ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ჰეი

უამრავი შეძახილი მოგვისმენია, რომელთა დეკოდირებას ყველა ჩვენებურად ვახდენთ.. “ჰეი“ ერთ-ერთი მათგანია, მაგრამ დღეს ამ შეძახილის უჩვეულო ისტორია მინდა გიამბოთ..

„ჰეი“  ორგანიზაციაა, რომელთაც აქვთ  პროექტები სმენის დარღვევის მქონე მოზარდთა მხარდასაჭერად. ორგანიზაციის პროექტ „გარდამტეხი სხივის“ ფარგლებში,  ხათუნა რაზმაძის ხელმძღვანელობით მოსწავლეებთან ყოველკვირეულად ტარდება საინტერესო შეხვედრები, რომელიც ბავშვების წინსვლასა და განვითარებას, საზოგადოებასთან ინტეგრაციას ისახავს მიზნად.

მეც ამ კეთილი ნებით ვესტუმრე ორგანიზაციას. ბავშვებს შევთავაზე   დილემა –  „სხვისი ნაგავი“. თანამედროვე განათლების პარადიგმა ეფუძნება მოსწავლეთა  ჩართულობას, აღმოჩენების გზით ცოდნის შექმნას, მოტივაციასა  და ღირებულებით განვითარებას. ამ შედეგის მიღწევის ერთ-ერთი  ეფექტური მეთოდი დილემით სწავლებაა.  დილემით სწავლება ასევე ხელს უწყობს ისეთი ღირებულებითი კატეგორიების განვითარებას, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება,  განსხვავებული აზრის მიმღებლობა, თანამშრომლობა,  კომუნიკაცია და ცოდნის გაზიარება.

დილემა შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე – გავუფრთხილდეთ დედამიწას

ეკოლოგიური განათლების მიზნები:

  1. ბავშვებმა უნდა გაიაზრონ ყველა ის ქმედება, რომლითაც ადამიანი ზიანს აყენებს დედამიწას;
  2. ბავშვებმა უნდა იცოდნენ დაბინძურების სახეები;
  3. ბავშვებმაც უნდა იცოდნენ რა შედეგი მოყვება გარემოს დაბინძურებას;
  4. აუცილებელია ბავშვების ჩართვა გარემოს დაცვაში;
  5. ბავშვებმა უნდა გააცნობიერონ თავიანთი ვალდებულებები და მოვალეობები გარემოსადმი.

მზიანი დღე იყო.  გავეშურე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლისკენ,  სიყვარულის ხე წავიყოლე მეგზურად. მივუახლოვდი ოთახს , შესვლისთანავე ვიგრძენი მზერა, სითბო, სიყვარული, სიკეთე. ულამაზესი თვალებით მიღიმოდნენ, დიახ, თვალებით მიღიმოდნენ და თავიანთ სათქმელს ასე მიზიარებდნენ.   რადგანაც ჟესტური ენა არ ვიცი, ორგანიზაციის წევრები დამეხმარნენ.  დავიწყეთ მსჯელობა, ფიქრი, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, დისკუსია დილემის შესახებ. დიდი დღესასწაული მოეწყო ოთხ კედელში. თქვენ უნდა გენახათ პრეზენტაციის მსვლელობისას თუ რა არგუმენტებით მსჯელობდნენ ბავშვები, დილემა „ სხვისი ნაგავი“  მათთვის საინტერესო საკითხი აღმოჩნდა.  აღნიშნეს,  რომ ხშირად აუღიათ სხვისი დაყრილი ნაგავი, რამაც ძალიან გამახარა. ბავშვებისგან ბევრის სწავლა შეგვიძლია უფროსებს. აღნიშნეს, რომ მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა გაუფრთხილდნენ ბუნებას და იზრუნონ მასზე, რადგად ის ჩვენი სახლია . ადამიანის ეკოლოგიური განათლების დონე განისაზღვრება არა იმით, თუ რას ამბობს ის ბუნებაში ქცევის წესებზე, არამედ იმით, თუ როგორ ასრულებს იგი ამ წესებს.

სურვილიც გამოთქვეს, რომ ყველამ უნდა  დავრგოთ ერთი ხე დედამიწისთვის. სიყვარულის ხეც, რომელსაც შეხვედრამდე ჩემ ემოციებს ვუზიარებდი,  სწორედ ამ მიზნისთვის მიმშვენებდა გვერდს.

ბავშვებმა შექმნეს საინტერესო  ნახატები, რომლითაც მოგვიწოდებენ „გავუფრთხილდეთ დედამიწას“, „იზრუნე ბუნებაზე“. ამასთან,  მათში ბევრი ნიჭი აღმოვაჩინე, რომელზეც შემდეგში მოგახსენებთ.

ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე – ნახატები.rar

მსგავსი ტიპის შეხვედრები ნაყოფიერი და შედეგის მომცემია, რადგან ბავშვის უფლებების კონვენციის თანახმად, განათლების მიღება ყველა ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა და პედაგოგების ვალდებულებაა უწყვეტი პროფესიული განვითარება და მომზადება, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეთათვის შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.

ეს ბავშვები მაგალითია იმისა, რომ შეუძლებელი არაფერია.  სიყვარულის ხე მათთან დავტოვე და მჯერა ის, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, ახლაც თავის სათქმელს ამბობს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://wikiejemplos.com/ka/dilemas-morales/ – მორალური დილემები.
  2. https://mastsavlebeli.ge/?p=23840 – ინკლუზიური განათლება – მასწავლებლის წიგნი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი