პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ტ ა ჩ კ ა

ზოგი ამბობს, რომ თბილისი ეთნიკური სომხების აშენებული ქალაქია. მე კი ვამბობ, რომ თანამედროვე თბილისი მხოლოდ ერთმა ადამიანმა ააშენა და ეს ადამიანი არც ქვეყნის მმართველია და არც ცნობილი არქიტექტორი. ის უბრალოდ „ჰაიდელბერგ ბეტონი”-ის თანამშრომელი, პოლონური ფესვების მქონე ქართველი, სანდრო რაჩკოვსკი, იგივე ტაჩკა გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წელია ტაჩკასთან ახლო მეგობარობა მაკავშირებს, წარმოდგენა არ მაქვს ტაჩკას რატომ ვეძახით ტაჩკას. როგორც ჩანს თიკუნის შერქმევის დღე გამომეპარა. დიდი ინტერესი არც არასოდეს გამომიჩენია. ყოველთვის, როცა შეკითხვა მიჩნდებოდა მის მეტსახელთან დაკავშირებით, საკუთარ თავს ვეუბნებოდი: „დავით, მოდი, დაიკიდე. მთავარია, რომ უხდება”.
თუკი ტაჩკასთან ერთად მანქანით, ან, თუნდაც ფეხით გასეირნება მოგიწევთ, წუთ-ნახევრიანი შუალედებით მოისმენთ ფრაზას: „ეს ჩვენი აშენებულია”. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ სანდრო ამ თემაზე არც ხუმრობს და არც ტყუის. მისი მობილური ტელეფონი თავს არასოდეს გვავიწყებს. რეკავს, რეკავს, რეკავს. ამ დროს სანდროში მენეჯერი იღვიძებს და მიდის შეთანხმებები კლიენტებთან, 13:30 სთ-ზე რამდენი კუბი ბეტონი მივა ობიექტზე და ნახევარ საათში რამდენ კუბს მიაშველებენ. როგორც მე ვხვდები, ტაჩკა ბეტონის სამყაროში იმავე წონის ფიგურაა, როგორიც ბატონი Wolf-ი, ფილმში „კრიმუნალური საკითხავი”. ჯერ მხოლოდ ჩემ თვალწინ  ოთხი-ხუთი მშენებლობა გადაურჩენია დაღუპვას.
წარმოიდგინეთ ქანქარა, რომელიც მოქმედებისას ორ უკიდურეს მხარეს აღწევს. ასევეა სანდრო რაჩკოვსკი. ის, რამდენად ზრდასრეული პროფესიონალიცაა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, იმდენადვე ბავშვია სახლში და ჩვენთან, მეგობრებთან ერთად ყოფნის დროს. ტაჩკას შეუძლია მცირედისგან ულევი ბედნიერება იგრძნოს და ამისათვის არც ექსტაზის მიღება სჭირდება, არც კოკაიანის გაყნოსვა. საამისოდ მეგობრებთან ერთად ფურცლობანას, მაფიოზობანას ან Jepardy-ის თამაშიც საკმარისია მისთვის. სამაგიდო თამაშებზე ხომ საერთოდ მეცხრე ცაზე გაჰყავს. ტაჩკას შეუძლია ღამე გაათენოს Jepardy-ის თამაშში. უფრო სწორად კი – ღამეები გადააბას. ის თამაშდამოკიდებულია. მსგავსი სახის ინტელექტუალური გასართობების მიმართ, სანდროს ისეთივე დამოკიდებულება აქვს, როგორც ლოთებს ალკოჰოლისადმი. ორი-სამი ღამის გადაბმა და – „ზაპოი” აკიდებულია.
ერთხელ ასეთი სასაცილო შემთხვევა მოხდა: ტაჩკა ზედიზედ რამდენიმე ღამეა მეგობრის სახლში Jepardy-ის თამაშობს. გარესამყაროს მოწყვეტილები არიან. ახსოვთ და ადარდებთ მხოლოდ ორი რამ: ის, რომ აქვთ ამ თამაშის უამრავი შეკითხვა და ის, რომ ეს შეკითხვები ბოლომდე უნდა ჩაამთავრონ. ასეც მოიქცნენ. მომდევნო საღამოს, თუ არ ვცდები პარასკევს, ისინი ამ შეკითხვების ამოწურვას აღნიშნავენ. გასაგებ ენაზე რომ ვთქვა – სვამენ.
ამ დროს, ტაჩკას დედა ურეკავს:
-მეგობრებთან ერთად ვარ.
-სანდრო (დაძაბული ხმით), ისევ Jepardy-ის ხო არ თამაშობ?
-დამშვიდდი დედა, ვსვამ.
ვინც მულტფილმი Inside out ნახა, კარგად მიხვდება, რასაც ახლა დავწერ. სანდროს ცნობიერებაში რამდენიმე კუნძული არსებობს: თეო – მისი მეუღლე (მძულს ეს სიტყვა, მაგრამ ამ შემთხვევაში ცოლს ვამჯობინე) და ოჯახის სხვა წევრები; სამსახური. რომელსაც, როგორც უკვე ვთქვი ზეპასუხისმგებლობით ეკიდება; ჩვენ – მეგობრები, რომელთა გარეშეც ძალიან ცოტა ხანს ძლებს; და, კუნძული, რომელზეც ყველა მისი ჰობი თუ ინტერესია თავმოყრილი – ამერიკული ფეხბურთი, ჰოკეი, კალათბურთი, ინტელექტუალური თამაშები და ა.შ.
თეოზე უნდა მეთქვა: თუკი ვინმეს ცხოვრებაში გაუმართლა, ალბათ პირველ რიგში ტაჩკას, რადგანაც თეო იპოვა. მე იშვიათად მინახავს ასეთი სინთეზი. ადამიანები, რომელთა ინტერესებიც იშვიათად ემთხვევა და რომლებიც ასე იდეალურად ავსებენ ერთმანეთს. მთავარი კი ისაა, რომ ეს შევსება ნაძალადევი არ არის. იმის მიუხედავად, რომ სანდრო და თეო სრულფასოვანი ინდივიდები არიან, მე უკვე მიჭირს მათი არათუ ცალ-ცალკე ხსენება, არამედ წარმოდგენაც კი.
ტაჩკა ჩემთვის იმის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა ნელ-ნელა, აუღელვებლად, მოთმინებით დაიკმაყოფილოს და აისრულოს ყველა ის ინტერესი თუ ოცნება, რომელიც კი ოდესმე ჰქონია: დაესწროს საყვარელი ბენდების კონცერტებს; მოიპოვოს ტრევის ბარკერის დრამის ჯოხი; წავიდეს აშშ-ში და ტრიბუნებიდან უგულშემატკივროს ამერიკული ფეხბურთის, ჰოკეისა თუ კალათბურთის მისთვის საყვარელ გუნდებს; ხუთი მეტრის დაშორებით ნახოს მისი ბავშვობის გმირი – კევინ გარნეტი; იაროს იმ სამყაროში, რომელიც ხიბლავს; ფეხდაფერ სდიოს საკუთარ ბედნიერებას და, რაც მთავარია ეს ყველაფერი აკეთოს საყვარელ ადამიანთან ერთად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი