შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ყოფითი ამბები

აცივდა და პრობლემებმა იმატა.

დილაობით ვყვები ხოლმე ადამიანებზე, რომლებიც ღუმელს დღეში მხოლოდ ერთი საათით ანთებენ შეშის დასაზოგავად. ადამიანებზე, რომლებიც ჰყვებიან, როგორ ყიდულობდნენ წინათ სურსათს კილოობით, ახლა კი გრამებზე გადავიდნენ – ჩვენი შემოსავალი მეტს აღარ ჰყოფნისო. ადამიანებზე, რომლებიც მრავალი წელია საცხოვრებელ ფართობსა და ღირსეულ პირობებს ითხოვენ, ჯერჯერობით – უშედეგოდ. ადამიანებზე, რომლებისთვისაც ცხოვრება მძიმე ტვირთად ქცეულა, სასიხარულოზე მეტი სადარდებელი აქვთ და ისიც არ იციან, როდის შეიძლება გაუთენდეთ უკეთესი დღე.

სხვა ამბებსაც ვყვები: არტისტებზე, რომლებიც ცდილობენ, თავიანთი ხელოვნებით პრობლემურ საკითხებზე დისკუსია გამოიწვიონ, ჩვენი ყურადღება მთავარს და, ამასთან, ყველაზე უხილავს – რიგითი ადამიანების სირთულეებს მიაპყრონ და რომლებიც ამის გამო კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევიან; სტუდენტებზე, რომლებმაც ვერ მიიღეს უმაღლეს სასწავლებლებში ის, რასაც აკადემიური დაწესებულებისგან ელოდნენ და ახლა თვითონვე ქმნიან ალტერნატიულ საგანმანათლებლო სივრცეს, უფრო ლიბერალურს და ღიას; მოხალისეებზე, რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ შრომობენ და ცდილობენ, თავიანთი საქმიანობით ოდნავ მაინც დაეხმარონ მათ, ვისაც ეს სჭირდება; ცალკეულ ადამიანებზე, რომლებიც ცდილობენ, თავიანთი მოვალეობა კეთილსინდისიერად შეასრულონ და ადამიანებზე, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ ისეთი გარემოს შექმნას, სადაც შეგვეძლება, კეთილსინდისერად შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა, თავი მშვიდად და დაცულად ვიგრძნოთ, საკუთარი შრომის შედეგი დავინახოთ.

გადაცემის შემდეგ გარეთ გამოვდივარ, სახეს ცივ ჰაერს ვუშვერ და თვალებს ვხუჭავ. თუ გავახილე, ვხედავ ქვაფენილზე მწოლიარე შიშველ ბავშვებს, რომლებიც ფულს ითხოვენ. მათი დაკრუნჩხული სხეულის სიბრალულით გაღებული ფული, ცხადია, მათ არ ხმარდება. ვიღაც სხვა დგას მათხოვარი ბავშვების უკან, ის მდიდრდება, ესენი კი გროშებს იღებენ. ის ვიღაც ისეთი ძლიერი და საშიშია, სახელმწიფოს ვერა და ვერ გაუბედავს, ამ მონსტრთან ბრძოლა დაიწყოს. ჩვენც თითქოს თვალი შევაჩვიეთ, დიდად აღარ გვეხამუშება, “ციგნები”, – ვიტყვით და გზას გავაგრძელებთ.

ვხედავ სხვა ბავშვებს, რომლებიც გაკვეთილების დროს ქუჩაში დგანან სიგარეტით ხელში და ვითომ საქმიანი, ოდნავ შეწუხებული სახეებით ცდილობენ, უფროსებს ჰგავდნენ. ვერც ამ რეგულაციის ამოქმედებას დაადგა საშველი, რომ არასრულწლოვნებს აღარ მივყიდოთ ალკოჰოლი და სიგარეტი.

ავტობუსის გაჩერებაზე მოხუცები ჭარბობენ, მობუზული, ტანსაცმელგაცრეცილი მოხუცები. წლების წინ ექსპლუატაციის ვადაგასულ ტრანსპორტს ელიან, რომ სახლებს დაუბრუნდნენ. ჩვენთან მოხუცები, საუკეთესო შემთხვევაში, შვილებზე არიან დამოკიდებულნი, უარესში კი თვიდან თვემდე რამდენიმე ათეული ლარით უწევთ თავის გატანა. მგონი, ისიც ერთგვარი ტესტია ქვეყნისთვის, როგორ უვლის მოხუცებს და ბავშვებს – მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ყურადღება და სათანადო პირობები. ამ მხრივ საამაყო ბევრი არაფერი გვაქვს. დღეს, მაგალითად, მოვყევი იმ მოხუცის ამბავს, რომელიც მეოცე დღეა რაიონის გამგეობასთან შიმშილობს საცხოვრებელი ფართობის მოთხოვნით. შვილები ამბობენ, სახლში ისე აწვიმდა, სხვა გამოსავალი ვეღარ იპოვა და იქ მიყვანა გვთხოვაო.

აყრილ გზებზე, გარემოვაჭრეებზე, სატრანსპორტო კოლაფსზე, შეუხედავი შენობების ფეტიშსა და პრიორიტეტების განაწილების უნარის დეფიციტზე აღარაფერს ვამბობ. სხვა სივრცეში მათზე საუბარი ლოგიკური და დროული იქნებოდა, აქ და ახლა, როცა ადამიანები გადარჩენისთვის, საარსებო მინიმუმისთვის და ღირსეულ ყოფასთან მიახლოებისთვის იბრძვიან, არქიტექტურასა და ინფრასტრუქტურაზე ლაპარაკისას აზრი მიწყდება, დილას მოყოლილი ამბები და ქუჩებში ნანახი კადრები მახსენდება.

ინტერნეტი გაქცევაა. შეგიძლია ათვალიერო განვითარებული ქვეყნების მოკირწყლული ქუჩები, სწორად სტრუქტურირებული ქალაქები, იკითხო ამბები მათი ბინადრების შესახებ, რომლებმაც უკიდურესი სიღატაკე წარსულს ჩააბარეს, მეტი გამბედაობა და მონდომება გამოიჩინეს, უფრო მშვიდად და სტაბილურად ცხოვრების უფლება მოიპოვეს. ახლა მარსზე უშვებენ თანამგზავრებს, ტექნოლოგიებს ხვეწენ, რობოტებს აწყობენ, შესაძლებლობების მაქსიმალურ რეალიზებას ცდილობენ, მომავლის შეცვლას აპირებენ.

ერთ დღესაც იღვიძებ, შედიხარ ინტერნეტში და ხედავ, რომ ერთ-ერთი სწორად სტრუქტურირებული ქალაქის მოკირწყლულ ქუჩებში მშვიდად მცხოვრები ადამიანების სისხლი დის.
გაქცევა შეუძლებელია.
ერთი სტუმრის კითხვა მახსენდება, რიტორიკული: რას ვთავაზობთ შვილებს, გვესმის კი, როგორ პატარავდება სივრცე, სადაც შეიძლება, მათ თავისუფლად იცხოვრონ?!

კითხვა ნებისმიერ სივრცეში ლეგიტიმური და აქტუალურია, აქაც და სხვაგანაც. უბრალოდ, აქ, სადაც ჯერ კიდევ არსებობისთვის, გადარჩენისთვის გვიწევს ბრძოლა, ამაზე საფიქრალად ვერ ვიცლით. ამასობაში იზრდებიან ბავშვები, რომლებიც შეიძლება ვინმემ გროშების შესაგროვებლად დააწვინოს ქვაფენილზე, ექსტრემისტად გაზარდოს, მომავალი მოუკლას…

ძნელია უყურო, როგორ პატარავდება სივრცე, სადაც შეიძლება, ბავშვებმა თავისუფლად იცხოვრონ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი