პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

უპატრონოდ დატოვებული ქმარ-შვილი

„დღეს შემოვიდა საქართველოში მანკიერი წესი – დედები ტოვებენ თავის ოჯახებს, მიდიან უცხოეთში და ქმარ-შვილი უპატრონოდ რჩებათ სახლში. ზოგიერთი ფიქრობს, რომ არ არის სამუშაო, არ არის სამსახური. ეს არ არის სწორი. ყველაზე დიდი ქომაგი და დამხმარე ადამიანის არის ჩვენი დედამიწა. ერთმა საქმემ თუ ვერ გაგიმართლათ, მოეკიდეთ მეორეს, მესამეს, მეათეს. არ შეიძლება ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, უმუშევარი იყოს ადამიანი. იმედი მაქვს, ჩვენი ხალხი დაბრუნდება სამშობლოში და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაეხმარება მათ, რომ სიუხვე და მადლი ჰქონდეთ”, – საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II.
2015 წ. 18 ოქტომბერი.
ქორწილებში თითქმის არასოდეს დავდივარ. ნათესავების დაოჯახების ამბებს, როგორც წესი, მშობლებისგან ვისმენ ხოლმე. ამ რამდენიმე თვის წინ მამაჩემი მოვიდა და საუბარში ისიც მოაყოლა, კიდევ ერთ  ქორწილში ვიყავი, ბევრი ხალხი იყო, ფაქტობრივად ყველა ახლობელი და შედარებით შორეული ნათესავი, გარდა  სიძის და  პატარძლის დედებისა, რომლებიც  საბერძნეთში წასულან  წლების წინ, სავარაუდოდ არალეგალურად, და მას შემდეგ ოჯახის წევრებს ვერ ნახულობენ. აქ რომ ჩამოვიდნენ, უკან ვეღარ დაბრუნდებიანო.
სკაიპით ჩაერთნენ ჯერ ერთი, მერე მეორე. ძალიან სევდიანი იყოო.

მამაჩემი როგორც წესი, სევდიან ამბებს იშვიათად ყვება, ზოგადად, ამბებს იშვიათად ყვება. ეს ამბავი ისე მოყვა, თვალწინ დამიდგა ყველა ის ქალი, რომლებიც საქართველოდან სხვადასხვა დროს წასულა.

მათი აქ დარჩენილი ოჯახის წევრებიც გამახსენდა, მძიმე შრომით მოპოვებული ფულით გადახდილი ქორწილები, ნაყიდი ტანსაცმელი, საჭმელი, განათლება, მანქანა, სახლები,  ყველაფერი დანარჩენი. და კიდევ ერთხელ გავბრაზდი ქვეყანაზე, რომელიც საშუალებას ვერ აძლევს თავის მოქალაქეებს შეძლონ სრულიად ელემენტარული, გადარჩენისთვის საჭირო თანხის გამომუშავება; კაცებზე, რომლებმაც  სამშობლოში უსაქმოდ ყოფნა არჩიეს და სხვა გზა არ დაუტოვეს თავიანთ ცოლებს; შვილებზე, რომლებმაც ნაცვლად იმისა, რომ დღე და ღამე ესწავლათ, ემუშავათ და უკეთესი რეალობა შეექმნათ, ვერ გაიაზრეს, რას ქვია ზრდასრულის წილი პასუხისმგებლობა, არაფერი გააკეთეს დედების უკან დასაბრუნებლად და თავად ამ ქალებზეც, რომელთა საქციელიც რაღაც მხრივ, მართალია, გმირობაა, მაგრამ თანამედროვე სამყაროში გმირების საჭიროება ნაკლებადაა – ერთი კაცი ბევრს ვერ გადაარჩენს, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.
მერე ის კარგი ფილმიც გამახსენდა, პირველად სტუდენტობისას რომ ვნახე და მივხვდი, რომ გაბრაზებას აზრი არ აქვს. მით უმეტეს ამ ქალებზე გაბრაზებას.
ან ფილმი რად გვინდა. მარტო მე ათობით ასეთი ამბავი ვიცი.
პატარაობისას, სანამ დედას იმედი ჰქონდა, რომ მე და ფორტეპიანო დავმეგობრდებოდით, იქვე, მეზობლად ერთ ძალიან კარგ ქალთან დავდიოდი გაკვეთილებზე. ჩემზე ოდნავ დიდი ბიჭი ჰყავდა, ერთ სკოლაში დავდიოდით. ერთ დღესაც ამერიკაში წავიდა. დღემდე იქაა, შვილი გაიზარდა, ახლა ის შვილიშვილებს სჭირდება.
წლების წინ მეგობართან ვიყავი სტუმრად ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში. მათი ნათესავი მოვიდა, გვიამბო – შვილი უკვე გაიზარდა, თავისი ოჯახი აქვს და იმიტომ ჩამოვედი. სანამ პატარა იყო, აქ რომ ვყოფილიყავი, როგორ გამეზარდა. ავტობუსით გადავიპარე საბერძნეთში, ჩემოდანში ჩამჯდარი ჩამდეს საბარგულში, მთელი გზა ვლოცულობდი, არ გავგუდულიყავიო. მეორედ ეგეთ რისკს ვეღარ გავწევდი. ამიტომ წლები გადიოდა, ბავშვი იზრდებოდა, უკან დაბრუნებაზე ფიქრის უფლებასაც კი ვერ ვაძლევდი ჩემს თავსო.
მეგობარი გვყავს, უკვე დიდი ბიჭია, დედამისი დღემდე წასულია. შვილი კი გაზარდა, მაგრამ ახლა მოხუც მშობლებს და უმუშვარ და-ძმას სჭირდება მისი დახმარება. შვილიშვილს ისიც მხოლოდ სკაიპში ხედავს.

სხვა ამბებსაც მოგიყვებოდით, დარწმუნებული რომ არ ვიყო, რომ თქვენც ათობით ასეთი ამბავი იცით.

2014 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 3 778.5 ადამიანი ცხოვრობს.  არაოფიციალური სტატისტიკით, საქართველოდან   1 607 744   ადამიანია ემიგრაციაში წასული. მათგან 65% ქალია, რომელთა ოჯახების შემოსავალს სრულად ან ნაწილობრივ ამ ქალების გზავნილები შეადგენს. გამოდის, რომ ისინი არიან ერთადერთი მარჩენალი საკუთარი ოჯახების და არამარტო საკუთარი ოჯახების. მიგრანტების ფულადი გზავნილები ქვეყნაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას აღემატება.

დიდი კვლევები არც იმას სჭირდება, რომ საქართველოდან ქალების მიგრაციის ძირითადი მიზეზი მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობებია და არც იმას, რომ ისინი საზღვარგარეთ მძიმე პირობებში მუშაობით ძირითადად მომსახურების სფეროში დასაქმებით მოიპოვებენ იმ თანხას, რომლებსაც ისევ საკუთარ ოჯახებს ახმარენ.

ალბათ თქვენც გეყოლებათ მოსწავლე, რომელსაც უკვე წლებია არ უნახავს დედა, მეზობელი, რომელმაც  არალეგალურად, დიდი რისკის ფასად გადალახა საზღვარი; იქნებით ნამყოფი ქორწილში, რომელიც საზღვარგარეთ ნაშოვნი ფულით არის გადახდილი; იცნობთ ადამიანებს, რომლებმაც უარი თქვეს საკუთარ სურვილებზე, თავისუფლებასა და ოცნებებზე და თავი გაწირეს. ალბათ თქვენც ისმენთ ან კითხულობთ ხოლმე საკვირაო ეპისტოლეებს და  მიხვდებით, რატომ მოვიტანე სტატისტიკა, ციფრები და გავიხსენე მძიმე ამბები.

“უპატრონოდ დარჩენილი ქმარ-შვილი” ჩვენი ნაცნობები, მეგობრები, მოსწავლეები, ნათესავები და ახლობლები არიან. მათთვის მძიმეა, მეტიც, ძალიან მძიმე იმის მოსმენა, რომ ხალხი, ვინც ისინი გადაარჩინა შიმშილსა და სიღატაკეს, მანკიერები არიან. ნებისმიერ ადამიანს თავისი გადამრჩენელის მიმართ ყველაზე ცოტა მადლიერების გრძნობა უნდა გააჩნდეს და ცდილობდეს, სათანადოდ გადაუხადოს სამაგიერო. ალბათ სწორედ ეს უნდა ვასწავლოთ “უპატრონოდ დარჩენილ ბავშვებს”, რომ გამოიყენონ მშობლების მიერ გამოგზავნილი ფული გაძლიერებისთვის, განათლებისთვის და მთელი რესურსი უკეთესი ქვეყნის აშენებაში ჩადონ. თორემ დღეს რომ საქართველოში სამსახურის შოვნა ჭირს, მით უმეტეს ღირსეული ანაზღაურების მიღება, ამაზე დავას ხომ აზრი არ აქვს, რაც არ უნდა დიდი ავტორიტეტი შეეცადოს ჩვენს საწინააღმდეგოში დარწმუნებას.

დღეს რომ ეს ქალები, რაც არ უნდა ეცადონ, საქართველოში იმის ნახევარსაც ვერ გამოიმუშავებენ, რასაც საზღვარგარეთ იღებენ, ხომ დღესავით ნათელია. შეიძლება მან, ვისაც თბილი სახლის, ნოყიერი საკვებისა და ელემენტარული პირობებისთვის ბრძოლა არ უწევს სხვანაირად ეგონოს. მაგრამ ჩვენ, ვისაც თავად გვიწევს მუხლჩაუხრელი შრომა, ზოგჯერ შვილების დატოვებაც კი, ეს ხომ კარგად გვესმის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი