პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

პირველი შვილობის თავგადასავალი

რომელი შვილი ხართ ოჯახში? პირველი, მეორე, მეხუთე?

გაიხსენეთ, რამდენი ფოტო გაქვთ ბავშვობისა თქვენ და თქვენს დედმამიშვილს. საინტერესო ამბავია?

დედისერთაც პირველია და, საზოგადოდ, პირველი შვილი ყოველთვის სტრესის ქვეშ იზრდება. მასზე განსაკუთრებულად ზრუნავენ, შესაბამისად, კონტროლის ქვეშ ჰყავთ – მშობლებს, ბებია-ბაბუას, ახლო ნათესავებს. რაც უფრო დიდია ეს წრე, მით მეტი შანსია, ბავშვი საბოლოოდ მორცხვი, თავშეკავებული, შფოთვისკენ მიდრეკილი გაიზარდოს, რადგან მისკენ ათასი თვალი და ყურია მიპყრობილი და წლების განმავლობაში იღებს უფრო მეტ ქება-დიდებასაც და შენიშვნასაც, ვიდრე მის შემდეგ დაბადებულები.

ჯერ მარტო იმის ცქერა რად ღირს, როგორ დაჰკანკალებენ პირმშოს მშობლები. დღეში რამდენჯერმე უცვლიან სამოსს, აბანავებენ ფრთხილად და მოზომილად, აქაოდა, არაფერი ვავნოთო. მისი გამოკვების პერიოდი ერთი დიდი რიტუალია და ჩვილის დეფეკაცია ხომ „გოდოს მოლოდინია“!

ბავშვზე ზრუნვა აუცილებელია, მაგრამ ჰიპერმზრუნველობით შეიძლება პიროვნება დავაზიანოთ. გამუდმებული ზრუნვა და შფოთვა: არის თუ არა წყალი საკმარისად თბილი ბანაობისთვის, ხომ არ მოშივდა პატარას, რომელმაც ოცი წუთის წინ წოვა ძუძუ, რამე ხომ არ გამორჩა მშობელს? რამდენ დედას დაუძინია ამაზე შფოთვით, რომელსაც „ზემდგომი თვალების“ ფხიზელი ყურადღება კიდევ უფრო ამძაფრებს!

პირველი შვილის ტრაგედია – ასე შეიძლება ეწოდოს ეფექტს, როდესაც ბავშვის ნარცისიზმს კონკურენტის გაჩენისას სერიოზული გამოცდა ელოდება. ვინ არის ეს პატარა მჩხავანა არსება, რომელმაც უფროსების მთელი ყურადღება დაისაკუთრა? დედა, მამა და სხვები მის ჭირვეულობას უფრო მეტად ითვალისწინებენ. პატარა მანიპულატორი გამუდმებით ტირის და ყველა მასზე იწყებს ზრუნვას, არადა, პირველმა ხომ ყველაზე უკეთესად იცის, რომ ეს ყველაფერი ყურადღების წართმევის მიზნითაა „დაგეგმილი“?!

პირველი შვილის ეჭვიანობას საზღვარი არ აქვს. ზოგიერთი ბავშვი ამას გამოხატავს (შესაძლოა, უკვე მოზრდილმა, ისევ მოითხოვოს საწოვარა. გაუჩნდეს აგრესია დედმამიშვილის მიმართ, დაეწყოს ენურეზი და სხვა), ზოგიერთი კი ვერ ან არ ამჟღავნებს, რა ხდება მის სულიერ სამყაროში და არაცნობიერში გადააქვს ტრავმა, რომელსაც „კონკურენტის“ გამოჩენა აყენებს.

ასეთი ბავშვები ცდილობენ, იპოვონ თანატოლები, რომლებთანაც ლიდერობას მოახერხებენ. ხშირად აქვთ უთანხმოება მეგობრებთან და განსაკუთრებით უჭირთ უმცროსებთან ურთიერთობა.

პირველ შვილზე განსაკუთრებული ზეწოლა მიმდინარეობს, მისგან მოითხოვენ უმცროსზე ზრუნვას, აკისრებენ დიდ პასუხისმგებლობას: „შენგან ამას არ ველოდი“, „იმედი არ გამიცრუო“, „საუკეთესო უნდა იყო“ და ასე შემდეგ. მშობლის ნარცისული ბუნება ტვირთად აწვება პატარას და რა გასაკვირია, რომ ბავშვიც მარცხის შიშით იზრდება. მისი მთავარი მოტივატორი შეცდომის დაშვების შიშია და არა წარმატების სურვილი. ყოველი წარუმატებლობისთვის, ყოველი შეცდომისთვის ის შენიშვნას იღებდა. ამან თავდაჯერება მოუსპო და კიდევ უფრო მიაჯაჭვა მშობელს.

ასეთ ბავშვებს ხშირად აქვთ „დამჯერის“ იმიჯი და ასეც ახასიათებენ: „ისეთი დამჯერია, უმცროსს კი არ ჰგავს!“

სინამდვილეში უფროსიც ბავშვია. ისიც იყო პატარა, მასაც სურდა ცელქობა, რაღაცის გაფუჭება, სამყაროს შემეცნება, მაგრამ რამდენჯერაც სცადა, დასაჯეს. იქნებ არავის მიუტყეპია, მაგრამ სითბოს ნაკლებობაც ხომ სასჯელია ბავშვისთვის? მისი თანატოლები ერთობიან, ცელქობენ, ჟრიამულობენ, ის კი დედის გვერდით ზის ერთგული ლეკვივით და თვალს აპარებს სხვებისკენ, რომლებსაც ასე ახასიათებენ უფროსები: „ისინი ბავშვურები არიან, ეს კი (პირობითად, ლუკა, ელენე, თაზო, ანასტასია…) სხვანაირად განვითარებული და გონიერია, ამიტომ უჭირს სხვებთან საერთო ენის გამონახვა“.

სინამდვილეში ლუკა, ელენე, თაზო, ანასტასია… ისეთივე ბავშვია, როგორიც სხვები. მასაც ისევე სჭირდება თამაში, როგორც მის თანატოლებს, მასაც უნდა, აურიოს, გამოიგონოს, გაერთოს, იჩხუბოს, მაგრამ ეს სურვილები სადღაც შიგნით იბოჭება, რადგან თავის დროზე სხვანაირი ფორმულა მოარგეს.

ასეთი უფროსი შვილი უფრო და უფრო კარგავს ინიციატივას. თუ შესაბამის გარემოში მოხვდა და თვითრეალიზება მოახერხა, შესანიშნავია, თუ არადა, მისი დამოუკიდებლობა მნიშვნელოვან გამოცდას გაივლის. შესაძლოა, კარგადაც ისწავლოს, შესანიშნავი მანერებიც ჰქონდეს, ფანტასტიკურად აზროვნებდეს, მაგრამ აკლდეს მთავარი – თვითმყოფადობა, თავისუფლება, გადაწყვეტილებების სითამამე და ეს მისი ცხოვრების გოლგოთად იქცევა.

დაიბადა მეორე. უფროს შვილს ეჭვიანობის მთელი გზა აქვს გასავლელი. რა ხდება მის პატარა, ფაქიზ სულში, მხოლოდ ღმერთმა უწყის, რადგან რამდენი ჩანაწერიც, რჩევაც, გამოცდილებაც უნდა წავიკითხოთ, ვოლტერის თქმის არ იყოს, „სულები უფრო განსხვავდებიან, ვიდრე სახეები“. რა შფოთვას, ტკივილს, ტანჯვას გაივლის ბავშვი ასეთ დროს, კაცმა არ იცის. რამდენ ბავშვს წარმოუდგენია, რომ მისი „დანაშაულის“ გამო, როცა მშობელი დაემუქრა, სახლიდან წავალ ან ბავშვთა სახლში ჩაგაბარებო, სასჯელის დრო დადგა – გამოჩნდა ეს პატარა „ვიღაც“, ვინც დედისა და მამის მზრუნველობა მიისაკუთრა და თუ ახლა რამეს დააშავებს, შეიძლება გააგდონ, რადგან „მეორეც ჰყავთ!“

ამ, ერთი შეხედვით, ჰიპერბოლიზებულ თხრობაში სიმართლის დიდი წილია. პატარები ძალიან, ძალიან მტკივნეულად განიცდიან უმცროსი დედმამიშვილის გაჩენას. განსაკუთრებით – უფროსი ძმა, როდესაც მეორე ბიჭი იბადება.

ბავშვთა ფსიქოლოგები წერენ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი ამ დროს უფროსი შვილის „პროცესში ჩართვის“ მცდელობაა. ასეთ დროს უფროსი ხედავს, რომ მასაც აქვს რაღაც ფუნქცია, აკონტროლებს დედასა და მეორეს შორის არსებულ „საიდუმლო“ კავშირს, მშობლის როლს ირგებს და ახალშობილზე ზრუნავს (ამიტომაც უფროს დებს გაცილებით იოლად გადააქვთ ეს ტრავმა, ვიდრე ძმებს, რადგან გოგონებს უფრო ბუნებრივად დაიხმარენ ხოლმე მშობლები).

მაგრამ უფროსი შვილის იმგვარად ჩართვა უმცროსის მოვლაში, რომ მას ბავშვობა წავართვათ, ფუნდამენტური შეცდომაა. ხშირად მშობელი აიძულებს შვილს, მიხედოს პატარას, ჩააცვას, გაასეირნოს, „ემსახუროს“. ასეთ დროს უფროს შვილს უჩნდება ლეგიტიმური პროტესტი, რომ რაღაც უსამართლოდ ნაწილდება – ვიღაც ყოველთვის მართალია, რადგან უბრალოდ პატარაა.

რამდენჯერ დამიშვია შეცდომა და წამომცდენია უფროს შვილთან: „შენ უფროსი ხარ, მეტი გესმის, უნდა დაუთმო!“ – და იქვე მიკბენია ენაზე. განა მისი სულიერი სამყარო საკმარისად მწიფეა იმისთვის, რომ გაიგოს, რას ვგულისხმობ? განა მე, 41 წლისა, ყოველთვის ვუთმობ 3-4 წლით უმცროსს, როცა ის თავხედურად და უსამართლოდ იქცევა? ვუთმობ თუნდაც გზას მანქანის მართვისას? რატომ ვთხოვ იმავეს 11 წლის მოზარდს?

დედმამიშვილები ხშირად ჩხუბობენ, ეს ბუნებრივი და ლოგიკურია. ასეთ დროს მშობელი უნდა ერიდოს რომელიმეს მხარის დაჭერას, რადგან მომხდარს ორივე თავისებურად გადათარგმნის. სამართლიანი განსჯა არაფრის მომცემია, უმჯობესია, პატარებმა თვითონ მოაგვარონ კონფლიქტი და უფრო მეტად დაახლოვდნენ. როგორც არ უნდა ავუხსნათ, ორივე ბავშვი ურყევად იქნება დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში.

მეორე უპატიებელი შეცდომა ორივეს დასჯაა. მშობელს სურს, სამართლიანი იყოს და გამოძიების ნაცვლად მხარეებს თანაბარ პასუხისმგებლობას აკისრებს, მაგრამ ამით უფრო მეტ ზიანს აყენებს სიტუაციას და მეტად უბიძგებს შვილებს, ერთმანეთი არ უყვარდეთ.

მესამე, ასეთივე მნიშვნელოვანი შეცდომა მოჩხუბარი ბავშვების ხელოვნურად შერიგებაა: „თქვენ ხომ ძმები ხართ!“, „ნახეთ, როგორ გიყვართ ერთმანეთი!“, „გადაკოცნეთ!“, „უთხარით ერთმანეთს, რომ აპატიეთ და გიყვართ!“ – ეს ალბათ ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში მომხდარა. ხელოვნურად შერიგებული ბავშვები წყენას გულში იტოვებენ და ზრდასრულობისას ეს ყველაფერი იმით გამოვლინდება ხოლმე, რომ თუ მანამდე საზამთროს ნაჭრისთვის ჩხუბობდნენ, ახლა შესაძლოა ქონებრივი დავის გამო ან სხვა, თითქოსდა უწყინარი მიზეზით მტრად მოეკიდონ ერთმანეთს.

მიეცით ბავშვებს ბრაზისა და სიხარულის გამოხატვის უფლება. ნუ იქცევით საკუთარი შვილების მოსამართლეებად, რადგან სინანულის განცდა ინდივიდუალური და ეგზისტენციალური აქტია. შვილები ერთმანეთზე აუცილებლად იეჭვიანებენ. ეს ბუნების კანონია. გამოხატავს თუ არა ამას რომელიმე, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ბევრი, ვინც ამ ტექსტს კითხულობს, იქნებ არც დამეთანხმოს და თქვას: „მე ასეთი არ ვყოფილვარ“, – მაგრამ საკუთარი არაცნობიერის ანალიზისას შესაძლოა სულ სხვა რეალობას წავაწყდეთ.

საინტერესოა, როგორ მუშაობს ეს პრინციპი სამ და მეტშვილიან ოჯახებში. იქ, სადაც მხოლოდ უფროსი და უმცროსი იყვნენ, ახლა სამნი არიან. უფროსი შვილი აცნობიერებს თავის ადგილს ყველაზე პატარასთან შედარებისას და ხვდება, რომ მარტო აღარაა, კიდევ ვიღაც იზიარებს მის ბედს. შუათანა, რომელსაც გამოცდილი აქვს უმცროსად ყოფნის გემო, უკვე თავად არის უფროსი. ახლა დროის, ნივთებისა და სიყვარულის განაწილებაა საქმე.

როგორც უფროსი შვილის კრიზისი იყო გასავლელი, ისევეა მოსაგვარებელი ამჯერად „შუათანას კონფლიქტი“. შუათანა ბავშვები ადგილის დამკვიდრებისთვის იბრძვიან, ცდილობენ, რამით გამორჩეულები იყვნენ. საკუთარი ადგილის ძიებისას ისინი უნებურად მასხარას როლსაც ირგებენ: არიან მხიარულები, ზერელეები, თაღლითებიც კი. ეს ბავშვის მცდელობაა, ისევ მიიპყროს ყურადღება, რომელიც დაკარგა. უფროსი „ჭკვიანი და დამჯერია“, უმცროსი – „პატარა და სულელი, რომელსაც ყველაფერი ეპატიება“. როლები განაწილებულია, ამიტომ შუათანა ეძებს რაღაც ახალს, რაც სხვებისგან გამოარჩევს. მშობლებიც ხელს ვუწყობთ ამ სტერეოტიპების ჩამოყალიბებას, როცა ბავშვებს ვურჩევთ როლებს და ვარქმევთ ისეთ სახელებს, რომლებიც ტვირთად აწვებათ. თუ უფროსებს უმცროსებზე ზრუნვას ვაიძულებთ და პასუხსაც კი ვთხოვთ მათ ნაცვლად, უმცროსებს ყველანაირი პასუხისმგებლობისგან ვათავისუფლებთ და „უმცროსის“ როლში ვტოვებთ. შუათანა ასეთ დროს იცვლება. ყურადსაღებია მისი ასაკიც, განსაკუთრებით – თუ ნაბოლარას დაბადებისას შუათანა უკვე მოსაწავლეა. შესაძლოა, მან სწავლას მოუკლოს. თუ ოჯახში ერთი შვილია, მეორის დაბადებისას პირველმა შესაძლოა, პირიქით, მოუმატოს სწავლას, მაგრამ ეს „კარგი გოგოს/ბიჭის“ როლი ყოველთვის სასიხარულო არ არის.

შუათანა შვილმა მასხარას როლთან ერთად შესაძლოა სხვა, უფრო უარყოფითი როლის ძიება დაიწყოს. გააჩნია ტიპაჟს, ნატურას და „სცენაზე“ დანარჩენი ორის მიერ დაკავებულ ადგილს. ასეთ დროს მშობელი გამოცდილი რეჟისორივით ან მწვრთნელივითაა: საკმარისია, მსახიობს ან ფეხბურთელს ადგილი შეუცვალო, რომ გუნდი უკეთესად ათამაშდეს.

შუათანას ასეთ დროს განსაკუთრებული ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდება. არ შეიძლება მისი შეზღუდვა და გამუდმებით დასჯა „ქარაფშუტობის“, „აშვებული“ ცხოვრების სტილის გამო. როდესაც ოჯახში მესამე შვილი იბადება და პირველის ან მეორის ქცევაში ცვლილებებს ამჩნევთ, ეს წასაყრუებელი ამბავი არ არის. რაღაც ისეთი ტრიალებს მის გულში, რასაც ადვილად ვერ გამოხატავს, ვერ ამბობს, მალავს. ასეთ დროს აქცენტი ბავშვის დადებითი მხარეების წახალისებაზე უნდა დაისვას.

დასაფიქრებელია კიდევ ერთი რამ, რასაც ბავშვები წრფელი გუმანით გრძნობენ, მშობელს კი ამის გაცნობიერება უჭირს: შვილების გარჩევა ძალიან მტკივნეული, მაგრამ რეალური ამბავია. ძალიან ხშირად მშობელი ამოირჩევს ხოლმე რომელიმეს ისე, რომ თავადაც ვერ ხვდება, ან ხვდება, მაგრამ აღიარებას გაურბის. რომელიღაც შვილი მეუღლეს ან მის მშობლებს აგონებს, რომელიღაცაში კი საკუთარი ეგოისტური სურვილების განხორციელების შესაძლებლობას ხედავს; ერთი უფრო ლამაზი ჰგონია, მეორემ კი მისი იმედი ვერ გაამართლა, მაგრამ ამის აღიარება როგორია?! ასეთ დროს მშობელი თვითაღზრდის ხელოვნურ მეთოდს მიმართავს, ცდილობს, იყოს მიუკერძოებელი და სამართლიანი და უფრო მეტად აფუჭებს საქმეს. უყიდის ერთს სათამაშოს და მეორესაც ზუსტად ისეთივეს სჩუქნის, მაგრამ ბავშვები სათამაშოებით არ არჩევენ მშობლებს, ისინი ჩვენს გულს ხედავენ.

ეს „თანასწორობა“, ერთგვარი სოციალური სამართლიანობა პატარებთან არ ამართლებს. ჯერ ერთი, ორი ერთნაირი სათამაშო ნაკლებად საინტერესოა, მეორეც, ბავშვები უფრო მძაფრად ეჭვიანობენ. ისინი ხვდებიან სიტუაციის ხელოვნურობას და ყურადღებას ამახვილებენ იმ დეტალებზე, რომლებზეც სხვა დროს არ უფიქრიათ. სადაც ხელოვნურობაა, იქ ეჭვის საფუძველიც გვაქვს, რომ „რაღაც ვერაა რიგზე“.

მაშ, როგორ მოიქცეს მშობელი, როდესაც სამი შვილი ჰყავს და სამივეს დასაჩუქრება სურს? ხომ არ აჯობებს, წინასწარ შეუთანხმდეს სამივეს სასურველი ნივთის შესახებ? თუ და-ძმის საჩუქარი ბავშვს „უკეთესი“ მოეჩვენა, დააკვირდეს და ბუნებრივად გაიაროს ცდისა და შეცდომის ცნობილი გზა, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ არჩევანზე.

ყველა დედამ და მამამ უნდა გააცნობიეროს, რომ სამართლიანი მშობლობა ბავშვის თავისებურებების გათვალისწინებასა და გულწრფელობას გულისხმობს. ყველა მოზარდს სჭირდება სიყვარულის ის დოზა, ის მხარდაჭერა, რაც ოჯახსა და საზოგადოებაში მის როლს მნიშვნელოვანს გახდის. ყველა ბავშვის გაერთმნიშვნელიანება მართებული ვერ იქნება, რადგან ადამიანი მათემატიკური ფორმულით არ დაითვლება. როცა საქმე პიროვნებებს ეხება, გურამ დოჩანაშვილის ცნობილი გამოთქმისა არ იყოს, „ერთს პლუს ერთი ყოველთვის ორს არ ნიშნავს“. ყველა მოზარდსა და ბავშვს თავისი წარმოდგენა აქვს მშობელზე. აბა, ჰკითხეთ ერთი ოჯახის რამდენიმე ბავშვს, როგორია მისი მშობელი – საინტერესო პასუხებს მიიღებთ. ისინი გარეგნულადაც კი სხვადასხვანაირად აღწერენ დედას და მამას. ჩვენგან, მშობლებისგან განსხვავებით, ვისაც შვილები ისეთები გვიყვარს, როგორ აზრსაც ვდებთ მათში, ბავშვებს ვუყვარვართ ისეთები, როგორებიც ვართ.

 

პ.ს. ამ წერილის წერისას გამახსენდა, როგორ მკითხა ერთხელ ჩემმა უფროსმა შვილმა მათემ ბავშვური მიამიტობით: რატომ არიან ზღაპრებსა და ლეგენდებში და ბიბლიაშიც კი უფროსი შვილები უფრო მეტად ბოროტები, უმცროსები კი – კეთილებიო?

ამ შეკითხვამ საფიქრალი გამიჩინა, გული მომიკლა და ყველა ის შეცდომა გამახსენა, რაც მისი აღზრდისას დამიშვია. მეც ხომ უფროსი შვილი ვარ და ეს გზა ხომ მეც გამოვიარე.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი