პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

სიღრმისეული სწავლა-სწავლების ასპექტები

ეროვნული სასწავლო გეგმის III თავის ძირითადი მეთოდიკური ორიენტირების მე-12 მუხლის თანახმად,  სკოლა ვალდებულია, უზრუნველყოს სიღრმისეული სწავლება: სასწავლო მასალის ეტაპობრივად და მრავალმხრივად მიწოდება, ახალი საკითხების, ცნებების საფუძვლიანად და განსხვავებულ კონტექსტებში განხილვა, საგანთაშორისი კავშირების გამოვლენა და საერთო ასპექტების დამუშავება.

სიღრმისეული სწავლა-სწავლება მრავალმხრივი ცნებაა და იმაზე ბევრ ასპექტს მოიაზრებს, ვიდრე მხოლოდ სწავლების ინსტრუმენტებია, თანაც იმ სინამდვილეში, რომელშიც მსოფლიოს უამრავი ბავშვისთვის სკოლის გარემო და რეალობა ერთმანეთს აცდენილია, როცა თინეიჯერები უამრავი პრობლემის წინაშე დგებიან, აკრიტიკებენ არსებულ მიდგომებს და იდეების გაზიარებას ცდილობენ. და რადგან თანამედროვე სკოლა  ჯერ კიდევ ვერ იძლევა ამის საშუალებას, აქ სწავლება ჯერ კიდევ ლექციის ფორმატში მიდის,  მოსწავლეები კი იძულებულნი არიან, არსებული წესები დაიცვან, ის სიღრმე კი, რაც ამა თუ იმ საგნის გააზრებას უნდა ახლდეს, მიუღწეველი რჩება და სწავლის ვნებაც მათში სხვა ვნებებით ნაცვლდება.

სიღრმისეული სწავლება მოსწავლეების მხრიდან შესასწავლი მასალის წვდომას, საფუძვლიან გადააზრებას და ამავე მასალისადმი შეფასებითი დამოკიდებულებების გაჩენას გულისხმობს. შესაბამისად, ეს არის პროცესი, რომელშიც ერთნაირად ჩართულია დაბალი და მაღალი სააზროვნო უნარები.

სიღრმისეული სწავლებისთვის როგორც ქართულის მასწავლებელი, აუცილებლად გავისთვალისწინებდი ცნებებს: რატომ? და როგორ?  უნდა ითქვას, რომ მოსწავლეებს ამა თუ იმ ტექსტის სიღრმესთან პირველი ცნებით მისვლა უფრო უიოლდებათ, თუმცა, ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია სწავლების ფორმა, რომელმაც მათში გაკვირვება, ინტერესი და მოტივაცია უნდა აღძრას. პირველი ცნება მეტაკოგნიტური, მაღალი სააზროვნო უნარების გააქტიურებას უწყობს ხელს და ერთგვარი გასაღებია, რომელიც სათანადოდ უნდა მოვარგოთ მეორეს, რათა მოსწავლის საგულდაგულოდ გადარაზულ ცნობიერებაში შეღწევა შევძლოთ და მისი აღელვებაც გამოვიწვიოთ.

სიღრმისეული სწავლება მხოლოდ მაშინაა მიღწეული, თუკი მოსწავლემ უკვე მოახერხა ამოეცნო ავტორის სათქმელის ძირითადი არსი და მიზანი იმ საფარველი დეკორების  გათვალისწინებით, რომელსაც გამომსახველობით ხერხებსა თუ ზოგადტექსტურ ქარგას ვუწოდებთ.

ცნება „რატომ ვასწავლო?“ ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა სკალას უნდა მოვარგოთ, დავაფუძნოთ და ამ ქარგაში ვაპოვნინოთ ბავშვებს საკუთარი თავი ლიტერატურულ პერსონაჟებთან მიმართებით.  საგულისხმოა, რომ იგივე ცნება —„რატომ ვასწავლო?“— ლიტერატურის სწავლების მიზნებს მიემართება. ეს მიზნებია: საერთო და პიროვნული კულტურის ჩამოყალიბება, სამოქალაქო ცნობიერების გაზრდა, პიროვნების ჰარმონიული განვითარება და  სხვა. მაგალითად, ისეთი მნიშვნელოვანი ტექსტის სწავლებისას, როგორიცაა რევაზ ინანიშვილის „ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?“ არსებობს საფრთხე, ნაწარმოების მხატვრული ღირებულების თუ  ლიტერატურული სამყაროს შეცნობა-გადააზრებამ გადაფაროს ან დაჩრდილოს ის ყველაზე მთავარი ქვაკუთხედი, რის ჩვენებაცა და დანახვებაც ავტორს მასზე პატარა, დიდი თუ თანატოლი თაობის მკითხველისთვის ერთნაირად სურს: „ერთი ადამიანის ღირსების დაცვა სიცოცხლის გაწირვად ღირს და ეს ყველაზე დიდი ღირებულებაა, რაც ადამიანმა სხვა, თუნდაც ღირსებაზე ხელაღებული ადამიანისთვის შეიძლება ჩაიდინოს.“

მასწავლებლის მიერ ასევე ღირებულებად  უნდა განიხილებოდეს ტექსტის სტრუქტურის, პერსონაჟების, ტემპორალობის დინამიკა,  ისეთი მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების გათვალისწინებით, როგორებიცაა: შედარება, მეტაფორა, სიმბოლო, ირონია, მეტაფიქცია[1]; ამ საშუალებების დრო-სივრცულ პარადიგმებთან და ტექსტის სათაურთან კავშირი, ამბავსა და მოთხრობას შორის ზღვრის აღმოჩენა და სხვა. სიღრმისეული სწავლების შემთხვევაში მთელი ეს ესთეტიკა ზემოთხსენებულ ორივე ცნებას გააერთიანებს და სათაურისა და ტექსტის დეკოდირების გზით ავტორის ჩანაფიქრამდე მიგვაახლოვებს. ყოველივე ამის შემდეგ მნიშვნელოვანი იქნება ისეთი კომპლექსური დავალებების შეთავაზება, რომლებიც მოსწავლეების სხვადასხვა დისციპლინებთან კავშირებს მოითხოვს, შეაქმნევინებს ფერწერულ პორტრეტებს, თეატრალურ ესკიზებს, კომიქსურ წიგნებს, კომპიუტერულ ანიმაციებს, ჩამოუყალიბებს სამოქალაქო ხედვას, დაანახებს ზღვარს ადამიანების მიერ დაწესებულ კანონებსა და ზოგადადამანურ ღირებულებებს შორის.  ეს იქნება გზა შესწავლილი ტექსტის ხელახალი გადააზრებისა და ცხოვრებისეული გამოწვევების მისაღებად. ეს ყველაფერი კი მოსწავლეთა მიღწევების კომპლექსურ შედეგად გადაიქცევა.

 სწორედ ამგვარ  შედეგებზე საუბრობს მონიკა მარტინეზი[2] და განმარტავს, რომ სიღრმისეული სწავლება მოსწავლეების მიღწევების კომპლექსური შედეგია, რომელიც  კრიტიკული აზროვნების განვითარებას, პრობლემების გადაჭრისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარებს მოიცავს, რაც აკადემიური აზროვნებითა და საკუთარი სურვილით, დამოუკიდებელი სწავლის გზებით მიიღწევა. მისი თქმით, სიღრმისეული სწავლა ბავშვებს აქცევს გლობალურ მოქალაქეებად, რომლებიც მზად არიან, მიიღონ ახალი ტექნოლოგიებით, ეკონომიკური ცვლილებებით და ღრმა სოციალური გამოწვევებით უფრო და უფრო განსაზღვრული სამყარო

მარტინეზი სამოქმედო გეგმა 6 სტრატეგიას ემყარება. ესენია:

  • მოსწავლეთა საზოგადოების შექმნა
  • დამოუკიდებლად სწავლის უნარების გააქტიურება
  • კონტექსტუალიზაცია
  • სწავლა სკოლის კედლებს მიღმა
  • შთაგონება, სწავლების ინდივიდუალურობა
  • ტექნოლოგია, როგორც მოსამსახურე და არა როგორც დამქირავებელი

 

მარტინეზის თქმით, ძლიერი სკოლის „აშენებისთვის“ აუცილებელია მოსწავლეთა შეკრულობა, სკოლის ერთიანი გარემოს შექმნა, სადაც ბავშვების ერთმანეთისადმი ნდობითა და მხარდაჭერით სწავლის კოლექტიური პასუხისმგებლობა გაიზრდება. მოსწავლეთა საზოგადოების შესაქმნელად ავტორი რამდენიმე გზას გვთავაზობს:

  • გაუჩინეთ მოსწავლეებს ერთმანეთის წარმატებით დაინტერესების სურვილი.
  • ჩართეთ სკოლის საქმიანობებში და მიეცით თვითორგანიზების საშუალება.
  • მენტორობა გადააბარეთ მაღალკლასელებს.
  • შეიმუშაონ გარკვეული წესები სწავლა-სწავლების პროცესისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს გახსნილი, ღია ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
  • კონცეპტუალიზაცია
  • შთაგონება
  • ტექნოლოგია, როგორც მოსამსახურე და არა როგორც დამქირავებელი

მაონიკა მარტინეზი მიიჩნევს, რომ აზრიან, სიღრმისეულად სწავლებას არაერთი დაბრკოლება უდგას წინ, თუმცა მისი მთავარი ბერკეტი მოსწავლეთა ჩართულობა და მოწადინებაა. ამის მიღწევა კი ახალი, მათთვის უცხო პროექტებითაა შესაძლებელი. მაგალითად, გვირჩევს, დავგეგმოთ სიმულაციური არჩევნები, მოვიგონეთ პროგრამები, გამოვავლინოთ პრობლემა და დაიწყეთ მათ გადაჭრაზე ერთობლივი მუშაობა. თუ პედაგოგის მიზანი მოსწავლისთვის სიღრმისეული ცოდნის მიცემაა, მუდმივად უნდა შეიტანოს ცვლილებები სასწავლო პროგრამაში.

სიღრმისეული სწავლების მისაღწევად გაკვეთილები არ უნდა იყოს მოწყვეტილი ჩვენს რეალობას და მათი სასწავლო მასალა უნდა იყოს მორგებული რეალურ პრობლემებსა თუ საკითხებს. ნებისმიერი საგანი კავშირშია ცხოვრებისეულ გამოწვევებთან, მთავარია, მოსწავლეს ამის დანახვაში დავეხმაროთ. ეს შეიძლება იყოს ქიმიაც და ჰუმანიტარული მეცნიერებებიც.

საკლასო კედლებს მიღმა ცოდნის შეძენის უამრავი საშუალება არსებობს. მაგალითად: კვლევითი ექსპედიციები, მუზეუმები, თეატრი და ა.შ. მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმილი სხვადასხვა ტიპის პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეების განვითარებას და მათ მომზადებას რეალური ცხოვრებისთვის.

მოსწავლეში ინტერესის გაღვიძების მთავარ გასაღებად მონიკა მარტინეზი მათთან ინდივიდუალური მიდგომას მიიჩნევს. მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებისა და მისწრაფებების გათვალისწინებით, პედაგოგმა თითოეულ მოსწავლესთან განსაკუთრებული მეთოდი უნდა შეიმუშავოს და დაიცვას ბალანსი. ბავშვთან და მის მშობლებთან დამატებითი კონსულტაციის გზით პედაგოგს მოსწავლის გაცნობისა და მისი ინტერესების გაგების საშუალება აქვს.
ტექნოლოგიის მიზანმიმართული გამოყენება სწავლის ხარისხს აუმჯობესებს. ამის მიღწევა რამდენიმე გზით შეიძლება, მათ შორის, იმ პროგრამების გამოყენებით, რომლებიც კრიტიკული აზროვნების განვითარებისკენაა მიმართული. ასევე, ციფრული პროგრამებით მოსწავლეს პროექტების შექმნა შეუძლია. ნებისმიერ შემთხვევაში, ტექნოლოგია უნდა გამოვიყენოთ, როგორც სტიმულის მიმცემი იარაღი.

მკვლევრების მიერ სამართლიანად არის შენიშნული, რომ სიღრმისეულ სწავლებას ნამდვილად აქვს 21-ე საუკუნის სწავლა-სწავლებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულების შესაძლებლობა.

[1] სიამოვნებით დავიმოწმებთ ნესტან რატიანის მნიშვნელოვან წერილს: „ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?“ https://mastsavlebeli.ge/?p=27593

[2] მონიკა მორტინეზი, „სიღრმისეული სწავლება:  რვა ინოვაცია 21-ე საუკუნის სკოლებისთვის“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი