცხოველის დარად, მზად არის თავის თავის შესათავაზებლად“. ვანლერ დაისელი, 1926 წ. კრებულში „მზის სისხლი“ წერდა: „მე წავიკითხე მთელი სიბრძნე ყოფნა-არყოფნის, კრავის თვალებში დალეწილი უბიწოებით“. აქვე გავიხსენოთ სულხან-საბასეული განმარტება: ღმერთი – „წვა და ხედვა“. ეს ენათესავება სიტყვას მზე, რომელიც თეოლოგიურ ფილოსოფიაში სიმბოლოა ღვთაებისა. ქართულში დღეგრძელობა – დიდხანს, ხანგრძლივი სიცოცხლეა, მზეგრძელობა კი – არა მხოლოდ სიცოცხლის, მზის (ნათლის, ღვთაებრივის) დიდხანს შენარჩუნებისკენ სწრაფვაა ადამიანისა.

უღმერთო კაცი აღარაა ჰარმონიაში ბუნებასთან, რადგან სამყაროს შეცნობა უფლის შეცნობას ნიშნავს.

გრიგოლ რობაქიძე წერს ღმერთის განდევნაზე სამყაროდან: „ჩვენთან ღმერთის წინააღმდეგ იბრძვიან, მისი მოკვლა სურთ. ამერიკასა და ევროპაში რაღა ხდება? იქ არ კლავენ ღმერთს, იქ იგი თავისით კვდება. ღმერთი მუდმივი წვაა…“. როცა ცდილობენ, მოკლან ღმერთი ჩვენში, როგორც თავისუფლება, დგება საფრთხეც ფიზიკური გადარჩენისა, როგორც წინაპირობა სულის, ღირსების, ადამიანურობის შენარჩუნებისა და გრიგოლ რობაქიძე ხდება იძულებითი ემიგრანტი. იწყება მტანჯველი განშორება სამშობლოსთან, ზმანებები და უტოპიური ოცნება წარსულ თუ მომავლის საქართველოზე.

„მე მესიზმრება რაღაც წმინდა, შორი ქვეყანა,

სადღაც, ოდესღაც ზმანებული, ერთხელ ნახული“( გ. ტაბიძე).

გრიგოლ რობაქიძე იყო ადამიანი, რომლისთვისაც სამშობლოა ყველაზე დიდი ღირებულება სამყაროში. „საქართველო დაჭრილი მზეა, „დაჭრილი“… მაგრამ მაინც მზე“. იგი წერდა: „ვზივარ აივანზე და ვერთვი ნელ-ნელა მდინარის ხმაურს, ჩაფიქრებული, მზე უხვად ედინება ჩემს ბინას, მაგრამ იგი არაა „ცხრათვალა“, როგორც ჩვენშია, მყუდრო თალარში აციალებული, ვიხილავ კვლავ შენს სამფლობელოს, დიდო კარდუ: საქართველოს ან სანაკადულოს!“

როგორ მჟღავნდება კიდევ და რას წერს გრიგოლ რობაქიძე დღეს ასე ხშირად და არამიზნობრივად ხმარებულ პატრიოტიზმზე. „გსურს გაიგო, „ვინ ხარ“, უნდა შეიგნო „ვინ იყავ“. გინდა იქცე „რამედ“, უნდა შეიტყო „რა განვლე“… „საითკენ“? მიზანხვედრია მაშინ, თუ ესეც იცი „საიდან“. ეს კი რელიგიური, წარმართული და მასზე კულტურულად „დამყნობილი“ ქრისტიანული წარმოდგენების სიღრმიდან მომდინარეა. ამ მხრივ გავიხსენოთ წმინდა ნინოს ჯვრის გრიგოლ რობაქიძისეული გახსნა: „ხსნა არის!… ჯვარი ვაზისა. მითქვამს და ვიმეორებ: ასეთი უნივერსალური რეალ-სიმბოლო მთელ საქრისტიანოში არ მოიპოვება, ეს სიმბოლო შეიძლებოდა მხოლოდ იმ მხარეში წარმოშობილიყო, საცა მევენახე ამბობს: „თვალი ჩასულა მტევანში“. გავიხსენოთ „გველის პერანგიც“: „სხვების ჯვარი ან ქვისაა, ან რკინის, ან უბრალო ხის _ ყოველთვის მშრალი და წუთხე. აქ კი: ჯვარი ვაზის. ვაზი ხომ სახეა მიწის – ნიადაგის – სიცოცხლის. სხვაგან ჯვარი წამების და დასჯის ნიშანია, ჩვენში ჯვარი ლხინია თვითონ. ჯვარი _ ვაზის ნასხლავისგან გამოჭრილი, ჯვარი _ ქალის თმებით, ქალის თმები ხომ სახეა _ ქალობის _ ქალწულობის _ დედობის… არა, სხვების ჯვარი ბერწია, ჩვენი კი _ ნოყიერი და ნაყოფიერი“.

ქართულ ცეკვაზე გრიგოლ რობაქიძე წერდა: „გარდა ქართველისა, მას ვერ იცეკვებს ვერავინ: რასსა არ ეყოფა“. რასაში, უპირველესად, ეროვნული ქართული მახასიათებლები იგულისხმება, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია ადამიანში და შემდგომ უკვე ზოგადადამიანური თვისებებიც. ან კიდევ ჭირსა და ლხინში ნამღერი „მრავალჟამიერი“, რობაქიძე წერს: „მღერის ქართველი „მრავალჟამიერს“ რაღაც წვალებით… აწვალებს რამე? ეშინია მოკლე ჟამის და მისთვის უყივის მრავალ ჟამს ან მრავალი ჟამი გაუვლია და ეძახის გარდასულ ჟამს?“ სიცოცხლე მოიაზრებს სიკვდილს, რადგან მისი ათვლა იწყება, როგორც დასასრული დასაწყისისა. „პლატონი და ჰეგელი განცვიფრთებოდნენ, რომ სცოდნოდათ, ქართულად „ყოფნას“ და „არყოფნას“ ერთი და იგივე ფესვები აქვს“. ჰომეროსის მთარგმნელი და ანტიკური მსოფლიოს მკვლევარი, ტასილიო ფონ შეფერი, გრიგოლ რობაქიძეს სწერდა: მე შემშურდებოდა თქვენი გენიისა, რომ რამე მიდრეკილება მქონდეს შურიანობისა, მაგრამ რადგან ეს არა მაქვს, დამრჩენია მხოლოდ აღფრთოვანებული ვიყო თქვენით.

„რაჲ ყოფილი, იგივე ყოფადი, და რაჲ ქმნადი, იგივე ქმნული. და არა რაჲ არს ახალი მზესა ქუეშე.“ _ წერს ეკლესიასტე. ამას ეხმიანება გრიგოლ რობაქიძისეული ანალიზი ქართული ენის სიღრმისა: „გოეტჰეს შობამდე ქართველნი ვიტყვით, მაგალითად: „ვქმნიდე“. ეს არაა არც წარსული: „ვქენ“, არც აწმყო: „ვქმნი“, არც მომავალი „შევქმნი“, სტილი ქართული ზმნისა მოქროლვით ანიშნებს „მარად მყოფადს“.

რობაქიძესთან უფლის და სამშობლოს ცნებები შეზრდილია ერთმანეთთან, როგორც ქართულ ვაზის ჯვარზე წმინდა ნინოს თმები. „შვილი, რომელსაც საქართველო სიზმრად ახსოვს, დაეძებს დაკარგულ მამას. მამის ძებნაში იძვრის თანდათან მეტი სიმძაფრით შორეული ფესვი: „მამულის“ ნახვაში იელვებს ხანდახან მამა უზენაესი_თაური ყოვლისა“, – წერს მწერალი.

გრიგოლ რობაქიძე ემიგრაციაშიც ნაყოფიერად მუშაობდა და სულიერად დაკავშირებული იყო სამშობლოსთან, ფიზიკური სიშორის მიუხედავად. თუმცა, ამას თან ერთოდა სიმწარე: საქართველოში მისი მოღალატედ, გამცემად შერაცხვა, რაც მკვდრად გამოცხადებას უდრიდა, მონატრებული სანახები და პატარა შვილის საფლავი. მწერალი წერდა: „მათ ჰგონიათ თურმე: თითქო მე ჰიტლერიანი ვყოფილიყვე… მაშინ არ ვიქნებოდი გესტაპოს ზვერვის ქვეშ მოქცეული 1942 წლის ივნისის შუა რიცხვებიდან ომის ბოლომდე“ (ირაკლი აბაშიძისადმი გაგზავნილი წერილიდან). იგი ამბობდა, რომ მისი წიგნები ჰიტლერსა და მუსოლინიზე წმინდა ლიტერატურულ ფარგლებს არ გასცილებია და მათში წვეთიც არაა ფაშიზმისა (წერილი ნიკო ურუშაძისადმი). კარლო ინასარიძე კი წერდა: „რობაქიძე ლენინს უფრო ამკობდა ქება-დიდებით, ვიდრე მუსოლინ-ჰიტლერს, თუმცა არასდროს ყოფილა არც ბოლშევიკი, არც ფაშისტი“.

ცნობილია, რომ როცა 1945 წელს ბერლინი იბომბებოდა, ქართველ მწერალთა ერთი ჯგუფი კ. გამსახურდიას მეთაურობით მივარდა მთავრობის სასახლეში და ითხოვა, რამე ეღონათ გრ. რობაქიძისა და მ. წერეთლის გადასარჩენად, რომლებიც ბერლინში ეგულებოდათ.

1962 წლის 20 ნოემბერს ჟენევის პოლიციამ გრიგოლ რობაქიძე თავისსავე ბინაში გარდაცვლილი აღმოაჩინა.

„შორეული წინაპარი და უახლოესი ნათესავი ერთი არსებობის გაგრძელებაა“ – წერდა გრიგოლ რობაქიძე. ყოფადობის ასეთ გაგრძელებაზე ნატვრაა მისი ანდერძიც: „ჩემი ნატვრაა: როცა მე ამსოფლად უკვე აღარ ვიქნები, მიდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, მწიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს ანთებდეს ამ პაწია სალოცავის წინ და ლოცვით იხსენებდეს ჩემს სახელს. მეტს არას ვთხოვ საქართველოს“.

გრიგოლ რობაქიძის სამყაროში ძლიერი და ტრაგიკულია ჩვეული სივრციდან დიდი ხნით გასვლის იმპულსი. მთავარი ისაა, რომ სადაც არ უნდა იყვნენ, ქართველ მწერლებს, აწვალებთ ფიქრი: რა არის წმინდა ესთეტიკა, მსოფლიოს მთლიანი აღქმა, სამშობლო, სიყვარული და ნამდვილი თავისუფლება და მათი დამოკიდებულებაც ამ მარადიული კატეგორიებისადმი ძირითადად თანხვედრილია, ვიდრე აცდენილი, მიუხედავად იმ საოცრად განსხვავებული სივრცისა და რეალობისა, რომლებშიც მათ უწევდათ ხშირად ტკივილიანი ცხოვრება.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი