პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მატასის წიგნი

***

„საქართველოში რომ არ ვიყავი, რა მუსიკას მასმენინებდი?“ – ორსულობის ამბებს მეკითხება მატასი.

 

***

მატასი: სად მივდივართ?

მამა: სვეტიცხოველი უნდა ვნახოთ.

მატასი: ხო არ მიკბენს?

***

მატასის მეასე შეკითხვა ძილის წინ:

– თოვლის ბაბუას ჭიპი აქვს?

– კი.

– გინახია?

 

***

ორკუთხედი – მატასი ოთხიანის დაწერას სწავლობს.

 

***

„დე, ლექსი თქვი თუ სიმართლე?“ – მატასის ჩემს ნათქვამში ეჭვი ეპარება.

 

***

– აღარც დედა მინდა, აღარც მამა და აღარც და!

– ჩვენზე ბრაზობ, ელენეს რაღას ერჩი?

– აბა, თქვენი გაზრდილი შვილი რა იქნება!

 

***

„დასხედი, ქალბატონო რუსიკო,“ – მატასი ადგილს მითმობს.

 

***

– დე, გიყვარს ეს კაბა?

– ძალიან.

– აკოცე მერე, ისე ვერ მიხვდება.

 

***

„ჩუმად წასაკითხია თუ საბავშვო?“ – წიგნის თაროსთან მეკითხება მატასი.

 

***

„მარიამი გავიგე და ჩემი ნათლობის გვარს რატომ არ მეუბნებით?“

 

***

„გული ორნაირია – სიყვარულის და ორგანიზმის.“

 

***

მატასიმ მაღაზიაში თვალი ვერ მომკრა და დაფრთხა. მიპოვა თუ არა, თავი დაიმშვიდა: „მე რო არ გყავდე, რა გეშველება, ხო? ჩემისთანა ბავშვს ვინ მიატოვებს, არა?“

 

***

– ერთ ხაზზე გამოწერე „მუხა“.

– ოო, უ-ს წერა მეზარება, მიხას დავწერ.

 

***

„მე ხო ექვსის ვარ და ჩემი მეგობარი ხუთის. ჰოდა, რომ არ ეწყინოს, მე ვუთხარი ოთხის ვარ-მეთქი.“

 

***

„უკანკალო კიკინა“ ისეთი კიკინაა, რომელიც მთელი დღე არ ჩამოგეშლება. პატარა ამბავი არ გეგონოთ.

 

***

„მათემატიკას რომ ვმეცადინეობ, ჯერ ზემოთ ვიხედები, ფიქრის ფურცელზე გამომყავს მაგალითი და მერე ვწერ რვეულში.“

 

***

„ისინი დიდები არიან, ერთთავიან ლ-ს წერენ უკვე. მე კიდევ ამ სამთავიანის წერა რო მეზარება, ხანდახან ღ-ს ვწერ ჩემთვის ბლოკნოტში, მაგალითად “საშინაო დავაღება”.

 

***

მატასიმ მობილური გამიფუჭა და მოაყოლა განმარტება: „ერთხელ ბაბუს მანქანას ველოსიპედი დავაჯახე და ბებომ, მანქანას რას ვჩივით, მთავარია, ბავშვი იყოს კარგადო.“

 

***

„დაგჭირდებათ თქვენ პატარის ჭკუა!“ – იტყვის ხოლმე გაბრაზებული და გადის ოთახიდან.

 

***

„დე, ჰიდროელექტროსადგური სიტყვაა თუ წინადადება?“

 

***

– დღეს დამოუკიდებლობის დღეა ხო?

– კი.

– ანუ დამოუკიდებლები უნდა ვიყოთ და ერთმანეთისგან არ გადავიწეროთ ხო?

 

***

“ნუ შემიკარით ეს გახსნილი გონება!”

***

„ლამაზად დავწერე? ასეთი ნაწერი შემეფერება?“  – მატასის ფურცელი სახესთან ახლოს მიაქვს.

 

***

– დე, დღეს ქართულმა შემაქო.

– მართლა? რა კარგია!

– ოღონდ ცეკვამ.

 

***

მე: კარგი რა, მერე რა მოხდა.

მატასი: გავიგე, მაგრამ პატარის სინდისი მაინც მაწუხებს.

 

***

– ერეკლე მეორეს 23 შვილი ჰყოლია, თუ მეტი არა.

– რა ამბავია, კლასში არ ვართ მაგდენი. 15-ზე მეტი არ შეიძლებაო.

 

***

„დე, ისეთი სახით მიყურებ, თითქოს რაღაც უნდა მიყიდო.“

 

***

მამა: ვეღარ გაივლი, ყველგან სათამაშოები და ფანქრებია მოფენილი.

მატასი: არა, ამიხსენი, შვილი რა გეგონა.

 

***

– ნახე, წელს ჩემი დაბდების დღე რა დღესაა.

– სამშაბათს.

– ბალეტი რომ მაქვს?

– გააცდინე.

– არა! მივალ და ჩემს ნებაზე ვიცეკვებ!

 

***

– რა ხდებოდა სკოლაში?

– რა ვიცი, დიდად არავინ არ გაზრდილა.

 

***

– ამიხსენი, რატომ არ იცოდი დღეს გაკვეთილი.

– არა, რა მესამეკლასელების სალაპარაკოა ცოტნე დადიანი.

 

***

მატასის ძველი ნივთების გადაყრა ენანება და ხშირად იმეორებს: „ხო იცით, რა მონანე ვარ…“

 

***

– მეც მინდა ტუმბო საწოლთან ელენესავით.

– გიყიდით.

– როდის? მაშინ ელენესიც გაიტანეთ მანამდე.

 

***

დედაჩემმა თავიანთი აზერბაიჯანელი მეეზოვე ახსენა და მატასიმ, მეც ვიცნობ, მგონი ძველი ქართულით ლაპარაკობსო.

 

***

მატასიმ, ბამბის ფთილებისგან გედს ვაკეთებდი, მაგრამ პატიოსანი კაცი გამომივიდაო.

 

***

მატასი ცდილობს ცუდი სიტყვების თქმას გადაეჩვიოს და პირში წყალი აქვს ჩაგუბებული.

 

***

ერთ რვეულს აწერია: „მატასიკო – თხოვნითი ნატვრები“.

 

***

– დე, მამა სად მუშაობს?

– აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრში.

– ეგრე ვერ ვუპასუხებ. მერე მეტყვიან, რამდენს ლაპარაკობო.

 

***

მატასის არსებით სახელს გადის და დავალება დაუწერია:

მევიოლონე – ვინ?

იასამანი – რა?

მწერალი – როგორი?

 

***

მატასი ვახშამს დელიკატურად გვიწუნებს:

– არ მინდა ვიყო უზრუნველყოფილი.

 

***

„დე, რაღაც საქმე მაქვს შენთან და არ მითხრა ახლა, ფრაზა არ გამაწყვეტინოო.“

მგონი, ყველა წიგნის ეპიგრაფად გამომადგება.

 

***

„განა არ იცის, ეგრე რომ არ უნდა ეთქვა, მაგრამ პირს აჰყვა.“

მეგობარს ამართლებს მატასი.

 

***

You are doing on my Jina! – ჩემს ჯინაზე აკეთებო.

 

***

ელენეს გვიანობამდე სძინავს ხოლმე და მატასი ნაძილარას ეძახის.

 

***

დე, ამის ანსკვანჩი შეგიძლია? – ნასკვის გახსნას მთხოვს მატასი.

 

***

„არ გადამრიო, იესოს ერთი ნათლია ჰყავდა?“

 

***

უიმე, რა უხრიკო ქალი ხარ! –  მატასი ალალ ხასიათს მიწუნებს.

 

***

მშობელთა ზუმკრებას ვიდეოს გარეშე ვერთვები და მატასი ბრაზობს:

ჩართე, ვისზე ნაკლები ხარ!

 

***

„მა, ჩემს მეგობარს მამა არ ჰყავს და იმასთან ერთად როცა ვიქნები, ლევანს დაგიძახებ ხოლმე.“

***

– მატო, როგორ მოუყევი?

– ყლაპაყლუპით.

 

თხრობის მანერა ერთგვარი, როცა მოსაყოლი ამბავი კარგად არ იცი და ნერწყვს ხშირად ყლაპავ მოსაფიქრებელი დროის მოსახელთებლად.

 

***

ქუჩაში წინ რომ მიდის, მოულოდნელად ახტება, ნახევარბრუნით მოტრიალდება და თავის გამოგონილ სიტყვას დაიძახებს ხოლმე: ვინტიტალიო!

 

რუსუდან (კ)რუხაძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი