შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ხეშავიან გორა

– ნიკო პაპა, აი, იმ გორას რა ჰქვია?

– რომელსა, აბა, შვილო?

– აგერ, პირდაპირ რომ მოსჩანს, ვენახებს გადაღმა.

– მაგას ხეშავიან გორას ეძახიან.

– შავი ხეები იზრდება?

– ხეშავა.

– ეკლიანია?

– არა, წვრილ შავ ნაყოფს ისხამს.

– ეტყობა, ჯერ მარტო იმ ერთ ხეზე დამწიფებულა, შაშვები რომ სულ იქ სხდებიან.

– არა, მანდ კუნელი დგას. საიდანღაც ამოსულა ბეჩავი. მთელ გორაზე ეგ ერთია მხოლოდ.

– ისე, რა უცნაურია სამყარო, არა? ამდენ ხეს ზრდი, ბარემ ისეთი ნაყოფი გამოასხი, ჩიტს რომ მაინც გამოადგეს.

– არა, შვილო, არა. ეგ მაგით თავს იცავს.

– თავს იცავს?

– ჰო, ისეთი მწარე ნაყოფი აქვს, ზარავანდივით, ვერ შეჭამ. უმალვე გულისრევას დაგაწყებინებს. ამიტომ არც კაცი ეკარება და არც ფრინველ-საქონი.

– აბა, ეგ რა თავის დაცვაა, ეკალი მაინც გამოესხა კუნელივით. მაგას უფრო ადვილად არ მოსჭრის კაცი?

– ვერც მაგაში დაგეთანხმები. სიცოცხლის გასაგრძელებლად ნაყოფი უნდა აღმოცენდეს. ხმალს განა სადამდე იქნევ? ერთხელაც იქნება, ან მარჯვენა დაგეღლება, ან ხმალი გიმტყუვნებს ვადაში, ანამც შენზე ძლიერს შეხვდები და დაგჯაბნის. მაგრამ ამით სიცოცხლე არ დამთავრდება, თუ შვილი მოგესწრო. ხეებიც ასე არიან. ხეშავასა და კუნელს შორის მხოლოდ ის სხვაობაა, რომ ხეშავა თავის ნაყოფს არავის აკარებს, რომ თესლი იქვე ჩამოცვივდეს და იქვე აღმოცენდეს, კუნელი კი თავისი ტკბილი ნაყოფით ცხრა მთის იქიდანაც იზიდავს ფრინველს და უშურველად სთავაზობს. ჩიტებიც მოფრინავენ, მიფრინავენ და მთელ ქვეყანას ჰფენენ კუნელის თესლს. ამიტომ არის, რომ რომელ გორაზეც არ უნდა ახვიდე, აუცილებლად ნახავ ერთი-ორ კუნელს.

– …

– გაგაკვირვე, პაპაის კაცო? ეგრეა, ეგრე. აი, რომელი სჯობია, მაგას კი ვერ გეტყვი. ეგ ხეშავიან გორა მარტო აქაურებმა ვუწყით, ჩვენც კი არ ვიხედებით იქით, თუ შემთხვევით ცხვარი ან ძროხა არ გაიბნა. სად რომელი კუნელი დგას, ის კი თითქმის ყველამ იცის. მწიფობის ჟამს დიდი ქომაგია მშიერი მწყემსისთვის, გოგო-ბიჭებიც ხშირად აკითხავენ სოფლიდან.

– დამაფიქრე, პაპაჩემო… ნეტავი მაგას რა ჰქვია? ეროვნული თვითმყოფადობა?

– აბა, რა გითხრა, გინდა ეროვნული დაარქვი და გინდა ხე-ტყეური. მე რაც ვიცოდი, ის გითხარი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი