პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

თანამედროვე ტექნოლოგიები სკოლაში

თანამედროვე
განათლების სფეროში სწავლა-სწავლება განიხილება როგორც პროცესი, რომლის დროსაც უბრალოდ
ცოდნის გადაცემა კი არ ხდება, არამედ ცოდნა კონსტრუირდება თავად მოსწავლის მიერ სოციალური
გარემოს ხელშეწყობით. როგორ გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები სწავლის შედეგის
გასაუმჯობესებლად? – XXI საუკუნის სკოლა, ახალი იდეები და რესურსები მასწავლებლისათვის.

მოგეხსენებათ, სწავლა არის გააზრებული კომპეტენციების
ჩამოყალიბება რეალისტურ კონტექსტში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს გამოცდილება
მოსწავლის ინტერესებს თანხვდებოდეს და ხელს უწყობდეს აქტიურ სწავლას. აქედან გამომდინარე,
სასწავლო პროცესში ფოკუსი გადატანილი უნდა იყოს ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელიც ცოდნის
კონსტრუირებას დაეხმარება. ამგვარ გარემოში მოსწავლეს უნდა მიეცეს სტიმული, დამოუკიდებლად
იპოვოს პრობლემის გადაჭრის გზები კვლევისა და ექპერიმენტის საშუალებით. იგი უნდა წახალისდეს,
რათა დასვას შეკითხვები, შეისწავლოს და ერთმანეთთან დააკავშიროს სხვადასხვა ობიექტი
ან ერთი და იმავე ობიექტის სხვადასხვაგვარი წარმოდგენა, მუშაობის პროცესში ჩამოაყალიბოს
და წარმოადგინოს არგუმენტები.

ცოდნის კონსტრუირებისთვის ხელშემწყობი სასწავლო გარემოს
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ისტ).
გარდა იმისა, რომ ისტ-ი ხელს უწყობს მოსწავლის მოტივაციის ამაღლებას, იგი საშუალებას
იძლევა, სასწავლო პროცესი დროშიც და სივრცეშიც გასცდეს საკლასო ოთახის ფარგლებს და
გახდეს მაქსიმალურად ღია. საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დახმარებით მოსწავლეს და მასწავლებელს
შეუძლიათ მოიპოვონ რეალური მონაცემები, რომლებიც საჭიროა ამ თუ იმ პრობლემების გადასაჭრელად
და სასწავლო პროცესში ჩართონ ის პიროვნებები, რომლებსაც უშუალო კავშირი არ აქვთ მიმდინარე
სასწავლო აქტივობასთან (მაგალითად, კოლეგები სხვა სკოლებიდან, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები
და ისინი, ვინც ანალოგიურ პრობლემებზე მუშაობენ).

ცოდნის კონსტრუირების დროს მნიშნელოვანია, რომ ახალი
ცნების, ობიექტის თუ პროცედურის შემოტანა და ათვისება მოხდეს რეალისტურ კონტექსტში.
ეს კი არც ისე მარტივია. რეალური ვითარების გადმოტანა საკლასო გარემოში ყოველთვის არ
არის შესაძლებელი. ამის მაგალითია თვალსაჩინოებების და ლაბორატორიული ცდების გამოყენება
სასწავლო პროცესში. გარდა იმისა, რომ ეს ყოველივე მატერიალურ რესურსებს მოითხოვს, ასეთი
საშუალებების დახმარებით შესაძლებელია მხოლოდ ძალიან შეზღუდული რაოდენობის და მცირე
მასშტაბის მქონე მოვლენების რეალიზაცია. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურება სიმულაციის
ტიპის საგანმანათლებლო კომპიუტერული პროგრამები. სიმულაციის ტიპის პროგრამული უზრუნველყოფა
რეალური მოვლენების იმიტაციას ახდენს. იგი საშუალებას აძლევს მომხმარებელს, შეისწავლოს
მოვლენა მასზე რეალურ ვითარებაში დაკვირვების გარეშე. უფრო მეტიც, დაკვირვების პროცესი
შესაძლებელია იმდენჯერ განმეორდეს, რამდენჯერაც აუცილებელი იქნება. ეს განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია ისეთ სფეროებში, რომლებშიც რეალური ექსპერიმენტის ჩატარება და მისი
მრავალჯერადი გამეორება რთულია და ზოგჯერ შეუძლებელიც კი (მაგალითად, ეკონომიკაში,
სოციალურ მეცნიერებებში, ბიოლოგიაში). თვით ფიზიკასა და ქიმიაშიც ამგვარი პროგრამული
უზრუნველყოფის გამოყენება თავიდან აგვაცილებს ძვირადღირებული მოწყობილობებისა და მასალის
შეძენას. ვიზუალური დაკვირვების გამარტივების გარდა, სიმულაციურ პროგრამულ უზრუნველყოფას
ის უპირეტესობაც აქვს, რომ მისი საშუალებით შესაძლებელია რაოდენობრივი პარამეტრების
აღნუსხვა და მათი გამოყენება მოვლენის უკეთ შესასწავლად. მეტი თვალსაჩინოებისთვის შეგვიძლია
ჩამოვთვალოთ ის უპირატესობები, რომლებიც სიმულაციის ტიპის კომპიუტერული პროგრამების
სასწავლო პროცესში გამოყენებას აქვს:

•           მოვლენის
შესწავლა რეალურ ვითარებაში დაკვირვების გარეშე;

•           გამეორებადობა:
შესაძლებელია მოვლენის სიმულაცია/გამეორება შეუზღუდავად;

•           პარამეტრების
ცვლილების საშუალება: შესაძლებელია პარამეტრების ისეთი ცვლილება, რაც რეალობაში ხშირად
ძალიან რთული ან შეუძლებელია, მაგალითად: ტემპერატურის შემცირება ან გაზრდა ქიმიური
ცდების სიმულაციის დროს; დროში მოგზაურობა ისტორიული მოვლენების სიმულაციის დროს; სინათლის
სიჩქარესთან მიახლოებული სიჩქარის განვითარება ფიზიკური მოვლენების სიმულაციის დროს;

•           მონაცემების
აღნუსხვა: რეალური მოვლენის ან ლაბორატორიული ცდის ჩატარებისას მონაცემების აღნუსხვა
მოითხოვს სპეციალურ საშუალებებს და საკმაოდ შრომატევადია. ეს კი ძალიან გაადვილებულია
კომპიუტერული სიმულაციების გამოყენების დროს;

•           უსაფრთხოება:
ლაბორატორიული ცდები და რეალურ მოვლენებზე დაკვირვება ზოგჯერ გარკვეულ რისკს უკავშირდება,
მაგალითად: ქიმიური ცდების ჩატარება სხვადასხვა მჟავის გამოყენებით, ფიზიკური ცდების
ჩატარება ელექტრული წრედების გამოყენებით.

ჩამოთვლილი უპირატესობების მიუხედავად, შევნიშნავთ,
რომ ამგვარ პროგრამულ უზრუნველყოფას მხოლოდ დამხმარე დანიშნულება აქვს და იგი მთლიანად
ვერ შეცვლის რეალურ ექსპერიმენტსა თუ რეალურ მოვლენაზე დაკვირვებას. ეს უკანასკნელი
ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლის კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებისთვის.

ის, თუ როგორ იყენებს მოსწავლე სასწავლო პროცესში ისტ-ინსტრუმენტებს,
ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თვით ეს ინსტრუმენტები. ისინი ყველაზე ეფექტურია მაშინ,
როდესაც ინტეგრირებულია მოსწავლის მიერ საკუთარი ცოდნის კონსტრუირებასთან დაკავშირებულ
აქტივობასთან. ამასთან, ცოდნის კონსტრუირების პროცესი არ უნდა შეფერხდეს მოსწავლის
(ისევე, როგორც მასწავლებლის) არასაკმარისი კომპეტენციის გამო. მას უნდა შეეძლოს არა
მხოლოდ პედაგოგის მიერ მითითებული ისტ-საშუალების გამოყენება, არამედ ამოცანის შესაფერისი
ინსტრუმენტის დამოუკიდებლად შერჩევაც. მოსწავლემ უნდა განსაზღვროს, საჭიროა ისტ-საშუალების
გამოყენება თუ პრობლემის გადაჭრა უფრო ადვილია კომპიუტერის გარეშე (მაგალითად, უბრალოდ
ფურცლით და ფანქრით).

ინფორმაციული და საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების გამოყენების კომპეტენციები შეიძლება დაიყოს სამ დონედ:

1.         სამომხმარებლო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
იმ დონეზე, რომ მოსწავლეს შეეძლოს მითითებული ინსტრუმენტის გამოყენება მასალის დასამუშავებლად,
მაგალითად: ტექსტის შეტანა და შენახვა, სურათის ჩასმა დოკუმენტში, რიცხვითი მონაცემების
შეტანა და მარტივი გამოთვლების ჩატარება წინასწარ მითითებული სქემის მიხედვით;

2.         მითითებული ინსტრუმენტის საშუალებით მარტივი
მოდელის დამოუკიდებლად შექმნის უნარი, მაგალითად: გრაფიკით გამდიდრებული ტექსტური მასალის
შექმნისას დიზაინის დამოუკიდებლად მოფიქრება და რეალიზაცია; მონაცემების ორგანიზების
შესაფერისი ფორმის მოფიქრება და რეალიზაცია მითითებული ინსტრუმენტების გამოყენებით
(მაგალითად: ცხრილის, დიაგრამის, გრაფიკის შედგენა);

3.         პრობლემის გადაჭრისას შესაფერისი ისტ-საშუალების
დამოუკიდებლად შერჩევა და გამოყენება, პროგრამული უზრუნველყოფის მოცემული ამოცანისადმი
ადეკვატურობის განსაზღვრა, მაგალითად: იმის განსაზღვრა, თუ მონაცემების შენახვის და
დამუშავების დროს რომელი უკეთესია – უბრალო ელექტრონული ცხრილი თუ მონაცემთა ბაზა;
გრაფიკული მასალის დამუშავების დროს რომელი გრაფიკული რედაქტორის გამოყენება სჯობს,
ან საერთოდ საჭიროა თუ არა მოცემულ შემთხვევაში გრაფიკული მასალის გამოყენება; პრეზენტაციის
შექმნისას რა დოზითაა უკეთესი ვიზუალური ეფექტების გამოყენება, ისე, რომ ამან არ მოახდინოს
ძირითადი საკითხიდან ყურადღების გადატანა.

ინსტრუმენტის გამოყენებამ
მოსწავლეს დაფიქრებისა და გააზრებისაკენ უნდა უბიძგოს. აღნიშნულმა აქტივობამ მას სწავლის
განწყობა უნდა შეუქმნას: რა შეუძლია აღმოაჩინოს? რა კავშირებს ხედავს? რა დასკვნის
გამოტანა შეიძლება? როგორ შეიძლება ახალი აღმოჩენის ახსნა? ინსტრუმენტის გამოყენება
უნდა უკავშირდებოდეს და ეფუძნებოდეს მოსწავლის ცოდნასა და უნარებს: ისტ-საშუალებების
გამოყენების საწყის ეტაპზე მოსწავლემ მისი საშუალებით უნდა მოახდინოს იმის რეალიზაცია,
რაც უკვე იცის. ინსტრუმენტის დახმარებით უნდა მოხდეს რეალურ ვითარებასთან კავშირის
წარმოჩენა და გააზრება. ის ხელს უნდა უწყობდეს თანამშრომლობითი სახის აქტივობების ორგანიზებას
და რაც მეტად მნიშვნელოვანია, ისტ-საშუალებების გამოყენებისას მოსწავლეს უნდა მიეცეს,
რაც შეიძლება, ცოტა მითითება: სასურველია, იგი აღმოჩენის გზით დაეუფლოს ისტ-საშუალების
ფუნქციონალური ელემენტების გამოყენებას. ეს ხელს უწყობს აქტიურ აზროვნებას, აღმოჩენის
უნარის ჩამოყალიბებას და ამასთანავე, ისტ-კომპეტენციების განვითარებას.

სასწავლო პროცესის კიდევ
ერთი მნიშვნელოვანი სფერო, რომელშიც შესაძლებელია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
ეფექტური გამოყენება, არის შეფასება.

შეფასების პროცესის ავტომატიზაცია
მოიცავს მოსწავლის შეფასებას სტანდარტული ტესტური დავალებების გამოყენებით. ამგვარი
დავალებების შექმნა შესაძლებელია როგორც გავრცელებული საოფისე პროგრამების დახმარებით,
ასევე სპეციალური ტესტური დავალებების შესაქმნელი კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით.
ისინი საშუალებას იძლევა, შეიქმნას მონაცემთა ბაზა, რომელშიც ტესტური დავალებები სტრუქტურიზებული
სახით ინახება. ბევრი პროგრამული უზრუნველყოფა ასევე იძლევა შეფასების შედეგების ანალიზის
საშუალებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია განმსაზღვრელი შეფასების დროს. ანალიზის შედეგების
საფუძველზე მასწავლებელს შეუძლია მოახდინოს პედაგოგიური სტრატეგიის კორექცია მოსწავლის
ძლიერი და სუსტი მხარეების მიხედვით.


 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი