ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ტოლერანტობა და პირველი რესპუბლიკა

ერთი თვის წინ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ღირსეული მოქალაქის, მექა ხანგოშვილის წყალობით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოვჩნდი. უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში თავი მოეყარათ ქალაქის მიმდებარედ მცხოვრებ ვაინახ, აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ მოსწავლეებსა თუ სტუდენტებს. ჩვენ მათთან ერთად საქართველოში სხვადასხვა ეთნოსის მშვიდობიანი თანაცხოვრების შესახებ უნდა გვესაუბრა.

ჩვენს საზოგადოებაში ტოლერანტობისა და ერთა შორის სოლიდარობის საკითხებზე კამათის დროს ხშირად შორეულ წარსულში გადაიჭრებიან ხოლმე და მსჯელობას შუა საუკუნეების დროინდელ პრეცედენტებზე იწყებენ. ისტორიული მაგალითების მოხმობით ცდილობენ დაგვიმტკიცონ, რომ საქართველო, ტრადიციისამებრ, მთელ მსოფლიოში ყველაზე კეთილგანწყობილი ქვეყანაა ეროვნულ უმცირესობათა მიმართ. არსებობენ ისეთი ჯგუფებიც, რომლებიც არაფერს ზოგავენ საპირისპირო საწინააღმდეგო პოზიციის დასაცავად. მეორე უკიდურესობის წარმომადგენლები საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაში მხოლოდ მცირერიცხოვანი ხალხების მჩაგვრელებს ხედავენ. ისინი მიგვითითებენ საერთაშორისო გამოცდილებაზე და ჩვენი მატიანედან ცნობების მოხმობას უსარგებლო გარჯად მიიჩნევენ. დანამდვილებით ვიცი, რომ ერთმანეთთან მწვავედ დაპირისპირებული ორივე მხარე ცდება. ვერ გეტყვით, ვის მხარესაა ჭეშმარიტება. მხოლოდ ის შემიძლია, საქართველოს პირველ რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენები შეგახსენოთ.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ეროვნული და რელიგიური უმცირესობების მიმართ თავისი პოზიცია 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული კონსტიტუციით გამოხატა. სამწუხაროდ, ამ უნიკალური დოკუმენტის რამდენიმე მნიშვნელოვანი თავი მხოლოდ ისტორიკოსების, იურისტებისა და პოლიტიკის მეცნიერების წარმომადგენელთა ვიწრო წრისთვის არის საყურადღებო. წესითა და რიგით, ძველ დოკუმენტებში მოკირკიტე მკვლევრებთან ერთად აღნიშნული თემით სამოქალაქო განათლების მასწავლებლებიც უნდა იყვნენ დაინტერესებულნი.

რომელ განსაკუთრებულ დებულებებს მოიცავდა 1921 წელს დამტკიცებული ძირითადი კანონი?

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს საკანონმდებლო აქტში ეწერა, რომ ეროვნულ უმცირესობათა თავისუფალი სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარება სახელმწიფოს უპირობო მოვალეობა გახლდათ. ამავე დოკუმენტში გაწერილი იყო ისიც, როგორ უნდა შეესრულებინა ხელისუფლებას დასახელებული მოვალეობა.

უპირველეს ყოვლისა, რესპუბლიკა იღებდა ეროვნულ უმცირესობათათვის სკოლების დაფუძნების პასუხისმგებლობას. მაშინ საქართველოში მიაჩნდათ, რომ ნებისმიერ ბავშვს პირველადი განათლება მშობლიურ კულტურულ სივრცეში, მშობლიურ ენაზე სახელმწიფოს ხელშეწყობით უნდა მიეღო. ამასთანავე, რეგიონებში, სადაც მოსახლეობის 20%-ზე მეტი სახელმწიფო ენაზე ვერ ლაპარაკობდა, უმცირესობაში აღმოჩენილი ნებისმიერი ჯგუფის მოთხოვნით, საზოგადოებრივ დაწესებულებებში საქმის წარმოება ქართულთან ერთად სხვა ენაზეც გახლდათ შესაძლებელი. საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებლები უფრო შორსაც წავიდნენ. მათ პარლამენტში ქართულის არმცოდნე წევრებს დროებით მშობლიურ ენაზე გამოსვლის ნებაც დართეს. გარდა ამისა, ყველა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს სათემო კავშირის, წარმომადგენლობითი საზოგადოებრივი ორგანიზაციის ჩამოყალიბების პრეროგატივაც გადაეცა. მათ შეეძლოთ, ერთად ლეგალურად ემსჯელათ საკუთარ პოლიტიკურ თუ სხვა ტიპის საჭიროებებზე, გამოეცათ ჟურნალები და გაზეთები, დაეარსებინათ თეატრები და სხვა ამ ტიპის უწყებები.

თანმიმდევრული გახლდათ პირველი რესპუბლიკის რელიგიური პოლიტიკაც. ახალგათავისუფლებული ქვეყნის ლიდერები სახელმწიფოსა და ეკლესიის უერთიერთგამიჯვნის ტენდენციას ემხრობოდნენ. რაც მთავარია, ამბობდნენ, რომ რომელიმე რელიგიური ჯგუფისთვის უპირატესობის მინიჭება პოლიტიკოსთა საქმე არ იყო. მაშინდელ საქართველოში ქრისტიანობის უპირატესობას მოქალაქეთა უმრავლესობის რწმენა და ისტორია განსაზღვრავდა და არა სახელმწიფო რეგულაცია.

ამის შედეგად საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სამოქალაქო ინტეგრაციისა და პოლიტიკური მონაწილეობის მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. ხელისუფლებამ ყველა მოწინააღმდეგეს, თავდასხმის მოსურნე და ჩასაფრებულ ყველა იმპერიას წაართვა მჩაგვრელის იარლიყის მიწებების შესაძლებლობა. ყველაზე დიდი მიღწევა კი ის გახლდათ, რომ გარიყული ჯგუფების წარმომადგენლებიც კი ინტერესდებოდნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით და საზოგადოებრივ პროცესებში აქტიურად ჩართვას ცდილობდნენ. ისინი საკუთარ თავს საერთო სახელმწიფოს ნაწილად მოიაზრებდნენ.

აღნიშნული დამოკიდებულების ეფექტიანობაზე მეტყველებს საყოველთაო კენჭისყრის შედეგად არჩეული პირველი ქართული საკანონმდებლო ორგანოს, დამფუძნებელი კრების, შემადგენლობაც. დამფუძნებელი კრებაში მაშინდელ საქართველოში მცხოვრები ყველა თემის წარმომადგენლები ირიცხებოდნენ, თანაც ისინი სიმბოლური ფუნქციის შემსრულებელი მეორეხარისხოვანი დეპუტატები არ ყოფილან. ზოგი მათგანი აღმოსავლეთის ფრონტზე მიმდინარე საომარ მოქმედებებში ახერხებდა გადამწყვეტი როლის შესრულებას, ზოგი საფინანსო-საბიუჯეტო საკითხების გარკვევაში ეხმარებოდა პარლამენტში მოხვედრილ მუშათა კონტინგენტს, ზოგი კი შრომის კომიტეტში მიიჩნეოდა აღიარებულ ლიდერად. მეტსაც გეტყვით – სომხურ პარტია „დაშნაკციუტუნს” საქართველოს პარლამენტში  ცალკე ფრაქციაც კი ჰქონდა.

ნუ შეშფოთდებით – ყოველივე ამას საქართველოს სახელმწიფოსთვის ზიანი არ მოუტანია. ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში წარსულის დემოკრატიული გამოცდილების გახსენების დრო დადგა. შეზღუდვა, ჩაგვრა, შევიწროება ნებისმიერ ეთნოსს უმრავლესობაში მყოფი ერისადმი მტრულად განაწყობს. ინტეგრაცია მხოლოდ დემოკრატიული უფლებების საყოველთაო გადანაწილების საფუძველზე მიიღწევა. ჩვენ ეს ერთხელ უკვე მოვახერხეთ, მიღწევა კი იმპერიამ წაგვართვა და არა რომელიმე ჩვენთან მცხოვრებმა თემმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი