ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ინტეგრირებული გაკვეთილი – დაკარგული განძი

თანამედროვე სწავლება ორიენტირებულია მოსწავლის შესაძლებლობების მაქსიმალურ გააქტიურებასა და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის განვითარებაზე. მნიშვნელოვანი და აუცილებელია მოსწავლემ შეძლოს საგანში მიღებული ცოდნა დააკავშიროს ყოველდღიურ ცხოვრებასთან და საჭიროებისამებრ მოარგოს სხვა საგანში შესასწავლ მასალასაც. ცოდნის საგანთაშორისი ტრანსფერის შესანიშნავი საშუალებაა ინტეგრირეგული გაკვეთილი, რომელიც საშუალებას იძლევა მოსწავლეებმა   გარვეული ცოდნა, გამოცდილება სხვადასხვა საგანში ერთდროულად გამოიყენონ. ინტეგრირებული გაკვეთლი მოსწავლეს ეხმარება  ერთ საგანში მიღებული წინარე ცოდნით მარტივად, ხალისით და  საინტერესოდ  შეისწავლოს ახალი მასალა.   მუშაობის პროცესში მოსწავლე უკეთ იაზრებს, რომ  სხვადასხვა საგნები მჭიდროდ არიან დაკავშირებული და ერთის ცოდნა გვეხმარება მეორის უკეთ გაგებაში. თანამედროვე სწავლებაში მნიშვნელოვანი სწორედ ის არის, რომ მოსწავლეს დაანახოს საგანთაორისი კავშირის ძალა. ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება, მისი დანერგვა, მნიშვნელოვანია  დაწყებითი კლასებიდანვე, რათა მოხდეს  საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.

წარმოგიდგენთ ქართულის, მათემატიკის და ბუნებისმეტყველების ინტეგრირებით ჩატარებული გაკვეთილის აღწერას, რომელიც მოსწავლეებისთვის იყო  სახალისო, საინტერესო და რაც მთავარია, გაკვეთილის მსვლელობის დროს მათ შეძლეს სამივე საგანში მიღებული ცოდნის დაკავშირება და   რეალურ სიტუაციაში გამოყენება.

  • ქართულის გაკვეთილზე შესწავლილი თემა: „ დიდი მოგზაურები“
  • მათემატიკის გაკვეთილზე შესწავლილი თემა: „ამოცანა“, „სიგრძის საზომი ერთეულები“;
  • ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე შესწავლილ თემა:“ორიენტირება“

დაკარგული განძი

  • აქტივობის ჩატარება მოხდა სკოლის ეზოში. მოსწავლეები განაწილდნენ ჯგუფებად. (ჯგუფში 5-6 მოწავლე)
  • მოსწავლეები გაეცნენ თამაშის ინსტრუქციას.
  • სკოლის ეზოში დამალული იყო განძი.
  • მოსწავლეები იყვნენ მოგზაურები, რომლებიც ეძებდნენ დაკარგულ განძს.
  • განძის საპოვნელად უნდა გადაელახათ დაბრკოლებები.
  • თითოეული დაბრკოლების გავლის შემდეგ იღებდნენ ახალ ინსტრუქციას, რომელიც მათ აახლოებდათ განძთან.
  • ჯგუფი, რომელიც ყველაზე სწრაფად გადალახავდა დაბრკოლებას ის იპოვნიდა განძს .

ახლა კი ჩვენი დაბრკოლებები და მინიშნებები

  • თითოეულ ჯგუფს დაურიგდება ამოცანა: სიგრძის საზომ ერთეულებზე, ამოცანის სწორად ამოხსნის შემდეგ კი ჯგუფს გადაეცემა ადგილის კოორდინატები, სადაც იპოვიან მომდევნო ამოცანას. მაგალთად: „ადგილის გეგმა, სადაც წითლად არის მონიშნული შემდეგი მინიშნება. (ამოცანის არასწორად ამოხსნის შემთხვევაში ვაძლევთ მითითებებს)
  • ადგილზე მისვლის შემდეგ კვლავ ამოხსნიან ამოცანას და სწორი პასუხის შემთხვევაში მიიღებენ შემდეგი ადგილის კოორდინატებს, უკვე ჰორიზონტის მხარეების გამოყენებით იპოვიან შემდეგ ადგილს .
  • ადგილის პოვნის შემდეგ, ამოხსნიან ამოცანას და სწორი პასუხის შემთხვევაში მიიღებენ რუკას, სადაც დახაზულია განძის ზუსტი მდებარეობა.
  • განძი კი არის კანფეტებით, სტიკერებით ან სათამაშოებით სავსე სკივრი, რომელსაც მოგებული ჯგუფი, რა თქმა უნდა სხვა მონაწილეებსაც გაუნაწილებს.( თავად შეგიძლიათ შეარჩიოთ რა იქნება მოგზაურების საბოლოო ნადავლი)
  • გასათვალისწინებელია, რომ ყველა ჯგუფს ერთნაირი ამოცანა, კოორდინატები და მინიშნებები ურიგდებათ. იმარჯვებს ის გუნდი, რომელიც სწორად ამოხსნის ამოცანას და მითითებულ კოორდინატებზეც სწრაფად გადაადგილდება.

განძის ძიების პროცესი იყოს საკმაოდ სახალისო და საინტერესო. ძიების პროცესში მოუწიათ ნასწავლი ინფორმაციის გამოყენება სამივე საგნიდან.

ისინი იყვნენ მოგზაურები, რომლებიც იკვლევდნენ, ეძებდნენ სიახლეებს, ერთად ცდილობდნენ პრობლემის გადაჭრას, იყენებდნენ სხვადასხვა  ხერხებს ამოცანის ამოსახსნელად. მინიშნებების პოვნაში დაეხმარათ მათემატიკის ელემენტების ცოდნა. ბუნებისმეტყველებაში შესწავლილი თემებით: „ჰორიზონტის მხარეები“, „ორიენტირები“, „ადგილის გეგმა“, მარტივად შეძლეს იმ ადგილების პოვნა, სადაც მინიშნებები იყო დამალული.

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები თავად აღნიშნავდნენ, რომ ბუნების გაკვეთილზე შესწავლილი თემები დაეხმარათ  განძის პოვნაში და გაიაზრეს, რომ მოგზაურებისთვის აუცილებელი იყო ბუნებრივი ორიენტირების ცოდნა, კომპასი, ადგილის გეგმა. ასევე ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მოგზაურობის დროს მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სიგრძის საზომი ერთეულები, რომელიც ამოცანებში შეხვდათ. გაკვეთილის ბოლოს ამბობდნენ,  რომ მოგზაურების ცხოვრება არც ისე მარტივი ყოფილა, რადგან  მათ უამრავი დაბრკოლების გადალახვა უწევდათ , სხვადასხვა აღმოჩენებს კი ვერ გააკეთებდნენ შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში. ასევე თქვეს, რომ მოგზაურებისთვის უფრო მარტივი იქნებოდა სირთულეების გადალახვა თუ მოსწავლეების მსგავსად ჯგუფრად იმოგზაურებდნენ და ერთმანეთს გაუზიარებდნენ ცოდნას, დაეხმარებოდნენ ერთმანეთს. აღნიშნეს, რომ ჯგუფური მუშაობის დროს ერთად ყოფნით და ერთმანეთის ცოდნის გაზიარებით მარტივად გადალახეს  ესა თუ ის დაბრკოლება. საგნების  ინტეგრირებით უკეთ შეძლეს იმის გააზრება, რომ ყველა საგნის დასწავლა აუცილებელია.  ისინი მჭიდრო კავშირში არიან, ავსებენ ერთმანეთს და ცხოვრებისეულ სიტუაციებში ნებისმიერი მათგანი შეიძლება დაგვეხმაროს სირთულეების დაძლევაში. არ არსებობს სასწავლო საგანი და თემა, რომელსაც ერთმანეთს ვერ დაუკავშირებ. სწორად დაგეგმილი ინტეგრირებული გაკვთილი აუცილებლად გაააქტიურებს მოსწავლის ცოდნას და ინტერესებს, მათთვის სამუშაო პროცესი გახდება მეტად საინტერესო. როცა მოსწავლე იაზრებს სწავლის მნიშვნელობას და აუცილებლობას, აკავშირებს ცხოვრებასთან და შეუძლია ნასწავლის გამოყენება ყოველდღიურობაში მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასწავლო პროცესი იყო შედეგიანი და ჩვენი მიზანი მიღწეულია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი