პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

გიორგი ერისთავის კომედია „გაყრა“ ქართული რეალიზმის სათავეში

უნიკალური თეატრალური ტრადიციებით ქართველებს ნამდვილად შეგვიძლია თავის მოწონება. თეატრის მოყვარულია ჩვენი განათლებული საზოგადოების დიდი ნაწილი, მაგრამ შესაძლოა, საზოგადოება ბოლომდე კარგად ვერც კი აცნობიერებდეს თეატრის როლსა და მნიშვნელობას. სხვაც ბევრი დამსახურება აქვს გიორგი ერისთავს სამშობლოს წინაშე, მაგრამ ქართული თეატრის სათავეებთან მისი ყოფნა, პირველი დრამატული ნაწარმოებების შექმნა, მათი რეალიზაცია სცენაზე, რეჟისურა, მსახიობობა და თეატრალური დასის ლიდერობა მის ღვაწლს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს. 1850 წლის 14 იანვარს თბილისის კლასიკური გიმნაზიის სააქტო დარბაზის სცენაზე დაიდგა გიორგი ერისთავის კომედია „გაყრა“, რომელმაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ავტორი ერთ-ერთი მთავარი გმირის, სოვდაგარ მიკირტუმ გასპარიჩ ტრდატოვის როლში გამოდიოდა. ქართული თეატრის დაარსების დღედ სწორედ ეს თარიღი ითვლება. 14 იანვარი ყოველთვის ფართოდ აღინიშნება ხოლმე თეატრის მოყვარულთა შორის.

ცნობილია ილია ჭავჭავაძის განსაკუთრებული ინტერესი თეატრისადმი. იგი თავის პუბლიცისტურ წერილებში ეხმიანებოდა ქართული თეატრის ყოველ მოვლენას, საგანგებოდ აკვირდებოდა თეატრში განვითარებულ მოვლენებს, რეცენზირებას უკეთებდა ყველა წარმოდგენას, დაწვრილებით განიხილავდა პიესის იდეურ-თემატურ ღირებულებებს, ყოველი არტისტის სამსახიობო ოსტატობას.

გიორგი ერისთავის ღვაწლის შეფასებისას ილიამ გაიხსენა შექსპირის გმირის ცნობილი ფრაზა მის მიერვე თარგმნილი „მეფე ლირიდან“ – „არარაისგან არ იქმნების არარაიცა!“ და მისი პერიფრაზით შეეხმიანა გიორგი ერისთავის თეატრალურ მოღვაწეობას: „არარაისგან არ იქნების არარაიცაო“, ჩვენმა თეატრმა ცხადად დაგვანახა, რომ შესაძლოა არარიასაგან იქმნას რამ. ამ ორმოცდაათი წლის წინათ არარა იყო და ეხლა ვხედავთ, რომ არარაისგან იქმნა ჩვენი თეატრი, – ეს ჯერ კიდევ ბევრი რამ არ არის. საქმე ის არის, რომ იქმნა, გაიზარდა, გაძლიერდა… გიორგი ერისთავმა დაიწყო ქართული საზოგადოების ზნეობრივად აღზრდა და გაწვრთნა”…

გიორგი ერისთავი ირიცხებოდა სოლომონ დოდაშვილის მიერ დაფუძნებულ ლიტერატურულ წრეში. ნათელია, რა სულისკვეთებით აღზრდიდა ყმაწვილ გიორგის სოლომონი. იონა მეუნარგია წერდა, რომ ამავე წრეში დაბადებულა ჟურნალის გამოცემის იდეაც, რომლის ავტორი და შემსრულებელიც გიორგი ერისთავი იყო. ასე დაიბადა 1852 წელს კოლონიად ქცეულ, ოკუპირებულ, ყოველმხრივ დაცემულ ქვეყანაში ჟურნალი „ცისკარი“, რომელმაც იმ დროიდან დღემდე წარუშლელი კვალი დატოვა ქართული კულტურისა და სულიერების ისტორიაში. მწერალი მეგობრობდა ნიკოლოზ ბარათაშვილთანაც და მისი გარდაცვალებისთვის ლექსიც მიუძღვნია. 1842 წლის 31 ოქტომბერს ნ. ბარათაშვილი მაიკო ორბელიანს სწერს: „შენ გაზრდას, მაიკო, თუ გლუხარიჩი (გ. ერისთავი) ნახო, ჩემს მაგიერ მოიკითხეთ და უთხარ, რა ღმერთი გაგიწყრა, რომ აგრე ფეხი აიკვეთე ქალაქისკენთქო. როგორ აღარა აგონდება რა სასიამოვნო შენს პოეტურს სულსათქო”.

გიორგი ერისთავის ოჯახი გორში, ხიდისთავში ცხოვრობდა, თუმცა მწერალი თბილისში ხშირად სტუმრობდა მანანა ორბელიანის სალონს და აქ გააცნო მან საზოგადოებას თავისი პირველი დრამატული ნაწარმოებები: „შეშლილი“, „დავა“, „ძუნწი“, „გაყრა“, „წარსული დროების სურათები“.

გიორგი ერისთავი ჭეშმარიტად იყო ქართული კულტურის ლიდერი და მთავარი გმირი, თუმცა 60-იანი წლებიდან მისი სახელი დავიწყებას მიეცა. ის საზოგადოებას გაახსენა ილია ჭავჭავაძემ, რომელმაც „საქართველოს მოამბის“ სხვადასხვა ნომრებში გამოაქვეყნა მისი კომედია „შეშლილი“, ლექსი „თანამგზავრი“ და მისივე თარგმნილი ალექსანდრე გრიბოედოვის პიესა „ვაი ჭკუისაგან“.

1864 წლის 9 სექტემბერს 51 წლის გიორგი ერისთავი სისხლის მოწამვლით გარდაიცვალა გორში. მის დაკრძალვაზე დიდძალი ხალხი ჩასულა, მათ შორის მწერლის სიყრმის მეგობარი გრიგოლ ორბელიანიც. სოფრომ მგალობლიშვილი იხსენებდა, რომ გიორგი ერისთავის სიკვდილმა ადგილობრივი გლეხობა ძალიან დაამწუხრა, რადგან ის გლეხობის მოამაგე, მხარდამჭერი, მათი უფლებებისთვის მებრძოლი იყო. გიორგი ერისთავი დაკრძალულია ისტორიულ სოფელ იკორთაში, რომელიც 1991 წლამდე ცხინვალის რაიონში შედიოდა, ხოლო 2006 წლიდან მიეკუთვნებოდა გორის მუნიციპალიტეტს, 2008 წლიდან კი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ამჟამად სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკა და მინიჭებული აქვს ოსური ტოპონიმი.

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, გიორგი ერისთავმა მე-19 საუკუნის 40-იან წლებშივე უკვე თავი დააღწია გაბატონებული ლიტერატურული მიმდინარეობის, რომანტიზმის, გავლენას და გამოკვეთა ქართული კრიტიკული რეალიზმის კონტურები. მანკიერებათა მხილება დაცემული საზოგადოების გამოსაფხიზლებლად ამ ეპოქის დაკვეთა იყო. დრო და მოთხოვნილებები იცვლებოდა და ამ მწერალმა ალღო სწორად აუღო ახალ დროებას. სახელმწიფოს დაკარგვასა და ეროვნულ ჩაგვრაზე უსაგნო მოთქმა-გოდების ეპოქა დასრულდა. დადგა ჟამი მოქმედებისა, გამოღვიძებისა, ცვლილებებისა, როცა უკვე უნარიანმა ლიდერებმა ხალხს უნდა ჩაუნერგონ ბრძოლისა და მოქმედების იდეები. საიდან იწყება ბრძოლა? – უპირველესად პრობლემების, სირთულეების გაცნობიერება, სწორი დიაგნოსტირება და მათი გამოსასწორებელი გზების ძიებაა გადამწყვეტი.

კომედია „გაყრა“ ქართველ თავადთა ოჯახური ყოფის საოცრად რეალისტური სურათებით სარკის ეფექტის მომხდენია. მწერალმა მკითხველი შეიყვანა ქართველი თავადების ოჯახში, სადაც გამეფებულია ის მახინჯი ცხოვრების წესი, მანკიერებები და მორალურ-ეთიკური სნეულებები, რომლებიც ხელს უშლის ჩვენს ხალხს წინსვლისა და თვითგანვითარებისკენ მიმავალ გზაზე.

მოქმედება მიმდინარეობს დიდებულიძეების ოჯახში. მთავარი გმირია სამი ძმა: ანდუყაფარი, პავლე და ივანე, რომელთა შორისაც უფროსი (ანდუყაფარი) ძველი, ფსევდოკონსერვატიული იდეების მიმდევარია, შუათანა პავლე დარდიმანდი, ნადირობის მოყვარული, ექსცენტრული, ქარაფშუტა, არასერიოზული ტიპია, ხოლო ივანე „თერგდალეულია“, რუსეთსა და პოლონეთში უსწავლია და ყველაფერი ქართული მიუღებელია მისთვის, ცდილობს რუსულ-ევროპულ ყაიდაზე იცხოვროს და ეროვნულ ტრადიციებს არაფრად აგდებს. დრამატურგმა ამ სამი გმირის სახით სხვადასხვა გემოვნების, გაგებისა და ტემპერამენტის სახეები შექმნა, ხოლო მათ გარშემო გააცოცხლა ისეთი გმირები, რომლებიც ეპოქის რეალურ სურათს აღადგენენ მაყურებლის თვალწინ. უკვდავი სახეა სომეხი ვაჭარი მიკირტუმ გასპარიჩ ტრდატოვი. ის ამ პერიოდში თბილისში მომრავლებულ სომეხი ეროვნების ვაჭართა კასტას განასახიერებს თავისი თვისებებით. ასევე დაუვიწყარია სუდის სეკრეტარ რამაზისა და მოურავ ბარამის სახეები. რამაზი იმდროინდელ მოხელეთა და სასამართლოს სახე-სიმბოლოა, ხოლო მოურავი ბარამი განასახიერებს თავადთა გარშემო თავმოყრილი თაღლითი, მლიქვნელი, უსამართლო, გაიძვერა ადამიანების სახასიათო ნიშან-თვისებებს. თავადის ოჯახის წვრილფეხობას განასახიერებენ ივანეს მსახური გაბრიელი და მოახლე გოგო ყარდაშვერდი. ავტორმა ყველანაირი სოციალური სტატუსისა და ფსიქოკონსტიტუციის ადამიანი გამოიყვანა კომედიის სიუჟეტში, რათა მის მიერ გაცოცხლებული სამყარო დამაჯერებელი, შეულამაზებელი და მამხილებელი ყოფილიყო.

ოჯახური დრამა დაიწყო იმით, რომ რუსეთიდან დაბრუნებულმა უმცროსმა ძმამ მამულის გაყოფა და საკუთარი წილის მიღება მოითხოვა. პიესა იწყება საგონებელში ჩავარდნილი ანდუყაფარის სასოწარკვეთილი მონოლოგებითა და გაიძვერა ბარამთან კონსულტაციებით. ანდუყაფარისთვის მამულის გაყოფა წარმოუდგენელია. ის ქვრივია, მის გარშემო არ ჩანან არც შვილები, უკვე მხცოვანია და მისი დრო წასულია, მაგრამ მაინც ებღაუჭება ქონებას და ძმებისთვის არაფრის დათმობა არ სურს. ვალებში ჩავარდნილ, გაღატაკებულ ოჯახში გასაყოფი არც არაფერია და დგება ასეთი რეალობა: ცარიელი და გაპარტახებული სახლ-კარი უნდა დარჩეს უმცროს ძმას, როგორც მთავარ მემკვიდრეს, ხოლო ანდუყაფარი და პავლე უნდა აღმოჩნდნენ უსახლკაროდ, უნდა დატოვონ მამაპაპისეული სამკვიდრო. საკვირველია ძმების დამოკიდებულება ერთმანეთისადმი. მათ შორის არის სრული დისჰარმონია, შეუთანხმებლობა, ანტაგონიზმი, აცდენა ერთმანეთის ინტერესებისა და გეგმებისადმი. მათ ერთმანეთისა არაფერი ესმით. არცერთი არ ფიქრობს სხვის უფლებებსა და ინტერესებზე. ეგომ სრულად დააბნელა მათი ხედვა, დაუხშო მათ თანაგრძნობისა და სიყვარულის უნარი. გამხეცებულ-გამგელებულები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი წაგლიჯონ ძმებს და საერთოდ არ ანაღვლებთ მათი ყოფა. თან ყველაფერ ამას ცდილობენ თაღლითური მეთოდებით. გაიძვერა მოურავი ბარამი ანდუყაფარს ურჩევს, რომ ან შინაყმები ჩააბაროს ძმას, ან ზასედატლად გაამწესებინოს, ან დაუარონ გლეხებს, „შეაწერონ“ ოთხასიოდე თუმანი და მოისყიდონ სასამართლო. ბარამი დარწმუნებულია, რომ თუნდაც ასი თუმნით სასამართლოს მოსყიდვა არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს: „ასის თუმნითა, აბა, რას ბრძანებ? სუდსა, პალატას ხელით ვაქანებ, ჩვენ სუდიასა – აიმ კუკნასა, სულ ვათამაშებ ლეკურ-ბუქნასა და სეკრეტარსა მე ოც თუმნადა, გნებავთ, გაგიხდით მაიმუნათა!“.

თუ ანდუყაფარს ეძნელება ბარამის რეკომენდაციების შესრულება, სამაგიეროდ სასამართლოს მოსყიდვის გეგმით აქტიურად მოქმედებს პავლეს ცოლი მაკრინე, ასევე გაიძვერა და თვალთმაქცი ქალი, რომელსაც ფული არა აქვს სუდის სეკრეტარ რამაზის მოსასყიდად, მაგრამ ყიდის იმას, რაც გააჩნია – საკუთარი ქალიშვილის მითხოვებას ჰპირდება, ხოლო როცა პავლე აღშფოთდება, იქნებ ფიქრობ, ჩვენი ქალი იმ მაიმუნს მისცეო, მაკრინე პასუხობს: „მედიატორათ ვირჩევ, ვატყუებ, აგება ჩემკენ იყოს, თორემ ყარდაშვერდი გოგოსაც არ მივცემო“. პავლე მეუღლის „სიბრძნით“ მოხიბლულია და დითირამბებს უმღერის მას: „ჩემი ცოლი თამარ მეფის დროს რომ ყოფილიყო, ვეზირობას მისცემდნენ… რაც უნდა ჭკვიანი კაცი იყოს, პამპულათ გახდის… ეგ რო კაცი ყოფილიყო, დიდებულიძეებს სულ აჰყრიდა“…

საკვირველია ისიც, რომ ივანეს საერთოდ არ ედარდება, მამისეული სახლიდან გასახლების შემდეგ რა ბედი ეწევათ მის ძმებს. მისთვის ანდუყაფარი ველურია და უკვე ჭარმაგი ძმისადმი მისხალი თანაგრძნობაც კი არ გააჩნია. პირველივე მოქმედების მესამე გამოსვლაში, როცა ივანე პირველად გამოცხადდება ანდუყაფარისა და ბარამის წინაშე, ის მწარედ დასცინის და ამასხარავებს, ამცირებს საკუთარ ძმას. შემოდის წკეპლით ხელში, ანტრაშისა და პირუეტის მოძრაობებით და გაოგნებულ ძმას ასე მიმართავს: „ბონჟურ, ყაფარ, კაპარ! კაკ იმია, დაკ ი ონ დიკარ!“. დასცინის ქართულ ტრადიციებს, მეურნეობას, ღვინოს. აქვს ილუზია, რომ თავად რუსულ-ევროპულად მოაწყობს საკუთარ მამულს და სასწაულებს მოახდენს.

ადამიანის იმგვარი დაცემა, როგორსაც გიორგი ერისთავის კომედიაში ვხვდებით, ტრაგედიაა და დაკავშირებულია ადამიანის სულიერად დაპატარავებასთან, რწმენისა და სიყვარულის დეფიციტთან. გიორგი ერისთავი პიესაში დაუზოგავად ამხელს თავისი გმირების მწვავე მორალურ-ეთიკურ პრობლემებს. ანდუყაფარის სიხარბესა და ექსპლუატატორულ ბუნებას, გლეხთა ძარცვის გამოცდილებას, პავლეს მცონარობასა და ქარაფშუტობას, ივანესა და მისი მსახურის, გაბრიელის გულგრილობას, ცინიზმსა და ანტიქართველობას, მაკრინესა და თათელას ანგარებასა და მესაკუთრეობას, მიკირტუმ გასპარიჩის დაუნდობლობას, ხრიკებსა და ინტრიგებს, რომლებშიც ობობას ქსელივით ახვევს ადამიანებს, ბარამისა და რამაზის მზაკვარ ბუნებას, უსამართლობას, ყარდაშვერდის ანგარებას. აქ ვერ იპოვით ზნეობრივ ადამიანს, გამქრალია ღირსება, სამართალი არ არსებობს, ერთმანეთის დანდობა არავის სურს, ყველა მომხვეჭელი, ხარბი, ანგარებიანი, ეგოისტი, უგულო და უსიყვარულოა. გამეფებულია ყოველგვარი ადამიანური ზადი და მანკი, არავის აღარაფერი შერჩენია წმინდა და ნათელი. ასეთი საზოგადოება არამცთუ მზად არის, რომ სახელმწიფოს აღმშენებლობაში თუნდაც უმნიშვნელო როლი შეასრულოს, მათ არ ძალუძთ არც პირადი და ოჯახური პრობლემების მოგვარება, რადგან ამგვარი თვალთმაქცური ურთიერთობებით, ცხადია, ყოველთვის შარში ეხვევიან, გარშემო ყველაფერი ენგრევათ, სხვებსაც აზიანებენ და საკუთარ სინდისსაც.

„გაყრას“ სულ ათიოდე აქტიური მოქმედი გმირი ჰყავს, თუმცა ყოველი მათგანი უკვდავი და დაუვიწყარი მხატვრული სახეა, განზოგადებული და მრავლისმთქმელი, როგორც კრიტიკული რეალიზმის მწერლობისთვის არის დამახასიათებელი. გმირი აქ ერთ კონკრეტულ პერსონად კი არ წარმოგვიდგება, არამედ კრებითი სახეა ხალხის მანკიერებებისა. ამიტომაც ის იქცევა უკვდავ არქეტიპად, რომელიც ყოველ დროში ცოცხლობს და ყოფის ავკარგიანობაზე დაგვაფიქრებს.

ილია ჭავჭავაძე თავის ერთ-ერთ „შინაურ მიმოხილვაში“ წერდა: „სცენა ხალხის მწვრთნელი, ხალხის გამზრდელი უნდა იყოს და ამასთანაც, იმისთანა შემაქცევარიც არის, რომ უკეთეს მხარეს ადამიანისას ფეხს ადგმევინებს, ფრთას აშლევინებს. უკეთესი შესაქცევარი, უკეთესი დროსგასართობი, სულისა და გულის ამამაღლებელი სხვა ისეთი არა ვიცით რა, სცენის მეტი. თუ ეს ძვირფასი თვისება, როგორც ხალხის წვრთნა და ზრდა, სცენას ჩამოვაცილეთ, იგი მიკიტანხანად გადაიქცევა და მაშინ სჯობს წაწყმდეს, ვიდრე სუფევდეს“.

თუ თეატრი არ ასრულებს ამ ორ მისიას, რომ დაეხმაროს მაყურებელს უკეთეს ადამიანად ქცევაში და ამავე დროს იყოს საუკეთესო გასართობი, მაშინ ის ჯობია, არც არსებობდეს. თუ ვინმე იკითხავს, თუ როგორ მოახერხებდა საზოგადოების გაკეთილშობილებასა და ადამიანთა სულების გამთლიანებას გ. ერისთავი თავისი უკიდურესად დემორალიზებული გმირების სახითო, ამაზე ერთადერთი პასუხი გვაქვს: საზოგადოებას ისევე ეხმარება კათარსისში ადამიანური ზადისა და მანკიერებების შეულამაზებლად ჩვენება, როგორც იდეალური მოდელების ჩვენება, მაგალითად, როგორებიც გვხვდება „ვეფხისტყაოსანში“, რენესანსული ცნობიერების წიგნში. „გაყრა“ ხომ არა რენესანსის, არამედ დეკადანსის ეპოქის პროდუქტია, თავისი ეპოქის რეალობას აცოცხლებს, გმობს ყველა იმ საზოგადოებრივ მანკს, რომელიც ქვეყანას წინსვლის შესაძლებლობას უსპობს. ეს ყველაფერი, რაც გიორგი წერეთელმა სცენაზე აიტანა, იდეალურ გმირთა სამყაროზე კიდევ უფრო მეტად, უფრო ექსპრესიულად, უფრო დამაჯერებლად გვასწავლის ცხოვრების გაკვეთილებს. საზოგადოების ზრდა და წვრთნა შეუძლია იმის ჩვენებას, თუ როგორები არ უნდა ვიყოთ.

ვფიქრობ, უსამართლოდ მიჩქმალულია გიორგი ერისთავის ღვაწლი და შემოქმედებითი დამსახურებები. ქართული რეალიზმის სათავე არა მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან, არამედ გიორგი ერისთავის დრამატული ნაწარმოებებიდან უნდა ავითვალოთ. ჩვენი ახალი თაობების მადლობა ამ დიდებულ მოღვაწეს ქვეყნისთვის თავდადებისა და საღი ორიენტირების ჩვენებისთვის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი