შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

თეთრი ხელჯოხის ამბავი

წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა ცხოვრება პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პარიზში. გთხოვთ, ყურადღება მუზეუმების, ცნობილი კაბარეებისა და თეატრებისკენ არ მიმართოთ. დაფიქრდით ჩვეულებრივ ქუჩებზე მცხოვრები და მომუშავე რიგითი მოქალაქეების ყოფაზე, იმ ქალებისა და კაცების მდგომარეობაზე, რომელთაც ხშირად „უბრალო ადამიანებს“ უწოდებენ.

გასული საუკუნის 20-30-იანი წლების პარიზის ქუჩები ორი ნიშნით გახლდათ გამორჩეული. ქალაქი სავსე იყო პირველი მსოფლიო ომის ვეტერანებით. ვეტერანთა ნაწილის გამოცდილებას მათივე ფიზიკური მდგომარეობა ამხელდა, ისინი შეზღუდული შესაძლებლობის პირები იყვნენ და სულაც არ აპირებდნენ მთელი ცხოვრების სახლში გატარებას. მებრძოლები თავიანთი წარსულით ამაყობდნენ და თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ცდილობდნენ მონაწილეობა მიეღოთ ახალი სახელმწიფოს მშენებლობაში.

მეოცე საუკუნის პირველ სამ ათწლეულში არნახული სისწრაფით გაიზარდა ავტომობილების წარმოება. მდინარე სენის სანაპიროებზე დროგები და ომნიბუსები თანამედროვე მანქანებმა ჩაანაცვლეს. ავტომობილების გამოჩენას ქაოსიც მოჰყვა, რადგან ადრეულ ეტაპზე ჯერ არ არსებობდა ავტოსაგზაო ნიშნების დახვეწილი სისტემა, არც მოძრაობის წესები იყო გააზრებული და შეთანხმებული. ცხენებისგან გათავისუფლებული მოტორიანი ოთხთვალები  მეტწილად თავიანთი ნება სურვილისამებრ გადაადგილდებოდნენ და საფრთხის შემცველ ქაოსს ქმნიდნენ ნებისმიერი გამვლელისათვის.

საკუთარი ფანჯრიდან გამვლელებზე დაკვირვება ძალიან უყვარდა კურსელის ბულვარის ბოლოში მცხოვრებ გიი დ’ერბემონს, ახალგაზრდა მწერალ ქალს, რომელსაც ლიტერატურის გარდა მუსიკაც თავდავიწყებით უყვარდა. იგი ყოველ დღე აკვირდებოდა თავის სამეზობლოში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც იტანჯებოდნენ გზაჯვარედინზე გადასვლის დროს და სიცოცხლეს რისკავდნენ ავტომობილებთან ჭიდილში. ხელოვანის განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევდა იქვე მდებარე უსინათლოთა კლუბის წევრების მდგომარეობა. უსინათლოები და მცირედმხედველნი ფაქტობრივად ნაბიჯის გადადგმასაც კი ვერ ახერხებდნენ, სწრაფად მოძრავი ავტომობილების მძღოლებს აზრადაც არ მოსდიოდათ ქვეითთა საჭიროებების გათვალისწინება.

გიი დ’ერბემონი აქტიური მოქალაქე იყო, ხშირად იღებდა მონაწილეობას სხვათა სოლიდარობის მიზნით ორგანიზებულ ღონისძიებებში. მას დიდ ხანს გულგრილად ჯდომა არ შეეძლო. თავდაპირველად შეტევაზე გადასვლა ამჯობინა, გავარდებოდა ხოლმე ქუჩაში და მძღოლებს ეჩხუბებოდა პრივილეგიებით უსინდისოდ სარგებლობისთვის. ემოციური ტალღისა და ბრაზის გადავლის შემდეგ კი რეალურად დაიწყო ფიქრი გამოსავალზე.

ახალგაზრდა ქალს არც დრო და არც შესაძლებლობა ჰქონდა იმისთვის, რომ ქალაქის ურბანული კვლევებისთვის ჩაეყარა საფუძველი ან სატრანსპორტო მეცნიერების განვითარებისთვის შეეწყო ხელი. მას სწრაფი შედეგი აინტერესებდა, რომელიც მომენტალურად გააუმჯობესებდა თუნდაც მხოლოდ უსინათლოთა მდგომარეობას.

ერთხელ, გვიან საღამოს ბრუნდებოდა შინ, დაღლილი უინტერესოდ ათვალიერებდა სახლისკენ მიმავალ ქუჩას, შებინდებულზე მისი ყურადღება მიიქცია პოლიციელმა, რომელიც თეთრი ჯოხით ცდილობდა ავტომობილთა მოძრაობის დარეგულირებას. შორიდან მომავალი მანქანები თეთრი ჯოხის დანახვისთანავე ანელებდნენ მოძრაობას და პოლიციელთა მითითებებს ელოდებოდნენ.

ევრიკა!

დ’ერბემონმა აღმოაჩინა ნივთი, რომელიც დაბნელების დროსაც მკვეთრად ჩანს და რომლის დანახვაზეც მძღოლები თავიანთ მოქმედებებს უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.

სახლში მისვლისთანავე ნახევრად ბელგიელმა მწერალმა ქალმა განცხადება შეადგინა. იგი მუნიციპალიტეტისგან მოითხოვდა, რომ თეთრი ხელჯოხები პოლიციელთა გარდა უსინათლოებისთვისაც დაერიგებინათ, რათა ქუჩის გადაკვეთის დროს მძღოლებს მათთვის იმდენივე ყურადღება დაეთმოთ, რამდენსაც სამართალდამცველთათვის ხარჯავდნენ. ხანგრძლივი კამპანიის შედეგად, 1931 წლის თებერვალში დ’ერბემონმა საწადელს მიაღწია. მინისტრების, ქალაქის მესვეურთა თანდასწრებით მოხალისეებმა უსინათლოებისთვის თეთრი ხელჯოხების დარიგება დაიწყეს, ავტომობილთა მფლობელებს კი ახალი წესების შესახებ შეატყობინეს, რომლის მიხედვითაც მძღოლებთან მიმართებით უპირატესობა თეთრი ხელჯოხით აღჭურვილ ადამიანებს მიენიჭათ.

მალე ამბავი მთელს ევროპას მოედო, პარიზის სტანდარტები გადაიტანეს ჟენევაში, მადრიდში, ამსტერდამსა და სხვა დედაქალაქებში. თეთრი ხელჯოხი დღემდე მიიჩნევა უსინათლოთა თემის მთავარ სტანდარტად და მთავარ ინსტრუმენტად.

საქალაქო ავტოტრანსპორტისა და უსინათლოთა თემის ურთიერთდამოკიდებულების საკითხი თანამედროვე თბილისშიც განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს.

რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთი გამოცემის გვერდზე მოულოდნელ ცნობას გადავეყარე. ჟურნალისტი თბილისელი უსინათლოების მიერ წამოწყებული ბრძოლის შესახებ წერდა. ვიფიქრე, ამ გაუმართავ, ერთ დიდ ქაოსად გადაქცეულ მეგაპოლისში უსინათლოთა მოთხოვნები, ალბათ, მთელ ტომებს აერთიანებს-მეთქი. მართლაც, ჩვენს თანამოქალაქეებს უფრო სამართლიანი და ხელმისაწვდომი გარემოს უზრუნველყოფისათვის უამრავი მოთხოვნა და რეკომენდაცია აქვთ შემუშავებული. თუმცა, ისინი ყველა წინადადების აქ და ახლა, უსწრაფესად შესრულებას არ ითხოვენ. აქტივისტები აცნობიერებენ შექმნილ ვითარებას, ქალაქის ფინანსურ მდგომარეობას და ხშირად, მხოლოდ ელემენტარული საკითხების აქტუალიზებით შემოიფარგლებიან. კერძოდ, ოცდამეერთე საუკუნის თბილისში ჩვენს თანამოქალაქეებს ბრძოლა უწევთ იმისთვის, რომ ავტობუსის ყველა გაჩერებაზე აუდიოსისტემამ გაჩერების დასახელება გამოაცხადოს! სიმწრის ღიმილმა გადამირბინა სახეზე. განა რა რესურსი სჭირდება იმას, რომ ნელ-ნელა ჩვენი ავტობუსები და მოსაცდელები გავახმოვანოთ, და ამაყად, ხმამაღლა წარმოვთქვათ იმ ადამიანთა გვარები, რომელთა პატივსაცემადაც ვუწოდეთ სახელი ამა თუ იმ ქუჩას. ამგვარად ხომ უსინათლოებსა და მცირედმხედველებს მრავალჯერ უფრო მეტად გაუადვილდებათ ქალაქში დამოუკიდებლად გადაადგილება, სასწავლებელსა და სამუშაო ადგილზე გამოცხადება, მეგობრებთან ერთად გართობა და ა.შ.

ალბათ, მეოცე საუკუნის 20-იანი წლების პარიზელთა მსგავსი სოლიდარობის უნარი მაინც უნდა შეგვწევდეს ათასწლეულის დასაწყისში მცხოვრებ თბილისელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი