პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

„სიტყვის საყდარს დავიდგმოდ“

ეთერ თათარაიძის პოეზია

 „გოგო, შენ ჩემზე დიდი პოეტი ყოფილხარ“, უთქვამს ვაჟას სამწყემსარიდან დაბრუნებული, წვიმაში დასველებული გულქანისთვის, რომელიც სიტყვაში მამის მემკვიდე იყოო, წერს ეთერ თათარაიძე და ასე შეითხზა „რამ შემქმნა ადამიანად?!“. ისიც გამიგონია, ყველაზე დიდი პოეზია დაუწერელი, გამოუთქმელი ლექსიაო. „ვითომ მე და ჩემი ამხანაგი პატარები ვართ. ტყეში საქონელს ვაძოვებთ. გავიხედე და პატარა თეთრი ეკლესია დგას. ჩემს ამხანაგს ვუთხარ, წამო, შევიხედოთო. იმან – მეშინიაო. მე გავიქეცი სანახავად და სარკმელთან რომ მივედი და ჩავიხედე, რას ვხედავ, – პატარა მაგიდა დგას, „მამაი“ ზის მასთან და გაცხარებული რაღაცას წერს. უცებ, წამოდგა მამაი, ამოიყოლა საწერ-კალამი და გოგო, როგორც იცოდა, გულქანს იშვიათად თუ დამიძახებდა, მითხრა: აიღე ეს საწერ-კალამი და რაც მოგაგონდეს, სულ ყველაფერი წერეო. მე ვუთხარ: მამა, მე ხომ მეძროხე ვარ და წერა-კითხვა კარგად არ ვიცი-მეთქი. ის კი გაბრაზდა: გამომართვი და როგორც გითხარ, რაც გაგახსენდეს, სულ ყველაფერი წერეო! ეს ბოლო სიზმარ კი შენ აქ ამოსვლად მექნა, ეთერო”– მოგვითხრობს ეთერ თათარაიძე, რომელსაც ხვდა განსაკუთრებული პატივი ვაჟას გულქანთან არა „საპარადო“, არამედ გულახდილი, განდობილი საუბრისა. არაა ძნელი მისახვედრი, როგორ იცნო სულმა სული, პოეტმა პოეტი და მამის გენიის დამფასებელი, თავადაც საკუთარი, შინაგანი, უხინჯო, საკრალური სამყაროს გულითა და გონებით მზიდველი („უჴსნელ ლექსის ტვირთ“).

ეთერ თათარაიძეს ტყუილად არ უწევდა გული გულქანისკენ, რომელიც ვაჟა-ფშაველას სამყაროს ნაწილი იყო. საკუთარ თავთან საერთოს გრძნობდა და ისე, როგორც ვაჟამ, ეთერმაც იცის თავისი ანკარა წყაროსავით პოეზიის ფასი, რომელიც არავის შემოქმედებას ჰგავს თავისი არქაულობით, პირველმქნილი შეგრძნებებითა თუ ფორმით და ამითიც ენათესავება დიდი ფშაველის პოეზიას. როგორც ვაჟას არქაიზმებს იგებდა ერთ დროს ზოგიერთი მკითხველი არასწორად, მსგავსად ,,არაპოპულარულია” ეთერ თათარაიძეც ალბათ, რადგანაც მისი პოეზიაც, მიუხედავად მთის ნიავივით შემპარავი სიმსუბუქისა, „მძიმე“ და გულის თვალით აღსაქმელია.

,,მწერალს, უპირველესად ყოვლისა, საკუთარი ,,ენა”  უნდა ჰქონდეს, ვინაიდან ენა სახეა მწერლისა, მისი ფიზიონომიაა და, უკეთესად რომ ვსთქვათ, – მწერლის სულია; ენაში იმალება მწერლის ინდივიდუალობა, მისი ,,მე”[ნიჭიერი მწერალი, ტ. 9. გვ. 294]. ვაჟა შემოქმედის გარეგან და შინაგან ნიშნებზე ამახვილებს ყურადღებას, სათქმელისა და მისი თქმის ფორმის დიალექტიკურ ერთიანობაზე ანუ ,,რასა” და ,,როგორის” კავშირზე. სწორედ მსოფლმხედველობა და მისი გამოხატვის ექსპრესიულობა განსაზღვრავს ვაჟასაც, როგორც დიდ შემოქმედს. იმავეს ვიტყოდით ეთერ თათარაიძეზეც _ მას აქვს საკუთარი ,,ენა”, სათქმელი და ძალიან მძაფრი, უნიკალური ფორმა ამ უკანასკნელის სრულყოფილად გამოსახატავად.

,,ქვაზე ჩიტის კვალსავით” ნატიფია ეთერ თათარაიძის პოეზია, რომელშიც ბეღურის გარხეული ტოტის ხმა ისმის და დავიწყებულ სამარის გადაქცეული ბოძის ჩივილი. არ გეგონოთ, აქ ქალურ სისუსტეზეა მხოლოდ საუბარი, სამარეში სიცილით ჩაწოლის ფილოსოფიური ხედვა და მიწასა თუ თუნდაც ქვეფენილზე ამოშლილი ყვავილის, სიცოცხლის უშრეტი, დაუმარცხებელი ძალაც იგრძნობა („სიკვდილს ჴელ არ შე’ქცევის,/თვარ ჯავრს ამოვიყრიდ“). ასეთი ლექსები თითქოს კია ,,ბეჩავი”, მაგრამ გულის სკივრში შესანახია.

ვერცერთ კარგ ქართველ პოეტს წარმოიდგენ, რომ არ ჰქონდეს გენეტიკურად ჩადებული „ღვთის ხმა“ ანუ „სამშობლოს განცდა გასაკვირველი“, ოღონდ ყოველ მათგანთან განსხვავებული ნიჭიერებით წარმოჩენილი („ჩონჩხად ქცეულ ციხეო… ჩემ სამზეოს ხას-ხასნო…“). ეს გრძნობა თათარიძესთან მის საყვარელ თუშეთშია საკრალიზებულ-კონცენტრირებული და ბევრ რაიმეს აერთიანებს, თუნდაც იმ „ჯვარს“, ქართველი პოეტობა რომ ჰქვია, პირუთვნელობას, იდეალურის უღალატობას, ყოფის ძლევას და ა.შ. („რად ავირჩი ძნელი სავალი,/რად ჩემ ცა-მზეს გავეშორ/ჲამდენ გულის კანკალ-დ/ ჲამდენ ცრმელღვრა ამეშორ“). ეს ძველი, ნაშალი ციხეების ტკივილია, პირში გამშრალი სიტყვა, „ნასაქართველოვარი, ვაზ იჩეხებ ძირში“, ავსულად ქცეულთა ბოღმასა და ბალღამში.

„დედაზე არ სამეტოვ,

ნატანჯარა’ მამულო,

მევითა’ედ გახრჩობენ,

ცრემლით გადანამულო…

არ გასტყდ, ჰაგრე

  • გამი’ღვიძ,

გამი’ღვიძე-დ –

გაგვაღვიძ!!!“

ეს დიდთა სათქმელი და ვარამია („შენი დროიც მოალის, მოალის, თვალნამულო…“). ეს ფიქრი საკუთარ ,,უჟამხანიერ, ვერ წანაშალ” ერზე პოეტისთვის ყველაზე „ერთგულია“, ხან რომ ცას აგაფრენს, ხან ძაძას ჩაგაცვამს, როგორც თუშეთი, რომელთანაც დაშორებას სულ მისტირის და სწორედ ფიქრში ერთიანდება ისინი. თუშეთი, „გულსაფონო სამყოფლოჲ/გადაღალულ უფლისაჲ“), სადაც „ქერა ჩიტებ“ არიან, ერთნამცეცები, მაგრამ გაუტეხლები, ადამიანებზე უფრო ერთგულნი. სწორედ ამ ჩიტად იქცევა პოეტი სიზმარში, უფალი მას თეთრი ხარის ცალ რქაზე მიუჩენს ადგილს, ხოლო მეორეზე სანთელი ანათებს გულსა თუ საწუთროს. ასე იქნებ გაადვილდეს უსაშველო მონატრება „აწეწილი“ ნისლებისა თუ „მზეჩაღვრილ“ ჭალათა, პაწაწინა, მაგრამ გრძნეული საკუთარი ეზო-კარისა („ვაიმე, ჩემ თუშეთო,/სი ვარ დანატყვევებ…“), ზმანებებითაც („მოლილისფრო ჩხიკვ ჩამოჯდ/მონაფითრალ მინდორზე…“) და ლოცვებითაც მასთან მყოფობა ხან მსუბუქ ჟინჟლად, ხანაც თბილ სხივად გაფრენით…

ლექსია სატკივარიცა და წამალიც პოეტისთვის („რამდენ ხანი, მე-დ ლექსს/ერთმანეთ არ გვინახავ…ჲახლ ვუწამლებთ ერთმანეთს…“). ერთი ლექტორი მყავდა, რომელიც ოცნებობდა, ჰქონოდა სახლი, გამჭვირვალე კედლებით, არავისთვის არაფერი ყოფილიყო დამალული მისი ცხოვრებიდან. ეს დიდი გულწრფელობაცაა და გამბედაობაც და პოეზიაც ესაა. ეთერ თათარაიძეც, როგორც თითოეული ჩვენგანი, ფიქრობს: თავიდან რომ დაბადებულიყავი, „ყვავილის ლოგინს ვიშლიდ“, მხოლოდ თეთრით შევიმოსებოდი და მთის ტატნობზე ვიცხოვრებდიო. მთა მშობლიური წიაღიცაა მისთვის, მაგრამ საშიში, საწუთროს მკვიდრთა მარად მისაღწევი სიმაღლეც ჩვენი „სილაღის მჩქმალავ, ვარმიან“ დღეებში. ეს სიმაღლე საკუთარი თავისთვის „გარედან“ შეხედვას გთხოვს. ეთეროც, როგორც პოეტი უწოდებს თავს, საუბრობს თავის „მესთან“ ან მოიხსენიებს მას მესამე პირში („პეპელასავით მოფრინდ/ქალა’ წითელ კაბიან…ეთერო იყვ, ვიცან…“) ასე კარგავ („თავ მყავ დიდხნის დაკარგულ/ ვაღარსი შევხვდ ეთეროს…“), უკეთ შეიცნობ თუ შეუძახებ საკუთარ თავს. ეს აღიარებული ხერხიცაა ლიტერატურაში…

პოეტური ინიციაცია სამყაროს პირველსაწყისთან უმძიმესიცაა და უნატიფესი ხილვებით აღსავსეც. ასე აბალანსებს ყოფიერება თავის საიდუმლოებს, რომელთა შეხება ხან ყინულივით გწვავს, ხან მზესავით, ხან მსოფლიო დარდსა თუ სევდას ჩამოგკიდებს უმძიმეს ცრემლის გორგლად, ხან ცაში აგაფრენს ფრინველის ნაზი, უწონო ღინღლივით. სხვანაირად არ მიიღწევა ეს საოცარი განცდა ბუნებისა, სამყაროსი: „მეაც ამინდ ველოდებ,

როგორც იის ფესვებ…“; სხვაგვარად არ იქმნება მაღალი პოეზიის ასეთი ნიმუშები:

„სამკადრეოთ ვყუდივარ

ლექსის ხატის კარებზე,

თაფლის სანთლებ რქათ მინთი

შესაწირა’ ხარებზე…

მზე მისვენავ ანგელოზს

საფირონის თვალებზე…“

წუთისოფელში, „სალაღობო დაგმანულ, სასევდოს მღე კარებით“, მხოლოდ რჩეულნი „სიზმარობენ“ განსხვავებულად („მე ვხედავ სიზმრებს არა თქვენებურს“). ეს ხვედრი, რა თქმა უნდა, პრივილეგიაცაა, მაგრამ ეს უკანასკნელი მძიმე ჯვარსაც გულისხმობს. თითქოს არაფერი ხდება ახალი სამყაროს ამაოების თვალსაზრისით, ეკლესიასტეც სულის გადამრჩენი ფილოსოფიისთვის განგვაწყობს: აღმოხდება მზე და ჩავა, ბრუნდება თავის ადგილას, რომ კვლავ ამობრწყინდეს („თავწილა’ ჩიტ’ მაფრთხილებს:/ მზე ამოიდავ, ჩავავ.“), მაგრამ თუნდაც ეს პოეტური ხილვა არაა ამაოება –

„ჴელში ჯვარისად კვარ მეჭირ,

მჴარზე მზის ცვარ დამდიოდ,

შეუწყვეტლად ვლოცულობდ,

ცხვა არაფერ ჩამდიოდ.

წვალების მემრ ცერს ავედ,

ფეჴით სისხლებ გამდიოდ,

ლურჯ ცას წითელ მზე ელვარ,

მე უწონოდ დავდიოდ.

სხეულითას სულს ვიძვრენდ,

ცხვა სამყოფელს გავდიოდ,

რა’ს მახილვევ, უფალო,

სი ნამყოფ სი წავდიოდ!…“

აქ სამყაროს მითოსურ ძირებს სწვდება ავტორი. მაგრამ ეს ჩვენი ქრისტიანული ცნობიერების, წარმოსახვის მწვერვალიცაა.

ეს პატივი არ ნიშნავს უცოდველობას და სამყაროს სწორი აღქმა სწორედ საკუთარი გამრუდებული „სისწორის“, სიმართლის – ცოდვიანი ბუნების აღიარებით იწყება („რად გიყვარვარ, უფალო,/სუ რად გყევარ თვალად”). ასე ჩვენი ცხოვრების შრიალით „მიიფურცლებ სამზეოჲ“, „არ იოცნებვ, დი’ჯერავ,/მოსავლელა’ მოვ…“, ბედისწერით, შემთხვევით თუ განგებით. ადამიანი ჩიტი არ არის, „არვიზდ ავის მკეთეჲ“, რომ უფლის მადლმა არასდროს დატოვოს და მათსავით უზრუნველი იყოს. ამიტომ პოეტსაც აღმოხდება: „რა ძნელ ყოფილ ცხვრებაჲ…“ – მიწა-ყოფა-ცხოვრება „ფეხთ დოლაბებ შენაბამ“ ნაოცნებარს შლის, „მგლისფერნაღვარი“ დღეებით დარდის ტბორში გამყოფებს „თვალთმაქცი“ სოფელი, მაგრამ პოეტმა, ამის მიუხედავად, შეიძლება გადაინაცვლოს პარალელურ, ძალიან მძაფრ სინამდვილეში, დაბადოს ეპითეტი-შედევრი, ბანალურ რუტინაზე  ამაღლდეს და დაწეროს, რომ ხანმოკლე ცხოვრება „მფრთხალ ჩიტსავით ფრენილია“ ან ღმერთს გაუწოდოს ხელი მორიგი სულიერი მეტამორფოზის მოლოდინით:

„მოდ, უფალო, ჴელ მომხვი,

ანაბურდალ–დანაფლეთ

ჩემ თავს დამამგვან,

სულს ჩემეფინ იმედით,

კიდევ ერთხენ გამამდიდრ,

კიდევ გამამყარ…“

ბედისწერის ტყვეაო ადამიანი. ჰოდა, სწორედ პოეზიაა ზოგჯერ ბედისწერა, „ლურჯ ცაზე წეროებით მიწერილი“ სიტყვა- „ღვთის კრავები“ კიდეც გატყვევებს, თავს არ განებებს, ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევს სანამ „მიწას“ ებღაუჭები, რადგან „მიწა თავისას მოითხოვს“, როგორც ცნობილ ქართულ ზღაპარშია და სიკვდილის კანონს ვინც წუთისოფელშივე დაძლევს, შვებას, ბედნიერებას ვერ ეღირსება. ამიტომ ყველა ჩვენგანი არის „ჲამ დალოცვილ მიწისაჲ/ერთ სამარით მმკობარ“. მიწის სიყვარულიცაა სიკვდილის მიღება და მისი ძლევის საუკეთესო საშუალებაც („მიწად ქცევაივ ვარჩი“). იმდენჯერ კვდები ადამიანი, რამდენჯერაც ვიღაც გიკვდება, „ფუძე ეცლებ სამზეოს“, მაგრამ მოვა დრო, როცა შენც ვიღაცას უკვდები…და იქცევი თავისუფლებად, ნათქვამ სიტყვად, რომელიც უკვე შენს აღარყოფნას მოთქვამს თუშური ხმით ნატირალივით სამყაროს მიზეზთა მიზეზის, ყველაზე დიდი და პოეტური ,,სიტყვის” ეკლესიაში…ასე ვიქცევით სწორედ იმ „მჴარჯანგისფერ თავწილად“, პირველყოფილი თუ მარადყოფილი ლექსის მაგიურ ჩიტად, რომელიც ჩვენი მეგზურიც იყო ეთერ თათარაიძის ასე თვითმყოფად და ღირსებით აღსავსე, თუშურ – პირველ საავტორო პოეზიაში…

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი