ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ასაკს მნიშვნელობა არ აქვს

2015 წელი მთავრდება და საახალწლო განწყობის ნაცვლად, ცუდი ამბები ასწრებენ ერთმანეთს ჩვენამდე მოსასვლელად. მგონი მსოფლიო ჭკუიდან შეიშალა. ჩემს ბავშვობაში, როცა ნავთის ღუმელის გარშემო შემოკრებილებს ძლიერი მიწისძვრა შეგვაზანზარებდა, დედაჩემი ამბობდა ამას პატარა ბიძგებიც მოყვებაო. ახლაც ასე მოხდა: ჯერ პარიზის ტერაქტმა შეაზანზარა მსოფლიო, მერე კი – ბიძგებმა შეგვახურა. რა გასაკვირია, რომ ასეთი ზამთრის მოახლოებისას, საახალწლო განწყობა ჩვენგან შორს იჭერდეს თავს. თუმცა მოდის ეს 2016 და ვერსად გავექცევით. ამიტომაც, თუ ბუნებრივად არ მოდის, ხელოვნურად მაინც უნდა განვეწყოთ ახალი წლისთვის – ანუ, მივიღოთ დამაჩქარებლები. ამის უებარი საშუალება საახალწლო ფილების ნახვაა, თუმცა ეს მექანიკურ პროცესად არ უნდა აქციოთ, არამედ რიტუალივით უნდა მიუდგეთ:

 

შეარჩიეთ შესაფერისი ამინდი ამინდი – გვარიანად მობუდნული და ღრუბლიანი. რა თქმა უნდა – ცივი. ფანჯრიდან ყრუდ უნდა აღწევდეს ძაღლის ხმა. ტელეფონი გამორთეთ. ოთახში დაარეგულირეთ ტემპერატურა ისე, რომ თხელი საბნის გადაფარება მოგინდეთ. გვერდით დაიდგით ცხელი ჩაი და ნაკფეტების კალათი. ფარდები გადააფარეთ ისე, რომ პატარა ღრიჭოდან იხსენებდეთ გარეთ რა ამინდიც დგას. მოახერხეთ და ერთი უქმე დღე მთლიანად ამ საქმეს დაუთმეთ. შეარჩიეთ თქვენი საყვარელი ხუთი საახალწლო კინო და ჩაღუღუნდით.

მე ყოველი წლის დეკემბერში რამდენიმე ფილმი მაქვს წამალივით გამოწერილი.


მარტო სახლში

თუკი სიკვდილის წინ ვინმე შემომთავაზებს ბავშვობის ერთ რომელიმე მომენტში დროებით დაგაბრუნებო, აუცილებლად ავირჩევ ასეთ სიტუაციას: საახალწლო სამზადისია. მამაჩემი მაშახლებისა და გაზიანი სასმელების საყიდლადაა წასული. დედაჩემი ნამცხვრისთვის კრემს აკეთებს და პერიოდულად ღუმელში ფირფიტებს ამოწმებს – არ დაიწვასო. ბებიაჩემი გოზინაყისთვის ნიგოზს აქუცმაცებს. სახლში საოცრად არომატული სურნელი ტრიალებს. გარეთ სადაცაა და მოთოვს. მე და ჩემი ძმა კი, ერთ სავარძელში მოკალათებულნი ვუყურებთ ფილმს გენიოს ბავშვზე, რომელსაც საოცრებების ჩადენა შეუძლია. მას აქვს ყველაფერი, რაზეც კი შეიძლება მე და ვახომ ვიოცნებოთ. სხვა რომ არაფრად ჩავაგდოთ, მას შეეძლო ეჭამა სპეციალურად მისთვის მოტანილი პიცა ყველით. ღმერთო, რა ბედნიერებაა! და, მაინც, მაკოლეი კალკინის გმირს თავგადასავლები სწყუროდა. თავგადასავლები, რომლებიც ჩვენთვისაც სასურველი და სანატრელი იყო.


მარტო სახლში – ნიუ იორკში დაკარგული

ფილმი მთავრდებოდა. ჩვენ ვცდილობდი რაღაც მანქანებით დავრჩენილიყავით იმ საოცარ სამყაროში. დედა გამომცხვარ ფირფიტებს უკვე გვერდებს აჭრიდა. იქნებ, სანამ მათ შევჭამდით მოგვეფიქრებინა რაღაც იმდაგვარი ხაფანგები, მაგრამ ვისთვის?! რა მნიშვნელობა აქვს. თუნდაც ისე, უბრალოდ. თუმცა, ვინ დაგაცდიდა ხაფანგთა გაწყობას. სხვა არხზე გადართავდი და ამ საოცარი ისტორიის გაგრძელება იწყებოდა. შენ გქონდა შანსი კიდევ ერთხელ აღმოჩენილიყავი იმ სამყაროში, რომელიც ამჯერად უფრო ფართოვდებოდა და თავგადასავალი ნიუ იორკს მოედებოდა. იგივე სახეები, იგივე ბოროტმოქმედები, რომლებიც გძულდა და იმავდროულად გიყვარდა.

საშობაო საჩუქარი

აბა რად ვარგა არნოლდ შვარცნეგერი წითელი თვალის, ფოლადის ძვლების, მხარზე გადაკიდებული ტყვიამფრქვევისა და გულზედ ჩამოკონწიალებული ხელყუმბარების გარეშე, მაგრამ ამ კაცის კიდევ ერთი როლი მიყვარს და ბავშვობას მახსენებს. ეს ფილმი ქართულ კინოგაქირავებაში „საშობაო საჩუქრის” სახელით გამოვიდა (ორიგინალში Jingle all the way ჰქვია), მაგრამ ჩვენ მას „ტურბომენს” ვუწოდებდით.


„ტურბომენს” იმიტომ, რომ ასე ჰქვია ფილმის მთავარ გმირს – სათამაშოს, რომლის მოსაპოვებლად, ანუ შვილის გასახარებლად შვარცნეგერი შეერთებულ შტატებს გადააბრუნებს, ამერიკის ნახევარ პოლიციას გადაიმტერებს და ბოლოს ტურბომენის მთავარ მტერსაც შეებრძოლება.

ცუდი სანტა


ეს ერთდროულად სახალისო და სევდიანი ფილმია, მორთული საახალწლო სამკაულებით. იდეალური ვარიანტი გახლავთ იმ ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად, რომ ყველა სანტას არ ულხინს. ყველა სანტა წესიერი შრომით როდია დაკავებული და აუცილებელი არაა ის ლაპლანდიაში ცხოვრობდეს. თუ საქმეს დასჭირდა მას შეუძლია სრულიად უცნობი ბავშვის სახლშიც დაიდოს ბინა იქაური სეიფებიც გამოაცარიელოს.

ჰოდა, ასაკს რა მნიშვნელობა აქვს. თუკი საახალწლო განწყობა ძალით მოსაყვანია, უნდა მოიყვანოთ.

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი