შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

როგორ დავწერო ანალიზი – გზამკვლევი, ნიმუშები

პროზაული ან პოეტური ტექსტის მხატვრული ანალიზი საშუალო საფეხურის ლიტერატურის კურსის კურიკულუმის სავალდებულო შემადგენელია.

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მოსწავლეებს ხშირად უჭირთ იმის გაგება, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კარგად შესრულებული მხატვრული ანალიზი.

დეტალურად მიმოვიხილავთ ანალიზის რაობას. წარმოგიდგენთ ნიმუშებს.

 

რას ნიშნავს მხატვრული ანალიზი?

მხატვრული ანალიზი არის მხატვრული ტექსტის კვლევა-შესწავლის მეთოდი, რომლის დროსაც ნაწარმოები განიხილება ცალკეულ ნაწილებზე, დეტალებზე, თვისებებზე დაკვირვების გზით. დაკვირვების შედეგად შემსწავლელის ცნობიერებაში ყალიბდება გარკვეული მოსაზრებები, წარმოდგენები, დასკვნები, განსჯა. ანალიზი მოიცავს ამ მოსაზრებების მოწესრიგებას, ლოგიკური თანმიმდევრობით გადმოცემას, დასაბუთება-არგუმენტირებას.

 

ანალიზის პროცესში:

ნაწარმოებზე დაკვირვება იწყება შემადგენელ ნაწილებად მისი დაყოფით. ანალიზის დროს ხდება: ნაწილებს შორის კავშირის ან მიმართების გამოყოფა; სტრიქონებში გაცხადებული თუ დაფარული აზრის აღმოჩენა-ახსნა; მიზეზშედეგობრივი კავშირების ძიება; არსებული წინარე ცოდნის (გარე ცოდნა, ექსტრატექსტუალური ცოდნა) გამოყენებით საინტერესო დასკვნების გამოტანა; გამოთქმული მოსაზრებების დასაბუთება-არგუმენტირება.

 

ჩნდება ლეგიტიმური კითხვა: რაში მჭირდება, რას მმატებს ეს სამუშაო?

ანალიზის უნარის განვითარება მნიშვნელოვანია აზროვნების განვითარებისთვის. ეს გახლავთ გაგების, აღქმა-გააზრების, კვლევის, დაკვირვების, შეცნობისა და შემეცნების უნარების განმავითარებელი მეთოდი. ყველა ეს უნარი ადამიანს სჭირდება სოციალიზაციისა და თვითრეალიზაციის ნებისმიერ გამოვლინებაში.

 

ეტაპები დეტალურად:

ობიექტზე დაკვირვება – დააკვირდით ყურადღებით. ნაწარმოები/საანალიზო მონაკვეთი წაიკითხეთ სულ მცირე, სამჯერ. მოიმარჯვეთ წარმოსახვითი ლუპა. „გადაბარგდით“ იმ რეალობაში, რომელსაც ნიმუში გთავაზობთ. კითხვისას წარმოსახვით აჰყევით წაკითხულს, დახატეთ გონებაში ილუსტრაციები.

დაკვირვების შედეგების, მოსაზრებებისა და ფიქრების მოწესრიგება – პირველ ეტაპზე ეს იყოს სამუშაო ფურცელზე მოსაზრებების გადმოტანა ნებისმიერი მოხერხებული ფორმით: „რის თქმას ვაპირებ“, „რა აზრი მიჩნდება“, „რა მახსენდება“.

ყველაფერს უნდა ჰქონდეს სამხილი, დასტური, საბუთი. ანალიზი გამოძიებასავითაა. უბრალოდ ვერაფერს „დააბრალებ“ ტექსტს. მაგალითად, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსის „ცისა ფერს“ ანალიზისას მოსწავლე ასკვნის, რომ ლექსი პოეტის სატრფოს, ეკატერინე ჭავჭავაძეს ეძღვნება. კითხვაზე: სადაა „სამხილი“? – არგუმენტად ლექსიდან სტრიქონის მოშველიება შეუძლებელია, რადგან ლექსში სატრფიალო, სასიყვარულო მოტივი საერთოდ არ არის წამყვანი.

ანალიზი არ არის მხოლოდ აღწერა. „რა გავიგე“ – ამის წარმოჩენა აღწერის (გაგების) დონეა. ანალიზისთვის ეს საკმარისი არ არის. მაგალითად:

ლექსის „ცისა ფერს“ ლირიკულ გმირს ეს ფერი ურჩევნია ყველა სხვა ფერს. მისთვის ეს ფერი ბავშვობიდანვე გამორჩეულია. მაშინაც კი, როდესაც თავს ცუდად გრძნობს, როდესაც დაცლილია ემოციებისგან, გრძნობებისგან, უსიცოცხლო და უენერგიოა („როს სისხლი მაქვს გაციებული“), ამ ფერისადმი ინარჩუნებს ძლიერ განცდას. ლექსში გვესმის წინასწარმეტყველური ფრაზაც – ბარათაშვილი მართლაც უცხოობაში მოკვდება.

ამ აბზაცში გამოთქმული მოსაზრებები მართებულია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და ანალიზად ვერ ჩაითვლება.

შეადარეთ:

„ლირიკული გმირისთვის ცხოვრება ვნებებს მოკლებულია, სისხლის მჩქეფარება მინავლებულია, ეიფორიას შინაგანი სიცარიელე ჩაენაცვლა. ცხოვრების ამ ეტაპზე ის უსიცოცხლო, შინაგანად მკვდარი, უემოციო, უგრძნობია, მაგრამ მაინც არ ღალატობს საყვარელ ფერს. ცის ფერითაა მოცული, შეპყრობილი. „ახლაც, როს სისხლი მაქვს გაციებული, ვფიცავ, მე არ ვეტრფო არ ოდეს ფერსა სხვას“, – ამბობს პოეტი და მკითხველი ხვდება, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ეს კავშირი ცისფერთან. და მაინც, რას ნიშნავს ცისფერი? რისი გამოხატულებაა? იქნებ მარტოსული, სევდიანი, უსიცოცხლო ყოფის სიმბოლოა? მაგრამ თუ გავიხსენებთ რომანტიზმისთვის სახასიათო ლტოლვას უსაზღვროებისკენ, დაუოკებელ სურვილს ბედის საზღვრის გადალახვისა, თუ გავიხსენებთ ბარათაშვილის სხვა ლექსებში გამოხატულ გრძნობებს მიღმიერ სამყაროსთან შეერთებისა, გასაგები გახდება, რომ ცის ფერში ის ერთგვარ თავშესაფარს, ნავსაყუდელს, სიმშვიდესა და ნეტარებას გულისხმობს და ილტვის, „ეშხით დამდნარი“ შეერთოს ამ იდილიურ, იდეალურ სამყაროს“.

ანალიზის დროს აუცილებელია საინტერესო დაკვირვებების დაჯგუფება, აბზაცებისა და სტრუქტურის გათვალისწინება.

გააზრების დონის წარმოსაჩენად საჭიროა ექსტრატექსტუალური (გარე, წინარე) ცოდნის გააქტიურება და ადეკვატურად გამოყენება. კავშირი უნდა იყოს მკაფიო, ლოგიკური.

„ცა რომანტიკოსებისთვის იყო უსასრულობის სიმბოლო. მიღმიერ სამყაროში გასვლა, უსაზღვროებისკენ ლტოლვა მათთვის სახასიათო მოტივია. ბარათაშვილის ლექსში „ცისა ფერს“ ამის გამოხატულებაა სტრიქონები „ფიქრი მე სანატრი მიმიწევს ცისა ქედს, რომ ეშხით დამდნარი შევერთო ლურჯსა ფერს“. ეს დაუოკებელი სწრაფვა, საზღვრებისა და ჩარჩოების არაღიარება, ცხოვრების საზრისის ძიება დაუმორჩილებელ მარადიულ რბოლაში „მერანშიც“ გვხვდება და „შემოღამებაშიც“. აქვე მახსენდება ფრიდრიხის ნახატი „მოგზაური“ . კაცი გაჰყურებს სივრცეს, რომელსაც არ აქვს ჰორიზონტი, იცქირება უსასრულობისკენ, მის სახესა და ემოციებს მნახველი ვერ ხედავს, მაგრამ ნახატის კომპოზიცია, ფერები, ზოგადი განწყობა ისეთია, როგორიც ჩვენი ლექსის მთავარი სათქმელი – „ეშხით დამდნარი შევერთო ლურჯსა ფერს“ – „ისმის“ ნახატიდან“.

 

თანდართული ნიმუშები

(გამოყენებულია ამონარიდები მეთერთმეტეკლასელთა ნაშრომებიდან)

ნიმუში 1 – აღწერა (არ არის საკმარისი):

 „მერანის“ ლირიკული გმირი გაურბის შავ ყორანს, ის უგზო-უკვლოდ მიექანება და არანაირ დაბრკოლებას არ უშინდება. მერანს აგულიანებს, შეუჩერებლად რბოლას სთხოვს, არანაირი გამოწვევის წინაშე არ ანელებს ამ გიჟურ რბოლას. მიქრის იქითკენ, სადაც ბედის სამძღვარი ეგულება. უნდა, რომ გადალახოს. მისი მიზანია, გაიაროს უვალი გზა და დაეხმაროს მოძმეს.

 

ნიმუში 2 – ანალიზის ელემენტები:

„მერანის“ ლირიკული გმირი განწირული სულისკვეთებით მიაჭენებს მერანს იქითკენ, საითაც მისთვის ღირებული ეგულება. მიაჭენებს ბედისწერისგან გასარიდებლად, თავდასაღწევად, მიაჭენებს ბნელი ფიქრებისგან. ცდილობს, არ შეეგუოს ბედს და არ დანებდეს. უნდა, თავისი კვალი დატოვოს ცხოვრებაში. აქვს იმედი, რომ მის მიერ გაკვალული იქამდე უვლელი გზა „მოძმესა თვისსა“ დაეხმარება ოდესმე. კაცთმოყვარეობის, ჰუმანიზმის ამგვარი გამოვლინება სწორედ ისაა, რაც ამ სამყაროს უკეთესს ხდის. ადამიანები ზოგჯერ ფიქრობენ, რომ მხოლოდ დიად და მსოფლიო მასშტაბის საქმეებს აქვს აზრი, საზრისი. მაგრამ ავიწყდებათ, რომ სამყაროს ცვლილება საკუთარი თავით იწყება. მცირედის კეთებითაცაა შესაძლებელი საკაცობრიო სასიკეთო ცვლილებები. „თუ გინდა, შეცვალო სამყარო, დაიწყე საკუთარი თავით“, – მაჰათმა განდის ეს სიტყვები თითქოს „მერანის“ მხედარზეა დაწერილი.

 

კითხვები გასააზრებლად:

ანალიზის რომელი ელემენტები აკლია პირველ ნიმუშს?

სტატიაში მიმოხილული ანალიზის ელემენტებიდან რომელი გხვდება მეორე ნიმუშში?

 

შესრულებულ ნაშრომში დასახელებული/მიმოხილული უნდა იყოს შემდეგი საკითხები:

. ავტორი, სათაური (დაწერის თარიღი, თუკი ცნობილია/გვახსოვს);

. შექმნის ისტორია (ვის მიეძღნა ტექსტი, არის თუ არა რაიმე საინტერესო ფაქტი ცნობილი დაწერის მიზეზსა თუ მიზანზე);

. მიეკუთვნება თუ არა ავტორი რომელიმე ლიტერატურულ დაჯგუფებას, მიმდინარეობას და ჩანს თუ არა ტექსტში/ამონარიდში ამ ლიტერატურული დაჯგუფებისთვის/მიმდინარეობისთვის დამახასიათებელი ნიშნები;

. თემა, იდეა, ძირითადი აზრი – მოკლედ, რაზეა ტექსტი. შესაძლებელია მოკლე პერიფრაზი ან საკვანძო ადგილების ციტირება.

. მხატვრული საშუალებებიტროპი (ეპითეტები, შედარებები, გაპიროვნება, მეტაფორა, ჰიპერბოლა…);

. მხატვრული ხერხები (ალიტერაცია, ალეგორია, ალუზია…)

. პროტაგონისტი, მთავარი გმირი, მოქმედი გმირი, პერსონაჟი, ლირიკული გმირი (ავტორი თავადაა თუ ვისიმე პირით გადმოსცემს სათქმელს) – რომელ პირშია თხრობა? გმირის რა სულიერ-ემოციური მდგომარეობაა გადმოცემული?

. ტექსტის ფორმა, სტრუქტურა, გარეგნული საბურველი (თუ ლექსია – რითმა, რიტმი…) – დაყოფილია თუ არა ტექსტი თავებად, არის თუ არა ქვესათაურები და ა.შ.

 

მზა ენობრივი ფორმულები:

ხშირად მოსწავლეებს უჭირთ აბზაციდან აბზაცზე გადასვლა, თანმიმდევრობის შენარჩუნება ან სულაც დაწყება. მსგავსი ენობრივი ფორმულების გაცნობა მათ ამ სირთულეების დაძლევაში დაეხმარება:

ტექსტში (ლექსში, პოეტურ ნაწარმოებში, ლირიკულ ნაწარმოებში) საუბარია… აღწერილია… ავტორი ეხება… აღწერს… საუბრობს… მოგვითხრობს… გვიყვება…

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი