პარასკევი, თებერვალი 3, 2023
3 თებერვალი, პარასკევი, 2023

ორი გაფრენა

შენგელაიას „შერეკილები“ ქართული კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნიმუშია. ფილმი გვიჩვენებს, რომ ხანგრძლივი ფიქრის, თავდადებული შრომის, უდრეკი მიზანსწრაფულობის წყალობით ერთი შეხედვით აუხდენელი ოცნებაც კი შეიძლება სინამდვილედ იქცეს. მთავარია, ადამიანს სიყვარულისა და თავისუფლების იდეა ამოძრავებდეს. რეზო გაბრიაძის სცენარი ნაციონალურ, მხოლოდ ერთი ქვეყნისთვის დამახასიათებელ მოვლენას არ აღწერს. „შერეკილები“ ყველგან, მსოფლიოს ყველა კუთხეში არსებობენ და სწორედ მაშინ იწყებენ კაშკაშს, როდესაც ირგვლივ სრული სიბნელე ისადგურებს.

„ცივი ომის“ ბნელ პერიოდში რამდენჯერმე გამოანათეს ადამიანებმა, რომლებმაც აკრძალული ფრენებით სცადეს „რკინის ფარდის“ გარღვევა. შესაძლოა, მათ ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს გამყოფი კედლის გარღვევა ვერ შეძლეს, მაგრამ ბზარები მაინც გაუჩინეს ზღუდეს. თავზე ხელაღებულებს იმედი ჰქონდათ, რომ ურყევ ბარიერს ამ ბზარებით მოუღებდნენ ბოლოს. მგონი, საწადელს მიაღწიეს კიდეც.

ჩემი სტუდენტების თაობას არაფერი გაუგონია მათიას რუსტის შესახებ. დღეს ის აღარავის აინტერესებს. ხანდახან თავად თუ შეახსენებს თავს საზოგადოებას სკანდალით ან პოკერის ტურნირში საპრიზო ადგილის მოპოვებით. ქურდობა და თანამშრომელთა სიცოცხლისთვის ზიანის მიყენება მათიასს ცხოვრების წესად ექცა. თუმცა ახალგაზრდობაში ის სულ სხვანაირი იყო – იდეალისტი.

1987 წელს რუსტი 18 წლის ჰამბურგელი თინეიჯერი გახლდათ, რომელსაც მსოფლიოს მომავალი ადარდებდა. მოზარდი იმედგაცრუებული დარჩა იმით, რომ 1986 წელს პრეზიდენტმა რეიგანმა და გენერალურმა მდივანმა გორბაჩოვმა რეიკიავიკში შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და „ცივი ომის“ დაძაბულობის შემცირებისკენ მცირე ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოახერხეს. რუსტს სურდა, შოკისმომგვრელი მოქმედებით მთელი მსოფლიოს ყურადღება მიეპყრო.

სწორედ იმ პერიოდში ახალგაზრდა კაცი ჰამბურგის აეროკლუბის გამოცდებს აბარებდა მფრინავის ლიცენზიის მოსაპოვებლად. საგამოცდოდ მას „ჩესნას“ მარკის მცირე ზომის თვითმფრინავით წრე უნდა დაერტყა ჩრდილოეთის ზღვის ნაწილისთვის. ერთ-ერთი გაფრენის დროს ის ჰელსინკიში გაჩერდა და მეორე დღეს მოულოდნელად გეზი საბჭოთა კავშირისკენ აიღო.

საბჭოეთში „პერესტროიკის“ ხანა იდგა, სამხედრო ელიტა და გენერალიტეტი პოლიტიკური კლასისა და საზოგადოებისგან განსაკუთრებულ ზეწოლას გრძნობდნენ. მათ ყოველ გადაწყვეტილებას კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდნენ. წინააღმდეგობას მიუჩვეველი მეთაურები დაბნეულები ცდილობდნენ, ახალი ეპოქისთვის ალღო ააღოთ. ატომური დაპირისპირების საფრთხის გამო მესაზღვრეები თითოეულ უცხო მფრინავ ობიექტს აღრიცხავდნენ, მაგრამ მცირე ზომის თვითმფრინავების წინააღმდეგ ზომების მიღება უჭირდათ, ბეღურისთვის ზარბაზნის სროლას ერიდებოდნენ. ამასთანავე, საბჭოთა საჰაერო ნავიგაციის მუშაკები, ცოტა არ იყოს, დააკომპლექსა 1983 წელს მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ, როდესაც საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის გამო რუსმა სამხედროებმა კორეული სამგზავრო ხომალდი ჩამოაგდეს და უკლებლივ ყველა მგზავრი, სამასამდე უცხოელი, სიცოცხლეს გამოასალმეს.

მოკლედ, თუ რადარებისთვის შეუმჩნეველ ზონაში იფრენდა, რუსტს გადარჩენის შანსი ჰქონდა. შლეზვიგელმა თინეიჯერმა თამამად გადალახა საბჭოთა კავშირის საზღვარი. ცხადია, ის მალევე აღმოაჩინეს, მაგრამ მინიატურული საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი გაჭიანურდა. სანამ საბჭოთა სამხედროები და მესაზღვრეები „ჩესნას“ ბედზე ბჭობდნენ, მათიასმა მოსკოვამდე მიაღწია და პირდაპირ წითელ მოედანთან მდებარე ხიდზე დაეშვა. მოქალაქეები გაოგნებულები უყურებდნენ „ციდან ჩამოვარდნილ“ უცხოელს, უცხოელი კი ყველას უხსნიდა, რომ ის მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის მოთხოვნით ჩამოფრინდა.

მსოფლიოს უძლიერესმა ატომურმა ზესახელმწიფომ ვერ მოახერხა 18 წლის პილოტის შეჩერება და მას ლამის კრემლის კედლამდე მიფრენის საშუალება მისცა. ბუნებრივია, ამ ამბავმა მთელი ევროპა შეძრა, წლების განმავლობაში ლაპარაკობდნენ ამ თავზე ხელაღებულ საპროტესტო აქციაზე, რომელსაც უამრავი გენერლის კარიერა შეეწირა. რუსტის წყალობით „პერესტროიკის“ არქიტექტორებსაც გაეხსნათ ხელ-ფეხი და უფრო აქტიურად დაიწყეს საზოგადოებრივი აზრის მომზადება აშშ-სთან შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების სასარგებლოდ.

მათიას რუსტი „ცივი ომის“ ერთადერთი „ერთაოზ ბრეგვაძე“ არ ყოფილა. თინეიჯერის მოსკოვში გასეირნებამდე რვა წლით ადრე, 1979 წელს, სრულიად გასაოცარი ამბავი დატრიალდა თიურინგიაში, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მიყრუებულ პროვინციულ ქალაქში.

ქალაქ პიოსნეკის პლასტმასის ქარხნის ორ თანამშრომელს ყელში ამოუვიდა ავტორიტარულ სახელმწიფოში ცხოვრება, პარტიული ბოსების აღვირახსნილობა, უშიშროების სამინისტროს ტერორი, თანაქალაქელებთან თავისუფლად საუბრის შიში… პეტერ სტრელციკმა და გიუნტერ ვენცელმა – ელექტროინჟინერმა და სატვირთო მანქანის მძღოლმა – ამ დამთრგუნველი რეჟიმისგან გათავისუფლება განიზრახეს. 70-იანი წლების აღმოსავლეთი გერმანიიდან დასავლეთში გაქცევა თითქმის წარმოუდგენელი იყო. ადამიანები თხრიდნენ გვირაბებს, მიჰყვებოდნენ საკანალიზაციო მილებს, ახტებოდნენ მავთულხლართებს, მაგრამ უმეტესობას არაფერი გამოსდიოდა, სახალხო პოლიცია გაქცევის მსურველებს ადგილზე ხვრეტდა.

თიურინგიის ტყეებში გზის გაკვლევა და საგანგებოდ გაწვრთნილი ძაღლებისგან გაქცევა სტრელციკს და ვენცელს არ შეეძლოთ. მეგობრების განზრახვამ მხოლოდ მაშინ შეისხა ხორცი, როცა ერთმა მათგანმა ოჯახში ნათესავის მიერ გამოგზავნილი ჟურნალი აღმოაჩინა, რომელშიც მექსიკაში მიმდინარე საჰაერო ბურთების ფესტივალის შესახებ ვრცელი სტატია იყო დაბეჭდილი. სტრელციკი და ვენცელი მიხვდნენ, რომ „ცათმფრენის“ აგება არ გაუჭირდებოდათ. პეტერსაც და გიუნტერსაც ცოლები და ორ-ორი შვილი ჰყავდათ. მათ ოჯახის წევრები საჰაერო ბურთის აწყობის იდეაში დაარწმუნეს, მიიღეს კონსპირაციისთვის აუცილებელი ზომები და საქმეს შეუდგნენ.

„სოციალისტური ბანაკის“ ქვეყნები, მოგეხსენებათ, საყოფაცხოვრებო პროდუქტების დეფიციტით გამოირჩეოდა. წარმოიდგინეთ, რა რთული იქნებოდა 70-იანი წლების მიწურულს საჰაერო ბურთისთვის საკმარისი სპეციალური ქსოვილისა და პროპანის გაზის ბალონების შოვნა, მეზობლებისგან შეუმჩნევლად ბურთის შეკერვა, გონდოლის დამზადება… ვენცელები და სტერლიცკები მთელ ქვეყანაში მოგზაურობდნენ და პატარ-პატარა მაღაზიებში წყალგაუმტარი მასალის საწვიმარ ლაბადებს ყიდულობდნენ.

ასეთი ტანჯვა-წამებით მეგობრებმა სამჯერ შეკერეს საჰაერო ბურთი. პირველი მცდელობისას კონსტრუქციამ გამოცდას ვერ გაუძლო და ოჯახები ძლივს გადაურჩნენ უბედურებას. მეორე ჯერზე აფრენა შეძლეს, მაგრამ ძლიერი ქარის გამო საზღვრის გადალახვა ვერ მოახერხეს – საჰაერო ბურთი აკრძალულ ზონაში დაეშვა. ოთხმა უფროსმა და ოთხმა ბავშვმა როგორღაც მოახერხეს შტაზის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გამოქცევა, მაგრამ საფრენი მოწყობილობა იქვე დარჩათ. მეორე დღეს რეგიონის მთავარი გაზეთი ნაპოვნის შესახებ წერდა და დამნაშავეებს უმკაცრესი ზომებით ემუქრებოდა.

უშიშროების სამსახურების ზედამხედველობისა და რამდენჯერმე განცდილი ტექნიკური მარცხის მიუხედავად, მუშებმა მაინც სასწორზე შემოდეს თავიანთი ოჯახების სიცოცხლე და მესამედაც აფრინდნენ ცაში. ბურთი კვლავ ქარიშხალში მოჰყვა, ბურუსს ყინვაც დაერთო… აფრენიდან რამდენიმე საათის შემდეგ ვენცელები და სტერლიცკები ტყეში დაეშვნენ. სიკვდილს გადარჩენილებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, გააღწიეს თუ ვერა სამშვიდობოს. მამაკაცებმა ქალები და ბავშვები დამალეს და მარტონი გაუდგნენ გზას. კარგა ხნის ხეტიალის შემდეგ მათ ბავარიის ფედერალური მიწის საგზაო ნიშნები დაინახეს და მიხვდნენ, რომ ოცნება აუხდათ.

საჰაერო ბურთით „რკინის ფარდის“ გადალახვის ამბავი მალევე მოედო მთელ მსოფლიოს. მეორე დღეს მსოფლიოს პრესა თიურინგიელ „ერთაოზსა და ქრისტეფორეზე“ წერდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი