პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ერთი აქტივობა მოსწავლის თვითშეფასების ასამაღლებლად

მოდი, შევავსოთ ჩვენი „თვითშეფასების ვედრო“

 ბავშვებისთვის თვითშეფასება საკრალური და უაღრესად მნიშვნელოვანი რამაა. ადეკვატურ, მაღალ თვითშეფასებაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ სასკოლო წარმატებები, არამედ მომავალი ცხოვრებაც.

მოსწავლეთა პრობლემების ყველაზე გავრცელებული მიზეზი სწორედ დაბალი თვითშეფასებაა. მათ უჭირთ საკუთარი თავის პოვნა და მიღება, სხვებისგან გამოცალკევება და განსხვავებულ ინდივიდად აღქმა. ზრდასრულებისთვის თითქოს მარტივია იმის გააზრება, რომ ჩვენ ყველანი სხვადასხვანაირები, ნიჭიერები და საინტერესოები ვართ, რომ ინდივიდუალური მისწრაფებები და ხასიათი, ინდივიდუალური წარმატებები თუ წარუმატებლობები გვხდის უნიკალურებს.

მოსწავლეს ამის აღქმა უჭირს. ის ხშირად ადარებს საკუთარ თავს კლასელს ან მეგობარს, რაც იწვევს ეჭვებს, საკუთარი ძალისა და უნარების უარყოფითად შეფასებას; არ მოსწონს, როგორ გამოიყურება, რა აცვია, სად ცხოვრობს, როგორი მშობლები ჰყავს. საბოლოოდ კი იკეტება, მორცხვი, მორიდებული ხდება.

ასეთი ბავშვები გაკვეთილზე პასიურობენ, ცდილობენ, არ გამოირჩნენ სხვებისგან, არ მოსწონთ ყურადღება და შესაძლოა, ბულინგის მსხვერპლადაც იქცნენ.

ისინი საშინლად მოწყვლადები და ემოციურები არიან, მთელი მათი სამყარო და შინაგანი „მე“ სავსეა შფოთვებითა და შიშებით. ამას თუ დავამატებთ გარშემო მყოფთა არასწორ დამოკიდებულებას, დაცინვას, დატუქსვას, შერცხვენას, შენიშვნის მიცემას, მივიღებთ კიდევ უფრო ჩაკეტილ მოზარდს, რომელსაც საკუთარი თავის რწმენა დაკარგული აქვს, ვერ ახერხებს ნიჭის აღმოჩენასა და რეალიზებას და ამის გამო უბედურად, გარიყულად, უიღბლოდ გრძნობს თავს.

თუ გავითვალისწინებთ გარდატეხის ასაკის ბობოქარ ხასიათს, საქმე შესაძლოა ტრაგედიამდეც კი მივიდეს. თინეიჯერებს უკიდურესობები უყვართ, სამყაროს შავ ფერში დანახვა, განსაკუთრებით კი მათ, რომლებსაც თვითშეფასების პრობლემები აქვთ.

მაღალი თვითშეფასების მქონე ბავშვები ადვილად უმეგობრდებიან სხვებს, მიღწევებით ამაყობენ, თავისუფლად გამოთქვამენ მოსაზრებებს, ფიქრობენ მომავალზე, ცდილობენ თავიანთი უნარების გამოაშკარავებას, აქვთ ჰობი, არიან კომუნიკაბელურები და აქტიურები. დაბალი თვითშეფასების მქონე მოსწავლეებს უჭირთ წარუმატებლობასთან გამკლავება, ვერ იაზრებენ წაგებას, შეცდომებს. ამის გამო შესაძლოა მათდამი დამოკიდებულება არ იყოს ჯანსაღი, საბოლოოდ კი მანკიერი წრე გამოდის.

ვფიქრობ, მასწავლებელი უნდა იდგეს მოსწავლეების თვითშეფასების სადარაჯოზე, უნდა ზრუნავდეს თითოეული მათგანის განწყობაზე, დამოკიდებულებაზე საკუთარი შეგრძნებების, ემოციების მიმართ.

ინტერნეტში ერთ სახალისო აქტივობას წავაწყდი, რომელიც სწორედ თვითშეფასებაზე მუშაობისას დაგეხმარებათ. აღნიშნული აქტივობა უცხოელი მასწავლებლის/ფსიქოლოგის მიგნებაა, რომელსაც კოლეგებს უზიარებს.

მაშ ასე, აქტივობას დავარქვათ „ჩემი თვითშეფასების ვედრო“.

ბავშვებს ვთხოვთ, ფურცელზე დახატონ ვედრო (შეგვიძლია, თავად დავუხატოთ ან გამზადებული შაბლონი მივცეთ, ან დახატვა ვასწავლოთ), სიტყვიერად კი ვეუბნებით, რომ ჩვენ ყველას გვაქვს „თვითშეფასების ვედრო“, რომელიც სავსეა ჩვენი საუკეთესო შეგრძნებებითა და ემოციებით, იმით, რაც თავს ბედნიერად გვაგრძნობინებს. ვკითხოთ: რა ახარებთ? რა მოსწონთ მათში მათ მშობლებს? მეგობრებს? მასწავლებელს?

დაახლოებით ასეთი რამ უნდა გამოვიდეს:

 

შემდეგ ვეუბნებით, რომ შეიძლება, ისეთი რაღაც მოხდეს, რაც ვედროს ხვრელებს გაუჩენს და კარგი გრძნობები გარეთ გამოჟონავს. ეს შეიძლება იყოს ის, რაც სხვებს უთქვამთ, ან რასაც შენ ფიქრობ, ან რაც ისე არ გამოვიდა, როგორც შენ გინდოდა. ვთხოვთ მათ, ყველა ის სიტყვა და ფრაზა ჩამოწერონ, რომელიც ვედროს ხვრელებს უჩენს.

აი ასე:

უნდა დავრწმუნდეთ, რომ ბავშვებმა ყველა ის გრძნობა გამოხატეს, რაც აწუხებდათ და თავს ცუდად აგრძნობინებდათ. შესაძლოა, მოსწავლემ ისეთი მძიმე რამ დაწეროს, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდით. მნიშვნელოვანია, ბავშვებმა გააცნობიერონ, რა სტკენთ გულს. უნდა ვასწავლოთ, საკუთარ ემოციებს, გრძნობებს სახელი დაარქვან.

რა თქმა უნდა, „ვედროში“ ხვრელებს ვერ დავტოვებთ. ეს მათ თავს უიმედოდ აგრძნობინებდა. უნდა ვეცადოთ, ხვრელები ამოვავსოთ.

ვესაუბროთ იმაზე, რომ არსებობს გზები, რომლებითაც შეიძლება ჩვენს თავს დავეხმაროთ, რათა უკეთ ვიყოთ მაშინ, როდესაც ჩვენი ვედროდან „გაჟონვა“ ხდება. შესაძლოა, მოსწავლეებს გაუჩნდეთ იდეა, ასეთ შემთხვევებში მასწავლებელს მიმართონ დასახმარებლად. ეს, რა თქმა უნდა, სწორი სტრატეგიაა, მაგრამ ჩვენ უნდა ვასწავლოთ იმის გაცნობიერება, რას ეტყოდნენ ამ დროს საკუთარ თავს და რას მოიმოქმედებდნენ.

ვეცადოთ, ბავშვებთან ერთად ვიპოვოთ ის „საცობები“, ხვრელებს რომ დაახშობს. ეს „საცობები“ შეიძლება იყოს იდეები, რომლებიც მათ მაშინ დაეხმარება, როდესაც თავს ცუდად იგრძნობენ. კარგი იქნება, თუ ამ იდეების ავტორები თავად მოსწავლეები იქნებიან.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეების შესახებ ინფორმაციას მივიღებთ, შეგვიძლია, მივცეთ ნება, ისე გააფორმონ, როგორც თავად უნდათ, გამოამჟღავნონ შემოქმედებითობა.

ეს აქტივობა ბავშვებს დაეხმარება, დაინახონ საკუთარი ძლიერი მხარეები და სირთულეებთან გამკლავება სცადონ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი