პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ტური ბავშვობაში

აკვირდებით, როგორ გადის თქვენი მოსწავლეებისა თუ შვილების ბავშვობის დღეები?

დარღვეული ძილის რეჟიმი, გაიშვიათებული საუბარი და სიცილი, მომატებული აგრესია, გაღიზიანება – ალბათ, ჩვენი დროის ბავშვების ყოველდღიურობა გეცნოთ. წიგნის კითხვა, მეგობრებთან ერთად ყოფნა – ბოლოს ყველა გზა მაინც მობილურ ტელეფონთან მიდის და ვფიქრობ, ყველაზე დიდი გატაცებით დროს ვირტუალურ სამყაროში ატარებენ. აკრძალვების წინააღმდეგი ვარ, თუმცა ყველაზე მეტად ის მაშფოთებს, რომ ეკრანთან დროის შეგრძნებას კარგავენ.

როგორ მოვიქცეთ?

ერთ-ერთი გზა, რომელიც, ჩემი დაკვირვებით, ბავშვს მრავალმხრივ ავითარებს და უნიკალურ გამოცდილებას სძენს, ერთად დროის გატარებაა: ქალაქში გასეირნება, მუზეუმში სტუმრობა, უბნის დათვალიერება… მთავარია, თქვენი სურვილი გადამდები იყოს, ამაში თამაშის ელემენტები ჩართოთ და მათი ინტერესებიც გაითვალისწინოთ.

თუ გსურთ, მონაწილეობა მიიღოთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებების დაგროვების პროცესში, მაშინ გამომყევით ბავშვობის ტურში, რომელიც ჩემი სამი შვილისა და ერთი ძმისშვილისთვის დავგეგმე.

მე და ჩემმა შვილებმა ზაფხულის რამდენიმე კვირა ჩემს მამაპაპისეულ სოფელში, ფასანაურში, გავატარეთ. ყველა ორღობე, კუთხე-კუნჭული, ასფალტიანი შარაგზაც კი თავისი სურნელით მახსენებდა თავს. მოგონებები გულს მიკუმშავდა, ძველი დროის განცდების მოხელთება მიჭირდა. ბოლოს გადავწყვიტე, ავლაპარაკებულიყავი და ბავშვებისთვის ხეების, ქვების, სახლების მეშვეობით მომეთხრო ჩემი ბავშვობა. სურვილი გავანდე თუ არა, დიდი ინტერესი გამოამჟღავნეს. შევთანხმდით, რომ ბოლოს კითხვარს შეავსებდნენ და ამ წამოწყებას „ტური ბავშვობაში“ დავარქვით.

 

ხეები – მსხალი, ჭანჭური, კაკალი, პანტა

ტური ეზოდან დავიწყეთ. მსხლის ხე სახლის კიბესთან დგას. დაბერდა, მაგრამ მეწლეურია და ნაყოფით წელგამოტოვებით გვახარებს. მამა მსხალს ოქტომბერში კრეფდა ხოლმე. აივანზე ან ოთახში ალაგებდა ვაშლებსა და კაკლებს შორის. გვიან შემოდგომით ხილის წასაღებად ამოსულებს ოთახი თავბრუდამხვევი სურნელით გაჟღენთილი გვხვდებოდა. ბაზარში არასდროს გამომეპარება მსხალი, რომელსაც მამა ჩვენთვის კრეფდა. გემო და კანის ფერი მაინც სულ სხვა აქვს.

– თქვენი აზრით, რატომ დაარქვეს მოგრძო ქლიავს ჭანჭური? – ვკითხე ბავშვებს, დაფიქრდნენ და პასუხიც გამცეს. ჩემმა ცხრა წლის ბიჭმა მითხრა, ალბათ ჭიებს უყვართო.

სახლის უკან ტყეში ავდივართ. კაკლის ხე ჩვენს სახლს მფარველი ანგელოზივით დაჰყურებს. ვიხსენებ, როგორ დავბოდიალობდი მარტო ტყეში. ქვების ქვეშ ჭიაყელებს ვეძებდი, ხვლიკის კვერცხებს ვაგროვებდი, საკუთარ თავთან მარტო ყოფნას ვსწავლობდი. ერთხელ კაკლის ხეზე ავძვერი და ვეღარ ჩამოვდიოდი. ახლაც ადვილად ვძვრები ხეზე. ბავშვებს უხარიათ და მერე ძლივსძლივობით ჩამოვყავარ ხიდან.

კაკლის ხეს ფერდობი გადმოჰყურებს. პატარა გავაკებულ ადგილას პანტა დგას. მამა ხეზე მარდად ადიოდა, არხევდა და ველური მსხალი პანტაპუნტით ცვიოდა ქვებს შორის. მამაჩემის შვილიშვილებს უხარიათ პაპიკოს გაცოცხლება. მგონია, რომ ამ დღეს მამაც თან დაგვყვებოდა. ფასანაურში ყველგან მამას სულია არეკლილი.

 

ხავსიანი ქვა

მე და ჩემი მეგობრები მეშვიდე კლასში ვიყავით, როდესაც ფასანაურში დასასვენებლად მარტო გაგვიშვეს. ხავსიანი ქვა ეზოში ერთ ფოტოს მახსენებს, რომელზეც სამი 12 წლის გოგო ვართ აღბეჭდილი, ერთმანეთს ვეხუტებით და უდარდელი დღეებით ვტკბებით.

 

ალაყაფის ჭიშკარი

პაპისეული სახლი ორად არის გაყოფილი. ბიძაჩემის კუთვნილ მხარეს თეთრი ჭიშკარი აბია. პირველკურსელები ქუთაისში მივყავდით ლექტორს, ავტობუსში საკმარისი ადგილი არ აღმოჩნდა და ჩემს ჯგუფელებს ფასანაურში წასვლა შევთავაზე. ასეთია ჩვენი ფასანაურის სახლი – ჩემი და ჩემი ძმების მეგობრების საყვარელი ადგილი იყო მუდამ, ახლა კი აქ ძმისშვილები და მათი მეგობრები იყრიან თავს. მე და ჩემმა ჯგუფელებმა სამარშრუტო ტაქსი დავიქირავეთ და ფასანაურში ამოსულებს ჭიშკარი ბოქლომდადებული დაგვხვდა. სანამ რამეს მოვიფიქრებდი, ადგნენ და ალაყაფის ჭიშკარი ანჯამებიდან ჩამოხსნეს. დღეს მხიარულად ვიხსენებთ ამ ამბავს, მაგრამ მაშინ ძალიან შემეშინდა.

 

გზა ტყეში

ჩემი სახლიდან წყარომდე გზა ტყეში მიიკლაკნება. სახლიდან თუ მიდიხარ, აღმართი უნდა აიარო. ახლა მიკვირს, როგორ მღლიდა ეს აღმართი, რა დაუძლეველი მეჩვენებოდა. გზის პირს ანწლი, ჭინჭარი და ქვები ფარავდა. ზღაპრისეულ გზებს ჰგავს დღესაც – იდუმალსა და თავგადასავლებიანს.

 

წყარო

წყარო უდროოდ გარდაცვლილი ზურას სახელზე გაუმართავთ. მამა ხშირად მგზავნიდა წყაროზე. სხვადასხვა ზომისა და ფორმის ჭურჭელი გვქონდა. მომცრო ვერცხლისფერ ბიდონს ადვილად ვერეოდი. მამასთვის ცივი წყლის მოტანა დიდი პასუხისმგებლობა იყო. წყაროს წყალიც მრავალი წელია ერთგულად მოჩქეფს და ფასანაურში მყოფი ადამიანებისთვის ერთგვარ რიტუალად ქცეულა წყაროზე წასვლა.

 

სასაფლაო

წყაროდან სასაფლაოზე მივდივართ. ეზოში ცოლ-ქმარს ვამჩნევ. ისინიც გვაკვირდებიან. მინდა, ვკითხო, ჰეი, მამაჩემს ხომ არ იცნობდით-მეთქი? ამის ნაცვლად სასაფლაოს შესასვლელზე ვეკითხები. იქ ორი მუშა გვხვდება. აქაურები ხომ არ ხართ-მეთქი? უარი საუბრის გაგრძელების სურვილს მიქრობს. ვერავის ვპოულობ, ვისაც ბავშვების თანდასწრებით მამაზე ვესაუბრები. პაპაჩემისა და ბებიაჩემის საფლავს თვალდახუჭული მივაგნებ, – ვეუბნები ბავშვებს და ნაცნობი ადგილისკენ მივრბივარ. კატო ბაბოსა და შიო პაპას საფლავებს შორის ვჯდები და ხმამაღლა ლაპარაკს ვიწყებ.

კატო ბაბო პაპამ ცოლად რომ მოიყვანა, პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავდა. ბიჭი დას დაუტოვა გასაზრდელად. პაპასთან 6 შვილი შეეძინა, სამი მცირე ასაკში სოკოთი მოეწამლა და მოუკვდა. ამის გამო სოკოს არ ვჭამ. ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, რომელმაც ვაჭრობა დაიწყო – ყველი ორჯონიკიძიდან გადმოჰქონდა და თბილისში ყიდიდა. ახლა შემიძლია წარმოვიდგინო მისი ქალური და დედური განცდები და მთელი გულით თანავუგრძნო.

შიო პაპას მადლობას ვეუბნები, კატო ბაბო ძალიან რომ უყვარდა. იქიდან წამოსული ვფიქრობ, რომ სასაფლაო პოეზიას ჰგავს – ორივე სხვა, ირეალურ სამყაროსთან მაახლოებს.

 

ფოსტა

ბავშვების წარმოსახვას ფოსტის ამბები მყისიერად აცოცხლებს. აბა, როგორია, ინტერნეტის თაობას გააგებინო, რომ თბილისში დასარეკად მე და ჩემი მეგობრები საგანგებოდ მივდიოდით ფოსტაში. ეს იყო მთელი თავგადასავალი. მოთმინებით ველოდით ჩვენს რიგს, ვაკვირდებოდით ქალებს, რომლებიც ხმამაღლა ჩასძახოდნენ ყურმილის მეორე მხარეს: „ალო, თბილისიიიი, თბილისიიი…, მლეთააა, მლეთააა, დუშეთიიი, დუშეთიიი…“ ჩვენი ჯერი რომ მოვიდოდა, პატარა ჯიხურში ვიკეტებოდით და ნაცნობი ხმის გაგონებით ვხარობდით. ფოსტაში ვხვდებოდით ნაცნობებს, ვაგროვებდით მოსაყოლ ამბებს. ეს იყო მოზარდი გოგოების ყოველდღიური რიტუალი.

ფოსტის შენობა შამბნარსა და ეკალ-ბარდებში ჩაფლული დაგვხვდა. შენობის მხოლოდ სახურავი მოჩანდა. ჩემი ბავშვობის დღეებს ბოქლომი დაადეს და ფოსტისკენ მიმავალი ბილიკი ბალახით დაიფარა. ვერ მოვითმინე და ჩემს ბიჭთან ერთად ღობეზე გადავძვერი. ამდენი წლის შემდეგ ვამჩნევ, თურმე რა ლამაზი ყოფილა ფოსტის შენობა. მჭიდროდ დაკეტილი შემინული კარი მაჩერებს. მოგონებებს ვიხმობ და რენსომ რიგზის „მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისთვის“ მახსენდება. ერთ დროს ადამიანების ხმებითა და ამბებით იყო სავსე, ახლა კი გაუკაცურებულა. აქ გულის ნაწილს ვტოვებ.

ღობეზე უკან გადაბობღება მიჭირს და ბავშვებისთვის ეს დღის საყვარელ ამბად იქცევა.

 

ზურა ნათლიას ჭიშკარი

ფოსტის წინ ნათლიაჩემის სახლია. ადრე დაბალი ღობე ერტყა და ავლა-ჩავლისას ვხვდებოდი, ჩამოსული იყო თუ არა ნათლია თბილისიდან. ახლა მაღალი ღობე შემოუვლიათ და თვალი ვერ ეგუება. ზურა ნათლია მამას ბავშვობის მეგობარია და თავის პირველ შვილს სწორედ მისი სახელი დაარქვა. შთამბეჭდავი გარეგნობა აქვს, რუსთაველის პერსონაჟებს მაგონებს. მისი ჭიშკარიც ბოქლომდადებული დამხვდა.

 

სონა ბაბოს სახლი

სონა ბაბო და გოგია პაპა მამას და დედას უფროსი მეგობრები იყვნენ. მე და ჩემი გოგოები ახლა დედაჩემს გულუბრყვილობად ვუთვლით, რომ ტყეში მცხოვრებ ბავშვებს სონა ბაბოს აბარებდა. სონა ბაბოს სახლი გზისპირასაა. სახურავი ჩამონგრეულა, ფანჯრები ჩალეწილა, პატარა ეზო გავერანებულა, სახურავთან აკრულ საღებავგადაცლილ აბრაზე ძლივს იკითხება „მერაბ კოსტავას 46“, ლურჯი კარი კი ისეა გაღებული, მგონია, აი, სადაცაა, სონა ბაბო გამოჩნდება, კეთილად შემომღიმილებს, შინ შეგვიპატიჟებს და ჩაის დაგვალევინებს-მეთქი.

 

კლუბი

ჩემს ბავშვობაში კლუბს ფუნქცია უკვე დაკარგული ჰქონდა. მას მხოლოდ მშობლებისა და ძმების მონათხრობიდან ვიცნობ. მიამბობდნენ, რომ თბილისიდან ფილმები ამოჰქონდათ და მოუთმენლად ელოდნენ ჩვენებას. კლუბის თავმჯდომარე იყო თამარა, ნათლიაჩემის დედა, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. სტაფილოსფერი ტუჩსაცხი, საყურეები, მოკლედ შეჭრილი თმა, პრინციპული ხასიათი – ასეთი მახსოვს თამარა ბაბო, რომელიც ყოველთვის დიდი ყურადღებით მეპყრობოდა.

კლუბის კარს ქვა ჰქონდა მიყუდებული, გადავწიეთ და შევედით. დამტვერილი სკამები, ჩანგრეული იატაკი, ნაჭერგადაფარებული პიანინო და ნესტის სუნი დაგვხვდა. თანამედროვეობას კედელზე გაკრული ბავშვების ნახატები ეხმიანებოდა. კლუბის ფანჯრიდან ეზო ჩანდა და ზუსტად ის ადგილი, სადაც მამაჩემი ტყის სახლის აშენებამდე გაიზარდა. ბავშვებთან ერთად იმ ეზოში მივდივარ.

ბორია ძიას ეზო

დაკეტილი ჭიშკრების გაღების დღეა და ბორია ძიას ეზოშიც თამამად შევდივართ. მამას ხშირად დავყავდი მასთან და მუდამ ხალხმრავლობა მხვდებოდა. ახლა აქ აღარავინ ცხოვრობს. ყველა ქალაქშია. ბავშვებს ვაჩვენებ იმ ადგილს, სადაც მამა გაიზარდა. უცნაური დუმილით მხვდება ბავშვობისეული ადგილები.

 

სკოლა

გზად გვხვდება სკოლა, რომელსაც რამდენიმე წლის წინ უწერის სკოლის მოსწავლეებთან ერთად ვესტუმრე – გოდერძი ჩოხელის მოთხრობების მიხედვით სპექტაკლი გავმართეთ. იმ დროს ჩემი გოგონაც უწერის სკოლის მოსწავლე იყო და სპექტაკლში ისიც მონაწილეობდა. ამბობს, რომ ბუნდოვნად ახსოვს ყველაფერი და მთხოვს, მისი კლასისთვისაც დავდგა სპექტაკლი.

ბინდდება. სკოლა უჩვეულოდ ცარიელი და მდუმარეა. წარმოიდგინეთ, რომ სკოლას ჩაუარეთ და ხედავთ, რომ მისი ფანჯრებიდან სხვადასხვა ფერის სინათლე და მუსიკა იღვრება. როგორ გააგრძელებდით ამბავს? – ვკითხე ბავშვებს და მათ წერის სურვილი გაუჩნდათ.

 

დანგრეული სასტუმრო

ფასანაურში ერთ დროს სასტუმრო იყო. არ ვიცი, ოდესმე თუ ჰქონდა დასრულებული სახე. მე მუდამ დანგრეული მახსოვს. სასტუმროს ეზოში თანატოლებთან ერთად ბადმინტონს ვთამაშობდი. ჩემი ძმისშვილი გვეუბნება, რომ ზოგჯერ აქ გორგოლაჭებით სრიალებს. ჩვენ ფოტოებს ვიღებთ და გზას ვაგრძელებთ.

 

ირმები

ფასანაურის შემოსასვლელში ირმების მონუმენტია. დავინახავდი თუ არა, თავი შინ მეგონა. ალბათ, ბევრი ადამიანისთვის ნაცნობი განცდაა. გზას შიშით მივუყვებით. მანქანები ვიწრო გზაზე სწრაფად დადიან და ხშირად ერთმანეთს უსწრებენ. ამასობაში დაგვიღამდა. ირმებიდან ორად დატოტვილი, მთებით შემოსაზღვრული ფასანაური მოჩანს. იქვე ახლოს თეთრ არაგვს შავი არაგვი უერთდება. ჩემი სამი წლის გოგო ხმამაღლა ჩამძახის, რანაირი თვალი აქვს ირემსო. აქამდე ასე ახლოს არასდროს დავკვირვებივარ ირმის თვალსა და რქებს.

 

საგზაო და ვაშლის ხე

შინ დაბრუნებისას მარკეტში საყვარელ შოკოლადებს ვყიდულობთ. ძველ სახლებს შორის ბნელ ორღობეს მივუყვებით. ტყის სახლში საგზაოს გავლით მივდივართ. აქაც ყველა კუთხე-კუნჭული რაღაცას მახსენებს, მაგრამ თხრობას ვაშლის ხით ვასრულებ.

ჩემს ბავშვობის მეგობრებს, რომლებთან ერთადაც არაერთი ზაფხული გამიტარებია ფასანაურში, ძალიან უყვარდათ მჟავე ვაშლი და ანანურიდან თუ არაგვიდან დაბრუნებისას ხელს გამოაყოლებდნენ ხოლმე. მე კი ჩემი შვილებისთვის დიდი სიყვარულით ვიხსენებ იმას, რაც ჩემს მეგობრებს უყვარდათ და ზუსტად ვიცი, დრო რომ გავა, ასეთი ამბები ისევე დაილექება მათ სამყაროში, როგორც ჩემსას შემორჩნენ მამას მოყოლილი ზღაპრები, ამბები და ადამიანები.

 

კითხვარი

დღიურში რამდენიმე კითხვა ჩამოვუწერე და წერილობით უპასუხეს:

  • სამი რამ, რაც დამამახსოვრდა.
  • რით იყო განსაკუთრებული ეს ტური შენთვის?
  • მიამბე შენი ბავშვობის ერთი ადგილის შესახებ.
  • ერთი კითხვა, რომელიც დამებადა.

 

ფოტოამბავი

თითოეულ ადგილს, რომლის შესახებაც ვუამბობდი ბავშვებს, ფოტოს ვუღებდი. ინტერესის გასაღვივებლად გადავწყვიტე, ფოტოკითხვარი ავკინძო. საინტერესოა, როგორ მოისმინეს და რა დაამახსოვრდათ.

ტური ბავშვობაში დაუვიწყარ თავგადასავლად გვექცა. სამსაათიან სეირნობას თხრობა, მოსმენა, ამბის ფოტოზე ასახვა, წერილობითი აქტივობა დავუკავშირეთ, ერთად ყოფნით გავიხარეთ და, რაც მთავარია, ბავშვებთან ერთად მეც ნაყოფიერად გავატარე დრო.

ფასანაურში ყოფნისას კიდევ ერთი წიგნი, ხუან რულფოს „პედრო პარამო“, მახსენდებოდა. მაგიური რეალიზმის ჟანრის რომანში მთავარი პერსონაჟი მამის მოსაძებნად სოფელში მიდის. ტექსტთან რამდენჯერმე მიბრუნება დამჭირდა იმის აღმოსაჩენად, რომ მამის საპოვნელად სოფელში ჩასულ ბიჭს ყველა გარდაცვლილი ხვდება. მიცვალებულები საფლავებიდან ლაპარაკობენ. რომანში რეალურ და ირეალურ სამყაროებს შორის ზღვარი ისეა დარღვეული, რომ გგონია, ასეც უნდა იყოს. ფასანაურიდან გამქრალი ადამიანების ხმების გასაგონად როგორ უნდა მოვიქცე-მეთქი, ვეკითხებოდი საკუთარ თავს და ისეთი განცდა მეუფლებოდა, თითქოს ისინი არსად წასულან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი