პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ზოგადი სამუსიკო განათლება და მისი მნიშვნელობა

მიმდინარე ზოგადსაგან­მა­ნათლებლო რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე ძირე­უ­ლი ცვლილება მუსიკის სწავლებას შეეხო. სწორედ ეს ცვლილება იყო იმ ვნებათაღელვის მიზეზი, რომელიც ამ საკითხის ირგვლივ წარმოიშვა. დღეს, რეფორმის დაწყებიდან ექვსი–შვიდი წლის შემდეგ, როდესაც ვნებები გარკვეულწილად დაცხრა, უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ დრომ აჩვენა ამ სიახლის წარმატება. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ იგრძნობა, რომ ეს პრინციპული ცვლილება, რომელიც ეყრდნობა პედაგოგიკაში ნეირობიოლოგიური კვლევების შედეგების გამოყენებას, ხშირად განათლების სფეროს წარმომადგენლების მხრიდანაც არაა სათანადოდ გაგებული და დაფასებული. სწორედ ამიტომ, ჩვენი სტატიის მიზანია, ფართო და, განსაკუთრებით კი, პედაგოგიური საზოგადოებისათვის კიდევ ერთხელ ვისაუბროთ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში მუსიკის საგნისადმი ახლებურ მიდგომაზე და, უფრო ზოგადად, მუსიკის როლზე თანამედროვე სასწავლო პარადიგმაში.

როგორც ცნობილია, კოგნიტური პროცესები დაკავშირებულია ადამიანის თავის ტვინის მარცხენა ჰემისფეროსთან, ხოლო ემოციური და მგრძნობელობითი კი – მარჯვენა ჰემისფეროსთან. თითოეულ ადამიანს, თავისი ბუნებრივი მონაცემების მიხედვით, ერთ – ერთი მათგანი მეტად აქვს განვითარებული, რაც მის ინტერესებსა და მიდრეკილებებში მჟღავნდება. ტრადიციული პედაგოგიკის ერთ – ერთ ნაკლად სამართლიანად ითვლება სწავლების გადაჭარბებული ინტელექტუალიზაცია, ადამიანის ბუნების მთლიანობის დარღვევა და სწავლების ორიენტაცია თავის ტვინის მარცხენა ჰემისფეროზე.

თანამედროვე სასწავლო პარადიგმა ეყრდნობა სასწავლო პროცესის ისეთი სახით აგებას, რომელიც ადამიანის ბუნების მთლიანობის აღდგენას ითვალისწინებს, ანუ არა მარტო მარცხენა ჰემისფეროს შესაბამისი (ლოგიკური, ანალიტიკური ) უნარების განვითარებას, არამედ ხატოვანი აზროვნების, ინტუიციის, შემოქმედებითობის, წარმოსახვის, ემოციების, მგრძნობელობის და სხვათა, რომლებიც თავის ტვინის მარჯვენა ჰემისფეროს გამოვლენას წარმოადგენს. ამ მიდგომის რეალიზაციას წარმოადგენს პედაგოგიკის დარგი, რომელსაც ნეიროპედაგოგიკას, ან ხშირად ტვინზე დაფუძნებულ სწავლებას (Brain Based Education) უწოდებენ და რომელიც სასწავლო პროცესში ნეირობიოლოგიის შედეგების გამოყენებას გულისხმობს. მისი არსი მდგომარეობს დიფერენცირებულ მიდგომაში მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროს უპირატესი განვითარების მქონე მოსწავლეებისათვის მასალის მიწოდების დროს. არსებული სტატისტიკური მონაცემებით, 10-12% დაწყებითი კლასების მოსწავლეებს აქვთ მკაფიოდ გამოხატული ტვინის ასიმეტრია. ასაკთან ერთად ეს სხვაობა თანდათანობით მცირდება, მაგრამ თავდაპირველად იგი სერიოზულ პრობლემას უქმნის მცირეწლოვან მოსწავლეებს. სწორედ ამის შედეგადაა მიჩნეული ე. წ. “მარჯვენა ჰემისფეროიანი” მოსწავლეების ჩამორჩენილობა, სასკოლო ნევროზები.

Gვსურს ვისაუბროთ იმ უმნიშვნელოვანეს ფაქტზე, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნაკლებადაა გაცნობიერებული საზოგადოების მიერ. ეს საკითხი მუსიკის კოგნიტურ ფუნქციას ეხება. თუ მუსიკის ემოციური ზემოქმედება (თავის ტვინის მარჯვენა ჰემისფერო), საზოგადოდ, ეჭვს არ იწვევს, აღსანიშნავია, რომ მუსიკის კოგნიტური (შემეცნებითი) ფუნქცია (თავის ტვინის მარცხენა ჰემისფერო!) მისი ემოციური ფუნქციის ფონზე ნაკლებადაა დაფასებული სერიოზულ პედაგოგიურ ლიტერატურაშიც კი. როგორც ჩანს, ეს შემთხვევითი არაა და რაც ამ საკითხის სიახლით შეიძლება აიხსნას. მართლაც, ადამიანზე მუსიკის ზემოქმედების საკითხში უდიდესი ძვრა მას შემდეგ მოხდა, რაც ბოლო ათწლეულებში შეიქმნა თავის ტვინის მუშაობის შესწავლის არაინვაზიური (დაზიანების გარეშე) in vivo (მოქმედებაში) მეთოდები. ფუნქციური მაგნიტურრეზონანსული ტომოგრაფია, პოზიტრონულემისიური ტომოგრაფია არა მარტო თავის ტვინის სხვადასხვა წილის ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა, არამედ ამ უბნებში წარმოქმნილი იმ აქტივობებისაც, რაც სხვადასხვა სახის კოგნიტური ამოცანების გადაჭრისას წარმოიშობა. ნეიროვიზუალიზაციის მეთოდების დანერგვით ისტორიაში პირველად გახდა შესაძლებელი აზროვნების პროცესზე უშუალო დაკვირვება.

თავის ტვინზე მუსიკის ზემოქმედების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბოლო ათწლეულებში ჩამოყალიბდა მეცნიერების ახალი დარგიმუსიკის ნეირობიოლოგია. გვინდა საზოგადოებას გავაცნოთ ამ დარგში მიღებული ზოგიერთი პრინციპული შედეგი:

ადამიანის თავის ტვინში არ არსებობს უშუალოდ მუსიკის გადამუშავებასთან დაკავშირებული რაიმე სპეციალიზებული ცენტრი. ამ პროცესში მონაწილეობს მთელი თავის ტვინი, მათ შორის, მისი ისეთი წილები, რომლებიც სხვა სახის შემეცნებითი აქტივობისთვისაა სპეციფიკური;

მუსიკის აღქმასა და ანალიზში ჩართულია თავის ტვინის ორივე ჰემისფერო, რის გამოც მუსიკა, ფაქტობრივად, ააქტიურებს მთელ ტვინს და, მაშასადამე, მისი ფუნქციონირების ოპტიმიზაციას ახდენს, რაც დადებითად აისახება თავის ტვინის ზოგად მდგომარეობაზე;

მუსიკოსებს ნაკლებად აქვთ გამოხატული ტვინის ჰემისფეროების ასიმეტრია. თავის ტვინის მუშაობის დროს ჰემისფეროები უფრო ადვილად ენაცვლებიან და გადასცემენ ერთმანეთს სხვადასხვა ფუნქციებს. ჰემისფეროები მათთან უფრო თანასწორუფლებიანია, ვიდრე არამუსიკოსებთან. სხვა ტიპის საქმიანობები არ იწვევს ასეთ კორელაციას თავის ტვინის ჰემისფეროებს შორის;

კავშირი მხედველობას, სმენასა და მოძრაობას შორის მუსიკოსებთან უფრო აქტიურია, ვიდრე არამუსიკოსებთან.

ნეირობიოლოგიური კვლევების ამ მონაცემთა საფუძველზე აიხსნება წლების განმავლობაში დაგროვილი მრავალრიცხოვანი ფაქტობრივი მასალა, რომელიც აფიქსირებს ძლიერ კორელაციას მუსიკის შესწავლასა და მოსწავლეთა ინტელექტუალურ განვითარებას შორის, მუსიკის გასაოცარ ეფექტურობას სასკოლო აკადემიურ მოსწრებაში. სასკოლო მუსიკალური განათლების თანმდევი ინტელექტუალური წარმატებების სია მოიცავს: კითხვითი, სამეტყველო, სივრცული და დროსთან დაკავშირებული ამოცანების გადაჭრისათვის საჭირო უნარების გაუმჯობესება, ვერბალური და მათემატიკური უნარების გაუმჯობესება, ყურადღების კონცენტრირების, მეხსიერების, მოტორული კოორდინაციის გაუმჯობესება.

ამრიგად, მუსიკა სკოლაში უკვე წარმოადგენს საუკეთესო ინსტრუმენტს იმ პრობლემების გადასაჭრელად, რასაც ნეიროპედაგოგიკა ისახავს მიზნად. სწორედ აქ უნდა ვეძებოთ იმ ფაქტის ახსნა, რომ მუსიკა ასე ფართოდ ისწავლება მრავალ ქვეყანაში.

კიდევ ერთხელ, დასკვნის სახით, მოკლედ ჩამოვაყალიბებთ განხილული მიდგომის არსს:

ნეიროვიზუალიზაციის თანამედროვე მეთოდებით ჩატარებული კვლევების შედეგები ადასტურებს, რომ მუსიკის აღქმასა და ანალიზში ჩართულია თავის ტვინის ორივე ჰემისფერო, რის გამოც მუსიკის შესწავლის პროცესი ააქტიურებს მთელ ტვინს და ამით მისი ფუნქციონირების ოპტიმიზაციას ახდენს, რაც დადებითად აისახება თავის ტვინის ზოგად მდგომარეობაზე. ამრიგად, ნეირობიოლოგიის თანამედროვე მიღწევების თანახმად, მუსიკის შესწავლა ადამიანის კოგნიტური და ემოციური სფეროების განვითარებისა და მათი ინტეგრაციის უნიკალურ საშუალებას იძლევა. აქედან კი შეიძლება დავასკვნათ, რომ მუსიკას უნიკალური როლის შესრულება შეუძლია თანამედროვე სასწავლო პარადიგმის ისეთი ერთერთი ძირითადი პრინციპის რეალიზაციაში, როგორიცაა განათლების ჰუმანიზაცია. ყოველივე ეს წარმოადგენს იმ ცვლილებების საფუძველს, რაც მუსიკის სწავლების თანამედროვე მიდგომაში იკვეთება.

არ გვინდა ვინმეს მოეჩვენოს, რომ მუსიკის სასწავლო გეგმაში დაკნინებულია მუსიკის სწავლების კულტურული კომპონენტი. პირიქით, გლობალიზაციისა და კომპიუტერული ქსელების განვითარების ეპოქაში ეს ფაქტორი სულ უფრო სერიოზულ სოციალურ და სახელმწიფოებრივი პოლიტიკის მნიშვნელობას იძენს და ახალგაზრდობის, ე. ი. მომავალი საზოგადოების კულტურის ჩამოყალიბების ერთერთი უმთავრესი საშუალება ხდება. ამ საკითხების განხილვას, ვფიქრობთ, მომავალში მივუბრუნდებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი