პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

პაციფისტი პარლამენტარის ტრაგედია

ერთი წლის წინ გერმანიაში პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან ასი წლის იუბილე აღნიშნეს. ნახევრად საზეიმო ღონისძიებებში ქვეყნის პარლამენტი, რამდენიმე უნივერსიტეტი, მასწავლებელთა პროფკავშირი და სკოლების ნაწილი მონაწილეობდა. პირველ მსოფლიო ომს გერმანიისთვის კარგი არაფერი მოუტანია. ომის შედეგებს უკავშირდება ქვეყნის დაყოფა, უამრავი ადამიანის სიკვდილი, დამარცხება და რეპარაციები, დემოკრატიული სისტემის დამყარების წარუმატებელი მცდელობა, ნაცისტური დიქტატურის ჩამოყალიბება, რეპრესიები და კიდევ ერთი დამანგრეველი საერთაშორისო შეიარაღებული დაპირისპირებისათვის ნოყიერი ნიადაგის შემზადება. ბუნებრივია, ყურადღებიან მკითხველს გაუჩნდებოდა კითხვა: თუ პირველი მსოფლიო ომი მხოლოდ ნგრევის დაუძლეველ პროცესთან ასოცირდება, მაშინ რაღას აღნიშნავდნენ 2014 წელს ქვეყნის პოლიტიკური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები?

ისტორიული გადაწყვეტილებების მიღების დროს საზოგადოება ხშირად ერთსულოვანია ხოლმე. მოსახლეობასა და პოლიტიკური კლასის უდიდეს უმრავლესობას იშვიათად უადვილდებათ მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების წინასწარ განჭვრეტა. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები ამჩნევენ დამანგრეველი მომავლის პირველ ნიშნებს, მაგრამ უმრავლესობისგან გარიყვის ან შევიწროვების შიშით საერთო სახალხო გადაწყვეტილებას ვერ უპირისპირდებიან. თუმცა, დაკვირვებულ თვალს არ გაუჭირდება უნიკალური გამონაკლისების აღმოჩენა. გამონაკლის შემთხვევებში მამაცი ადამიანები დაფარული ბოროტების გამოსააშკარავებლად სიცოხლის ფასად განგაშის ზარის შემოკვრასაც კი არ ერიდებიან. მეოცე საუკუნის ევროპაში ერთ-ერთი ასეთი თავზეხელაღებული ადამიანი კარლ ლიბკნეხტი გახლდათ. სწორედ მის სახელს უკავშირდებოდა 100 წლის იუბილეზე გამართული ღონისძიებების ხმაურიანი ნაწილი.

ვინ იყო კარლ ლიბკნეხტი და რა დამსახურებით შევიდა იგი მეოცე საუკუნის ევროპის ისტორიაში?

ჩვენი ინტერნეტ-გაზეთის გვერდებზე ხშირად ვსაუბრობთ უმძიმესი საბჭოთა მემკვიდრეობისა და მასთან დაკავშირებული სიყალბეების შესახებ. საბჭოთა პროპაგანდა უამრავ ყალბ ცნობას კარლ ლიბკნეხტის შესახებაც ავრცელებდა და მის დემოკრატიულ საქმიანობას განზრახ მალავდა. დღეს ამ ადამიანის რეალური სახის წარმოდგენას შევეცდებით.

კარლ ლიბკნეხტი გერმანიის მუშათა დემოკრატიული მოძრაობის სტაჟიანი წევრი გახლდათ. სტუდენტობის წლებიდანვე იგი ჩართული იყო კაიზერის საწინააღმდეგო მოძრაობებში. მილიონობით თანამოაზრესთან ერთად, რევოლუციონერი რვასაათიანი სამუშაო დღისთვის, შრომის უსაფრთხოებისათვის, ადეკვატური ანაზღაურებისა და ზოგადად სოციალური სამართლიანობისთვის იბრძოდა. სხვა ოპოზიციონერებისგან მას ერთი განსაკუთრებული ნიშანი განასხვავებდა. ლიბკნეხტი იმპერიალიზმისა და ომის შეურიგებელი მოწინააღმდეგე გახლდათ. ქალაქ ბერლინის დეპუტატთა პალატაში თავისი 12 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში იგი პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით დევნილი ადამიანების ერთ-ერთი მთავარი შემწე იყო.

1907 წელს ანტიმონარქისტული კამპანიის ერთ-ერთმა ლიდერმა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამული ნაშრომი „მილიტარიზმი და ანტიმილიტარიზმი” გამოაქვეყნა. ლიბკნეხტი ნაშრომში ასაბუთებდა, რომ ომს სარგებელი მხოლოდ მეფის ოჯახისა და მასთან დაახლოვებული პირებისთვის მოაქვს. მისი აზრით, ომი ბიზნესის, კომერციული მოგების, კონკრეტული ჯგუფების გამდიდრების საკითხი გახლდათ. პოლიტიკური მოაზროვნე ომსა და იმპერიალიზმში ადამიანებისა და ერების ჩაგვრის უსასრულოდ გახანგრძლივების საფრთხეს ხედავდა. ბუნებრივია, იმპერიულ, დაპყრობებზე ორიენტირებულ, ბაღდადის რკინიგზის მშენებლობაზე კონცენტრირებულ გერმანიაში უფროდაუფრო პოპულარული ოპოზიციონერის თეორიული ნაშრომი უდიდეს საფრთხედ აღიქვეს. კაიზერის საიდუმლო სამსახურებმა კარლ ლიბკნეხტი დაიჭირეს.

ალბათ, ის კიდევ მრავალი წელი იჯდებოდა საპყრობილეში, ერთ უცნაურ შემთხვევას რომ არ შეეცვალა მისი ცხოვრება. დაკავებიდან ერთი წელიც არ იყო გასული, როდესაც იგი ოპოზიციურმა პარტიებმა პრუსიის რეგიონალურ პარლამენტში დეპუტატობის კანდიდატად წარადგინეს. პატიმარმა პაციფისტმა არჩევნები საპყრობილიდან მოიგო. რეგიონის მოსახლეობამ თავისი ბედი ანდო ხელისუფლების მიერ დამნაშავედ გამოცხადებულ ადამიანს, რომელიც ევროპულ ერებს შორის მშვიდობისა და სოციალური საკითხების აქტუალიზების მოთხოვნით გამოდიოდა.

ლიბკნეხტის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი 1914 წელს დადგა. ომის დაწყებამდე მთელ კონტინენტზე მდგომარეობა უაღრესად დაიძაბა. პაციფისტების უდიდესმა უმრავლესობამ უარი თქვა მშვიდობის დაცვის ღირებულებაზე. ოპოზიციონერებმა დაივიწყეს თავიანთი თავდაპირველი ხედვები იმპერიალიზმისა და ომის თაობაზე. კარლ ლიბკნეხტი კი ძველებურად ამტკიცებდა, რომ ევროპელ ჯარისკაცებს ერთმანეთთან არაფერი ჰქონდათ საომარი. მისი აზრით, მოქალაქეებს ბრძოლა თავიანთი ქვეყნების შიგნით ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ უნდა ეწარმოებინათ და უშედეგო საერთაშორისო სისხლისღვრაზე კატაგორიული უარი განეცხადებინათ. 2 დეკემბერს რაიხსტაგმა კენჭი უყარა ომის კრედიტს, ომის კანონს. რაიხსტაგის 397 დეპუტატიდან მხოლოდ ერთი ასაბუთებდა იმას, რომ მასებს ომი სასიკეთოს ვერაფერს მოუტანდა. იმპერიალიზმის ერთადერთი ერთგული მოწინააღმდეგე, ომის კრედიტის წინააღმდეგ მიცემული ერთადერთი ხმის ავტორი კარლ ლიბკნეხტი აღმოჩნდა. იგი 1919 წელს შავრაზმულმა, ულტრანაციონალისტურმა დაჯგუფებებმა დაატყვევეს და დახვრიტეს.

კარლ ლიბკნეხტის გადაწყვეტილება დღემდე რჩება ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულების, მშვიდობის უმთავრეს სიმბოლოდ. შესაბამისად, მგონი უპრიანი იქნება, თუ პირველ მსოფლიო ომზე საუბრის დროს მოსწავლეებს პაციფისტი პარლამენტარის ტრაგედიის შესახებაც ვამცნობთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი